DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ფოთის თიზ-ის გახსნა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო

ფოთის თიზ-ის გახსნა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო


2 ივლისი 2010. : merabi
დაპირებების მიუხედავად, ინვესტორები არსად ჩანან

"რაკია ჯორჯია ჰოლდინგმა", რომელმაც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა მაისის ბოლოს ნაცვლად ივნისის ბოლოსთვის გადადო, ზონის გახსნა კიდევ ერთი თვით, ივლისის ბოლომდე, გადადო. მიზეზი კვლავ ბუნდოვანია. ინდუსტრიული ზონის გახსნის ივნისში გადადების მიზეზად გარკვეული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მოუგვარებლობა დასახელდა. გავიდა ერთი თვე და ამჯერად "რაკია"-ში ზონის გახნის გადადების მიზეზად, არც მეტი არც ნაკლები, მათი წარმომადგენლის საზღვარგარეთ ყოფნა დაასახელეს, რომელსაც მძიმე გრაფიკი ჰქონია და ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ხოლო მისი დასწრება ინდუსტრიული ზონის გახსნაზე აუცილებელი ყოფილა.
"რაკია ჯორჯია ჰოლდინგის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანიას ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს და თიზ-ის გახსნის გადადება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. `ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნას ივნისში ვგეგმავდით, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოესწრო, გარკვეული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მოუგვარებლობის გამო. ასევე უნდა ჩამოსულიყო ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და რადგან მის გრაფიკსაც არ დაემთხვა პრეზენტაცია, გახსნის ღონისძიება გადავდეთ, ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო ამისა. თიზ-ის ოფიციალური გახსნა ანუ ფუნქციონირება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან დაიწყება", _ განმარტავენ პრეს-ცენტრში.
კომპანიის მარკეტინგის სამსახურში კი აცხადებენ, რომ თიზ-ის გახსნა მიმდინარე წლის მაისიდან ივლისამდე გადაიდო და არა ივნისამდე, როგორც ეს საზოგადოებაში გავრცელდა. "წესით, ინდუსტრიული ზონა პირველ აგვისტოს უნდა გაიხსნას, მაგრამ ჩვენ გვინდოდა მისი პრეზენტაცია მაისში გაგვეკეთებინა და რადგან ეს მაშინ ვერ მოხერხდა, გადავდეთ ივლისისთვის", _ აღნიშნავს შალვა ბერაია.
კულუარული ინფორმაციით, კი ზონის გახსნის კიდევ ერთი თვით გადადების მიზეზი, ისევე როგორც მაისის თვეში, ამჟამადაც კომპანიების სიმცირეა, რომლებიც ზონაში შესვლით დაინტერესდებიან.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის ფოთის თიზ-ში მხოლოდ ერთი კომპანია - "თბილცემენტი" მუშაობს. როგორც "რაკია ჯორჯია ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ბერაია აცხადებს, ამჟამად ლიცენზირებული კომპანიების რიცხვი 25-ს შეადგენს. `ამჟამად ზონაში 25 კომპანიაა ლიცენზირებული, მათ შორის, "არაი თუმოროუ", აგრეთვე სომხური, აზერბაიჯანული, ირანული და თურქული კომპანიები. დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთან და იქამდე გაგრძელდება, სანამ ზონა არ შეივსება", _ განმარტავს შალვა ბერაია.
ცოტა ხნის წინ, ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდუსტრიულ ზონაში შესვლას სხვებთან ერთად ცნობილი სამხრეთ კორეული კომპანია LG-ც გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, იგი ოპერატორის მიერ შეთავაზებული პირობებით არ მოიხიბლა და ამ ეტაპზე ფოთში ინვესტიციის განხორციელებისგან თავი შეიკავა.
ხელისუფლება კი უკვე რამდენიმე წელია ფოთის და ქალაქის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას ინდუსტრიული ზონის გახსნას და დასაქმებას ჰპირდება, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება.
გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე ფოთის ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, წესით, 400 ობიექტი უნდა ამუშავდეს, სადაც 25 ათასი ადამიანი უნდა დასაქმდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ინვესტორები არსად ჩანან.
საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ თუ ასე გაგრძელდა და ინვესტორების მოძიება ვერც ივლისის თვეში მოხერხდა, გაურკვეველი მიზეზების გამო, თიზ-ი არც შემდეგ თვეში გაიხსნება და შესაძლოა მისი გახსნა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდოს.

თეონა ჭიტაძე