DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ინტერვიუ "აი-ენ აუდიტის" დირექტორ, აუდიტორ ირაკლი შავიშვილთან

ინტერვიუ "აი-ენ აუდიტის" დირექტორ, აუდიტორ ირაკლი შავიშვილთან


25 ივნისი 2010. : merabi
"ამ კოდექსით საგადასახადო წნეხი მოსახლეობაზე უფრო იზრდება"


"ახალი კოდექსი არის უფრო უარესი, ვიდრე დღეს მოქმედი"

ინტერვიუ "აი-ენ აუდიტის" დირექტორ, აუდიტორ ირაკლი შავიშვილთან
- ბატონო ირაკლი, მოდით, ჯერ საგადასახადო კოდექსი ზოგადად შევაფასოთ და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულ საკითხებზე. თქვენი შეფასებით, რამდენადაა იგი მართლაც "რევოლუციური", როგორც მას ზოგიერთი ბიზნესმენი უწოდებს და რეალურად სჯობს იგი თუ არა ძველ კოდექსს?
- იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც დადებით შეფასებას აძლევენ ამ კოდექსს, ეტყობა არა აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენს გადაახდევინებენ. ჩემი აზრით, კი ახალი კოდექსი არის უფრო უარესი, ვიდრე დღეს მოქმედი, როგორც დღეს მოქმედი იყო უფრო უარესი, ვიდრე მანმადე და ასე შემდეგ.... შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ. ფაქტი ერთია - ხელისუფლება უფრო აუარესებს საგადასახადო სიტუაციას. დღემდე ვიცოდით, რომ დღეს მოქმედი კოდექსი იყო უაღრესად რევოლუციური, ულტრალიბერალური, გადასარევი და ინვესტორები რიგში იდგნენ, როდის დააბანდებდნენ საქართველოში ფულს. ახლა გვეუბნებიან, რომ ეს რევოლუციური პროექტია, რადგან 98% იცვლება. რატომ ვცვლით მაშინ? აღარ გვჭირდება ინვესტიციები? ბევრი ფული ვიშოვეთ თუ რაშია საქმე? თუ რევოლუციური კოდექსია, მაშინ რაღაცას დიამეტრულად ცვლიან და თუ ის ლიბერალური იყო, მაშინ ეს რაღაა? ანუ ეს ხელისუფლება ლოგიკაში ცოტა იჭედება ხოლმე.
თუ პოზიტივის თვალსაზრისით შევხედავთ, პრაქტიკულად, რაიმე ახალი ცვლილება ამ კოდექსში არ არის. ახალი ის არის, რომ მთელი რიგი გადამხდელების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, მათ შორის იმ გადამხდელების მდგომარეობაც, რომლებსაც ამ კოდექსს ასე ტაშფანდურით აცნობენ და ეუბნებიან, "ნახეთ, თქვენთვის რა კარგ რაღაცეებს ვაკეთებთო". ეს ეხება მიკრო ბიზნესსაც, მცირე ბიზნესსაც, ეს ეხება იმასაც, რომ გადამხდელებს უფლება აქვთ ჩამოწერონ გაფუჭებული საქონელი და ასე შემდეგ.
- ახალი კოდექსით ბიზნესის დეფინიცირება ხდება. შემოდის მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებები. რა შეიძლება ითქვას ამ საკითხზე. რამდენად შეუწყობს ეს ცვლილებები საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას?
- პირდებიან, რომ 30 000-მდე ბრუნვის მქონე მეწარმეებს შემოსავალს გაუთავისუფლებენ გადასახადისაგან, ისინი კი დღეს 100 000-იანი შემოსავლიდანაც განთავისუფლებულნი არიან. მოქმედ საგადასახადო კოდექსში არის ჩამონათვალი, ეგრეთწოდებული მცირე მეწარმეებისა, რომლებიც ეწევიან რაღაც განსაზღვრულ საქმიანობას, ეს იქნება მეწაღე, მესაათე თუ პარიკმახერი და ა.შ. თუ ისინი დაქირავებულ შრომას არ იყენებენ, მათ თუნდაც 100 000 ლარი მიიღონ შემოსავალი, ისინი არ იბეგრებიან არანაირი გადასახადით. ახლა ამ ხალხს ეუბნებიან, "ხომ კარგია, თქვენ 30 000 ლარამდე შემოსავალი არ დაგებეგრებათო". ანუ ეს ნოვაცია არანაირი ნოვაცია არ არის და პირიქით, ეს არის მდგომარეობის გაუარესება.
ახალ კოდექსში ასევე არ არის დაკონკრეტებული, თუ მიკრომეწარმეებმა, როგორ უნდა აწარმოონ ბუღალტერია. ანუ შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის წესები - რის მიხედვით უნდა აწარმოონ მათ აღრიცხვა - ეს წესები არ წერია საგადასახადო კოდექსში. პროექტში წერია, რომ ფინანსთა მინისტრმა უნდა განსაზღვროს ეს წესები. ოღონდ ეს წესები როგორი იქნება, კაცმა არ იცის. მათ არ ევალებათ სალარო აპარატისა და პრინციპში, რაიმე აღრიცხვის დოკუმენტის ქონა. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა დადგინდეს 30 000-იან ზღვარს გადაცდა პირი თუ არა, ეს კიდევ სხვა საკითხია. საერთოდ, როცა რაიმე შეღავათი წესდება, მას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი კონტროლი, რადგან უნდა დადგინდეს, სწორად იყენებს ის ამ შეღავათს თუ არა. ამ შემთხვევაში კონტროლის კიდევ უფრო დამძიმება მოხდება. გავითვალისწინოთ, რომ საგადასახადო ორგანოს აქვს უფლება, შეფასებითი მეთოდი გამოიყენოს და ვირტუალურად დაადგინოს, რამდენი აქვს პირს შემოსავალი, ანუ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მივიდეს ერთ მეწარმესთან და უთხრას, "შენ, ჩემი შეფასებით, გაქვს 50 000 ლარის შემოსავალი და გეხსნება მიკრომეწარმის სტატუსიო~. მეორეს, რომელიც მისდამი უფრო ლოიალურია, შეიძლება უთხრას - `შენ კარგი ბიჭი ხარ და 25 000 გაქვს სულ შემოსავალიო". ანუ სუბიექტური შეფასებაც არ არის გამორიცხული, იმდენად, რამდენადაც კანონის პროექტი არ ადგენს რაიმე ზუსტ ფარგლებს, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ მეწარმის შემოსავლები.
- ფინანსთა და პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ახალ საგადასახადო კოდექსში კიდევ ერთი ნოვაცია ისაა, რომ მეწარმეს შეეძლება დეფექტური ან მოძველებული საქონლის ჩამოწერა. ეს ძველი კოდექსით მართლაც არ იყო შესაძლებელი..
- დღევანდელი კოდექსით გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ ფასად შეაფასოს შესაძლო სარეალიზაციო ფასით. "შესაძლო სარეალიზაციო ფასი" ნიშნავს, რომ იგი ნულის ტოლიც შეიძლება იყოს, ანუ გაფუჭებული საქონელი შემიძლია ჩამოვწერო. ახალი კოდექსის პროექტიც გვეუბნება, რომ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ იქვე ემატება განმარტება, რომ ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიწვევ საგადასახადო ინსპექციას, ჩაატარებ ინვენტარიზაციას, აჩვენებ, რომ ეს ყველაფერი მართლა გაფუჭებულია და ის მოგცემს ნებართვას, რომ ჩამოწერო.
- ახალი საგადასახადო კოდექსით დღგ-ს გადასახადის დაბეგვრის არეალი იზრდება. დღგ-თი დაიბეგრებიან უმაღლესი სასწავლებლები, ავანსები, იყო საუბარი პრესაზეც, რამდენად სწორია ავანსების დღგ-თი დაბეგვრა და თქვენი აზრით, დღგ-ს დაბეგვრის არეალის გაზრდა, ხომ არ გამოიწვევს იმ პროდუქტებისა თუ მომსახურებებზე ფასების ზრდას, რომელთაც მისი გადახდა მოუწევთ?
- დღგ-ს დამატებული ღირებულების გადასახადი ჰქვია იმიტომ, რომ ამ გადასახადით იბეგრება დამატებული ღირებულება, ანუ ის, რაც კონკრეტული წარმოების ან მიწოდების დროს ახალი შეიქმნა. როდესაც ვიღებ ავანსს, ჯერ ახალი ღირებულება არ შემიქმნია, ანუ ავანსის დაბეგვრა ნიშნავს დაბეგვრას იმისას, რაც ჯერ არ წარმოქმნილა და შეიძლება არც არასოდეს წარმოიქმნას, რადგან ავანსი მივიღე და შეიძლება ვერ შევასრულო ეს საქმე და, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ავანსი უკან დავუბრუნო მყიდველს.
ერთი შეხედვით ავანსის დაბეგვრამ შეიძლება არ გააძვიროს საქონელი. ანუ, რა მნიშვნელობა აქვს, თუ საქონელს ან მომსახურებას მივაწვდი, დღეს გადავიხდი იგივე თანხას, თუ ხვალ, პრინციპში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ვნახოთ, რა ხდება რეალობაში. ეს ავანსები გავრცელებულია მშენებლობაში, როცა მშენებლობა მიდის 2-3 წლის განმავლობაში, მაგრამ ბინის სავარაუდო მყიდველები წინასწარ იხდიან რაღაც თანხებს. ეს თანხები მშენებლისთვის საბრუნავი საშუალებაა, რომლითაც მან უნდა შეიძინოს სამშენებლო მასალები და სხვა მოქმედებები განახორციელოს. თუ ამ საბრუნავი საშუალებების ნაწილს მას გამოვართმევთ, რა უნდა ქნას? უნდა იშოვოს დამატებითი თანხები. საიდან უნდა იშოვოს? უნდა წავიდეს ბანკში და კრედიტი აიღოს. რაც უფრო მეტ თანხაზე მოითხოვს კრედიტს, შესაბამისად, მას ხარჯი მეტი ექნება, რადგან მეტი თანხის პროცენტი ექნება გადასახდელი. ეს მეტი ხარჯი კი, ცხადია, რომ აისახება ფასზე, ანუ გააძვირებს პროდუქციას.
დღგ ევროპაში თითქმის ყველგანაა. არის აგრეთვე ისრაელში, იაპონიაში. ამერიკაში ამას გაყიდვიდან გადასახადი ჰქვია. ცოტა ეშმაკური გადასახადია - რაც უფრო მეტს გაანთავისუფლებ გადასახადისგან, მით უფრო მეტი თანხა შევა ბიუჯეტში. ანუ ჩვენ რეალობაში რომ ვთქვათ, რაც უფრო გაიზრდება დღგ-ს გადამხდელთა ზღვარი, მით უფრო მეტი თანხა შევა ბიუჯეტში. სინამდვილეში დღგ-სგან განთავისუფლება, როგორც ასეთი, არ ხდება, ხდება ამ ტვირთის გადაცემა ერთი გადამხდელისგან მეორეზე. საქონელი მოპოვებიდან საბოლოო მომხმარებლამდე გადის რამდენიმე ეტაპს და ბოლო ეტაპს თუ გავანთავისუფლებთ დღგ-სგან, მხოლოდ მაშინ კარგავს ბიუჯეტი შემოსავალს.
- მთავრობის განცხადებით ახალ კოდექსში მაქსიმალურადაა შემცირებული ორმაგი ინტერპრეტაციის მქონე მუხლები. რეალურად შემცირდა თუ არა კოდექსში ასეთი მუხლები და თუ არის, მაშინ იქნებ დაგვისახელოთ რამდენიმე?
- ამ კოდექსის პროექტში შემოდის ცნებები - "ქონებაზე ქონების გადასახადი" და "მიწაზე ქონების გადასახადი". ამას რომ ეტყვი კაცს, ის აუცილებლად ჩათვლის, რომ მიწა და ქონება ერთმანეთისგან განსხვავებული დაბეგვრის ობიექტია. ამ დროს იმავე თავის პირველ მუხლში, სადაც ეს ჩანაწერია, წერია, რომ ქონება შედგება დასაბეგრი ქონებისგან და დასაბეგრი მიწისგან, ანუ ქონებაზე ქონების გადასახადი უკვე გულისხმობს ქონებაზე ქონების გადასახადსაც და მიწაზე ქონების გადასახადსაც. ცალკეა კიდევ მიწაზე ქონების გადასახადი, ანუ მიწა შეიძლება ორჯერ დაიბეგროს, ერთხელ ღირებულების მიხედვით, მეორედ ფართობის მიხედვით.
ჰკითხეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს, თქვას ამ პროექტის მიხედვით, თუ ამ სახით იქცა ეს პროექტი კანონად, 2011 წლის პირველ აპრილს რომ ქონების გადასახადის დეკლარაცია უნდა წარვადგინოთ, რომელი წლის დეკლარაციაა? ძალიან მაინტერესებს, რა პასუხს გაგცემენ. ახალ კოდექსში წერია, რომ ამ ქონებაზე მიწის გარდა გადასახადი გადაიხდება საგადასახადო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მიწაზე გადასახადი გადაიხდება საგადასახადო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ანუ იგულისხმება, რომ 2011 წლის პირველ აპრილს რომ წარვადგენ დეკლარაციას, იქ უნდა შევიტანო მიწის შესახებ ის მონაცემი, რომელიც იმ დღისთვის მაქვს, აქედან გამომდინარე, საგადასახადო წელი არის 2011, ოღონდ 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რა განაკვეთი იქნება ქონების გადასახადზე, პირველ აპრილს როგორ უნდა დავადგინო? თუ ეს 2010 წლის დეკლარაციაა, გამოდის, რომ მიწის გარდა ქონებაზე შეიძლება ის გადავიხადო, რაც იყო გასული წლის 31 დეკემბერს, მაგრამ მიწას რა ვუყო? შარშან პირველ აპრილს რომ მქონდა, იმის მიხედვით უნდა გადავიხადო? ახლა რომ აღარ მაქვს, იმ მიწაზე უნდა გადავიხადო ქონების გადასახადი? ჰკითხეთ, ეს როგორი ორაზროვნებაა და ან რამდენ აზროვნებაა საერთოდ.
ორმაგ წაკითხვასთან დაკავშირებით იქმნება აუდიტორთა საბჭო, რომელმაც უნდა დაადგინოს ესა თუ ის საკითხი, არის თუ არა ორაზროვნება და თუ დაადგენს, რომ ორაზროვნებაა, შეუძლია დავა გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყვიტოს და შეუძლია არ გადაწყვიტოს. ამის ნაცვლად ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობაში წერია რომ ნებისმიერი გადაუჭრელი ორაზროვნება და ბუნდოვანება წყდება გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ და ამას არ უნდა წყვეტდეს ვიღაც აუდიტორთა საბჭო. მეც რომ ვიყო ამ საბჭოს წევრი, ამ საკითხის მიმართ მეც "ვიღაც" ვიქნები, რადგან იგი სუბიექტურად უნდა გადავწყვიტო.
საერთოდ, კოდექსის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში თანხის გადახდა არის უამრავი რაღაცით უზრუნველყოფილი. ეს არის ჯარიმები, საურავები, იძულების ღონისძიებები, დაჭერა, დაპატიმრება, ციხეში ჩასმა, საქმიანობის ადგილში შევარდნა და ასე შემდეგ... უზარმაზარი სპექტრია ღონისძიებების. ვეკითხები ხელისუფლებას, როცა ის მიწერს კოდექსში, რომ მოთხოვნიდან სამი თვის ვადაში დამიბრუნებს ფულს, ეს რამით არის უზრუნველყოფილი? მას თავისუფლად შეუძლია, რომ ვადას გადაცდეს და ამისათვის არანაირი სანქცია არ დაეკისრება.
- კოდექსის 228-ე მუხლში არის ჩანაწერი - საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ გააჩეროს მისი საქმიანობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მუხლი კრძალავს ინვენტარიზაციის ან სხვა სახის კონტროლის დროს საწარმოს დალუქვას?
- აქ საკითხავია, გონივრულობა ვისთვის როგორია. საერთოდ ეს ტერმინი -`გონივრულობა~ გამოიყენება კანონმდებლობაში და ამა თუ იმ მოქმედების გონივრულობას კი ადგენს მოსამართლე. რაც შეეხება ინვენტარიზაციას, მის ჩატარებას არ სჭირდება საწარმოს დალუქვა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ინვენტარიზაციის, ქრონომეტრაჟის და საკონტროლო შესყიდვის ფარგლები არის ძალიან ცუდი. არ შეიძლება ასეთი რაღაცეების კეთება და მითუმეტეს, ის, რასაც კანონის დარღვევით დამატებით საგადასახადო ორგანო აკეთებს. ანუ იგივე ინვენტარიზაციის მოტივით, დახურავენ ერთი თვით საწარმოს და არის ეს საწარმო გაჩერებული, არც პასუხს ეუბნებიან, არც ინვენტარიზაცია არ ტარდება, არაფერი არ ხდება, უბრალოდ დალუქულია. ზოგი შეიძლება 2 ან 3 დღით დალუქო, მაგრამ თვეობით ამის კეთება არ შეიძლება.
რაც შეეხება ქრონომეტრაჟს. ეს დებულება მოქმედ კოდექსშიც არის და ახალ პროექტშიც. ქრონომეტრაჟის მინიმალური ვადა არის 7 დღე. მისი დაწყებიდან წინა შვიდი დღის ბრუნვა 10%-ით თუ განსხვავდება ქრონომეტრაჟის პერიოდთან, მაშინ მას აჯარიმებენ. ეს არის სრულიად არალოგიკური. აი, მაგალითად, საგადასახადო შევიდა რესტორანში აღდგომის მეორე დღეს, იქნება წინა დღეებთან შედარებით 10%-ზე მეტი განსხვავება? რა თქმა უნდა, იქნება, იმიტომ, რომ წინა დღეებში მძიმე მარხვა იყო და ხალხი რესტორნებში ბევრად ნაკლებად დადის. დღეს რომ მე შემომივიდა 100 ლარი, ეს არ ნიშნავს, რომ გუშინაც 100 ლარი მქონდა. ახალი კოდექსი თურმე აძლევს გადამხდელს უფლებას გაასაჩივროს, რომ ეს ასე არ არის. გადამხდელმა რატომ უნდა ამტკიცოს? შენ, სახელმწიფოს, გაქვს ეჭვი, ადექი და შენ ამტკიცე, მეწარმე რა შუაშია. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს ერთი "მომაკვდინებელი" არგუმენტი აქვთ, საშინლად არალოგიკური - "მე დავწერ და შენ სადაც გინდა მიჩივლე". მოვა დღის შუქზე და დაწერს, რომ არის ღამე, მიდი მერე და უჩივლე, ან გადაგიწყვეტენ ან არა.
- ომბუდსმენის ინსტიტუტი - საჭიროა თუ არა ეს ადამიანი დღესდღეობით და მისი ამ ფორმით შექმნა, რამდენად სწორედ მიგაჩნიათ?
- თვითონ ომბუდსმენის ინსტიტუტი არ არის ახალი საგადასახადო ურთიერთობებში, ეს იყო დღეს მოქმედი კოდექსის პროექტშიც 2004 წელს, და თვითონ კოდექსითვე იყო განსაზღვრული მისი უფლებამოსილების ფარგლები, ოღონდ იმავდროულად იმ პროექტში იყო დავის განხილვის საშუალება კერძო არბიტრაჟის მიერ. რადგან კერძო არბიტრაჟის უფლებები რჩებოდა, ომბუდსმენი ზედმეტ რგოლად ჩაითვალა და ამოიღეს, თუმცა არბიტრაჟის უფლებამოსილებაც მისი ამოქმედებიდან სამი თვის შემდეგ გაუქმდა. ახლა ცდილობენ ამის აღდგენას, ოღონდ ამ ომბუდსმენის უფლება-მოვალეობები და დამოკიდებულებები კანონით კი არ იქნება განსაზღვრული, არამედ მას პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს და ის დანიშნავს ომბუდსმენს. ომბუდსმენის საქმე იქნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მთავრობას და ამ დროს თვითონ არის მთავრობის დანიშნული და მთავრობა განუსაზღვრავს მას უფლება-მოვალეობებს. რატომ განსაზღვრავს მთავრობა თავის საწინააღმდეგო უფლებამოსილებებს, გაუგებარია, ან რატომ დანიშნავს ისეთ პიროვნებას, რომელიც მას შეეწინააღმდეგება რამეში? ანუ აბსოლუტურად ულოგიკო პროექტია.
- თქვენი შეფასებით, ახალი საგადასახადო კოდექსით მოსახლეობასა და ბიზნესზე მცირდება თუ არა საგადასახადო წნეხი?
- პირიქით, ამ კოდექსით საგადასახადო წნეხი მოსახლეობაზე იზრდება. თუ დავაკვირდებით ბიუჯეტს, ვნახავთ, რომ ახალი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტი 231 მლნ. ლარით იზრდება და ის ფული ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოიღონ, სხვა საიდან უნდა ამოიღონ? გვეუბნებიან, რომ ზღვარის 200 000-მდე აწევით უამრავი ადამიანი განთავისუფლდება დღგ-სგან, მაშ, საიდან მოდის ის 120 მლნ. ლარი, რომელიც ახლაა დაგეგმილი. ხალხი გამრავლდება საქართველოში თუ რა მოხდება?
ახალი კოდექსი კიდევ უფრო უსამართლოა, ვიდრე დღესდღეობით მოქმედი. უსამართლობით კი ბიზნესი ვერ განვითარდება. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჩქარობს მთავრობა ახალი კოდექსის მიღებას. არსებული კოდექსი 5,5 წელია, რაც მოქმედებს. ამ ხნის მანძილზე შეტანილია 63-64 ცვლილება, ანუ თვეში ერთი ცვლილება შედის. შესაბამისად, სტაბილურობა ნულის ტოლია და ამ ახალ კოდექსაც იგივე ბედი მოელის.
მაგალითად მე მაქვს ასეთი წინადადება, რომ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში ამოქმედდეს მათი გამოქვეყნებიდან არა უადრეს 6 თვისა და აუცილებლად ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს საბიუჯეტო წლის დასაწყისში, 1 იანვრიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს საშუალება, რომ დაგეგმოს თავისი საქმიანობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში განვითარდება იგი. ამასთან, თვითონ ფინანსთა სამინისტრომაც იცოდეს, თუ რითი ადგენს ბიუჯეტს, რა ბაზაზე გეგმავს. ბიზნესმა, როცა იცის, რომ კოდექსი არაა სტაბილური და შეიძლება მასში ყოველთვიურად შევიდეს ცვლილებები, იგი აღარ გეგმავს თავის საქმიანობას გრძელვადიან პერიოდში და ხვალინდელ ლუკმის შოვნაზეა გადასული.
ჩვენი მთავარი პრობლემა არის სასამართლო. დღევანდელი მოქმედი კოდექსითაც იმუშავებს ადამიანი ნორმალურად, თუ ჩვენ გვექნება ობიექტური სასამართლო. სასამართლო არ გვაქვს და კოდექსები ცვალე რამდენიც გინდა. იგივე საგადასახადო სამსახური არ იცავს თავისივე დაწერილ კოდექსს და ხშირად პირდაპირ არღვევს. თუ არ შესრულდება კანონში გაწერილი მუხლები, რა აზრი აქვს შიგნით რა ეწერება.

ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი