DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ახალ სადაგასახადო კოდექსს პარლამენტი ნაჩქარევად ამტკიცებს

ახალ სადაგასახადო კოდექსს პარლამენტი ნაჩქარევად ამტკიცებს


2 ივლისი 2010. : merabi
განხილვა მოგვიანებით დაიწყება?!

პარლამენტი მთავრობას ახალი საგადასახადო კოდექსის დაჩქარებული წესით მიღებაზე უარს აღარ ეუბნება. ბიუროზე გადაწყდა, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალ კოდექსს ივლისში დაამტკიცებს. ამის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კოდექსზე მსჯელობა მისი მიღების შემდეგაც გაგრძელდება.
დავით ბაქრაძის თქმით, პრემიერს ესაუბრა და მთავრობა მზადაა, არგუმენტირებული წინადადებები, კოდექსის მიღების შემდეგაც გაიზიაროს. უმრავლესობის ნაწილი კოდექსის დაჩქარებულად მიღებას ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით, კოდექსში ბევრი პოზიტიური საკითხია, თუმცა არის თემები, რაზეც დისკუსია უნდა გაგრძელდეს. ამიტომ კოდექსის მიღება შემოდგომისთვის უნდა გადაიდოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ახალი საგადასახადო კოდექსი დაჩქარებული წესით დამტკიცდება, თუმცა მასზე მსჯელობა გაგრძელდება. გაუგებარია, რატომ ვიღებთ კოდექსს, თუ იგი ხარვეზებითაა დახუნძლული და მასზე მუშაობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ეს ხარვეზები ხომ მოსახლეობასა და ბიზნესს დააზარალებს, სანამ მათი გამოსწორება მოხდება (რა თქმა უნდა, საერთოდ გამოსწორდა თუ არა). `ბ&ფ~ შეეცადა გაერკვია ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი საგადასახადო კოდექსის ახალ პროქტთან დაკავშირებით. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

ირაკლი ლექვინაძე, საინფორმაციო სააგენტო GBS-ის კომერციული დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი, - "მთლიანობაში ცვლილებები, რაც მოხდა ახალ საგადასახადო კოდექსში, შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს. საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო, რომელიც მოქმედი კოდექსის მიხედვით ბიზნესს აწუხებდა. მთავარი, რაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო, ახლაც მოუგვარებელი რჩება. ადმინისტრაციული ნაწილი იყო ყველაზე მეტად გამოსასწორებელი. სწორედ იგი აწვება ხალხს ზურგზე.
კოდექსში პოზიტიურია მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებების შემოღება, რომლითაც მიკრო ბიზნესი საერთოდ თავისუფლდება გადასახადისგან. ამასთან მსხვილი კომპანიებისთვის დღგ-ს თანხის თვეში ერთხელ გადახდის მაგივრად კვარტალში ერთხელ გადახდის თემატიკაც კარგია. ასევე ბევრი სხვა დეტალი შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად. გარკვეული სეგმენტისთვის კოდექსი დადებითია, მაგრამ არის კომპანიები, რომელთაც საგადასახადო ტვირთი ეზრდებათ და მათთვის მდგომარეობა მძიმდება. იზრდება არაპირდაპირი გადასახადების ტვირთი. მთლიანობაში ამ კოდექსით შეიძლება ითქვას, ტვირთი არ შემსუბუქებულა, საგადასახადო ტვირთი დამძიმდა. გარკვეული სეგმენტებში კომუნიკაციებში, განათლებაში, ალკოჰოლურ სასმელებში, ღვინის გარდა მოქმედ კომპანიებს მოუწევთ უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთის და რეჟიმის ქვეშ მუშაობა. მთავრობამ გადასახადების გასაზრდელი კომპანიები მოგების მარჟის მიხედვით შეაფასა. გარკვეულწილად დაბეგრა რენტაბელური ბაზრები, რათა დაებალანსებინა ბიუჯეტში ის დანაკლისი, რომელიც შეიძლება დღგ-ს გადასახადის ზღვრის აწევით და მცირე ბიზნესის დაბეგვრის შემსუბუქების შემთხვევაში წარმოიქმნება. მთლიანობაში კოდექსი პოზიტიურია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც საქართველოში საგადასახადო ტვირთს ამძიმებს.
რაც შეეხება კოდექსის ახალი ვარიანტის დაჩქარებული წესით დამტკიცებას. აქ მთავარია კონსულტაციები ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, თუ ორივე მხარე მზად არის ამ კოდექსის პროექტით დაიწყოს მუშაობა, აქ დროში პრობლემა არ არის".

მიშა ადეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, - "ცალსახად თქმა იმისა, რომ ახალი კოდექსი ცუდი ან კარგია, არ გამოვა. ამასთან, რთულია ისაუბრო კოდექსის ავკარგიანობაზე, რომელიც ჯერ არ არის შესული ძალაში. არის რაღაც ნაწილი, რომელიც შეიძლება წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. მაგალითად, კოდექსის კარგი მხარეა მცდელობა იმისა, რომ იყოს ომბუდსმენის ინსტიტუტი და ამან მოქალაქეების სანდოობა უფრო მაღალი გახადოს, ასევე დადებითად მიმაჩნია ის ადგილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იქნება პასუხი გასცეს მეწარმეს კონკრეტულ შეკითხვაზე და ამას ექნება იურიდიული ძალა. მეწარმეებისთვის ეს დადებითი იქნება.
რატომ ჩქარობს მთავრობა კოდექსის მიღებას, ვერ გეტყვით. ახალ წლამდე კოდექსი მთლიანობაში მაინც არ ამოქმედდება. უკეთესია კარგად გაიაზრონ თითოეული დეტალი და იმსჯელონ ამ საკითხების ირგვლივ. უმჯობესია განიხილონ მათი მნიშვნელობა, თუ რა შედეგები მოყვება მათ და შემდეგ დაამტკიცონ".

დავით ნარმანია, ა/ო "ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის" ექსპერტი, - "ამ დოკუმენტში არის ბევრი სიახლე შემოთავაზებული, თუმცა დოკუმენტის თავიდან ბოლომდე შეფასება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. საბოლოო ვარიანტი, რომელიც უნდა განიხილოს პარლამენტმა, ჯერ ცნობილი არაა. ახალ კოდექსში რამდენიმე კარგი პრინციპული მომენტია, თუმცა ბევრი რამ დასახვეწი და გასამარტივებელია.
არის კონკრეტული საკითხი, რომელიც ცალკეული ტიპის გადასახადის გადამხდელების მდგომარეობას აუარესებს., განსაკუთრებით საგადასახადო წნეხი იზრდება ფიზიკურ პირებზე, არ ხდება საშემოსავლო გადასახადების განაკვეთების შემცირება, რაც უნდა მომხდარიყო, ამიტომ ფიზიკური პირების თვალსაზრისით ვერ ვიტყვით, რომ ეს კოდექსი კონკრეტულ გარემოებას აუმჯობესებს, მხოლოდ გარკვეული შემთხვევების გარდა. იურიდიული პირების თვალსაზრისით არის რამდენიმე წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა ეს საკითხები ჯერ კიდევ სერიოზულად არის განსახილველი".

კახა კოხრეიძე, სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობის" ხელმძღვანელი, ექსპერტი მცირე ბიზნესის საკითხებში, - "კოდექსის შეფასება ასე ზოგადად ძალიან რთულია, მაგრამ კოდექსის მიღება ხდება ძალიან სწრაფად და ეს არის ცუდი. იმიტომ, რომ დავდგებით იმ დილემის წინაშე, როდესაც გვექნება ახალი საგადასახადო კოდექსი და იძულებული ვიქნებით შევიტანოთ ცვლილებები. მთავრობა, ალბათ, იმიტომ ჩქარობს, რომ იანვრიდან ჰქონდეს ახალი საგადასახადო ბაზა, რაც ახალი შემოსავლების მიღებას შეუწყობს ხელს და გააფართოვებს საგადასახადო არეალს. ეკონომიკა არ არის კარგ მდგომარეობაში, ბიუჯეტში შემოსავლები იკლებს. ამით მოხდება ბიუჯეტის შევსება, მაგრამ ბიუჯეტი კი არ არის მთავარი, მთავარია ბიზნესი. მთავარია გადასახდელი რაოდენობა, მთავარია კანონმდებლობა, რომელიც უნდა იყოს მდგრადი. კოდექსის სწრაფი მიღება ნაწილობრივ სწორედ ბიუჯეტის გაზრდას ემსახურება".

დავით კოღუაშვილი, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ექსპერტი, - "რთულია ზოგადად შეფასება, მაგრამ ზოგი მიმართულება გამოიკვეთა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიზნესის გარემოს ხელშეწყობის მხრივ მთლიანობაში წინ გადადგმული ნაბიჯია. ნაკლოვანებების გამოვლენაზე, საკითხების დახვეწაზე და გამარტივებაზე ახლა მიდის მუშაობა. ამ პერიოდში გაირკვევა ყველაფერი.
მთავრობა იმიტომ ჩქარობს, რომ კოდექსის საწყისმა დოკუმენტებმა წინ გაუსწროს "ეკონომიკური თავისუფლების აქტს" და მოხდეს გარკვეული ცვლილებები. ეს დოკუმენტი არის უფრო ფართომასშტაბიანი და ამ დოკუმენტით გამოიკვეთება მთავრობის ნება".

შოთა მურღულია, ეკონომიკის ექსპერტი, - "კოდექსი ჯერ ნედლი პროდუქტივითაა. ადრეა შეფასება. ნაკლოვანება ის არის, რომ ბევრი რამეს წყვეტს მთავრობა, კარგი იქნება, რომ კანონში დაფიქსირდეს, განისაზღვროს, რა საქმიანობად ითვლება და რა არის მცირე, მიკრო ბიზნესი. ჯობია ეს კანონმა გადაწყვიტოს. დადებითია ის, რომ ეს კოდექსი აიოლებს ბუღალტრულ აღრიცხვას, 200 000-მდე ბრუნვის მქონე ფიზიკური პირები რომ 5%-ს იხდის, ეს დადებითია. ხდება სხვადასხვა საკითხების გამარტივებაც.
კოდექსის სწრაფად მიღება დაუშვებელია. ესეც გასაკვირია, როგორ უნდა დაჩქარდეს კოდექსის მიღება, როცა ახლა ხდება მუხლების მიღება".

მერაბ ჯანიაშვილი, ა/ო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი, - "ახალი საგადასახადო კოდექსის დღევანდელი ვარიანტით საგადასახადო წნეხი მოსახლეობასა და ბიზნესზე იზრდება. შესაბამისად, მას დადებითად ვერ შევაფასებ. იზრდება მთელი რიგი დასაბეგრი სფეროების რაოდენობა, ამასთან, დაპირებული ზოგიერთი გადასახადის შემცირება 2 წლით გადავადდა, რაც ფაქტობრივად გადასახადების ზრდას ნიშნავს, რაც, შესაბამისად, პრეზიდენტის ინიცირებულ "ეკონომიკური თავისუფლების აქტთან" მოდის შეუსაბამობაში.
ამასთან საინტერესოა, რომ მთავრობამ აღიარა ამა თუ იმ სფეროში ბიზნესების ზემოგებაზე მუშაობა, რაც ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ეს კომპანიები მონოპოლისტურ ან ოლიგოპოლისტურ მდგომარეობაში არიან და მოსახლეობას არაადეკვატურად მაღალ ფასებს ახევინებენ. თუმცა, ხელისუფლების მიდგომა ამ კომპანიების მიმართ არალოგიკურია. ვისაც მაღალი მოგება აქვს, მაღალ გადასახადებს უწესებენ. თუ მთავრობას მართლა აწუხებს მათი მაღალი მოგება, კარგი იქნებოდა იმაზე ეფიქრა, ამ სექტორებში კონკურენცია როგორ გაეჯანსაღებინა, რაც შესაბამისად პროდუქციის ფასს შეამცირებდა და კომპანიების მოგებაც აღარ იქნებოდა ძალიან მაღალი.
ახალ კოდექსს არსებული გაცილებით სჯობს. ამიტომ, თუ ხელისუფლებას უნდა, რომ მართლაც ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებული დოკუმენტი დაამტკიცოს, მასში სერიოზული ცვლილებებია შესატანი. არსებული კოდექსის ვარიანტი სერიოზულ დახვეწას საჭიროებს და იმედია, მას მთავრობა დაჩქარებული წესით არ მიიღებს, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება".

გია ღაღანიძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, - " დადებითი არის ის, რომ შემოვიდა, ასე ვთქვათ, წინასწარი შეტყობინების ცნება, შემოვიდა მიკრო ბიზნესის სტატუსი, კოდექსში არის ჩაწერილი დღგ-ს ცნება, მცირე ბიზნესთან დაკავშირებით, ასევე საგადასახადო ფურცლებში არის ჩაწერილი საგადასახადო ომბუდსმენის პოსტი ანუ გარკვეული ზომით გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები არის გადადგმული, რომლებიც, ასე ვთქვათ, გარკვეულ ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული. თუმცა ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ როდესაც მთავრობამ განაცხადა ე.წ. "ეკონომიკური თავისუფლების აქტის" შესახებ, იქ აიღო ვალდებულება, რომ უნდა გაეკეთებინა ლიბერალიზაცია, რომ არ გაიზრდებოდა საგადასახადო განაკვეთები ანდა აღარ მოხდებოდა ახალი გადასახადების შემოღება. შესაბამისად, იყო გარკვეული მოლოდინი, რომ საგადასახადო განაკვეთების გარკვეული კლება ყოფილიყო, მაგრამ ეს არ მოხდა და საშემოსავლო გადასახადზე ჩაიწერა, რომ იქნება 15%, მაგრამ ამოქმედდება 2014 წლიდან. ზოგადად, ეს ყველაფერი შეიძლება შევაფასოთ, როგორც ზომიერად გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი.
მთავრობა ჩქარობს თუ არ ჩქარობს ახალი კოდექსის დამტკიცებას, ეს ცოტა ძნელი სათქმელია. პირველ სექტემბრამდე თუ გადავწევდით, ვიღაცა იტყოდა, მოდი, პირველ ოქტომბრამდე გადავწიოთო, და თუ პირველ ოქტომბრამდე გადავწევდით, მერე ვიღაცა იტყოდა, მოდი, გადავწიოთ პირველ ნოემბრამდეო. ასე რომ, აქ ახლა იმისი დადგენა, სად არის სიჩქარე და სად არა არის სიჩქარე, ცოტა რთულია".


მოამზადა ლევან ცენტერაძემ