გასულ კვირას პოლიტიკისა და ბიზნესს შორის ურთიერთობების გარკვევის ახალი ფაზა დაიწყო. გამოიკვეთა ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომლებიც პრინციპში, კარგად დავიწყებული ძველის კატეგორიასაც კი შეიძლება მივაკუთვნოთ. ამ კვირაში ისიც კი გახდა ცნობილი, რომ ჯუჯა კუნძული-სახელმწიფო ნაურუ (მოსახლეობით 14 ათასი კაცი), სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ, 50 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ზოგს რა ცოტა სჭირდება ბედნიერებისთვის. პოლიტიკა კარგი ბიზნესია, ღმერთმანი! თუმცა, რა გამოდის?! - ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთიანობა კვლავაც ისტორიული პარადიგმაა. ეკონომიკა ხომ ყველაზე დიდი პოლიტიკაა, პოლიტიკა კი ყველაზე დიდი ბიზნესი.
"მოწამლული" ბიზნესი
ორშაბათს დიდი ბიზნეს-რყევა მოხდა ქვეყანაში – ფარმაცევტული სფერო და ბიზნესი მონოპოლისტებად გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე უსაშველოდ მომატებული ფასის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
დაისვა, ერთი შეხედვით, ფრიად რიტორიკული კითხვა, - "რატომ უნდა ღირდეს წამლები საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე სხვა ქვეყნებში?~. კითხვას პასუხის გაცემა თითქოს აღარც კი სჭირდებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა მაინც თავადვე ჩამოაყალიბა პასუხი, - "იმიტომ, რომ რომელიღაც მონოპოლისტ კომპანიას ხალხის ხარჯზე ხელის მოთბობა უნდა".
სტატისტიკის მიხედვით, საცალო და საბითუმო ფარმაცევტული ბაზრის უდიდეს ნაწილს სამი კომპანია "ავერსი", "პე-ეს-პე" და "ჯი-პი-სი" აკონტროლებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანიებს გულისხმობდა პრეზიდენტი, როცა მონოპოლიებზე და მონოპოლიურ თუ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს ამ სფეროში არსებული "შავი ხვრელების" და კარტელური გარიგებების თაობაზე, მიგვითითებია მთავრობისთვის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ანტიმონოპოლიური რეგულაციის დანერგვის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ეკონომიკური გუნდი ყოველთვის ჯიუტად და "გულმოდგინედ" ამტკიცებდა, რომ მონოპოლიური რისკები ქვეყანაში არ არსებობს და შესაბამისად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ქვეყნისთვის ამ ეტაპზე არაპრიორიტეტულია. შედეგი კი, როგორც თავად ხედავთ, დიამეტრალურად განსხვავებულია.
პრეზიდენტის განცხადებითვე, ფარმაცევტული კომპანიები პარლამენტის გვერდის ავლით საპატენტო ბიუროსთან კორუფციული გარიგებით ცდილობენ მედიკამენტებზე მაღალი ფასი შეინარჩუნონ. რა გამოდის?! ისევ პრეზიდენტის განცხადებასა და სტატისტიკაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, რადგან ბაზრის უდიდეს ნაწილს "ავერსი", "პე-ეს-პე" და "ჯი-პი-სი" აკონტროლებენ, ლოგიკური ხომ არ იქნება ეჭვი გამოვთქვათ, რომ პრეზიდენტი უპასუხისმგებლო სახელმწიფო ჩინოვნიკებთან კორუფციულ გარიგებებში სწორედ ამ ფარმაცევტულ "მონსტრებსა" და მათ მესვეურებს მოიაზრებდა? ვფიქრობ, სწორედაც რომ ასეა.
ვინ არის შემდეგი? კითხვა, რომელიც საზოგადოებაში უკვე მუსირებს და არც თუ უსაფუძვლოდ. მონოპოლიები და მონოპოლიური გარიგებები საფუძველს ურყევს და აზარალებს არა მხოლოდ სფეროში მომუშავე კონკურენტ ფირმებსა თუ კომპანიებს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას და დიდი კოლაფსის სტიმულირებას და რისკის მატებას ახდენენ. ვფიქრობ, ერთჯერადი აქციებითა და არასისტემური გადაწყვეტილებებით, შესაბამისი ინსტიტუციონალიზაციის გარეშე შედეგი პრაქტიკულად ნულოვანი და ერთჯერადი იქნება. თუმცა, შემდეგი სფეროები კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების სფეროს, ასევე ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის სადისტრიბუციო გამანაწილებელი კომპანიები და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ფირმები უნდა გახდნენ.
"ვნებიანი" სურსათი უვნებლის ნაცვლად
ევროპული სტრუქტურების მოთხოვნის მიუხედავად, სურსათის უვნებლობის რეგულირების საკითხი კვლავ გადავადდა. ამჯერად, 2015 წლისათვის. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციებშიც შესაძლებელია დადებითისა და პოზიტიურს მოძიება. ასე რომ, თუ არ გვექნება სურსათის უვნებლობის კანონი, გამოდის, რომ გვექნება "ვნებიანი" სურსათი. რაც, ვფიქრობ, არც თუ ურიგო რამ უნდა იყოს.
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ახლა კი, ხუმრობისა და იუმორის გარეშე. გადავადების მიუხედავად, იმ საწარმოებისთვის, რომელთა პროდუქცია ევროკავშირზეა ორიენტირებული, სურსათის უვნებლობის ნორმები 2011 წლიდან ამოქმედდება. გამოდის, რომ ჩვენ ვზრუნავთ ევროკავშირის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უვნებელ სასიცოცხლო პირობებზე, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ამავდროულად, არ ვზრუნავთ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათთვის უვნებელი სასურსათო პროდუქტებით უზრუნველმყოფი გარემოს ჩამოყალიბებაზე, რაც ძალიან ცუდია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – ევროკავშირი და ევროსტრუქტურები ლამის მუხლმორთხმულნი გვევედრებიან ჩვენი მოქალაქეებისთვის სასურსათო უვნებლობის სტანდარტების შემოღების პროცედურების დაჩქარებას და ამ საქმეში სოლიდურ დახმარებასაც გვპირდებიან, ჩვენ კი ამას "დათვის ბიძაშვილობას" ვარჩევთ.
"პატიების აქტი" და ბიზნესის ახალი პერსპექტივები
გადასახადები და სიკვდილი ხომ გარდაუვალია?! ბოლოდროინდელი საგადასახადო რეიდებისგან გათანგული ბიზნესსექტორი მოთმინებით და გაფაციცებით ელის ახალ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან. რა იქნება მორიგი ნაბიჯი - მწარე მათრახი, თუ პარტნიორობისთვის გამოწვდილი ხელი? მოლოდინი მძიმე და გამთანგველი პროცესია. თუმცა, ბიზნესსექტორს სხვა გზა არც აქვს, სხედან და ელიან.
საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის ახალ, რევოლუციურ ტალღად მონათლული "საგადასახადო შეთანხმება" უახლოეს პერიოდში ძალაში შევა. ახალი ცვლილებების შედეგად, იმ მეწარმეებთან, რომელთა დავალიანებაც 10 ათას ლარს აღემატება და ვინც "საინტერესო" საინვესტიციო წინადადებებს წარადგენს, ხელისუფლება ე.წ. საგადასახადო შეთანხმებას გაუფორმებს. შემდეგ კი, მთავრობა ინდივიდუალურად გადაწყვეტს დაგროვილი საგადასახადო დავალიანებიდან რომელ მეწარმეს რამდენი გადაახდევინოს, ან გადაახდევინოს თუ არა საერთოდ. "ჰუმანური" და ზოგადსაკაცობრიო მიზნებიდან გამომდინარე, მთავრობას კანონით იმის უფლებაც კი ეძლევა ნაწილობრივ, ან სრულად აპატიოს, დიახ აპატიოს, მეწარმეს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო დავალიანება, ანუ დავალიანება საზოგადოებისა და საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ.
ბიზნესის დახმარება და სტიმულირება ეკონომიკის კრიზისულ ფაზებში მეტად საშური საქმეა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მაგრამ სიფრთხილე და წინდახედულობა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ასეთ შემთხვევებში რეგულაციას კანონი და საკანონმდებლო ნორმები უნდა ახდენდნენ და არა ადამიანები, რა მაღალი რანგის განათლებაც არ უნდა ჰქონდეთ მათ მიღებული, მით უფრო, პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები.
ჩვენ რა მივიღეთ? თავიდანვე გაცხადდა, რომ აღნიშნული "დახმარებით" ყველა მეწარმე ვერ ისარგებლებს და იმას, თუ ვინ მოხვდება იმ ბედნიერთა რიგებში, ვისთვისაც ეს "შეღავათები" ხელმისაწვდომი გახდება, მხოლოდ სამთავრობო ლაბირინთებსა და კაბინეტებში გადაწყდება (აპრიორი, ცნობილია – "ყაზბეგისა" და "ჯეოსელისთვის" ამინისტიის მატარებელი კარგა ხნის გასულია). ანუ, ვერდიქტს სახელმწიფო ჩინოვნიკები გამოიტანენ, ისინი და არა კანონი. სახელმწიფო ჩინოვნიკი საკუთარი სუბიექტური შეხედულებებისა და "ინტუიციაზე" დაყრდნობით გადაწყვეტს მეწარმეთა ბედს, მათ მიერ წარმოდგენილი რომელი საინვესტიციო წინადადებაა უფრო მეტად "საინტერესო" და მიმზიდველი სახელმწიფოსთვის და ყოველივე აქედან გამომდინარე, რომელი ბიზნესმენი ისარგებლებს უპირატესი რეჟიმით ბაზარზე. ანუ, სახელმწიფო მოხელე, სახელმწიფო ჩინოვნიკი ფორმალურად ითავსებს კანონის ფუნქციას, იგი ხდება გადაწყვეტილების მიმღები და კანონის ზემდგომი.
საინტერესოა, "პატიების აქტის" განხორციელებისას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ობიექტურობისა და სამართლიანობის დაცვაზე, ისევ იგივე მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეები იქნებიან პასუხისმგებლები?!
ლევან კალანდაძე