DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > მთავრობა ბენდუქიძის წინააღმდეგ
მთავრობა ბენდუქიძის წინააღმდეგ19 მარტი 2010. : merabi |
|
"რაც ადრე გაკეთდა, იყო არასწორი. დღეს იდგმება ნაბიჯები, რათა ეს შეცდომები გამოსწორდეს"
მთავრობაში მოსვლისთანავე კახა ბენდუქიძემ თავისი ყოვლისშემძლე ხელის ერთი მოსმით დამოუკიდებელი დეპარტამენტები სამინისტროებს დაუქვემდებარა. ანტიმონოპოლიური სამსახურის საერთოდ გააუქმა და არც ეროვნული ბანკი დავიწყებია. მას, სხვა ფუნქციებთან ერთად, ბანკებზე ზედამხედველობის უფლება ჩამოართვა. თუმცა საქართველოში რომ რეფორმები და ცვლილებები უბრალოდ არ ხდება, ეს ყველამ კარგად იცის. იმ დროს კი ასეთ საქციელს მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის ინტერესებს მიაწერდნენ. გავიდა წლები და ეკონომიკის სამინისტროს უკვე გამოაცალეს გზების დეპარტამენტი და რეგიონების არქიტექტურული ზედამხედველობა, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა სტატისტიკის დეპარტამენტიც. ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემოსავლების სამსახური კი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხდება. ეროვნული ბანკი თავის ფუნქციებს იბრუნებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ უცერემონიოდ ჩამოართვეს. ანტიმონოპოლიური სამსახური კი მონოპოლიების არსებობის გამო აღადგინეს. მარტივად რომ ვთქვათ, მთავრობამ ბენდუქიძის ეკონომიკურ კურსს, ასეა თუ ისე, გადაუხვია. პირველი, ვისაც თავდაპირველად რეორგანიზაცია შეეხო, ეკონომიკის სამინისტრო გახდა. 2009 წლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტროს გამოეყო გზების დეპარტამენტი და რეგიონების არქიტექტურული ზედამხედველობა. ამავე სამინისტროს გამოეყო ტრანსპორტის დეპარტამენტიც. "როგორც პრაქტიკამ აჩვენა და როგორც უკეთესი იყო, ზოგადად, ისე ხდება ცვლილებები, მაგრამ ძირეული ცვლილებები არ მომხდარა. სახელმწიფო დეპარტამენტები შევარდნაძის პერიოდში იყო ძალიან დიდი რაოდენობით, ისინი მაქსიმალურად სამინისტროებში შევიდა და დამოუკიდებელი სუბიექტები არ არიან. რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ სამსახურს, არის რამდენიმე მარეგულირებელი, იგივე ენერგეტიკაში და კავშირგაბმულობაში, ამიტომ ხდება ამის რეგულაცია. რაც შეეხება ზოგადად ანტიმონოპოლიურს, ამის სტრუქტურა არსებობს, თუმცა ახლა კანონმდებლობაში ცვლილებები შედის და გარკვეული უფლებების გაზრდაზეა საუბარი. მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული კურსიდან გადახვევა მოხდა~, -აცხადებს "საქპატენტის" ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე. წელს კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის აზრით, სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ გადაქცევა დეპარტამენტის საქმიანობას უფრო გამჭვირვალეს გახდის და ეს ორგანო სახელმწიფოს ზეწოლის ქვეშ არ მოექცევა. "სტატისტიკის დეპარტამენტი, ხდება ახალი სტრუქტურა. კანონმდებლობაში მოხდება ცვლილებები, ამიტომ, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო და მისგან მოწოდებული ინფორმაცია, რაც შეიძლება ობიექტური. ამიტომ არ არის ის რომელიმე სტრუქტურის ქვეშ გაერთიანებული", - ამბობს ირაკლი ღვალაძე. ორიოდე წლის წინ ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოართვეს და მაკონტროლებელი ორგანო ბანკის გარეთ შექმნეს. 2009 წელს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო კვლავ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში გადავიდა. ამასთან, ეროვნულ ბანკს სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობის უფლებამოსილებაც გაუზარდეს. ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისადმი სათანადო სანქციების გამოყენების უფლებამოსილებაც მიენიჭა. "რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, იქაც არასწორი პოლიტიკა იყო, როცა ეროვნული ბანკი გადააქციეს ღამის დარაჯად. მას ყოველგვარი ინსტრუმენტები ჩამოართვეს. დღეს გადაიდგა ნაბიჯები, რომ ისევ აღდგეს ეროვნული ბანკი თავის უფლებამოსილებაში", - ამბობს ექსპერტი ნოდარ ხადური. საბოლოოდ ჯერი ფინანსთა სამინისტროზეც მიდგა და მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გადაწყვიტა. არგუმენტად კი ის სახელდება, რომ ეს ორგანო უფრო მეტად მოქნილი და მობილური გახდეს. "მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული კურსიდან გადახვევა მოხდა. შემოსავლების სამსახური ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუმცა ის მაინც ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და მისი მაკონტროლირებელი ის იქნება", - აცხადებს "საქპატენტის" ხელმძღვანელმა. რაც შეეხება სხვა სტრუქტურების რეორგანიზაციას, როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ასეთი ცვლილება არც ერთ სამინისტროში აღარ იგეგმება. სავარაუდოდ, ძირეული რეორგანიზაცია დასრულებულია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროშიც. ბაინდურაშვილისა და პოლოლიკაშვილის უწყებებს, ჯერჯერობით, აღარ შეავიწროვებენ. ნოდარ ხადურის აზრით, მთავრობა ძველი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს, - "რაც ადრე გაკეთდა, იყო არასწორი. ის, რომ ეროვნული ბანკი გაყვეს შუაზე, ის, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი იყო ეკონომიკური სამინისტროს ნაწილი. დღეს იდგმება ნაბიჯები, რათა ეს შეცდომები გამოსწორდეს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდია. აქ მეორე საკითხია, რამდენად გახდება სტატისტიკის დეპარტამენტი ნამდვილად დამოუკიდებელი". ნინო თამაზაშვილი |