DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" თუ ანტიმონოპოლიური სამსახური?

"ეკონომიკური თავისუფლების აქტი" თუ ანტიმონოპოლიური სამსახური?


19 თებერვალი 2010. : merabi
მთავრობა ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენით თავისივე ეკონომიკურ კურსს უპირისპირდება

ყველას კარგად ახსოვს, კახა ბენდუქიძემ თავის დროზე როგორი შეუპოვრობითა და პრინციპულობით გაილაშქრა ანტიმონოპოლიური სამსახურის წინააღმდეგ და ამ თემას მანამდე არ მოეშვა, სანამ საბოლოოდ "წირვა" არ გამოუყვანა. თანაც ეს ისე ზედაპირულად კი არ გააკეთა, მყარად და საფუძვლიანად დაასაბუთა _ საქართველოში, პრაქტიკულად, მონოპოლისტები არ გვყავს და ანტიმონოპოლიური სამსახური რაში გვჭირდება, ის ზედმეტად გაწეული ხარჯი და კორუფციის უშრეტი წყარო იქნებაო. ასეთი საფუძვლიანი "ნივთმტკიცებების" წარმოდგენის შემდეგ და კიდევ ალბათ, იმ დროისათვის ბენდუქიძის ხილული თუ უხილავი კავშირებისა და გავლენების შემყურე, რომელი ჭკუათმყოფელი გაბედავდა მასთან შეკამათებას.
მთავრობის განცხადებით, თუ ჩვენ გვსურდა, რომ ეკონომიკის 15-20%-იანი ზრდა გვქონოდა და მიგვეღწია ევროპული დონისათვის, გვჭირდებოდა თავისუფალი ბაზარი. მითუმეტეს, საქართველოს ბაზარი იმდენად პატარაა, რომ მას რეგულირება სულაც არ სჭირდებაო. ბენდუქიძის ასეთმა "ლოგიკურმა" აზროვნებამ მიგვიყვანა დღევანდელ ვითარებამდე, როცა 15-20%-იანი ზრდას ვინ ჩივის, ეკონომიკის ქრონიკული ვარდნა გვაქვს და სამწუხაროდ, არც ჯანსაღი კონკურენციაა ჩვენს ეკონომიკაში.

მთავრობა ბოლო დრომდე იმით გულდამშვიდებული იყო, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების შემდეგ მის ფუნქციას ვითომდა ეკონომიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო ასრულებდა, ხოლო იმ დარგებში და სფეროებში კი, რომლებშიც ეროვნული მარეგულირებელი კომისიები არსებობს (ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, კომუნიკაცია, ტრანსპორტი), ეს ფუნქცია ამ კომისიებზე იყო დელეგირებული.
ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებამ, საბაზრო ეკონომიკის განვითარების ფუძემდებლურ პრინციპებს, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას და, აქედან გამომდინარე, თვით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სერიოზული ზიანი მიაყენა. ალბათ, ამიტომაც იყო ბოლო პერიოდში ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ასე სოკოებივით რომ მომრავლდნენ და უცბად წამოიჩიტნენ მონოპოლიები და კარტელური გაერთიანებები. შესაბამისად, აქტუალური გახდა ამ სამსახურის ხელახლა აღდგენის საკითხი, მით უფრო, რომ ევროკავშირი, რომელიც საქართველოს თავისუფალ ვაჭრობას სთავაზობს, მასთან შეთანხმების გასაფორმებლად ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ანტიმონოპოლისტური და ანტიდემპინგური რეგულაციის აღდგენის პირობას აყენებს.

ამ ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტი დროდადრო "გაილაშქრებს" ხოლმე ქვეყანაში არსებული მონოპოლიების წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობასაც სხვა რაღა გზა რჩებოდა, გარდა იმისა, რომ ეღიარებინა ქართულ ბაზარზე მონოპოლიების არსებობა და არასაკმარისი ანტიმონოპოლიური რეგულაციის ფატიური მდგომარეობა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციების აღდგენა იწყება. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო გაუქმდა და მის ნაცვლად ახალი სამსახური ჩამოყალიბდა.

"საქართველოში ყოველთვის იქნება სწრაფვა იმისკენ, რომ ბიზნესმენებმა ბაზარზე რაც შეიძლება მაქსიმალური ადგილი დაიკავონ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ შექმნას კონკურენტული გარემო. იგი ამას აკეთებს სხვადასხვა საშუალებებით და ერთ-ერთი საშუალება მათ ჩათვალეს, რომ იქნება ეს ახალი ანტიმონოპოლიური სააგენტო", _ აღნიშნავს "ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე.
ქვეყანაში წლების წინათ არსებული ანტიმონოპოლიური სამსახური უმთავრეს ფუნქციას _ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის უზრუნველყოფას, მართალია ვერ ასრულებდა, მაგრამ მისი სრულიად გაუქმება ეკონომიკის ექსპერტებს დიდ შეცდომად მიაჩნიათ.

მთავრობის იდეის თანახმად, ახალი ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, პრემიერ-მინისტრის პირად დაქვემდებარებაში. უკვე დაზუსტებულია, რომ ახალ სამსახურს სადამსჯელო და საგამოძიებო ფუნქციები არ ექნება. პარლამენტში 15 თებერვლიდან იმ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელმაც ქვეყანაში ანტიმონოპოლიური ფუნქციების გაძლიერება უნდა უზრუნველყოს. თუმცა, მთავრობაში უკვე დაზუსტებით აცხადებენ, რომ ის მხოლოდ ანალიტიკური ფუნქციებით აღჭურვილი უწყება იქნება. კონკურენციის წესების დამრღვევს კი განაჩენს სასამართლო გამოუტანს და განსაზღვრავს დასჯის ზომასაც და სანქციებს.

ანტიმონოპოლიური სამსახურის ასეთი სახით აღდგენასთან დაკავშირებით ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე მთავრობას სიფრთხილისა და წინდახედულების გამოჩენას ურჩევს. "ჩვენ ერთი უკიდურესობა, მხედველობაში მაქვს ბაზრის სრული დერეგულაცია და ქაოსი, მეორე უკიდურესობით, ანუ არაეფექტური და ფორმალური რეგულირებით არ უნდა შევცვალოთ. სამწუხაროდ, საქართველოში აბსოლუტურად ყველა ის რეგულაცია და მართვა, რომელიც ჩინოვნიკის პირად სუბიექტურ გადაწყვეტილებას ეფუძნება, აბსოლუტურად არაეფექტურია. არსებული საგადასახადო კოდექსი ამის დასტურია. ანტიმონოპოლიური რეგულაციის მექანიზმები, პროცედურები და მათ შორის საჯარიმო სანქციები კანონით უნდა რეგულირდებოდეს, კანონში უნდა იყოს ზედმიწევნით დეტალურად გაწერილი და მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული სახელმწიფო მოხელის, მათ შორის მოსამართლის, ჩარევა და სუბიექტივიზმი. ბუნებრივია, ანტიმონოპოლიური სამსახური სადამსჯელო ორგანო არ უნდა იყოს, მაგრამ იმ მოდელით, რასაც დღეს ჩვენ გვთავაზობენ, ანტიმონოპოლიური სამსახური სიმბოლური ანალიტიკურ-შემეცნებითი დატვირთვის მქონე NGO იქნება მხოლოდ. სახელმწიფო ორგანოს მოქნილი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ადმინისტრირების ბერკეტები უნდა გააჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ იმას მივიღებთ, რაც დღეს გვაქვს. ანუ, რეალურად მკვდრადშობილ სისტემას".

"ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რისი გათვალისწინებაც თავიდანვე თუ არ მოხდა, მივიღებთ გაცილებით უარეს სიტუაციას, ვიდრე ადრე იყო. იგულისხმება ის, რომ თუ თავიდანვე არ იქნა გამიჯნული ამ სააგენტოს და მარეგულირებელი კომისიების ფუნქციები, მაშინ მოხდება ძალიან სერიოზული აღრევა მიმართულებებისა და შესაბამისად, ძალიან სერიოზულად დაზარალდებიან მეწარმეები, ამიტომ გამიჯვნა ფუნქციებისა თუ არ მოხდა, შესაბამისად, ეს იდეა, რამდენად კეთილშობილურიც ის არ უნდა იყოს, შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მეწარმეებს და ისინი რამდენიმე მაკონტროლებელის წინაშე აღმოჩნდნენ", _ განმარტავს გიორგი ისაკაძე.

ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი კი ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციების აღდგენის აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეკონომიკური სამინისტროს შემადგენლობაში არსებული სააგენტო საკუთარ ფუნქციას კარგად ასრულებდა. ჯანდიერის თქმით, ქვეყანაში ხელოვნური მონოპოლიების ჩამოყალიბების შანსი ნაკლებია, ბუნებრივი მონოპოლიები კი საფრთხეს არ შეიცავს. მისივე მტკიცებით, მთავრობამ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა ევროკავშირის ზეწოლის შედეგად მიიღო.

ჯანდიერის აზრით, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობა ევროკავშირის მიმართ განპირობებული იყო იმ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით, რომლის გატარებასაც ის ცდილობს ეკონომიკური თავისუფლების აქტით. მაგრამ ექსპერტებში, მაინც ჩნდება კითხვა, თუ რატომ შეცვალა რადიკალურად საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკა? საუბარია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გასულ წელს წამოყენებულ "ეკონომიკური თავისუფლების აქტზე", რომელიც ახალი მაკონტროლებელი და მარეგულირებელი ორგანოების შექმნას კრძალავს, ამავე დროს კი მთავრობა ახალ მარეგულირებელს ქმნის ანტიმონოპოლიური სამსახურის სახით. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ექსპერტებისთვის შოკის მომგვრელი იყო ეკონომიკური თავისუფლების აქტის იდეა.

"აქ რამდენიმე მომენტია, პირველი ის არის, რომ ამით მთავრობა დეკლარირებულად ადასტურებს იმას, რომ საკმაოდ ხშირად ცვლის კურსს, იგულისხმება ის, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ნაცვლად და იარსებებს ამ სახით. ჩემთვის იმავდროულად არის კიდევ ერთი ახსნა, თუ რატომ არ არის მიღებული დღემდე პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული ეკონომიკური თავისუფლების აქტის რამდენიმე მუხლი, რადგან ეს აქტი რომ მიღებულიყო, ისინი ვეღარ შექმნიდნენ ანტიმონოპოლიურ სამსახურს, ვინაიდან ანტიმონოპოლიურის არსებობა ბაზარზე გარკვეულ რეგულაციას გულისხმობს. აქვე იმედი მაქვს, რომ ახალ სამსახურში მოტივირებული და სერიოზული ადამიანები იქნებიან დასაქმებულები", _ იმედოვნებს "ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი.

თუმცა "საქპატენტის" ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე უარყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას გადაუხვია და აცხადებს: "ეკონომიკური თავისუფლების აქტში" საუბარია ახალი მარეგულირებლების შექმნაზე და ამ შემთხვევაში არ იქმნება ახალი მარეგულირებლები, უბრალოდ, მოხდება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო შეცვლა ანტიმონოპოლიური სამსახურით. გარკვეული ფორმით ეს სამსახური არსებობდა, მაგრამ მას სხვა სახელი ერქვა _ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო. უბრალოდ, ახლა მას შეცვლილი უფლებამოსილება ექნება".

ექსპერტ ლევან კალანდაძის აზრით, "ეკონომიკური თავისუფლების აქტის" მიღებას რეალურად არანაირი ეკონომიკური შინაარსი და შესაბამისად, არც ეკონომიკური ეფექტი არ ჰქონდა და ამის დასტური ის ფაქტიცაა, რომ მთავრობა ახალი მარეგულირებლების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების გამართლებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. "ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეკონომიკური თავისუფლების აქტი იმ ფორმითა და შინაარსით, რაც ჩვენ რეალურად დღეს გვაქვს, ვერასდროს შეასრულებს თავის ამოცანას და დატვირთვას. ბაზარზე თავისუფლების და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას სახელმწიფო მხოლოდ დეკლარირების გზით ვერ შეძლებს. მით უფრო, გაურკვეველი შინაარსისა და დანიშნულების ბარიერების შემოღებით. ნაღდი ანგარიშსწორების შეზღუდვას ვგულისხმობ. ვერც, ისეთი საგადასახადო კოდექსის პირობებში მივიღებთ თავისუფალ ბაზარს, რომელიც ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. და ბოლოს, დროა გავაცნობიეროთ, რომ გადასახადები ეკონომიკური პროცესების მართვის ინსტრუმენტია ხელისუფლების ხელში და მათი განაკვეთების გაზრდა-შემცირება სიტუაციურად, ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ კონკრეტული ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს და არა, რეფერენდუმებისა და პლებისციტების გზით".

ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფომ ჯერ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დაყრდნობით შექმნას "ეკონომიკური თავისუფალების" თუ სხვა სახის აქტები. ეს რაც შეეხება მთავრობას. ხალხს კი, სანამ ხელებდაკაპიწებული და დოინჯშემორტყმული მთავრობა ღრმა თეორიულ განსჯებსა და სჯა-ბაასშია გართული, თანაც არჩევანს აკეთებს "ეკონომიკური თავისუფლების აქტსა" და ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას შორის, ბაზარზე ჯერ კიდევ მყარად ფეხმოკიდებული და გაპარპაშებული მონოპოლისტები მზარდი ფასებით კვლავაც ტყავს აძრობენ.

ნინო თამაზაშვილი