DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ლარის კურსის ვარდნამ პროდუქტის გაიაფება შეაჩერა

ლარის კურსის ვარდნამ პროდუქტის გაიაფება შეაჩერა


26 დეკემბერი 2008. : vale
ქვეყანაში ეკონომიკური წესრიგის დამკვიდრებისა და სახელმწიფო ეკონომიკური და სოციალური ფუნქციის განხორციელების მნიშვნელოვანი ბარიერია კორუფცია, რომელიც საზოგადოების ცხოვრების ყველა მხარეს შეეხო. კორუფცია არ უნდა იქნას განხილული როგორც მხოლოდ წასული მმართველობითი სისტემის გადმონაშთი. საკითხის ასე დაყენება მცდარია და ხელს უშლის საზოგადოებისთვის ამ მავნე სენის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და ფორმების შემუშავებასა და დახვეწას.
"ვარდების რევოლუციის" შემდგომი ეტაპი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებით ხასიათდება. მაგრამ ეს ბრძოლა ძირითადად შემთხვევითი კორუფციის წინააღმდეგაა მიმართული და წვრილმანი კორუფციონერის დაკავებით შემოიფარგლება.
კორუფცია, რომ საქართველოში მაღალ დონეზეა ამას უცხოური სააგენტოებიც აფიქსირებენ, კორუფციის ინდექსის მხრივ საქართველო უკანასკნელი გამოკვლევებით 79-ე ადგილზეა. გაერომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ხუთი მოთხოვნა, ეს მოთხოვნები ეხმიანებოდა ქვეყნის ძირითად პრობლემებს, ერთ-ერთი პრობლემა არის, კორუფციის ძალიან მაღალი დონე, რომლის წინააღმდეგ უნდა წარიმართოს ბრძოლა.
11 ნოემბერს საქართველოში ლარს კურსი დოლართან მიმართებაში 18%-ით გაუფასურდა და ამაზე ადეკვატური პასუხი ჯერ არც მთავრობას და არც ხელისუფლებას არ გაუცია. ჩნდება ეჭვი, რომ ამ ოპერაციის დროს მოხდა კორუფციული გარიგება და აგრეთვე იმიტომ, რომ იმპორტულ პროდუქტზე ფასები უცვლელად დარჩენა გამართლებულიყო, რადგან იმ დროს, როდესაც იმპორტულ პროდუქტზე მსოფლიოში ფასები მცირდებოდა, საქართველოში პირიქით, ფასები იზრდებოდა.
"ლარის კურსის დევალვაცია, რა თქმა უნდა, სამთავრობო გადაწყვეტილება იყო და ამაში აუცილებლად ჩართული იქნებოდა რამოდენიმე უმაღლესი პირი. ამ გადაწყვეტილებაში რამდენიმე ფაქტორი იყო ჩადებული. პირველი ის, რომ ძველი კურსით 1 - 1,40, ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები ექმნებოდა, როცა ლარისა და დოლარის მიმართება 1 - 1,65 გახდა, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა და ხელისუფლებას საშუალება მიეცა განეცხადებინა, რომ საბიუჯეტო კრიზისი არ გვაქვს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს იყო ის, რომ ამით ვიღაცეებმა ხელი მოითბეს, როგორც ჩემი მეგობრები აცხადებენ დაახლოებით არის ამ გარიგებებში 50 მილიონ ლარია გაფლანგული", აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი იაკობ მესხია.
ლარის კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილების დროს კორუფციულ მომენტებს არ გამორიცხავენ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაშიც". "როდესაც ვალუტის ასეთი მკვეთრი ცვლილება ხდება, გამორიცხული არ არის, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი რაიმე მსხვილი გარიგება გამხდარიყო. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო ძირითადად იმპორტიორი ქვეყანაა. მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ტენდენციას, ბუნებრივია, ქართველი იმპორტიორებიც უნდა აჰყოლოდნენ. ამ ქვეყანაში, საქმეში ნაკლებად ჩახედულმა ადამიანებმაც კარგად იციან, რომ ქართულ ბაზარზე მონოპოლიზაციისა და ლობიზმის უზარმაზარი მასშტაბებია. ამ ფონზე, საკმარისი საფუძველი არსებობს იმისა, რომ მსხვილ იმპორტიორების ხელშეწყობასა და მათი ინტერესების სამთავრობო დონეზე ლობირებაზე ვისაუბროთ. ელემენტარული არითმეტიკის მცოდნეც კი ადვილად მიხვდება, რომ ლარის 18 პროცენტიანი გაუფასურების შემდეგაც კი, საერთაშორისო ბაზრებზე რამდენჯერმე გაიაფებული საქონელი ქართულ ბაზარზე არ უნდა გაძვირებულიყო. მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობი 400-500%-ით გაიაფდა, ჩვენთან კი მხოლოდ 70%-ით", - აცხადებენ ასოციაციის წარმომადგენლები.
ლარის კურსის ვარდნას კანონზომიერს უწოდებს ეკონომიკურ მეცნერებათა დოქტორი, პროფესორი, ნოდარ ბაგრატიონი. ექსპერტი აცხადებს - "უკანასკნელ პერიოდში ლარის კურსის დაცემა ორი გარემოებით შეიძლება ავხსნათ. პირველი, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენა, როდესაც ეცემა მსოფლიოში კონვერტირებადი, სარეზერვო ვალუტების კურსი,. მეორე მიზეზი ინფლაციის გამოწვევისა არის ის გარემოება, რომ უკანასკნელ პერიოდამდე ლარის კურსი გაცილებით მაღალ ნიშნულზე იყო დოლარსა და ევროს მიმართ, ვიდრე რეალურად ლარის მსყიდველობითი უნარიანობა გახლავთ. ასე რომ, ჩემი აზრით, ლარის კურსის დაცემა კანონზომიერი მოვლენაა. და კარგიცაა, რადგან რევალვაცია ანუ მაღალი კურსი, ხელს უშლის ექსპორტის განვითარებას. ლარის კურსის დაწევა დოლართან მიმართებაში უნდა მივიჩნიოთ ერთგვარ სტიმულადაც კი საექსპორტო პოტენციალის ამაღლების თვალსაზრისით. საჭიროა გავმიჯნოთ ლარის მსყიდველობისუნარიანობა და ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ. ეს ორი მაჩვენებელი შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით იცვლებოდეს. ლარის კურსზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ უცხოური ვალუტის კურსების საერთაშორისო მასშტაბით ვარირება, არამედ მიწოდება-მოთხოვნა ნაციონალურ და უცხოურ ვალუტაზე, როდესაც უცხოური ვალუტის მიწოდება ნაკლებია, ვიდრე მასზე მოთხოვნა, ლარის კურსის მოთხოვნა დაბლა იწევს და უცხოური ვალუტა მყარდება. ახლა სწორედ ამ პროცესს აქვს ადგილი, ამიტომ დღევანდელი ლარის კურსის დაწევა დოლარის ევროს და სხვა თავისუფალი კონვერტირებადი ვალუტების მიმართ სულაც არ წარმოადგენს რაღაც კორუფციული გარიგებების შედეგს, არამედ მას აქვს რეალური საფუძველი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიდი უცხოური ინვესტიციები, კაპიტალური დაბანდებები ასევე მოქმედებს ლარის კურსზე, ვინაიდან უცხოური ვალუტის კონვერტიზაცია ხდება ჩვენს ვალუტაში. გაწელილი კაპიტალური მშენებლობები და დაბანდებები ასევე ახდენს გავლენას, ვინაიდან ლარი იხარჯება მოთხოვნა ლარზე იზრდება, რეალური პროდუქცია კი არ იქმნება. სწორედ ეს მიზეზები იწვევს ლარის კურსი დაწევას და არა რიამე კორუფციული გარიგეგები. სხვა საქმეა ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დაწევა, ამას აქვს ღრმა ეკონომიური საფუძველი, იგი გამოწვეულია წარმოების შემცირებით მსოფლიო ეკონომიკიური კრიზისის და განსაკუთრებით რუსული აგრესიის შედეგად. წარმოებლური ძალა იქცა მომხმარებლურ ძალად.
ასე რომ, დღეს დიდი ფულის შოვნის ბერკეტი, კურსის ცვალებადობაზე დამყარებული, ვფიქრობ, მთლიანად აღმოფხვრილი თუ არ არის, ის არსებით გავლენას არ ახდენს ლარის კურსის ცვლილებაში".


ანა სოხაძე