უახლოეს მომავალში მენაშენეები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდებიან. შეხვედრის მიზეზად სამშენებლო სექტორზე სებ-ის რეგულირების განხორციელება სახელდება. აღსანიშნავია, რომ ისეთი უპრეცედენტო ფაქტი, როგორიცაა სამშენებლო სექტორის ზედამხედველობა სახელმწიფოს მხრიდან, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ასეთი პარადოქსი კი საქართველოში შეიძლება დაფიქსიდეს. რისი მომხრეებიც როგორც რეგულირების მთხოვნელები, ასევე მისი პოტენციური განმხორციელებლებიც არიან.
სამშენებელო სექტორის რეგულირებისა და ამ ფუნქციით ეროვნული ბანკის დატვირთვის იდეა, სექტემბერში "არსის" გენერალურ დირექტორს თორნიკე აბულაძესა და "ცენტრ პიონტის" დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს გაუჩნდათ. მათი განცხადებით სამშენებლო სექტორს რეგულირება აუცილებლად სჭირდება და ეს ფუნქცია სებ-მა უნდა განახორციელოს, რადგან იგი ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს. საბანკო სფერო კი სამშენებლო კომპანიების მთავარი დამფინანსებელია. მაია რჩეულიშვილის თქმით, ეროვნულ ბანკს შეუძლია სამშენებლო სექტორის მონიტორინგის შედეგად რეკომენდაცია მისცეს კომერციულ ბანკებს, თუ რომელ სამშენებლო კომპანიებზე გასცენ კრედიტი.
თუ იმ პრინციპით ვიმოქმედებთ, რომ ბანკები კრედიტებს აძლევენ სამშენებლო კომპანიებს და ამიტომ უნდა არეგულიროს ორივე სექტორი ეროვნულმა ბანკმა, მაშინ მეფრინველეობის ფერმებზე, ან თუნდაც "საპოჟნიკებზე" და აბანოებზე ზედამხედველობა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს, რადგან ეს ის სფეროებია, რომლებიც ასევე საბანკო სექტორისაგან იღებენ სესხებს (ფინანსებს).
ინიციატივიდან ორი თვის შემდეგ, სამშენებლო სფეროს სებ-ის მიერ ზედამხედველობა კვლავ აქტუალური გახდა. ამაში მთავარი დამნაშავე სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა, რომელმაც მშენებლები პირდაპირ მიანიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ მათ სექტორსაც იგი დაარეგულირებდა. მიუღებელია სებ-ის პრეზიდენტისა და ზოგიერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის არგუმენტები ეროვნული ბანკის მიერ მშენებლების რეგულირების შესახებ. ასევე გაუგებარია, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ქვეყნის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთმანეთს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" საქართველოში ახალი მარეგულირებლების შექმნა იკრძალება. ახალი რეგულატორი შეიქმნება, თუ არსებულს სამშენებლო სფერო შეერწყმება, ამაში განსხვავება არ არის.
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ამ საკითხთან დაკავშირებით: თუ სექტემბერში მაია რჩეულიშვილი სებ-ს მშენებლების რეგულირებას სთხოვდა, ნოემბერში მისმა მეუღლემ და "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ეს ინიციატივა არ გაიზიარა და ეროვნული ბანკის მიერ სამშენებლო სექტორის ზედამხედველობა დაუშვებლად მიიჩნია. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მხრიდან სამშენებლო სექტორის კონტროლი დაუშვებელია და ამ სექტორის გაკონტროლებას ცალკე სტრუქტურა უნდა ახდენდეს.
უცნაური ქვეყანა ვართ და ხალხიც უცნაური გვყავს. მსოფლიოში არსად სამშენებლო სექტორზე სახელმწიფო ზედამხედველობა არ ხორციელდება. ჩვენთან კი ასეთი ინიციატივით უკვე გამოვიდნენ და ინიციატორების წონას სახელისუფლო წრეებში თუ გავითვალისწინებთ, არც მისი განხორციელება უნდა გაგვიკვირდეს. უცნაური ხალხი ვართ, აბა, რა! ბუნებაში ისეთი ფაქტები იშვიათად ხდება, ერთი ადამიანი მეორეს ეუბნებოდეს, რეგულირება მინდა, ჩარჩოებში ჩამსვი და აკრძალვები დამიწესეო. ჩვენთან კი რამდენიც გინდა. მშენებლები თვითონ გამოდიან ინიციატივით - ამხელა უფლებები არ გვინდა, რაიმე შეზღუდვები დაგვიწესეთო. უცნაურები ვართ, თუ არა სხვა რა უნდა დავარქვათ იმ ფაქტს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან - სამშენებლო სექტორს ეროვნული ბანკი უნდა უწევდეს ზედამხედველობას თუ სხვა დამოუკიდებელი ორგანო. უცნაური ქვეყანაა საქართველო და ხელისუფალნიც უცნაური ჰყავს. პრეზიდენტი ერთს ამბობს, მთავრობის წარმომადგენლები მეორეს, პარლამენტი მესამეს აკეთებს, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კი არცერთი არ აინტერესებს და საკუთარ შეხედულებებს "აწვება". აქ სებ-ში მე ჩემი სახელმწიფო მაქვს და რაში მაინტერესებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებიო.
ასე რომ, თუ ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უცნაურობებს გავითვალისწინებთ, უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ფუნქციებში კიდევ დამატებით მზესუმზირის და ნაყინის გამყიდველების, თეატრების, კინოებისა თუ სხვა სფეროების შესვლა არ უნდა გაგვიკვირდეს.
მერაბ ჯანიაშვილი