DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > "ფონდის საქმიანობაში მთავრობა არასოდეს ერევა"
"ფონდის საქმიანობაში მთავრობა არასოდეს ერევა"19 ივნისი 2010. : merabi |
|
ინტერვიუ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორთან ქეთი ვაშაკიძესთან
- რამდენი წელია, რაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში მოღვაწეობს და რა არის ამ საქმიანობის შედეგი? - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არის ადგილობრივი ორგანიზაცია, ადგილობრივი ფონდი, რომელიც 2007 წლის ბოლოს შეიქმნა. როგორც ადგილობრივმა ფონდმა, მუშაობა 2008 წელს დავიწყეთ, მაგრამ მას აქვს გრძელვადიანი ისტორია. ევრაზიის ფონდმა მუშაობა ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო. ეს იყო წარმომადგენლობითი ოფისი ამერიკული ორგანიზაციის, რომელიც ვაშინგტონში არის განთავსებული და რომელსაც ჰქონდა თავისი ოფისები ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში ბალტიისპირეთის გარდა. ჩვენ მხოლოდ ორი წლის წინ გავხდით ადგილობრივი, ქართული ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ჰყავს პარტნიორები სომხეთში და აზერბაიჯანში, ისიც ადგილობრივი არის და ერთად ვერთიანდებით რეგიონალურ ორგანიზაციაში. თუმცა, ჩვენ ფონდის ქსელი გვაქვს და მათში ხუთი წევრი შედის. ეს არის ფონდები ამერიკაში, შუა აზიაში, რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპის ფონდი, სადაც შედის ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა. ალბათ, მთავარი შედეგი ამ ორგანიზაციის არის ის, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანი, რომელიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფეხზე დადგომას უწყობდა ხელს. - 2009_2010 წლებში განხორციელებული პროექტებიდან ხომ ვერ გამოყოფდით რამდენიმეს და ხომ არ მოგვითხრობდით, რა კონკრეტული სასარგებლო შედეგები მოჰყვა მათ განხორციელებას? - ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, ჩვენი მისია არის ის, რომ შევქმნათ, თორემ შეიძლება ხანდახან იმ შედეგს მიაღწიო, რაც არ დაგისახია მიზნად. ვთქვათ და მიზანი, რასაც ისახავს ფონდი, არის ის, რომ ზოგადად ქვეყანაში გაიზარდოს მოქალაქეების მონაწილეობა პროცესებში, ცვლილებებში, რომელიც ხდება და მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ თავიანთ თავზე, ეს არის გრძელვადიანი პროცესი და ძალიან დიდხანს კიდევ მოგვიწევს ამისკენ სვლა, მაგრამ შედეგები ამ პროექტების, რა მიმართულებითაც ვმუშაობთ, ეს არის ერთი, რომ ჩართულობა იყოს მეტი, მეორე ის, რომ როდესაც საჭირო პოლიტიკის განსაზღვრა ხდება, მეტად იყოს გამოყენებული ფაქტები და მესამე - ზოგადად შეეწყოს ხელი, რომ უფრო სტრატეგიული იყოს. დიდი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდულ პროგრამებს და ახალგაზრდების ჩართულობას ამ პროგრამებში. ძირითადად, ჩვენი საქმიანობა უფრო მეტად მიმდინარეობს რეგიონებში, ვიდრე თბილისში. ადგილობრივ დონეზე ეს პროგრამა არის ახალგაზრდების ჩართულობის ბანკი ანუ ახალგაზრდული იდეები. ბავშვები, რომლებსაც არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, თვითონ შექმნეს კომიტეტები, ჩვენ მათ ვუტარებთ ტრეინინგს და ისინი მერე დამოუკიდებლად ხდებიან პატარა ფონდები, მერე თვითონ გადასცემენ თავიანთ მოსაზრებებს სხვებს, მათი აქტივობა ძალიან გაიზარდა. ამჟამად დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელსაც სოციალური მეწარმეობა ჰქვია. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ასეთი კონცეფცია საერთოდ არ იყო საქართველოში გააზრებული. ეს არის ისეთი ტიპის საწარმოები, რომლებსაც ძლიერი სოციალური მისია აქვთ, მაგრამ მოგებაზე მუშაობენ. ეს მოგება ისევ სოციალურ მისიაში იდება – ვატრეინინგებთ რამდენიმე ორგანიზაციას, რომელიც ახლა იდგამს ფეხს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის საქმე აწარმოოს. - როგორია ფონდის სტრუქტურა, ჩვეულებრივ, რა ძირითადი მიმართულებებით მიმდინარეობს მუშაობა? - ფონდის სტრუქტურა სამი ორგანიზაციისგან შედგება. ადგილობრივ ფონდებს ჰყავს ერთი მმართველობითი საბჭო, რომელიც შედგება ევროპელების და ამერიკელებისგან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც რეგიონს ძალიან კარგად იცნობენ, ანუ დღესაც აქ ცხოვრობენ და მუშაობენ. ესენი არიან ყოფილი ელჩები - ევროპელი და ამერიკელი, ასევე, ბიზნესმენები, რომლებიც მუშაობენ. ჩვენი საბჭოს თავმჯდომარე არის დევიდ ლი, რომელიც `მაგთიკომის~ გენერალური დირექტორია და `ემჩემის საბჭოს პალატის~ პრეზიდენტი. - ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა მიიღოს ესა თუ ის გრანტი. იცნობს თუ არა მათ საზოგადოება და რატომ არის საერთოდ საქართველოში ფონდებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი იდუმალებით მოცული? - გრანტის მიღება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ნაწილია. პრიორიტეტების განსაზღვრა ძირითადად ხდება პროგრამული სახით იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ძირითადად ქართველები არიან, ისინი პროგრამაზე მუშაობენ. გვყავს, ასევე, ჩვენი დონორების მიერ წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც გვკარნახობენ, გარკვეულწილად, რა პრიორიტეტებია მთავარი. გვაქვს პროექტები, რომელთა მოფიქრება ხდება ჩვენთან, გამომდინარე იმ საჭიროებიდან, რომელიც ქვეყანაშია. რაც შეეხება გრანტის გაცემას, ის ორი მექანიზმით ხდება – ერთი, კონკურსის წესით და მეორე, ღია კარის პრინციპით. კონკურსით შერჩევისას შემოდის პროექტი. ძალიან მკვეთრად არის განსაზღვრული კრიტერიუმი, რა კრიტერიუმითაც ხდება შერჩევა. პირველი შერჩევა ხდება ფონდის მიერ. შემდეგ ვადგენთ დამოუკიდებელ ჯგუფს. როგორც წესი, მასში 5 ადამიანი მაინც შეგვყავს, რომლებიც ექსპერტები არიან იმ საკითხში, რა სფეროშიც ვატარებთ კონკურსს. ამ ადამიანებს ვაძლევთ პროექტებს. ისინი არამარტო ინდივიდუალუარად წერენ რეკომენდაციებს, არამედ იძლევიან რეკომენდაციებს ჯგუფისგან, სადაც არის მოცემული მათი შეხედულებები და რეკომენდაციები ამა თუ იმ პროექტის დაფინანსების შესახებ. ეს არის მხოლოდ მათი რეკომენდაცია, საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენი ფონდი იღებს. როგორც წესი, 99% ემთხვევა ხოლმე ამ ჯგუფის რეკომენდაციებს. არ გვაქვს შემთხვევა, რომ ვიღაცა მიკერძოებული იყოს, რადგანაც მათ ვთხოვთ, რომ თუ რამე ურთიერთობა აქვთ იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც შემოაქვს განცხადება, განაცხადონ წინასწარვე. როგორც წესი, აცხადებენ და არ ღებულობენ ამ შემთხვევაში მონაწილეობას შეფასებაში. თუ 50 000 ლარამდე ადის ეს თანხა, საბოლოო გადაწყვეტილება არის ჩემი, თუ 50 000 ზემოთ ადის – პრეზიდენტის, თუ 100000 ზემოთ ადის, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ის უკვე საბჭოზე გადის. რაც შეეხება ღია კარს, ეს არის ისეთი სისტემა, როდესაც ღია არის ნებისმიერი სახის და შემთხვევებისთვის. ძირითადი მიმართულება იქ არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ადგილობრივი უფრო მეტი, იმიტომ რომ მთავარი დონორი არის შვედური სააგენტო და მათი მოთხოვნაა, რომ აუცილებლად ადგილობრივ დონეზე იყოს მეტი აქცენტი გაკეთებული. როდესაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე პროექტებს, გუნდურად ვიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა მასში პოტენციალი. გვყავს კიდევ გრანტ-მენეჯერები, რომლებიც ფინანსური კუთხით უყურებენ პროექტებს. დამუშავების შემდეგ პროექტი მრჩეველთა საბჭოზე გადის, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შედგება. ეს არის თამარ საბეგაშვილი, რომელიც არის `"უნიქეიმი "ხელმძღვანელი და გენდერული კითხვებს ამზადებს; ბადრი გამყრელიძე, რომელიც "თი ბი სი" ჯგუფის თავმჯდომარეა და ბიზნესკუთხიდან აფასებს პროექტს; კახა გოგოლაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯეპლაკს" წარმოადგენს და ევროინტეგრაციის კუთხით აფასებს პროექტებს. ჩვენთან არ არის იდუმალებით მოცული გრანტების თემა. გრანტის მიღებისთვის საჭირო პროცედურები დევს ჩვენს ვებ-გვერდზე, ამიტომაც, როცა ჩვენთან პროექტები მოაქვთ, შემომტანებმა იციან ყველა ის პროცედურა, რაც საჭიროა კონკურსში მონაწილეობისთვის. იციან, რა ფორმები უნდა შეავსონ, თუ ღია კარში შემოაქვთ პროექტი. ისინი იცნობენ თანამშრომელს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ამ ჯგუფებთან, ამიტომ არავითარი იდუმალება აქ არ არის. იდუმალება მხოლოდ იმაშია, რომ ჯგუფის წევრებს წინასწარ არ ვეუბნებით კონკურსის შესახებ, რათა გავლენა არ იქონიონ ვინმეზე. ჩვენი ორგანიზაცია განათლების საკითხებზე მუშაობს და ჩვენც გვიჩნდება კითხვა ხოლმე, რატომ მოხდა, რომ გრანტი ვერ მივიღეთ. რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას და უნდა დავინახოთ, თუ რა პრიორიტეტები აქვს დონორს. გრანტების გასაცემი ორგანიზაციების შერჩევა იდუმალებით მოცული ნამდვილად არ არის. - ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ წლების განმავლობაში, და მათ შორის მიმდინარე წელს, საქართველოში გაკეთებული საქმეების თაობაზე სათანადოდ არ არის ინფორმირებული საზოგადოება? - ჩვენი საქმიანობის შესახებ მოსახლეობამ მასობრივად არ იცის, იმიტომ არა, რომ საქმეს არ ვაკეთებთ, ჩვენ ძალიან განსაზღვრული რესურსები გვაქვს და ამაში ფულის დახარჯვის ფუფუნების საშუალებას ვერ ვაძლევთ თავს. მუდმივად გვაქვს გასვლა რეგიონებში და ვცდილობთ ამ სახით ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცემას. შემდეგ კვირას მივდივართ სვანეთში, რათა იქ პრეზენტაცია გავმართოთ. - ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ფონდი ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს ეკონომიკურ მედიას, ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემებს საერთოდ? - მე არ ჩავთვლიდი, რომ ნაკლებად, რადგან მედიის სფეროში გვაქვს პროექტი, რომელიც გამოძიებით ჟურნალისტიკას ეხება, რათა გავაძლიეროთ მედიის როლი, როგორც მონიტორინგის. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან" ერთად დავაფუძნეთ ცენტრი, რომელიც დაიცავს მედიის წარმომადგენლებს. ვთქვათ, თუ მათ რაიმე პრობლემა შეექმნებათ - დაწყებული სამუშაო კონტრაქტებიდან, დამთავრებული დევნითა და მსგავსი ტიპის ქმედებით. რაც შეეხება ბიზნესის სფეროს განვითარებას, ამ საკითხებზე ჩვენ არ ვმუშაობთ. როდესაც ჩვენ ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, იქ არის ერთ-ერთი მთავარი თემა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროპასთან. შეხვედრებმა აჩვენა, რომ ჟურნალისტების ცოდნა ამ საკითხებთან მიმართებაში იყო ძალიან დაბალი. ამიტომ ჩვენ რამდენიმე მრგვალი მაგიდა ჩავატარეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ეკონომიკურ საკითხზე მომუშავე ჟურნალისტებს ვიწვევთ, რომლებიც მუშაობენ როგორც ტელევიზიაში, ისე ბეჭდურ მედიაში. ცალკე ბიზნესმედიისთვის ცალკე პროექტები არ გვაქვს, რადგან ეს არ არის ფონდის პრიორიტეტთა ჩამონათვალში. - რამდენად აქტიური იქნება ფონდი 2010 წელს, როგორია სამომავლო გეგმები? - გვაქვს დაფინანსების ბირთვი, რომელიც მოდის ევრაზიის ფონდიდან - ვაშინგტონიდან, გვაქვს დაფინანსება, აგრეთვე, შვედური სააგენტოსგან, რომელიც დაინტერესებულია, რომ კიდევ 3 წელი დაგვიჭიროს მხარი. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ სწორად განსაზღვრული სტრატეგია დაგვეხმარება თანხების მოზიდვაში. გარანტირებული დაფინანსება არ გაგვაჩნია. უნდა მოვიზიდოთ თანხები. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ დავდექით 2 წელიწადში ფეხზე, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, იმედი გვაქვს, რომ სხვადასხვა დონორებისგან მივიღებთ დაფინანსებას. - თბილისის ინტელექტუალთა წრეში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, გავრცელებული იყო აზრი, რომ ფონდები გადაწყვეტილებებს იღებდნენ მთავრობასთან კონსულტაციების გზით. თქვენი ფონდის შემთხვევაში რა ხდება, სად წყდება საკითხები? - არასოდეს მთავრობის ჩარევა ფონდში არ ყოფილა. თუმცა, ჩვენ ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ მთავრობის სტრატეგიას. ვთქვათ, თუ მთავრობას სტრატეგიებში აქვს ევროინტეგრაციის პროცესი, მაშინ ჩვენ ვუწყობთ ისეთ ორგანიზაციას ხელს, რომელიც ამ პროცესს გაუწევს მონიტორინგს. - რამდენად შეესაბამება ფონდის მიერ დახარჯული სახსრები მიღწეულ შედეგებს? საერთოდ, საერთაშორისო ფონდების საქართველოში საქმიანობის რეზულტატს როგორ შეაფასებდით, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობიდან? - სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ფონდები, რომლებიც უშუალოდ გასცემენ თანხებს. ამიტომ ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი კერძო ფონდი მოვიწვიოთ საქართველოში. ესაუბრა ნინო თამაზაშვილი |