ნანახია: 1001
"გაკოტრებული, ცუდი მენეჯმენტის კომპანიები საკუთარ სამშენებლო ბიზნესს ჩვენი ხალხის ხარჯზე აგრძელებენ", - ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავასთან
- ბატონო ლადო, როგორ შეაფასებდით 2009 წელს. რა გამოწვევების წინაშე იდგა ამ წელს ჩვენი ქვეყანა და რამდენად გაართვა თავი მის წინაშე წამოჭრილ პრობლემებს საქართველოს მთავრობამ? - 2009 წელი ეკონომიკური კრიზისის წელია. თუ ეკონომიკური კუთხით შევაფასებთ, ეს არის წელი, როცა ქვეყანა განიცდიდა არამარტო გლობალური კრიზისის ზეგავლენას, არამედ თვითონ იყო საკუთარი ეკონომიკური კრიზისის მარწუხებში მოქცეული. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლებას სწორი შეფასება გაეკეთებინა, თუ რა ხდებოდა ქვეყნის ეკონომიკაში და ამის მიხედვით შესაბამისი ანტიკრიზისული ღონისძიებები დაესახა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებას არასდროს უღიარებია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი იყო. უმეტეს შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკა გლობალური ფინანსური კრიზისის ზეგავლენას განიცდისო. ხელისუფლებამ აპრილის აქციების დროს ოპოზიციას შესთავაზა, რომ გლობალურ ფინანსურ კრიზისზე და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრა, რაც თავისთავად კურიოზი იყო. თუ გლობალური ფინანსური კრიზისია, ასეთ საკითხებზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან სასაუბროდ, აქ ოპოზიციასთან საუბარი არაფერ შუაში იყო. მთავრობამ კრიზისის წარმოქმნა, უფრო სწორად გლობალური კრიზისის გართულება, ოპოზიციას და მისი აქციებს დააბრალა, რომელიც აპრილის თვიდან მოყოლებული მიმდინარეობდა. ახლა შევხედოთ ოფიციალურ სტატისტიკას. სახელმწიფო სტატისტიკის თანახმად, პირველ კვარტალში ეკონომიკური ვარდნა 5%-ზე მეტი იყო, ამ დროს კი ოპოზიციური აქციები ჯერ არ იყო. რას ნიშნავს ეს? კრიზისი თურმე უკვე ყოფილა. 2009 წელს მეორე კვარტალში უკვე 10%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ამ სტატისტიკაში თავისი წვლილიც შეიტანა, რომ სიტუაცია გაემუქებინა. თუმცა, მე მართლა არ მესმის რუსთაველზე რამდენიმე საკნის არსებობამ როგორ შეუშალა ხელი ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ყველაფერს ამას აბრალებდა. 2009 წლის შემოდგომაზე წავიდა ისეთი განცხადებები, რომ ქვეყანაში კრიზისი დაძლეულია. ამასთან კრიზისის არსებობა არ უღიარებიათ და თან აცხადებდნენ, რომ დავძლიეთო. გლობალური ფინანსური კრიზისი საქართველოში როგორ დაიძლეოდა, ესეც გაუგებარია, თუ ის ჯერ არსად დაძლეულა. იმავდროულად, ზაფხულში პრემიერ- მინისტრმა მთავრობის წევრები და ბიზნესმენები შეკრიბა და მათ ანტიკრიზისული გეგმა გააცნო. რაც შეეხება ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, რომლებიც პრემიერმა მეწარმეებს და აგრეთვე, თავისი კაბინეტის წევრებს გააცნო, მდგომარეობდა ორი ძირითადი ღონისძიების გატარებაში: 260 მლნ ლარის სახელმწიფო ვალდებულებების ემისია, რაც თავისთავად უკვე შეცდომაა. როცა ეკონომიკა კრიზისულ ვითარებაშია, მას პირიქით, იაფი საკრედიტო რესურსი სჭირდება და ამ დროს მთავრობა კომერციულ ბანკებს საკრედიტო რესურსს "ართმევს", რაც ბაზარზე საპროცენტო განაკვეთს კიდევ უფრო მაღლა სწევს. ყოველ შემთხვევაში, დაბლა დაწევას ხელს არ უწყობს. ხელისუფლებამ ასევე შეიმუშავა "ძველი თბილისის განახლების ", რომლის თანახმადაც სამშენებლო კომპანიებმა შეიძლება კომერციული ბანკიდან სესხი მიიღონ, რაში თავდებადაც თბილისის ბიუჯეტი დაუდგებათ. იდეაში ცუდი გეგმა არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი ეკონომიკურად შეცდომაა. ამ გეგმას აუცილებლად წინ უნდა გაძღოლოდა ფაქტობრივად გაკოტრებული სამშენებლო ბიზნესის ლეგალური გაკოტრებაც. კანონმდებლობით ჩასატარებელი იყო გაკოტრების პროცედურები. ეს ასე არ მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაკოტრებული, ცუდი მენეჯმენტის კომპანიები საკუთარ სამშენებლო ბიზნესს ჩვენი ხალხის ხარჯზე აგრძელებენ. იმიტომ, რომ თბილისის ბიუჯეტიდან მიღებული ფული გადასახადების გადამხდელების გადახდილი ფულია. აი, ასე მთავრდება 2009 წელი, რომელიც ეკონომიკური კრიზისის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ეკონომიკური კრიზისის წელი. ეს ისეთი ეკონომიკური კრიზისია, რომელზეც მთავრობამ რატომღაც დაფიქრება და სჯა-ბაასი სერიოზული ანტიკრიზისული გეგმის მოსაფიქრებლად არ მოისურვა. მინდა ვთქვა, რომ წელს ეკონომიკაში ერთი კარგი საქმეც გაკეთდა. ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ფუნქციების აღდგენა. მართალია მთელი თავისი ძალაუფლება, რაც მას ჰქონდა აღარ აქვს, მაგრამ მთლიანობაში იმას მაინც სჯობს, რაც გურგენიძემ გააკეთა. მთავარია, რომ ეროვნულ ბანკს საკანონმდებლო საფუძველი შეეცვალა და აღდგა ჩვეულ ჩარჩოებში. რაც მთავარია სებ-ის კანონში არ წერია ის კურიოზული მუხლები, რომლებითაც გურგენიძემ ეროვნული ბანკი მთავრობის ქვეშევრდომად აქცია. ეს მისასალმებელია. ეროვნული ბანკს ჰყავს პრეზიდენტი, ესეც მისასალმებელია, რადგან უპრეზიდენტობამ სებ-ს დიდი ზიანი მიაყენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკიდან თავისი ნებით წავიდა დავით ამაღლობელი. როგორც ეკონომისტი, ის მართლა მცოდნეა, მაგრამ როგორც პიროვნება, ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ის არის ადამიანი, რომლის ხელში დაიქცა ეროვნული ბანკი. ის ხომ სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი იყო მისი დანგრევის პერიოდში. იმის იმედად, რომ თვითონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდებოდა, იგი გურგენიძის ყურმოჭრილ მონად იქცა. ყველაფერს ასრულებდა, რასაც ავალებდა. პრაქტიკულად ასეთ ადამიანებს "ტრიაპკა", ქართულად "ჩვარი" ჰქვიათ. ეს "ჩვარი" მოშორებულ იქნა საქართველოს ეროვნულ ბანკს. მე ნამდვილად არ მესმის, სავალუტო ფონდს რაში სჭირდებოდა იგი? შესაძლებელია, სავალუტო ფონდში ბიუროკრატიულ სამსახურში ამაღლობელი კარგი შემსრულებელი გამოდგეს, რადგან მას იქ ჭკუას არავინ შეეკითხება და გადაწყვეტილების მიღებას არავინ მოსთხოვს. ადამიანური თვისებებით ის ეროვნული ბანკის თუნდაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნამდვილად შეუთავსებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება წელს სებ-ის მოღვაწეობას. 2009 წელს ეროვნულმა ბანკმა საინტერესო ღონისძიებები გაატარა. ჯერ იყო სავალუტო აუქციონების დამკვიდრება. ალბათ, გახსოვთ, როგორი ჟრიამული ატყდა, ხომ არ გამოიწვევდა ეს ლარის კურსის მერყეობას. პრაქტიკულად ამ მექანიზმით გადავიდნენ უფრო მოდერნიზებულ, თანამედროვე სისტემაზე და თან ეროვნულმა ბანკმა მოახერხა მის ხელთ არსებული სავალუტო რესურსების ისე გამოყენება, რომ 2009 წლის განმავლობაში გაცვლით კურსში ნახტომები არ ყოფილიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკაში. შეიძლება ითქვას, რომ, ალბათ, მაინც ყველაზე უფრო წარმატებულ სახელმწიფო ინსტიტუტად 2009 წელს ეკონომიკაში ეროვნული ბანკი იყო. სხვათა შორის ასე იყო ყოველთვის, ყველაზე კრიზისულ პერიოდშიდაც კი. ეს იქნებოდა ჯავახიშვილის, მანაგაძის, თუ გოცირიძის ხელში. გურგენიძე-ამაღლობელმა საერთოდ გაანადგურეს ეროვნული ბანკი. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი ყველაზე უკეთესად გაუძღვა საკუთარ ამოცანებს მთელ სახელისუფლო სტრუქტურებში. - მოდით, შევაფასოთ 2009 წელი გასულ, 2008 წელთან შედარებით. რა პრობლემების დაძლევა მოახერხა ჩვენმა ქვეყანამ და რა საკითხებია დღეისათვის კვლავ აქტუალური? - 2008 წელი ომის წელი და შესაბამისად, საკმაოდ ცუდი წელი იყო. ფაქტია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი მსოფლიოში გაჩაღდა და მან თავისი უარყოფითი შედეგები საქართველოზეც იქონია. თუმცა, 2008 წელმა ჩვენ ფინანსური დახმარების პაკეტი მოგვცა, რომლის თანხებსაც 2011 წლის ბიუჯეტიც კი მიიღებს. 2009 წელს საქართველოში ეკონომიკური კრიზისის თვალსაჩინოება იყო ის, რომ პარლამენტმა ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები 500 მლნ. ლარით შეამცირა. რაც ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმის 10%-ზე მეტი იყო. ე.ი. ეკონომიკამ ვერ შექმნა შემოსავლები და ამიტომ საგადასახადო შემოსავლების გეგმა შემცირებაზე წავიდა. მაგრამ თვითონ ბიუჯეტი არ შემცირებულა, ისევ და ისევ საგარეო დახმარების ხარჯზე. 2009 წელს ასევე იყო ერთი წარმატებული მომენტი, რაც შეიძლება აღინიშნოს - მთავრობამ დახმარების მიღების პროცედურებს თავი გაართვა. ანუ მოლაპარაკებებს თავი გაართვა და თანხები მეტ-ნაკლებად თავის დროზე შემოდიოდა. ეს პროცესიც თავისთავად დადებითად უნდა შეფასდეს. 2009 წელი, აგრეთვე, მნიშვნელოვანი იყო სტატისტიკის კანონის შეცვლით. ეს კანონი, შეიძლება ითქვას, ბევრად უკეთესია იმასთან შედარებით, რაც იყო. იმ პროექტთან შედარებითაც, რომელშიც რუსული "მატრიოშკის" პრინციპით ერთმანეთში ჩადებული სხვადასხვა საბჭოებით, თანაც უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობით. ეს აბდაუბდა ევროსტატმა დაბლოკა და არ გავიდა, თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტი, ცვლილებების მიუხედავად, მაინც ვერ გახდა დამოუკიდებელი. იმიტომ, რომ მის საბჭოში შედიან მთავრობის წარმომადგენლები ფინანსთა, ეკონომისტთა სამინისტროების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები. ის, თუ როგორ შედგა 2010 წლის სტატისტიკის დეპარტამენტის ბიუჯეტი და რა კომენტარებიც გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ იმის დასტურია, რომ სტატისტიკა მაინც ვერ იქნება მთავრობისგან დამოუკიდებელი. ვინც არ უნდა დაინიშნოს სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ჩვენ ინსტიტუციურად ისეთი სტრუქტურა გვაქვს, რომ იგი ვერ იქნება დამოუკიდებელი. მის საბჭოში არის ისეთი ხალხი, რომელიც პოლიტიკურად დაინტერესებულია მისი ინფორმაციის გაყალბებით. ამის გაკეთება იყო დიდი შეცდომა და ასე მეტ-ნაკლებად ობიექტურ სტატისტიკურ ინფორმაციას, თუ რა ხდება ქვეყანაში, ვერ მივიღებთ. სტატისტიკის დეპარტამენტის დასუსტება ზურაბ ჟვანიას დროს დაიწყო, როდესაც ყველა დეპარტამენტი მთავრობის დაქვემდებარებაში შეიყვანეს. სტატისტიკის დეპარტამენტი შეჩხირეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. 2004 წელს კი, როდესაც ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძე დაინიშნა, მან კარდინალურად შეამცირა კადრები, გაუშვა დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან პროფესიონალები, გააუქმა ადგილობრივი სტატისტიკური სამსახურები. ამის მერე სტატისტიკის დეპარტამენტი ინსტიტუციურად საკადრო თუ საფინასო რესურსით იმდენად დასუსტებული იყო, რომ მთავრობა რასაც მოისურვებდა, იმას უკეთებდა. ერთხელ, როდესაც 2006 წლის ზაფხულში, სტატისტიკის დეპარტამენტს გაეპარა მთავრობისგან გაუკონტროლებელი ციფრი და წლიური ინფლაცია 14,5%-ის დონეზე დააფიქსირა, ამას დეპარტამენტის თავმჯდომარე შეეწირა. - 2010 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დასრულებას ძალიან ცოტა ვინმე თუ პროგნოზირებს, ამისდა მიუხედავად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიზისი საქართველოში დასრულდა. თქვენ რა პროგნოზებს გააკეთებდით 2010 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისის დასრულების შესახებ? - მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, ანალიტიკოსები, მეცნიერები 2010 წელს კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. არა მხოლოდ 2010 წელს დასრულებაზე, არამედ საერთოდ, როდის დასრულდება. ბევრი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, მე კიდევ უფრო პესიმისტი ვარ მსოფლიო კრიზისთან დაკავშირებით. ამ კრიზისის არ გააჩნია განმუხტვის მექანიზმი. რით განსხვავდება არსებული კრიზისი 20 საუკუნის 20-30-იანი წლების დიდი რეცესიისაგან. გასულ საუკუნეში დიდი რეცესია ძალიან ბევრი კომპანიის გაკოტრებით დასრულდა. დღევანდელი კრიზისი დაიწყო გაკოტრებებით, მაგრამ არ სრულდება ამდაგვარადვე. მსოფლიოს ყველა წამყვანმა სახელმწიფომ შეიმუშავა სპეციალური ანტიკრიზისული ღონისძიებები, საიდანაც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან სხვადასხვა კერძო კომპანიები. პრაქტიკულად ცუდი მენეჯმენტის მქონე ფირმების დიდი ნაწილი გადარჩა. რის ხარჯზე? ხალხის ფულის ხარჯზე. სინამდვილეში კი ამ საწარმოებმა უნდა შეიტანონ ფული ბიუჯეტში და არა ამ ხალხის შეტანილი ფულით არსებობდნენ. აი, ასე ხდება ეკონომიკის ზომბირება. მარტივად რომ ავხსნათ, ეკონომიკის ზომბირების ფენომენი შეიქმნა ჯერ კიდევ 90-იან წლების დასაწყისში და ეს იყო მხოლოდ იაპონიაში, როცა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, ფინანსური კრიზისის დროს მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამები, რის თანახმადაც სხვადასხვა ფირმებს შეეძლებოდათ ბანკებიდან სესხების აღება, ხოლო მათ გარანტად უდგებოდა იაპონიის მთავრობა. დღესაც ზუსტად ანალოგიური ხდება, რაც 90-იანი წლების იაპონიაში იყო. როდესაც კრიზისი დასრულდა, აი, ეს ცუდი ფირმები მაინც დარჩნენ. იმიტომ, რომ მათ ისწავლეს არსებობა ბიუჯეტის ხარჯზე. ანუ ჩამოყალიბდა ქცევის ისეთი წესები, რომ კრიზისის შედეგად ეს ფირმები იღებდნენ შედარებით შეღავათიან პირობებით სესხებს ბანკებისგან, რომლებსაც გარანტად მთავრობა უდგებოდა. თუ კომპანიები ამ კრედიტებს ვერ დაფარავდნენ, მთავრობა უფარავდა. საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეკონომიკურად მკვდარი საწარმოები. ზომბი-ფირმები, ზომბი-ბანკები და ამიტომ არის ლიტერატურაში გაჩენილი ტერმინი ზომბი-ეკონომიკის, რომელიც 90-იან წლებში იყო იაპონიისთვის დამახასიათებელი. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება ეკონომიკის ზომბირება. ამაზე წერენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, მაგალითად, ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი პირდაპირ მიუთითებს ამერიკის ეკონომიკის ზომბირებაზე. ანალოგიური ხდება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის ეკონომიკებშიც. ეს ზომბირება კი საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ კრიზისი კი არ დასრულდება, იგი შედევნილი იქნება ჩრდილში. შეიქმნება კრიზისის დასრულების ილუზია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ამ ზომბი-ფირებისა და ბანკების ტყვეობაში ვიქნებით. კიდევ როდის აფეთქდება მორიგი კრიზისი, ეს უკვე ძნელი სათქმელია, მაგრამ როცა მოხდება, იგი გაცილებით მძიმე შედეგებს მიტანს. ამიტომ, მე, სამწუხაროდ, გლობალურ ფინანსური კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით ოპტიმისტი ვერ ვიქნები. ჩემი აზრით, ეს კრიზისი არ დასრულდება, იგი უბრალოდ მიჩქმალული, დამალული იქნება, რაღაც წლების განმავლობაში და შემდეგ ის უფრო დიდი ძალით იფეთქებს, თუ მსოფლიოში გაკოტრების მასობრივი ტალღა არ წავიდა. ეკონომიკის სიჯანსაღისთვის მე სწორედ გაკოტრების მომხრე ვარ. ყველა ცუდი კომპანია, რომელიც არსებობს, უნდა გაკოტრდეს. სწორედ ამიტომ ვარ მე თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის წინააღმდეგი. ის ცუდი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ჩვენ, სამწუხაროდ, არაერთი გვყავს, არ გაკოტრებულან და კვლავ ღებულობენ პროგრამებში მონაწილეობას. თუ ამ კომპანიაში არაფერი შეცვლილა და რაც მოხდა მისი ცუდი მენეჯმენტის ბრალია, ახლა რატომ იქნება კარგი? - 2010 წელს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? - მთავრობა არ არის საკრედიტო ორგანო. მისი ფუნქცია კრედიტების გაცემა არაა. მთავრობას შეუძლია დააფინანსოს, გამოყოს გარკვეული ასიგნებები, მაგრამ არაა საკრედიტო ორგანო. ბიუჯეტის საკრედიტო ინსტრუმენტად ქცევა, ეს არის არსებითად უკან გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება `ეკონომიკური თავისუფლების აქტს~, რომლის თანახმადაც გადასახადების ზრდა რეფერენდუმის გზით ხდება, კურიოზია. ბევრს აინტერესებს ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში თუ არსებობს სადმე. მე ამ საკითხით დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ წყნარ ოკეანეშია ერთი კუნძული-სახელმწიფო, რომელსაც ჰქვია ნაურუ. იქაც ჩაუტარებიათ რეფერენდუმი გადასახადების გაზრდის მიზნით, რომ ამ ფულით კუნძული იხსნან ჩაძირვისაგან, მაგრამ მოსახლეობამ რეფერენდუმით უარი თქვა გადასახადების გაზრდაზე. ნაურუს მთავრობას კი სხვა გზა აღარ დარჩა რუსეთისაგან 50 მლნ აშშ დოლარის სესხი აეღო აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ – აბა, ხომ არ ჩაიძირებოდნენ. ეს სიმართლეა თუ საახალწლო ხუმრობა, მოდით, მისი გარკვევა ჩვენს მთავრობას მივანდოთ! - მიულოცეთ ახალი წელი ჩვენს გაზეთს და სრულიად საქართველოს,.. - ამ დონის ეკონომიკური გამოცემა ქართულ ბეჭდურ მედიაში არ გაგვაჩნია. ამიტომ გაზეთს ვუსურვებდი ბევრ საინტერესო მასალას, რომ ჰყავდეს კიდევ უფრო მეტი მკითხველი. ვუსურვებდი ჩემს კოლეგებს, ეკონომისტებს ახალგაზრდა ეკონომისტების აღსაზრდელად ჯაფა არ დაეშუროთ. მესმის, რა მძიმე პირობებში მუშაობენ, როდესაც პრაქტიკულად ეკონომიკური და არა მარტო აღნიშნული სფეროს განათლება თითქმის დანგრეულია. ვუსურვებდი მთელს მოსახლეობას, რომ იმედი არ დაეკარგოთ. 2010 წელი არ იქნება ადვილი, რადგან კრიზისი გაგრძელდება. ასევე საარჩევნო წელიწადია, რომელიც პოპულისტური ნაბიჯებით საკმაოდ ფართომასშტაბიანი იქნება, რაც განსაკუთრებით თბილისში იქნება შესამჩნევი, რადგან ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მოიგოს. აქედან გამომდინარე, 2010 წელი იქნება საკმაოდ მძიმე. ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ იმედი არ დაკარგონ და მომავლის რწმენით იცხოვრონ. იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო წელი იქნება 2009 წელზე უკეთესი, ხოლო შედეგი 2011 მომავალ წელზე უმჯობესი და ასე გაგრძელდება...
ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს!
ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი
|