ნანახია: 704
ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ ხადურთან
- ბ-ნო ნოდარ, როგორ შეაფასებთ 2009 წელს ეკონომიკური თვალსაზრისით? - საქართველოს ეკონომიკა და საქართველოს ყოფა წელს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ აღქმა და რეალობა სხვადასხვანაირი იყო, აბსოლუტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ამას ადასტურებს თუნდაც თქვენი გაზეთი. არიან ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად უყურებენ სიტუაციას და მათი აღქმა მიმდინარე მოვლენებისა უფრო ობიექტურია და არიან ადამიანები, რომელთათვისაც ქვეყანა აყვავებულია და თითქმის გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას და იაპონიას ვჯობივართ. - განსაკუთრებით რომელ სექტორში გაუმჯობესდა ან გაუარესდა მდგომარეობა? - გაუარესდა პრაქტიკულად ყველგან. სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე მონაცემები სამი კვარტლის მიხედვითაა ნაჩვენები. პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა დაახლოებით 6 %-ით. მეორე კვარტალში _ 10, 1 %-ით, მესამე კვარტალში კი 1. 2%-ით. მაგრამ სამი კვარტლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 5 მლრ ლარია. გეტყვით, რომ 2008 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური ვითარება დაახლოებით 19 მლრ ლარი იყო, ანუ წელს მდგომარეობა უფრო ცუდია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადარჩა საბანკო სისტემა. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც საბანკო სექტორს ჰქონდა, ის გადარჩა უცხოური ჩარევით. არ გაკოტრებულა არცერთი კომერციული ბანკი. საბანკო სისტემამ უნდა გააძლიეროს საქართველოს ეკონომიკა და ის, რომ კრიზისის პირობებში საბანკო სექტორი გადარჩა, უკვე ბევრს ნიშნავს იმისთვის, რომ ეკონომიკის ზრდის რაღაც პოტენციალი კიდევ არის. მძიმე მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ანუ ეკონომიკის რეალური სექტორი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ტურიზმის იმედი გვქონდა და, სამწუხაროდ, ტურიზმიც გარკვეული მიზეზების გამო შემცირებულია და ზოგადად ეკონომიკაში შეიგრძნობა ბევრი რამის გავლენა, მათ შორის ომის, მსოფლიო კრიზისის და პრაქტიკულად ექსპორტ-იმპორტის ბალანსსაც თუ გადახედავთ, ვნახავთ, თუ რამდენადაა შემცირებული ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. - რა პროგნოზები გაქვთ 2010 წლისთვის? - 2010 წელს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე ამოცანა გადასაწყვეტი. საბოლოოდ უნდა შეჩერდეს წარმოების მოცულობის ვარდნა, ანუ მომავალ წელს, თუ სწორი პოლიტიკა გატარდება, ეს სრულიად შესაძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკაში გაგრძელდეს ისეთი პროცესები, რომელიც უფრო ჰუმანურს გახდის ეკონომიკურ სისტემას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის გაზაფხულის ბოლო დღეს დანიშნულია ადგილობრივი არჩევნები, უნდა ველოდოთ, რომ ხელისუფლება გაზაფხულზე მაინც გააგრძელებს პოპულისტური ქმედებების განხორციელებას. ალბათ, გაიზრდება სოციალური ხარჯები. ეს, ერთი მხრივ, კარგია, რადგან მოსახლეობის ცხოვრების დონე ჩვენთან ძალიან დაბალია, თუმცა, მეორეს მხრივ, ამას აქვს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის საწინააღმდეგო მახასიათებლები და ამიტომ საშიშია ქვეყანაში პოპულიზმმა მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია არ შეიწიროს. სამწუხაროდ, ისევ ძალიან მაღალი იქნება უმუშევრობის დონე. ალბათ, კვლავ გაჭირდება ინვესტიციების დიდი მოცულობით შემოდინება ქვეყანაში. მთავარია ქვეყნის ხელისუფლებამ მოახერხოს გარედან შიდა საფრთხეების განეიტრალება და შექმნას გარემო, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ირწმუნონ, რომ ქვეყანაში ომი არ განახლდება და ა. შ. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ 2010 წელი შემდგომი ეკონომიკური ზრდისათვის მოსამზადებლად კარგი შესაძლებლობების მიმცემი იქნება.
ესაუბრა თეონა ჭიტაძე
|