DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი კვლავ 70-71%-ზე რჩება

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი კვლავ 70-71%-ზე რჩება


25 ივნისი 2010. : merabi
კომერციული ბანკების მოგება და ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ერთდროულად იზრდება

საქართველოს საბანკო სექტორი ზედიზედ მესამე თვეს მოგებით ასრულებს. მომგებიანი მარტის და აპრილის შემდეგ, მაისში კომერციული ბანკების საერთო მოგებამ 28 მილიონ ლარს გადააჭარბა. თუმცა, ამის პარალელურად მაისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა თითქმის მილიონ-ნახევრით გაიზარდა და 217 მილიონ 757 ათასი ლარი შეადგინა.
საბანკო სისტემის აქტივები 2010 წლის დასაწყისთან შედარებით 4 თვეში 5.1%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა და 8.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ ეს თითქმის 2008 წლის ომამდელი მაჩვენებლის ტოლია. საბანკო აქტივების ყოველთვიური ზრდა (გარდა ერთი გამონაკლისისა) 2009 წლის ივლისიდან ფიქსირდება. რაც შეეხება მაისის მონაცემებს, პირველი ივნისისათვის კომერციული ბანკების ჯამურმა აქტივებმა 8,807 მლრდ. ლარს მიაღწია.
პირველად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ბოლო ოთხი თვეა ბანკების საკრედიტო პორტფელის ყოველთვიური ზრდა ხდება, სულ 2010 წლის დასაწყისიდან მისი მოცულობა 6%-ითაა გაზრდილი.
ბოლო ორი თვეა სახეზეა არსებული საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესების ტენდენცია. თუკი 2010 წლის თებერვლის ბოლოს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შეფარდება საკრედიტო პორტფელთან 12.9% იყო, აპრილის ბოლოს 12.1% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის ივლისის ბოლოს 4.3%-ის ტოლი იყო. ეს უარყოფითი ტენდენცია, ანუ საკრედიტო პორტფელის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, გახლდათ ერთ-ერთი მთავარი რისკი საქართველოს საბანკო სისტემის და კარგია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უმჯობესდება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათი მოცულობა 1.5 მლრდ ლარიდან 2.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ეს კი 50%-იანი ზრდის ტემპია. მართალია ეს ტემპი ბოლო პერიოდში შენელდა, მაგრამ ბოლო 4 თვის 8%-იანი ზრდაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა 65 მილიონიანი ზარალით დაამთავრა. 2010 წელს კი ბანკებისთვის პირველი მომგებიანი თვე მარტი აღმოჩნდა. 19 კომერციული ბანკის მოგებამ მარტში 15, ხოლო აპრილში 24 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება მაისს, ბანკების მთლიანმა მოგებამ 28 მილიონ ლარს გადააჭარბა.
თუკი 2009 წელი 12 ბანკმა დაამთავრა ზარალით, 2010 წლის 4 თვის შედეგებით ზარალიანი ბანკების რაოდენობა 7-მდე შემცირდა.
საბანკო სექტორში კლიენტების დეპოზიტების მოცულობა მაისში 525,7 მლნ. ლარით გაიზარდა.
კლიენტების დეპოზიტების მოცულობამ 2010 წლის პირველი ივნისისთვის 4 187 000 000 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 1 მაისისთვის ეს მაჩვენებელი 3 661 224 000 ლარს აღწევდა.
მატება განპირობებულია იურიდიული პირების ანაბრების ზრდით. ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 2 257 000 000 ლარს არ აღემატება.
მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გამოცხადებული დედოლარიზაციის პოლიტიკისა, კომერციულ ბანკებში განთავსებული
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი კვლავ 70-71%-ის ფარგლებშია. ამ მაჩვენებლის შემცირება, სავარაუდოდ, არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, რაზეც გავლენას ლარის ცოტა ხნის წინანდელი გაუფასურებაც იქონიებს.
უმოქმედო სესხების მოცულობა ბანკების ჯამურ საკრედიტო პორტფელში მაისში 32,9 მლნ. ლარით გაიზარდა და პირველი ივნისისთვის 985 მლნ. ლარი შეადგინა.
პირველი ივნისის მდგომარეობით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში 17,6%-ით განისაზღვრება. უმოქმედო სესხები, ყველაზე მაღალი პროცენტული წილით 2009 წლის ივნისის ბოლოსთვის იყო. 2010 წლის პირველი ივნისისთვის მთლიან სესხებში ვადაგადაცილებული სესხების წილი 3,7%-ია და 207 მლნ. ლარს შეადგენს.

შოთა ბუჩუკური