DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > CIA-ს რეიტინგები და სამთავრობო GDP პერ ცაპიტა
CIA-ს რეიტინგები და სამთავრობო GDP პერ ცაპიტა23 თებერვალი 2010. : merabi |
|
ვალოდია ჯინჭარაძის ფიქრები რადიატორთან ეკონომიკა რომ ყველაზე დიდი პოლიტიკაა გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა მერობის კანდიდატმა ჭანტურიამ თავის წინასაარჩევნო პრეზენტაციაზე გახმოვანებული საპროგრამო მესიჯებით პრაქტიკულად გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების დაპირება მისცა თბილისელ ამომრჩევლებს. ჩემი აზრით, ამ თემის ყველაზე საინტერესო დეტალზე კი, არაფერი უთქვამს - თუ ერთი კუბური მეტრი გაზი რეალურად დღეს 10 თეთრი უნდა ღირდეს და ჩვენ კი, მასში 50 თეთრს ვიხდით, მაშინ სად ან ვის ჯიბეში მიდის ეს ნამეტი 40 თეთრი?! და თუ ეს მართლაც ასეა, დავიჯერო, ამ "მითიური" ჯიბის შესახებ არაფერი იცის ბატონმა ჭანტურიამ? ვეჭვობ. ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება, ან იმის აღიარება, რომ კანდიდატის შეპირება მხოლოდ პიარია და საპნის ბუშტი. თუმცა, როცა განმკითხავი და სავარაუდოდ, პასუხის მომკითხავი სამომავლოდაც არავინაა, დაპირებას ან განცხადებას წინ რა უდგას? ჩვენში პოლიტიკა და წინასაარჩევნო კამპანია ხომ ამომრჩევლისათვის დაპირების "მოხდენილად" მიწოდებისა და არაფრისგან იმედის გაჩენის ხელოვნებაა მხოლოდ?! მერე კი, არჩევნების შემდგომ, ხალხისადმი ანგარიშვალდებულების განცდა და მათთვის მიცემული დაპირებები ნისლივით სადღაც ქრება. რჩება მხოლოდ მითები და ლეგენდები, პროზად ქცეული პოეზია და ეკონომიკური "ძლევაი საკვირველი". მთავრობის "მითიური" რეიტინგები გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სხვა მრავალი საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი თემის გარდა, გვერდი ვერ აუარა და ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებული პოზიციონირების საკითხის შესახებ. განსაკუთრებით კი, ხაზი გაუსვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე ანუ, ე.წ. GDP პერ ცაპიტა-ს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეკონომიკურ სერპანტინებზე ჩვენი მოქნილი ტაქტიკური მანევრით, თურმე, არა მარტო დავეწიეთ, არამედ ოსტატურად გვერდიც კი ავუარეთ, გავუსწარით და უკან მოვიტოვეთ უკრაინა და ჩვენი სხვა მეზობელი ქვეყნები. გულწრფელად გამეხარდა. თუმცა, გამალებული "ცივი" ომის დროინდელი რეიგანისეული სიბრძნე გამახსენდა და, ამიტომ ვენდე, თუმცა გადავამოწმე. თქვენც არ მომიკვდეთ, ჩვენს დროში ვინ მოგცემს წუთიერი სიხარულის გაგრძელებისა და მიღწეული შედეგებით ხანგრძლივად ტკბობის საშუალებას. წარმოგიდგენიათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდიცა და მსოფლიო ბანკიც, თითქოს პირი შეიკრესო, თავიანთი კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით ჩვენი მთავრობისაგან განსხვავებით, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ. ეჭვი რომ არავინ შეიტანოს ამ ინფორმაციის არამართებულობასა და ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებაში, თავად შეეცადეთ გადამოწმებას, რისთვისაც ინტერნეტის ნებისმიერ საძიებო სისტემაში ლათინური შრიფტით აკრიფეთ GDP პერ ცაპიტა. მერწმუნეთ, შედეგი გამაოგნებელი და არც თუ სახარბიელოა. ჩვენში, აგრერიგად დაფასებულ და ტიტულოვან ამ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის მიხედვით "საპატიო" 149-ე ადგილზეა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, გვისწრებს რუსეთი (73-ე ადგილი), უკრაინა (128-ე ადგილი), სომხეთი (135-ე ადგილი), და თქვენ წარმოიდგინეთ, ნაურუ (140-ე ადგილი) და ვანუატუც (142-ე ადგილი) კი. ინფორმაციის წყარო? ამერიკული CIA-ის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემები, ანუ "ЦРУ". ჩვენში, ეს ორგანიზაცია მისი დასახელების რუსული აბრევიატურითაა უფრო მეტად ცნობილი. ამ ორგანიზაციას ჩვენში ხომ, ყველაზე მეტად ენდობიან. მე, ჩვენი მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და პრემიერის ადგილას, პრეზიდენტისთვის არასრულყოფილი და, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაციის მიწოდების და ქვეყნის პირველი პირის შეცდომაში შეყვანის გამო, სულ მინიმუმ, შემრცხვებოდა მაინც. და თუ არ გადავდგებოდი, საჯაროდ ბოდიშს მაინც მოვიხდიდი ჯერ პრეზიდენტის, ხოლო შემდეგ, საზოგადოების წინაშე. თუმცა, სირცხვილი და ბოდიში აქ რა მოსატანია, ან რა მთავრობის ბრალია, როცა მათ ხელთ არსებული რეიტინგები ტყუიან?! ოხ, ეს საძაგელი და მაცდური რეიტინგები! აქ საკითხავი და მთავარი კი, ალბათ სწორედაც ისაა, ვინ აწვდის ქვეყნის პრეზიდენტს ამ "მითიურ" რეიტინგებსა და ინფორმაციას საქართველოს "ედემად" ქცეული სასწაულის და აყვავებული ეკონომიკის შესახებ?! საინვესტიციო პინგ-პონგი საქართველო რომ პარადოქსებისა და სასწაულების ქვეყანაა, მრავალჯერ უთქვამთ. კიდევ ერთხელ "გადავიმეოროთ" და ხელახლა დავრწმუნდეთ ამაში. საქმე უცხოეთიდან მოსაზიდ საინვესტიციო რესურსების ოდენობასა და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მონაცემებს ეხება. პირველი მიმართულებით, პრეზიდენტმა მთავრობას 2010 წლის განმავლობაში 2 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გეგმა-ვალდებულება დაუსახა. ქართული ეკონომიკის "ლელა კაკულიად" წოდებულმა კახა ბენდუქიძემ (ქვეყანაში სტატისტიკა რეალურად ჯერ არ არსებობს და ხელისუფლებამ კახა ბენდუქიძის სახით "მარტივი" გამოსავალი იპოვა) თქვა ბევრია, ერთ მილლიარდ დოლარზე მეტი არ იქნებაო. მთავრობაც დაფრთხა და გამოაცხადა, წელს უცხოეთიდან მხოლოდ 1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოვიზიდავთო. ორიოდე დღის წინ კი, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ედუარდ გარნერმა სულ მთლად ცივი წყალი "გადაასხა" ყველას, მთავრობასაც და ბენდუქიძესაც, და 2010 წლის უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებლად 800 მილიონი დოლარი დაასახელა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს. მთავრობამ შარშანდელი 4,5%-იანი ვარდნის შემდგომ, 2010 წლისათვის ეკონომიკის 2%-იანი ზრდის პროგნოზი გააკეთა. პრეზიდენტი 2%-ს მინიმალურ ზღვრად მიიჩნევს და რეალურად კი, 5%-იან ზრდას არ გამორიცხავს. საერთაშორისო ორგანიზაციები კი, მიიჩნევენ, რომ თუ, ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორი, მათ შორის საბანკო სფერო, მნიშვნელოვნად არ გამოცოცხლდა, საქართველოს ეკონომიკაში ზრდა 2010 წელს საერთოდ არ დაფიქსირდება. ქართველები რომ "გადაჭარბებულად" ოპტიმისტები ვართ და ქვეყანაში პროგნოზებში რომ `გვიჭირს~, არახალია, ძველია. და ეს უკვე, თითქოს აღარც კი გვიკვირს. საკვირველი კი, ყოველივე ამაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგ ბალავაძის კომენტარი იყო - საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლები მთავრობის გათვლებს ემთხვევაო. საოცარია პირდაპირ. 800 მილიონი, 1 მილიარდი, 1,2 მილიარდი და 2 მილიარდი, ან განსხვავებული საპროგნოზო პროცენტული განაკვეთები ერთი და იგივე როგორაა?! საუცხოო ლოგიკა და კიდევ უფრო, საუცხოო არითმეტიკაა. იკითხავთ, სადაურიო?! სადაური და, აქაური! ანტიმონოპოლიური "ვნებანი" როგორც ერთ ცნობილ სიმღერაშია, დიდხანს ველოდით. თუმცა, ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებულნი და ბოლომდე არ ვიცით, უკვე ჩვენი დროა თუ არა?! . . . მაგრამ, ასრულდა! ხელისუფლებამ ქვეყანაში მოსეირნე მონოპოლიური "ლანდები" გადაითვალა, ებევრა, უკვე თავს გასულანო გაიფიქრა და ანტიმონოპოლიური რეგულირების აღდგენის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. კეთილი და პატიოსანი. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუმცა, დღეს მონოპოლიური რეგულირების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დეტალებზე, მსოფლიოში აპრობირებულ ამა თუ იმ მოდელის უპირატესობასა და მიმზიდველობაზე არ შევჩერდები, არც ამ სისტემების ეფექტურობასა და "სიკეთეებზე" ვისაუბრებ. ერთი დეტალი მენიშნა მხოლოდ. ჟურნალისტმა გოგონამ დამირეკა და შემომჩივლა, მთელს ქალაქში ვერც სახელისუფლებო და ვერც ბიზნეს წრეებში რესპონდენტი ვერ ვიპოვე, რომელიც ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის ინიციატივის წინააღმდეგი იქნებოდაო. უკლებლივ ყველანი ანტიმონოპოლისტები გახდნენ. არადა, მახსენდება მთავრობის წევრებისა და ბიზნესწრეების ორიოდ თვის წინანდელი განცხადებები და პათოსი. ყველა, უკლებლივ ყველა, გამონაკლისების გარეშე, პრემიერ-მინისტრის "თამადობით" კატეგორიულად გამორიცხავდა ქვეყანაში მონოპოლიების არსებობას. მეტიც, მონოპოლიების გაჩენის თეორიულ შესაძლებლობასაც კი არ უშვებდნენ და შესაბამისად, ანტიმონოპოლიური რეგულირების აღდგენის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ. სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. ვფიქრობ, ცოტათი სამარცხვინოც. და ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – მართლაც პარადოქსების ქვეყანაა საქართველო. ვალოდია ჯინჭარაძე |