DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ
ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ19 მარტი 2010. : merabi |
|
"დღეისათვის საქართველოს საბანკო სექტორი ეკონომიკის განვითარებას აფერხებს" - გიორგი ქადაგიძე
საქართველოში საბანკო სისტემაში რომ ყველაფერი კარგად არ არის, არ ახალია. მოსახლეობასა და ბიზნესმენებს ყველაზე მეტად საბანკო კრედიტებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები აწუხებთ. ამ ამბავმა როგორც იქნა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ყურამდეც "მიაღწია". საქართველოს ეროვნული ბანკი სიტუაციის გამოსასწორებლად უახლოეს მომავალში ქმედითუნარიანი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, გასულ კვირას განაცხადა, საქართველოს საბანკო სექტორი ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. მისი მტკიცებით, სესხებზე საპროცენტო მაჩვენებელი 12-13%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რისი მიღწევაც სწორი პოლიტიკის გატარებით უმოკლეს პერიოდში, დაახლოებით, წელიწადნახევარშია შესაძლებელი. ქადაგიძის ინფორმაციით, დღეს სამომხმარებლო სესხებზე განაკვეთები 20-24%-ის ფარგლებში მერყეობს. "ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია გირაოს ბაზრის გაფართოება და ლარში სესხების ინსტრუმენტის გაჩენაა კომერციული ბანკებისთვის, ასევე, სხვადასხვა ტიპის საპროცენტო განაკვეთის დაზღვევის ელემენტები, როგორიცაა ფორვარდები, სკოპები და ა.შ.", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ. მისივე თქმით, კრედიტების საპროცენტო განაკვეთების შემცირება ეკონომიკის შემდგომი განვითარების, საბანკო სისტემაში საკრედიტო პორტფელის ზრდისა და სტაბილურობის განმტკიცების მთავარი გარანტი იქნება. ეკონომიკის დაკრედიტების სტიმულირებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები მზადდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, სებ-ში იგეგმება გირაოს ბაზის გაფართოება - ბანკებს სებ-გან საკრედიტო რესურსის მიღება არსებული სესხების უზრუნველყოფით შეეძლებათ. ეს ერთგვარი მეორადი გადაგირავებაა - კომერციული ბანკი ეროვნული ბანკისგან მისაღები რესურსის უზრუნველყოფაში დებს საკუთარ აქტივს, სესხს, რომლის გაცემისას მას შესაბამისი ქონება აქვს უზრუნველყოფაში მიღებული. ამ ინსტრუმენტის ამოქმედებით სებ-ი კომერციულ ბანკებს აძლევს გარანტიას, რომ მათთვის ლარის რესურსი მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული ინსტრუმენტის ამუშავებით ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ კომერციულ ბანკებს ჭარბი რესურსების სესხებში მიმართვის საშუალება მიეცემა. აღსანიშნავია, რომ წამყვან ბანკებში რესურსების ნაკლებობას არ უჩივიან და მათი განცხადებით ფინანსური რესურსები საკმარისზე მეტი აქვთ, მაგრამ ეკონომიკაში არსებული მაღალი რისკების გამოა, რომ კრედიტებზე პროცენტები ასეთ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მიუხედავად ამისა, სებ-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბანკებში არსებული ფულის სიჭარბე მოკლევადიანი მოვლენაა და ამ მხრივ კომერციული ბანკების დამატებით სტიმულირების შემთხვევაში, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები აუცილებლად დაწევს. ეროვნული ბანკის მიერ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ბანკები მალევე გამოეხმაურნენ და როგორც სჩვევიათ, მის მიმართ საკუთარი სიმპატიებიც გამოთქვეს. გაირკვა, რომ "პროკრედიტ ბანკი" უკვე აპირებს პროცენტების შემცირებას, "თიბისი ბანკი" კი კრედიტების წელიწადნახევარში გაიაფებას რეალურს უწოდებს. "საქართველოს ბანკმა" კი წელიწადნახევრიან ვადაში სესხების გაიაფებაზე პირობის დადებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ კრედიტებზე პროცენტების შემცირება პირდაპირაა დამოკიდებული დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან და თუ ეს უკანასკნელი მომავალი წელიწადნახევრის განმავლობაში შემცირდება, მაშინ კრედიტების გაიაფებასაც არაფერი შეუშლის ხელს. საინტერესოა, აქამდე რატომ არ ზრუნავდა სებ-ი ამ პრობლემის გადაჭრაზე და რატომ არ შეამცირეს ბანკებმა დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები, თუ ისინი ასე მარტივად იქონიებენ კრედიტების გაიაფებაზე ზეგავლენას? ვინ უშლიდა ბანკებს დეპოზიტებზე პროცენტების დაწევას, შეემცირებინათ და კრედიტებსაც გააიაფებდნენ. თუმცა, როგორც იტყვიან: სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. სებ-ის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული ასეთი ხმამაღალი განცხადების მსგავსი, რომ "დღეისათვის საქართველოს საბანკო სექტორი ეკონომიკის განვითარებას აფერხებს" - დიდი ხანია არავის გაუკეთებია. ხოლო თუ ამ პრობლემას მართლაც 1-1,5 წელში მოევლება, ამაზე კარგი და მნიშვნელოვანი ნაკლებსავარაუდოა, რომ ჩვენს ეკონომიკაში მომავალი წელიწადნახევრის მანძილზე რაიმე მოხდეს. მერაბ ჯანიაშვილი |