DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ახალი საკანონმდებლო ცვლილებები
ახალი საკანონმდებლო ცვლილებები3 ივლისი 2010. : merabi |
|
ახალი საკანონმდებლო ცვლილებები "საჯარო ინფორმაციის" ხელმისაწვდომობას შეზღუდავს
საერთაშორისო სასამართლოებში ქართველი ჩინოვნიკებისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული საქმე საჯარო აღარ იქნება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ახალი ცვლილებები იგეგმება, კერძოდ, 24 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შევიდა დეპუტატების ლაშა თოდრიას, ჩიორა თაქთაქიშვილისა და კახაბერ ანჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის მე-3 მუხლს ემატება ახალი მე-5 ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც აღნიშნული კოდექსის მე-3 (ინფორმაციის თავისუფლება) თავის მოქმედება აღარ გავრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი აწესებს ინფორმაციის თავისუფლების გარანტიებს. უფრო კონკრეტულად, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი მოქალაქისთვის. რაც აუცილებელი წინაპირობა ხელისუფლების ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების და საზოგადოებრივი კონტროლის მიღწევისთვის. საჯარო ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება დაშვებულ იქნას, თუ ესა თუ ის ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დაცვით განეკუთვნება პირად პროფესიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას. ან თუ ინფორმაციის განსაჯაროება გამოიწვევს სასამართლოში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას ან ხელს შეუშლის ეფექტურ სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობას. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის მე-3 თავი მკაცრად ჩამოთვლის იმ ორგანოებს, რომელთა საქმიანობა შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული. აღნიშნული პროექტის მიხედვით სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც სახელმწიფოს სახელით გამოდიან სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში უკვე კანონის დონეზე "დაცულნი" იქნებიან ინფორმაციის განსაჯაროებისგან. ანუ მათ უკვე არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნიათ სპეციალური წესების დაცვით გაასაიდუმლონ ესა თუ ის ინფორმაცია, როგორც ეს კოდექსის ძველი ვარიანტით იყო გათვალისწინებული. პროექტის განმარტებით, ბარათში ცვლილების მიზეზად დასახელებულია ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეგლამენტაციის არ არსებობა. გაუგებარია, რა აშფოთებთ ასე ამ კანონპროექტის ინიციატორებს, რა აქვთ დასამალი მათ საკუთარი მოქალაქეებისგან რომელთა სახელითაც გამოდიან ისინი ამა თუ იმ საერთაშორისო ტრიბუნალზე. ამ საკითხზე "ბანკები და ფინანსები" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტსა ასოციაციას" დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. აი, რას ამბობს "საია"-ს იურისტი თამარ კორძაია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით: "ამ ინიციატივას უარყოფითად ვაფასებ. იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში არის მკაცრი ჩამონათვალი, რომელზეც არ ვრცელდება კოდექსის მოქმედება და მათ შორის მესამე თავი. მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება სწორედ ამ მეოთხე პუნქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მიუხედავად იმისა, რომ არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების ზოგიერთ საქმიანობაზე მესამე პუნქტის მოთხოვნები, ამ საქმიანობებთან დაკავშირებითაც კი, თუ საჯარო დაწესებულება ამბობს უარს ინფორმაციის გაცემაზე, მან უნდა დაასაბუთოს, თუ კონკრეტულად რომელი საიდუმლოების ნიშნით არის ესა თუ ის ინფორმაცია დახურული. ეს არის სახელმწიფო, კომერციული თუ პირადი საიდუმლოება. გაურკვეველია, რა ღირებულებებს იცავენ, როდესაც ამ ყველაფრის ასე შეზღუდვას ახდენენ. რომელი კრიტერიუმით უნდათ მათ ამ ღირებულების დაცვა. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა ევროპის კონვენციას ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ასევე, არ უშვებს ამ ტიპის შეზღუდვებს. ის ცალსახად უსვამს ხაზს იმას, რომ ინფორმაციის თავისუფლება ეს არის ერთ-ერთი ძირითადი უფლება, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში საჯარო ორგანოების ერთიანობას, ქმედითობას, ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას. სწორედ ამით არის განმტკიცებული ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ამ იდეალებით განიმარტება ის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, რომ ინფორმაციის თავისუფლება გაავრცელოს სასამართლო ორგანოების საქმიანობაზეც. ერთადერთი დასაშვები შეზღუდვა, რომელსაც უშვებს ევროპის კონვენცია, ეს არის დებულება, რომელიც ამ კოდექსის ცვლილების გასამართლებლად არ შეიძლება იქნეს გამოყენებული, ეს არის დებულება, რომლის თანახმადაც შეზღუდვა შესაძლებელია დაშვებულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარეთა თანასწორობის და მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების მიზნით. ეს შეიძლება მოხდეს, მხოლოდდამხოლოდ, ქვეყნის შიდასასამართლო სისტემაში და არავითარ შემთხვევაში საერთაშორისო სასამართლოსთან მიმართებაში. მეორე, მართლმსაჯულების ეფექტიანობის დაცვის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ოფიციალური დოკუმენტაციის გავრცელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მართლმსაჯულების განხორციელებას. მაგალითად, ისეთი ინფორმაცია მოიპოვა ვინმემ, რაც შემდეგ ზეგავლენას მოახდენს სასამართლო პროცესზე. წარმოუდგენელი და დაუშვებელია ამგვარი შეზღუდვა გავრცელდეს იმ პროცესებზე, სადაც სახელმწიფოა ერთი მხარე, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენს მოქალაქე. სახელმწიფო საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენს ყველა მოქალაქის ინტერესს, ანუ ლაპარაკობს თითოეული ჩვენთაგანის სახელით, წარმოუდგენელია, მან დაგვიხუროს ეს ინფორმაცია. მართალია, ინფორმაციის დახურვის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ის არ შეიძლება თავიდანვე იყოს დახურული. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნას კონკრეტული გადაწყვეტილება, განიმარტოს, თუ რა ინტერესის გამო ხურავს სახელმწიფო დაწესებულება გარკვეულ ინფორმაციას. ასე უცებ, ცალსახად, ინფორმაციის გასაიდუმლოება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თუ რომელი ღირებულების დაცვა ხდება, ჩვენთვის მიუღებელი და დაუსაბუთებელია ნებისმიერ შემთხვევაში. ბ&ფ: თქვენი აზრით, რა მიზეზები შეიძლება ჰქონოდათ კანონმდებლებს ასეთი ცვლილებების ინიცირებისას? მ.კ: - კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ამ საკითხს არ არეგულირებს კანონი. არ არეგულირებს იმიტომ, რომ არც იყო საჭირო ამის რეგულაცია. ვინაიდან, ეს საკმარისად არის დასაბუთებული როგრც კონსტიტუციურად, ისე ზოგადად ინსტიტუციური კოდექსით. ძალიან კარგი იყო, რომ ეს ინფორმაცია არ იყო საიდუმლო. და თუ რატომღაც გასაიდუმლოებული არ არის, ნიშნავს იმას, რომ არ რეგულირდება?! მე მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა და ეს არის ზუსტად ის ტენდენცია, რომ ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გაასაიდუმლოს ყველა ინფორმაცია. განმარტებით ბარათში არანაირი დასაბუთებული და ობიექტური ინფორმაცია არ მოიპოვება. ლელა გოგოლაძე თინათინ ხინიკაძე |