ერების ისტორია აღმოსავლეთიდან იწყება, ეკონომიკის ფესვები – დასავლეთიდან
აღმოსავლეთი ყოველთვის მიზიდავდა. ოღონდ პოეზია, პროზა და ზოგადად კულტურა. სხვა არაფერი. ვგულისხმობ დედამიწის აღმოსავლეთ ნაწილში გაბოგინებული ტოტალიტარიზმისადმი ჩემს შეურიგებელ განწყობას.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სწორება ამ ტოტალიტარული სახელმწიფოთა ეკონომიკაზე მოხდებოდა. ჰოდა, მოხდა კიდეც!
რა გვაკავშირებს მათთან? მენტალობა? სახელმწიფოებრივი მოწყობა? სწორედ ამის ანალიზს ვცდილობ.
პრეზიდენტის სიტყვები მახსენდება ბათუმში სასტუმრო "შერატონის" გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე წარმოთქმული, - "საქართველო უნდა გახდეს ისეთივე მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი, როგორებიც იყვნენ თავის დროზე სინგაპური და დუბაი კრიზისამდე. ჩვენ ეს გამოგვივა, რადგან სწორ გზაზე ვდგავართ". რატომ ისევ სინგაპური, და ისევ დუბაი? ერთს დემოკრატიის ცრუ მანტიამოსხმული ტოტალიტარული რეჟიმი მართავს, მეორეს "მითიური" შეიხები. დაილია ნორმალური ეკონომიკური სისტემებისა და ურთიერთობების მქონე ქვეყნები მსოფლიოში? დამაფიქრებელია, ინგლისსა და ამერიკაში განათლებამიღებული და დასავლურ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს ნაზიარები ჩვენი მთავრობისთვის რატომ უნდა რჩებოდეს აღმოსავლეთის `სასწაულებად~ მონათლული სინგაპური და არაბთა გაერთიანებული საემიროები უალტერნატივო იდეალებად?!
მე სხვა მოლოდინები მქონდა. დასავლურ მარგალიტებს ვარ ნაზიარები და ალბათ, იმიტომაც. აბა, სულ რადიატორთან კი არ ვიჯექი?!
საბიუჯეტო კრედიტების ციებ-ცხელება
"რადიატორის" დროა ახლა?! ახალი წლიდან ისეთ ვაჭრობას გააჩაღებს ხელისუფლება "დასავლეთს" და "აღმოსავლეთს" ერთნაირად შეშურდებათ. ახალი წლიდან დახლიდარი სახელმწიფო ჩინოვნიკი პერანგის სახელოებს გულმოდგინედ აიკაპიწეპს და თაროებზე შემოლაგებული კრედიტებისთვის საფასო პრეისკურანტებს ჩამოარიგებს. გაჩაღდება კრედიტებით გაცხოველებული "ვაჭრობა" დახლზე, დახლს მიღმა თუ დახლქვეშ.
საქართველოს პარლამენტმა პირველ დეკემბერს მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი", რომლის მიხედვითაც 2010 წლიდან უკვე ოფიციალურად "ნებადართულია" სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო პირებსა და კერძო კომპანიებზე კრედიტების გაცემა. დიახ, არ მოგესმათ! სწორედ ასეა! სახელმწიფომ საკუთარ თავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედიტების გაცემის, მევახშეობის უფლება მიანიჭა. ექსპერტებისა და საზოგადოების ძალისხმევისა და შეგონებების მიუხედავად, მთავრობამ "თავისი" მაინც გაიტანა.
ახლა კი, ქართველების ვაჭრობისადმი მიდრეკილებას და ზოგადად კომერციის ნიჭს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, საშობაოდ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ძველით ახალი წლისათვის, კრედიტების მთელი მარაგი გაყიდულ-ჩამორიგებული გვექნება.
შიდა ვალი და მთავრობის "პრიორიტეტები"
კიდევ ერთი "სასიხარულო" და იმედის მომცემი სიახლე და მარგალიტი ქართული საბიუჯეტო პოლიტიკის დღევანდელობიდან. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ბაინდურაშვილმა განაცხადა, - "2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავისუფალი სახსრების არარსებობის გამო, მთავრობა შიდა ვალის დაფარვას 2010 წლის განმავლობაში არ გეგმავს".
კი მაგრამ, რას ნიშნავს ეს ყოველივე? – იკითხავს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისგან სიკეთის მომლოდინე რიგითი მოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა 2010 წელს მხოლოდ საგარეო ვალს მოემსახურება, ანუ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი წარმოშობილ ვალებს გაისტუმრებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს საუკეთესო შემთხვევაში 2011 წლამდე მოუწევთ ლოდინი. ჩვენ ხომ ეკონომია და ე.წ. ქამრების შემოჭერა ყოველთვის ჩვენსავე ინტერესების დისკრიმინაციის ხარჯზე უნდა გავაკეთოთ. აბა, სხვანაირად რას იტყვის ევროპა, რას იტყვიან მეზობლები?! ეს არის ქართული ეკონომიკური "პროტექციონიზმისა" და "სამართლიანობის" პარადოქსი. ბარაქალა ბატონო ფინანსთა მინისტრო, ბარაქალა!
სხვას დასაიმედებელს, სამწუხაროდ, ვერც ვერაფერს იფიქრებ. საქართველოს მოქალაქეების წინაშე დავალიანების საკითხისადმი მთავრობის "განსაკუთრებული" დამოკიდებულება იმ ფაქტიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის შიდა ვალი ზუსტად დღემდე არც კი აქვს დათვლილი. ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გობეჯიშვილმა ისიც კი აღნიშნა, რომ ეს თანხები ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული და "ამ თანხებზე საუბარი, ცხადია, ძალიან პირობითია". ბარაქალა ბატონო ეკონომიკის მინისტრის პირველო მოადგილევ, ბარაქალა!
"ყაზბეგიდან" "ბალტიკამდე" არც თუ შორია
სავარაუდოდ, გოგი თოფაძე "ყაზბეგის" რუსთავის ქარხანას დახურავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საგადასახადო ორგანოებმა "ყაზბეგი" დააჯარიმეს და დღეის მდგომარეობით ფირმას ბიუჯეტის წინაშე ჯარიმებისა და საურავების ჩათვლით 6 მილიონი ლარის დავალიანება გააჩნია. თოფაძე არ ეთანხმება აღნიშნულ დარიცხვას და აცხადებს, რომ პრინციპულად არ გადაიხდის ამ აბსურდულ ჯარიმას და მის მიმართ სახელისუფლებო წრეების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნის განხორციელების ეჭვს გამოთქვამს.
ამასთან, ჩნდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში განთავსებული ლუდის ქარხანა "ბალტიკა-ბაქო" საქართველოში ლუდის ექსპორტის მოცულობას 2010 წლისთვის, სავარაუდოდ, ათჯერ გაზრდის. და თუ დღეისთვის ქვეყანაში ლუდის იმპორტი 40 ათას ლიტრზე მეტია, სავარაუდოდ, გაზრდის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 400 ათას ლიტრს შეადგენს. საოცარი პარადოქსების ქვეყანაა საქართველო!
ქვეყნის ხელისუფლებას საერთაშორისო ექსპერტებმა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგადასახადო ორგანოების მიერ "სადამსჯელო" კამპანიური აქციებისაგან და რეიდებისაგან თავის შეკავების შესახებ უკვე მერამდენედ მიუთითეს. თუმცა, ხელისუფლების ქცევა და, შესაბამისად, შედეგი, ამ რჩევების არაადეკვატური. ბოლო დროს გამოცხადებული საგადასახადო "ლიბერალიზმი" არაერთმა მსხვილმა და საშუალო რანგის ბიზნესსტრუქტურამ თავის თავზე იწვნია. საწარმოები დაილუქა და დაჯარიმდა, ბევრი პრაქტიკულად გაჩერდა. დასაიმედებელს ვერაფერს იტყვი!
მშპ და საზოგადოებრივი მაუწყებელი
ეკონომიკური ეფექტი და რაციონალიზმი ფიქრისა და განსჯის შედეგია. ამის "ბრწყინვალე" მაგალითია საქართველოს პარლამენტის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოცულობა დაკავშირებული იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობაზე და არა მთავრობის სურვილზე და ეს ინიციატივა შეფასდა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე.
კი მაგრამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ეს ახალი "ნოვატორული" მოდელი ან პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტიდან მთავრობის ან პარლამენტის ამ "ავადხსენებულ" სურვილზე არ იქნება დამოკიდებული?! მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს ამ კოსმეტიკურ ცვლილებას? ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად, დიამეტრალურად განსხვავებულად უნდა დაისვას - საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაფინანსდეს იმ ოდენობის თანხით, რა ოდენობაც საჭიროა მისი სრულფასოვანი საქმიანობისათვის. მშპ აქ ყოვლად უადგილო და არალოგიკურია. ან სხვა გამოსავალია - ხელისუფლებამ საერთოდ უარი უნდა თქვას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენახვასა და დაფინანსებაზე. სინგაპურში ხომ მედიისადმი `განსაკუთრებული~ დამოკიდებულებები არსებობს. საქართველოსთვის კი მზე ახლა უკვე აღმოსავლეთიდან ამოდის!
ჩინეთი ინვესტიციების ძიებაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გოროზია, რეგიონის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა ოფიციალური ვერსიით სამეგრელოს რეგიონისთვის ინვესტიციების მოსაძიებლად და შემდგომ უკვე მოსაზიდად. ჩვენი მთავრობის აღმოსავლური ეკონომიკებისადმი სწრაფვისა და არსებული პოლიტ-ეკონომიკური ვექტორების გათვალიწინებით, ჩინეთი სწორედაც რომ ოპტიმალური არჩევანია. მაგრამ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ელჩი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარყოფილი ბატონი ბეგაშვილია, წესითა და რიგით დამატებით გუბერნატორის გაგზავნა ინვესტიციების მოსაძიებლად აღარ უნდა გვჭირდებოდეს.
თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ახალი წლიდან კრედიტების გაცემა და მევახშეობა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს "პრიორიტეტად" ცხადდება, ამ ვიზიტის შინაარსი და მიზანიც, წესით, უცნაური აღარავისთვის უნდა იყოს. ისე, უცნაურსა და გასაკვირს რა გამოლევს ქვეყანაზე - მთავრობის სხდომის ლოპოტაზე ჩატარების შესახებ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ნეპალის მთავრობამ სხდომების ჩატარება ევერესტზე გადაწყვიტა (?!). ხოდა, ასეთი ამბებისა და აწ უკვე მიღებული "საბიუჯეტო კოდექსის" შემდეგ, გუბერნატორის საგანგებოდ ჩინეთს მივლინებაში უკვე გასაკვირი აღარაა და გასაოცარი მით უფრო?!
დასრულდა თუ არა კრიზისი საქართველოში?
როგორ დასრულდებოდა, რაც არ დაწყებულა და არ ყოფილა?! ყოველ შემთხვევაში, ასე გვასწავლიან და გვმოძღვრავენ ქართული ეკონომიკისა და ფინანსების "მამები". თუმცა, ხანდახან მაინც გაიპარება ხოლმე ეს თემა მედიაში, რასაც უმალ მოჰყვება ათასგვარი განმარტება და ინტერპრეტირება. ბოლო დროს პიარ-ტექნოლოგია შეიცვალა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ კრიზისი საქართველოში უკვე დასრულდა და ახლა უკვე აღმასვლის რეჟიმში ვიმყოფებით. ხოლო, რატომ ვერ გრძნობს ამას საზოგადოება და ბიზნესი, ამას არავინ კითხულობს. ეს არცაა მთავარი. მთავარია მხოლოდ ეს ითქვას. დაიჯერებს თუ არა ამას საზოგადოება, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიუკერძოებელი სოციოლოგიური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები თითქმის იდენტურია და ერთი ერთზე ემთხვევა ერთმანეთს. შედეგი კი ასეთია: გამოკითხულთა 80% არ ეთანხმება ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დასრულების მოსაზრებას, მხოლოდ 12% ეთანხმება გამოთქმულ მოსაზრებას კრიზისის დამთავრების შესახებ, ხოლო ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს არ ეთანხმება და ბავშვური სიჯიუტით განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ "შტორმი" ჩავლილია. ამ სიჯიუტეს მაშინაც კი ვერ ეშველა, როცა ევრობანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოლივიე დესკამპმა მომავალ წელს ქართულ ბიზნესსექტორში მოსალოდნელი გაკოტრებების სერიის შესახებ გამოთქვა ვარაუდი, და ხელისუფლებას ეკონომიკური პროცესების მართვის საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილისა და წინდახედულობისაკენ მოუწოდა.
აი, ციტატები მისი რეკომენდაციებიდან: "საქართველომ იმისთვის, რომ საგარეო ინვესტიციების დრამატული ვარდნის შედეგები გამოასწოროს, ბიზნესგარემო უნდა გააუმჯობესოს". "მთავრობამ საკუთრების პატივისცემის კონტექსტში უნდა გამოასწოროს თამაშის წესები – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და საგადასახადო ადმინისტრაცია სათანადოდ უნდა მოიქცეს". "თქვენ გჭირდებათ არსებული ინვესტორების შენარჩუნება და მათ სწორად უნდა მოექცეთ". საოცარია რამაა დიპლომატიური ეთიკა და ეტიკეტი!
ჩვენ კი, ჩვენთვის სულ ჭკუის დარიგების საფუძველს როგორ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს "მოკეთეებს" და ქცევის წესებზე მითითებებს ვიღებდეთ. ნატოს ახლანდელი მინისტერიალისა არ იყოს, სადაც მორიგი მამაშვილური დარიგება მოგვცეს, - "საკუთარი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საქართველომ მეზობლებთან ურთიერთობები უნდა გამოასწოროს~. ისევ ეს საოცარი დიპლომატიური ეთიკა და ეტიკეტი!
ეჰ, ჩემი ხალხი, რომელიც წაგებას უკვე მიეჩვია, ზემოთხსენებულ "ეკონომიკურ ექსპერიმენტებს" როგორმე კი გადაიტანს, მაგრამ რატომ?!
ვალოდია ჯინჭარაძე