DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > "ბანკი კონსტანტა" რთული პერიოდის დაძლევის გამოცდილება

"ბანკი კონსტანტა" რთული პერიოდის დაძლევის გამოცდილება


7 ივლისი 2010. : merabi
- ბატონო ლევან, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კონსტანტა" წლების მანძილზე ინარჩუნებდა ერთ-ერთი წამყვან პოზიციას მიკროფინანსების ბაზარზე. თქვენ საკმაოდ რთულ პერიოდში მოგიხდათ კომერციულ ბანკად გარდაქმნა, ეს იყო 2008 წლის გაზაფხული, რასაც მოჰყვა ომი თავისი დამანგრეველი შედეგებით და კრიზისი, რომელმაც ასევე უზარმაზარი ნეგატიური გავლენა იქონია ქართულ საბანკო-საფინანსო ბაზარზე. დღევანდელი გადასახედიდან, როგორ თვლით, რამდენად წარმატებულად გაართვა თავი „ბანკი კონსტანტამ~ ბანკად ფუნქციონირების პირველივე ეტაპზე შექმნილ პრობლემებს.

- მართლაც ძალიან რთული პერიოდი იყო და სწორედ ამ რთულ ვითარებაში მოგვიხდა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა. ბანკად გარდაქმნა, ჩვენი მხრიდან, განვითარების კარგად გაანალიზებული და წინასწარ განსაზღვრული ტაქტიკის შედეგი იყო. სწორად აღნიშნეთ, ჩვენ ვიყავით მიკროსაფინანსო ბაზრის ლიდერი. ფაქტობივად , "კონსტანატა" იყო პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში, ორგანიზაცია რომლისთვისაც მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენდა მცირე მეწარმეობა და ჩვენი მოსახლეობის დაბალ შემოსავლიანი ნაწილი. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 1997 წელს. შესაბამისად ორგანიზაციის მთელი ფილოსოფია იყო აწყობილი იმგვარად, რომ მოვმსახურებოდით მიკრომეწარმეებს და შეგვეთავაზებინა მათთვის საკრედიტო პროდუქტები.
მიკროფინანსების ბაზარზე ჩვენი მუშაობის პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ "კონსტანტამ" შექმნა ეფექტური ინფრასტრუქტურა და ჩვენ გაგვიჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მიკრო და მცირე მეწარმეების გაზრდილი მოთხოვნები დაგვეკმაყოფილებინა და საკრედიტო პროდუქტების პარალელურად შეგვეთავაზებინა სხვა ფინანსური მომსახურებაც.
ეს გახლდათ "კონსტანტას" საბანკო ინსტიტუტად ჩამოყალიბების უმთავრესი მიზეზი. მართალია, გარდამავალი პერიოდი, 2008 წლის ზაფხული, ძალიან რთული გამოდგა, თუმცა, ჩვენ ამ ნაბიჯისთვის, სტრუქტურული თუ საკადრო თვალსაზრისით, სერიოზულად ვემზადებოდით, რამაც თავისი კონკრეტული პოზიტიური შედეგი გამოიღო და ჩვენ საკმაოდ მომზადებული შევხვდით იმ მოულოდნელ გამოწვევებსაც, რაც ომმა და კრიზისმა მოუტანა ქართულ საფინანსო ბაზარს. მათ შორის, ჩვენც.
ამ ურთულესმა პერიოდმა, ცხადია, ბიზნესის უკლებლივ ყველა სეგმენტზე მოახდინა უარყოფითი ზეგავლენა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნობრივი ბაზარი იყო და არის მიკრო და მცირე მეწარმეები. შესაბამისად, მათი ბიზნესები, ძირითადად, უკავშირდება პირველადი მოხმარების პროდუქციის წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კრიზისი კი ამ სეგმენტს, მასზე დიდი მოთხოვნილების გამო, ნაკლებად შეეხო. ფართომასშტაბიანი ბიზნესები გაცილებით მეტად დაზარალდნენ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კრიზისისადმი ჩვენი მედეგობისა, გახლავთ ის, რომ "კონსტანტა" ყოველთვის გამოირჩეოდა კონსერვატულობით, რაც, როგორც ნათლად გამოჩნდა, კრიტიკულ სიტუაციებში მხოლოდ სასიკეთოდ აისახება, როგორც ჩვენს ბიზნესზე, ისე ჩვენი კლიენტების საქმიანობაზე. ჩვენ კონსერვატულებად დავრჩით მაშინაც, როცა ე.წ. "საბანკო ბუმის" პირობებში ძალიან ბევრმა ფინასურმა ინსტიტუტმა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა რისკების შეფასების პრაქტიკა და გაამარტივა დაკრედიტების პირობები. ამის შედეგია ის, რომ რთულ ვითარებაშიც კი ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ჯანსაღი საკრედიტო პორტფელი.
მთლიანობაში, ვთვლი, რომ მენეჯმენტმა განვითარების სტრატეგიის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად და მოულოდნელი გამოწვევებისადმი სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების შეგებებით, საკმაოდ წარმატებით მოახერხა რთული პერიოდის დაძლევა.

- ექსპერტები თვლიან, რომ ქართულმა საბანკო სექტორმა გარკვეულწილად "დამუხრუჭება" ჯერ კიდევ ომამდე და კრიზისამდე დაიწყო. ამ ნეგატიურმა მოვლენებმა მხოლოდ დააჩქარა ხარვეზების წარმოჩენის პროცესი. რამდენად ემხრობით ამ მოსაზრებას და როგორ თვლით, იყო თუ არა გარკვეულად ზერელე დამოკიდებულება ბანკების მხრიდან, როცა საქმე რისკების შეფასებას ეხებოდა, განსაკუთრებით ეს ითქმის სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტებისას.

- ასეთი რადიკალური შეფასების მიცემა გამიჭირდება. ბანკი, როგორც ასეთი, თავისთავად გამოირჩევა კონსერვატული ბუნებით. თუ რომელიმე საკრედიტო ინსტიტუტმა, რაღაც ეტაპზე, ამა თუ პროდუქტთან დაკავშირებით პირობები შეამსუბუქა, დარწმუნებული ვარ, ეს მათი იმდროინდელი სტრატეგიიდან იქნებოდა განპირობებული.
მე შემიძლია, "კონსტანტას" მაგალითზე გითხრათ, რომ ჩვენთვის უმთავრესი პრინციპი იყო და არის ჩვენი მომხმარებლის ადექვატურად დაფინანსება. ბიზნესს უნდა მიეცეს ზუსტად იმდენი, რამდენიც მას სჭირდება. ნაკლები, ან მეტი ყოველთვის საზიანო შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ბიზნესისათვის.

"კონსტანტა" საკმაოდ მოცულობითი საკრედიტო დაბანდებით გამოირჩეოდით შიდა ქართლის რეგიონში, ანუ იქ, სადაც ომის შედეგად განუზომლად დიდი ზარალი განიცადა მოსახლეობამ, შესაბამისად ბიზნესმა. როგორ გაართვით თავი შექმნილ პრობლემებს?

- ძალიან მტკივნეული თემაა, ამ რეგიონმა პირდაპირ განიცადა ომის და ნგრევის მთელი სიმძიმე, რაც პირდაპირ აისახა ამ რეგიონის, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე და შემდეგ უკვე ეკონომიკაზე. მთავარი უბედურება ის არის, რომ საუბარი გვიხდება დიდ ადამიანურ მსხვერპლზე. მხოლოდ შემდეგ შეიძლება ლაპარაკი ინფრასტრუქტურულ და ბიზნეს დანაკარგებზე.
ცხადია, ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად აისახა ჩვენს კლიენტურაზეც. მართალია, მალევე, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო გაუმჯობესების პროცესიც, თუმცა ახლაც ნათელია, რომ ყველაზე მეტად ომის კვალი ამ რეგიონში რჩება.
ამ რეგიონში წარმოდგენილი საფინანსო ინსტიტუტების უმეტესობამ, მათ შორის კონსტანტამაც, ადეკვატურად შეაფასეს ვითარება და ყველამ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. ეს გამოიხატა სესხების რესტრუქტურიზაციაში, ჯარიმებისა და საურავების არდარიცხვაში, მთელ რიგ შემთხვევებში, დაზიანებული წარმოებებისა და ბიზნესებისათვის ახალი, შეღავათიანი და გრძელვადიანი რესურსის გამოყოფაში და სხვა. ` ბანკმა კონსტანტამაც~ ამ მხრივ მაქსიმუმი გააკეთა.
შიდა ქართლის რეგიონთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა უცვლელია, - ამ მხარეს განსაკუთრებული ყურადღება და ფაქიზი მოპყრობა ესაჭიროება. რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, ბიზნესისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობა, მოკლე ხანში, რეგიონის ხვალინდელ დღეს გაცილებით საინტერესოს გახდის, ვიდრე ეს ომამდე იყო.

რა არის დღეს ბანკი "კონსტანტას" პრიორიტეტი, გეგმავთ თუ არა, ამ ეტაპზე, მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას?

- პრიორიტეტი ისევ და ისევ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერაა. ჩვენი მისიაც ეს გახლავთ. მაგრამ, ცხადია, ვგეგმავთ ახალი პროდუქტების შეთავაზებასაც, რამდენადაც ვთვლით, რომ ჩვენი მიზნობრივი სეგმენტისათვის პროდუქტების მრავალფეროვნება ასევე მნიშვნელოვანია. უახლოეს ხანში ბაზარს სამომხმარებლო და იპოთეკურ პროდუქტებს შევთავაზებთ, თუმცა ამ მიმართულებებითაც დავრჩებით კონსერვატულები, რათა ჩვენს მომხმარებელს იმაზე მეტი საკრედიტო ტვირთის ზიდვა არ მოუხდეს, ვიდრე ეს მათ ამ ეტაპზე შეუძლიათ.

- ომის შემდეგ ქართულ საბანკო სექტორში საგრძნობლად გააქტიურდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რამაც, აღიარებული მოსაზრებით, ერთგვარი მაშველი რგოლის ფუნქციაც კი შეასრულა ჩვენი საფინანსო სისტემისთვის. კონკრეტულად „ბანკი კონსტანტას~ ჭრილში, ხომ არ უნდა ველოდოთ უახლოეს ხანში ახალი საერთაშორისო აქციონერების გამოჩენას თქვენს აქციონერთა სტრუქტურაში.
- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლი, ქართული საბანკო სისტემის განვითარების ყველა ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოდგა მათი გააქტიურება ომის შემდგომ პერიოდში და ეს არ იყო მოულოდნელი. მათ კარგად გააანალიზეს შექმნილი საკმაოდ მძიმე ვითარება და სხვადასხვა ბერკეტების მეშვეობით ქართულ საბანკო სექტორს განუზომლად დიდი ხელშეწყობა აღმოუჩინეს.
მოგეხსენებათ, "კონსტანტამ" როგორც ფონდმა, ისე დაიწყო საქმიანობა. ჩვენ იმთავითვე მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათი როლი "კონსტანტას" განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი "ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს" როლს, რომლის მიერაც გამოყოფილი რესურსები წლების მანძილზე დიდ და უაღრესად პოზიტიურ გავლენას ახდენდა "კონსტანტას" შესაძლებლობაზე შეეთავაზებინა ბაზრისთვის მოქნილი და მისაღები პროდუქტები.
დღესდღეობით ბანკს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აქვს მრავალ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. "ზრდისა და განვითარების პარალელურად იზრდება ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის ხარისხი. ისინი ჩვენი დიდი ხნის ნაცადი პარტნიორები არიან.
მე იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობის ეს პრაქტიკა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და დადებით ასახვას ჰპოვებს "ბანკი კონსტანტას" განვითარებაზე.

ესაუბრა ზურაბ კუკულაძე