DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > სახაზინო ვალდებულებები
სახაზინო ვალდებულებები25 ივნისი 2010. : merabi |
|
ლარის უფრო მეტად გაუფასურების შიშით ხელისუფლება სახაზინო ვალდებულებების განთავსებას ამცირებს
სახაზინო ვალდებულებების შემცირება ბიუჯეტის შესრულებას პრობლემებს შეუქმნის სახაზინო ვალდებულებების, ბოლო 2 აუქციონზე კომერციული ბანკების მიერ შესყიდული სახაზინო ვალდებულებების, მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 9 ივნისს ჩატარებულ აუქციონზე გამოცხადებული 15 მილიონი სახაზინო ვალდებულების ნაცვლად, მხოლოდ 5 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი გაიყადა. რის მიზეზადაც ხაზინის ერთიან ანგარიშზე დიდი ლიკვიდობა და სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაცია დასახელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ობლიგაციების საშუალო საპროცენტო განაკვეთის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან 9,85% შეადგინა. რაც შეეხება 16 ივნისს გამართულ აუქციონს, სახაზინო ვალდებულებების შეძენის სურვილი მხოლოდ ერთმა კომერციულმა ბანკმა გამოთქვა, ასეთი ფაქტი კი 2009 წლის 5 აგვისტოდან, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სახაზინო ვალდებულებების ემისია დაიწყო არ დაფიქსირებულა. აუქციონზე 10 მილიონის 350 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა, მაშინ როცა ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების ემისიის კალენდრით 20 მლნ. ლარის სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა იყო გათვალისწინებული. ობლიგაციების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა კი ახალი რეკორდი დაამყარა და 12%-ს მიაღწია. სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელის, კახა სეხნიაშვილის განცხადებით, სახაზინო ვალდებულებების ემისიის მოცულობის შემცირება გამომდინარეობს იქიდან, რომ ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჭარბი ლიკვიდობაა და ამ პროცესზე გავლენა სავალუტო ბაზარზე არსებულმა სიტუაციამაც იქონია. ექსპერტების განცხადებით კი სახაზინო ვალდებულებების გაყიდვის მოცულობის შემცირება, ხაზინიდან ჭარბი ლარის მიმოქცევაში გატანის და ლარის მეტად გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ხდება. მაშინ, როცა მაისში ფინანსთა სამინისტრომ ემისიის მოცულობა პირიქით გაზარდა, რასაც ექსპერტები არჩევნებს უკავშირებენ. ექსპერტ ლევან კალანდაძის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნა კომერციული ბანკების მხრიდან შემცირდა, სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული: "ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში ლართან მიმართებაში არასტაბილური სიტუაციაა. ანუ, პირველ რიგში ის, რომ კურსი სტაბილური არაა, რაც გრძელვადიანი პროგნოზირებისთვის ბანკებს დისკომფორტს უქმნის. გარდა ამისა, ბოლომდე არაა გარკვეული, როგორ განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის აქტივობები უახლოეს პერიოდში. ანუ, რამდენად გაამკაცრებს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას, რამდენად მოახდენს სავალუტო ექსპანსიას და ლარის კურსის ხელოვნური მექანიკური ბერკეტებით გამყარებას". შეგახსენებთ, რომ ემისიის მოცულობის ზრდა აპრილის ბოლოდან დაიწყო. წლის პირველ კვარტალში სულ სამინისტრომ 135 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა. აპრილიდან დღემდე კი 90 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების ემისია განხორციელდა. ასე რომ, 5 თვეში ბაზარზე უკვე 280 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები გამოვიდა. სულ წლის განმავლობაში სამინისტრომ 370 მილიონი სახაზინო ვალდებულებების ემისია დაგეგმა, ფაქტობრივად, წლის ბოლომდე სამინისტრომ გეგმით 90 მილიონი ლარის ობლიგაციები უნდა გამოუშვას. შარშან კი საერთო ჯამში 270 მილიონის სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა. სახაზინო ვალდებულებების შემცირებული განთავსების ფონზე, ჩნდება კიტხვა, ხომ არ გამოიწვევს იგი პრობლემებს ბიუჯეტის შესრულების მხრივ. კახა სეხნიაშვილის აზრით, სახაზინო ვალდებულებების განთავსების შემცირება ბიუჯეტის შევსებას ხელს არ შეუშლის, რადგან სახაზინო ვალდებულებების გამოშვების მიზანი ბიუჯეტის შესრულება არაა. სეხნიაშვილს არ ეთანხმება ლევან კალანდაძის მოსაზრებას და ამბობს, რომ თუკი სახაზინო ვალდებულებების განთავსების შემცირების ტენდენცია გაგრძელდა, იგი საბიუჯეტო შემოსავლებზე და, შესაბამისად, მის შესრულებაზე აუცილებლად აისახება: "მთავრობას ბიუჯეტში გაწერილი აქვს გარკვეული თანხა (370 მილიონი ლარი), რომელიც სწორედ სახაზინო ვალდებულებების გასტუმრების ხარჯზე, შიდა წყაროებიდან უნდა შემოვიდეს. ვფიქრობ, მთავრობა, წლის მეორე ნახევარში ამის კორექტირებას მოახდენს, რადგან 350 მილიონი ლარი არასაკმარისი იქნება არსებული პრობლემატური ბიუჯეტის პირობებში და შესაბამისად, თუ ბანკები ამ კუთხით არ იაქტიურებენ, ეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება". თაკო მათეშვილი |