საქართველოს კონტროლის პალატამ 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმა, რომლის შემუშავებაზე ქართული და უცხოური ჯგუფები მუშაობდნენ, უკვე განიხილა. კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე უკვე დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებაში არიან ეჭვმიტანილები. ესენი არიან "რუგე-კაპიტალის" 100% - იანი წილის მფლობელი ლაშა შანიძე, მისი მამა, შპს "სპეც-კაპ-სერვისის" დირექტორი შალვა შანიძე და ასევე, "თელეთის ნავთობკომპანიის" დირექტორი თეიმურაზ ბარაბაძე. დარღვევები იქნა აღმოჩენილი შპს "საქნავთობ-სამგორში". შემდეგ კონტროლის პალატამ საწარმოთა მართვის კომპლექსური შემოწმება დაიწყო. ამ უკანასკნელმა, ამასთან ერთად, მოითხოვა ექსპერტების დასკვნები საბიუჯეტო კოდექსზე. 26 ოქტომბერს კონტროლის პალატა "საქაერონავიგაციაში" შევიდა და შემოწმებამ 30 დღეს გასტანა. სახელმწიფო ორგანოში მომხდარ ძირეულ ცვლილებებსა და მიმდინარე მოვლენებზე კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი გვესაუბრა:
- ბატონო ლევან, ბოლო პერიოდში კონტროლის პალატაში მიმდინარეობს რეფორმა, რომელმაც ამ უწყებას უნდა დაუბრუნოს დაკარგული ნდობა, კონკრეტულად რა ღონისძიებები ხორციელდება და რას გულისხმობს რეფორმა?- კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმა თავისი ბუნებით ყოვლისმომცველია. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ რეფორმა უკავშირდება ამ ორგანოს არა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიმართულების განვითარებას, არამედ ინსტიტუტის სრულ გარდაქმნას. ეტაპობრივად იცვლება კონტროლის პალატის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, ყველა ელემენტი, მათ შორის, როგორებიცაა მისი მანდატი, ინსტიტუციური როლი, ორგანიზაციული სტრუქტურა, ფუნქციური მიმართულებები, მუშაობის მეთოდები, ფორმები და ა.შ.
ყველა ეს მიმართულება თავმოყრილია საქართველოს კონტროლის პალატის 2009-2011 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში წარმოადგინა ორგანომ.
უნდა აღინიშნოს, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთ-ორ წელიწადში შესაძლებელია ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენი მიზანია, დავდგეთ სწორ და შეუქცევად გზაზე. ამ ინსტიტუტის დაარსების დღიდან ჩატარდა არაერთი ექსპერიმენტი, თუმცა მათ აკლდა სისტემურობა, სტრატეგიული ხედვა, თანმიმდევრულობა, საკადრო უზრუნველყოფა და ა.შ. ჩვენ ამ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.
რეფორმის ძირითადი არსია, რომ კონტროლის პალატა გარდაიქმნას სახელმწიფო უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს განახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ისარგებლებს მოსახლეობის სრული ნდობით. კონტროლის პალატამ უნდა ჩამოიშოროს საბჭოური სახალხო კონტროლისა და სადამსჯელო მისია და შეიძინოს ახალი - აუდიტორული, საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტული და ანალიტიკური ფუნქცია.
ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებულია რთული და კომპლექსური პრობლემების გადაჭრასთან, რომელიც შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ეტაპობრივად, აუცილებლად კარგად გაანალიზებული და დაგეგმილი პროცესის ფარგლებში. ამ მიმართულებით აუცილებელია პროფესიონალ აუდიტორთა კორპუსის ჩამოყალიბება, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და იმპლემენტაცია და კონტროლის პალატის ორგანიზაციული მომძლავრება.
ამ მიმართულებით 2008 წლიდან მიღებულ იქნა საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს ახალი კანონი და ახალი რეგლამენტი, რომლებიც მიმდინარე წელს ამოქმედდა. ამ ეტაპზე საქართველოს კონტროლის პალატაში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დამუშავება და მათი ადაპტაცია ქვეყანაში არსებულ საჯარო ფინანსების მართვის სისტემასთან, რათა შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება.
რაც შეეხება ორგანიზაციული კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, შეიცვალა კონტროლის პალატის სტრუქტურა და იგი ეფუძნება სახელმწიფოს ფუნქციების ფუნქციონალურ-დარგობრივ დიფერენციაციას, მაგალითად, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სოციალურ სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებს, საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტი - სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების და ა.შ.. რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ფოკუსირებით განვაზოგადოთ სფეროში მიმდინარე პროცესები და გავაუმჯობესოთ ჩვენი რეაგირება.
ჩატარდა საკადრო აუდიტიც. ახალგაზრდა პერსპექტიული კადრების მოზიდვის მიზნით გამოვაცხადეთ აუდიტორ-სტაჟიორთა კონკურსი და მივიღეთ 50 ახლად კურსდამთავრებული, რომლებიც 6 თვის განმავლობაში გადიან თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას. მათგან საუკეთესოები კი განაგრძობენ პალატაში საქმიანობას. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ვახორციელებთ რიგ პროგრამებს და ამასთან, ვამუშავებთ თანამედროვე სასწავლო პროგრამას, რაც გააუმჯობესებს პალატის საქმიანობის ხარისხს.
ამ და სხვა მიმართულებით კიდევ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში განხორციელდება.
- რეფორმის განხორციელებისას რამდენად ითვალისწინებთ ევროკავშირის წევრი და სხვა განვითარებული ქვეყნების გამოცდილებასა და რჩევებს?- საერთაშორისო ურთიერთობებს, ვფიქრობთ, კონტროლის პალატისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ევროპულ კავშირთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ პირდაპირი და უშუალო ურთიერთობა გვაქვს ევროკომისიის დელეგაციასთან, ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებათა კუთხით ნაკისრი გვაქვს არაერთი ვალდებულება, რომ ახლებურად ფორმირებულმა კონტროლის პალატამ ხელი შეუწყოს და თავისი აქტიური პოზიტიური როლი შეასრულოს საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაში. აღნიშნული მიზნის მიღწევაში ჩვენთან აქტიურად თანაშმრომლობენ ასევე მსოფლიო ბანკი და განვითარების დონორთა გაერთიანება.
გარდა უშუალოდ ევროპული კავშირის ინსტიტუტებისა, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, ევროპული კავშირის გამოცდილ წევრ ქვეყნებთან და მეორე მხრივ, ე.წ. კავშირის ახალ წევრ ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებას, რომელთა აუდიტორულმა ოფისებმა სულ რამდენიმე წლის წინ განვლეს ის გზა, რომელ გზასაც ახლა კონტროლის პალატა ადგას.
საქართველოს კონტროლის პალატამ მიმდინარე წლის სექტემბერში საფუძველი ჩაუყარა შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისთან მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, ყალიბდება ურთიერთობები ლატვიის უმაღლეს აუდიტორულ ოფისთან. პროფესიულ რეკომენდაციებს და სხვაგვარ მხარდაჭერას ასევე ვიღებთ გერმანელი კოლეგებისგანაც.
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ჩვენს საქმიანობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ძალიან გართულდება.
- მიმდინარე წელს კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ბევრ საწარმოში არსებობს მნიშვნელოვანი დარღვევები. რამდენად იქნა გათვალისწინებული პროკურატურის მიერ კონტროლის პალატის დასკვნა და მოხდა თუ არა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პირებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა?- საქართველოს კონტროლის პალატამ აუდიტის შედეგად გამოავლინა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი, რომელიც სათანადო რეაგირების მიზნით გადასცა სამართალდამცავ ორგანოებს. გამოვლინდა, რომ სახელწმიფოს გვერდის ავლით, ამ უკანასკნელის ნავთობკომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხა სესხის სახით და სახელმწიფოსთვის არასახარბიელო პირობებით, აღმოჩნდა კერძო კომპანიის ხელში, რომელმაც ვერ შეძლო არსებითი ნაწილის თანხის დაბრუნება.
აღნიშნულ საქმეზე წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგად, პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე პირი, კერძოდ, ნავთობკომპანიის ხელმძღვანელობა და კერძო კომპანიის დამფუძნებელი.
აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფო აუდიტი, როგორც პროფესიული ორგანო, კონცენტრირებულია საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო პროგრამების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე. თუმცა, დანაშაულებრივი ფაქტი არ შეიძლება სათანადო რეაგირების გარეშე დარჩეს და სახელმწიფომ ამ მხრივ თავისი ფუნქცია უნაკლოდ უნდა შეასრულოს.
- ხომ არ იყო კონტროლის პალატის მიერ ამ საწარმოების შემოწმების მიზეზი ის, რომ სახელმწიფოს სურდა მოეხდინა წამგებიანი საწარმოების გაყიდვა? რა იყო მიზეზი, რამაც განაპირობა ამ საწარმოების შემოწმება?- სახელმწიფო საწარმოთა აუდიტის ჩატარების გადაწყვეტილება საწარმოთა მართვის სააგენტოს აუდიტის შედეგებმა განაპირობა.
ფაქტმა ცხადყო, რომ 1400-ზე მეტი სახელმწიფო საწარმოდან, რომელთა საწესდებო კაპიტალი 2 მილიარდს აჭარბებს, დაახლოებით 320 მათგანია მომგებიანი. დანარჩენი 900 საწარმო ან არ ფუნქციონირებს, ან წელიწადს ასრულებს ზარალით, ამ მათ შესახებ ეკონომიკის სამინისტროს არასრულყოფილ ინფორმაციას ფლობს, რაც, თავის მხრივ, ამ საწარმოების არაეფექტური საქმიანობის დასტურია.
ამასთან, ზემოაღნიშნული 320 "მომგებიანი" საწარმოდან მოგების 90 პროცენტი 1 საწარმოზე მოდის (სულ ამ საწარმოთა წმინდა მოგება 95 210 031 ლარია, ამ ერთი საწარმოს მოგება 89 395 031 ლარი). ჯამურად რომ წარმოვიდგინოთ, 1400-ზე მეტი საწარმოდან `ფუნქციონირებს~ მხოლოდ მეხუთედი და მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მაინც ინახავს საწარმოების 4/5-ს. გაუგებარია, რატომ უნდა ხდებოდეს გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე ზარალიან საწარმოთა და პერსონალის შენახვა წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც ზარალიან საწარმოთა მთლიანი ხარჯი, ანუ პერსონალის შენახვისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზისთვის გაღებული თანხა შეადგენს 150 მილიონ ლარს.
ამასთან, გასათვალისწინებელია ამ საწარმოების საკუთრებაში არსებული საბრუნავი საშუალებები და უძრავი ქონება, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ცდება.
მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს მიდგომა ამ საწარმოების მიმართ. ისინი ან უნდა იქცეს რენტაბელურ საწარმოებად, მოხდეს მათი ოპტიმიზაცია, უნდა განისაზღვროს სფეროები, რომლებშიც სახელმწიფოს დარჩენა გამართლებული იქნება, ხოლო დანარჩენი საწარმოები ან ქონება უნდა მოექცეს თავისუფალ ბრუნვაში, - ან უნდა შეფასდეს ამ საწარმოების საპრივატიზაციო პოტენციალი და განსახელმწიფოებრივდეს (გაიყიდოს ან გაიცეს მართვაში) რასაც არაერთი, საზოგადოებისათვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონტროლის პალატა რიგი სახელმწიფო საწარმოების აუდიტს ამ ეტაპზეც ახორციელებს და მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
- მოახდინა თუ არა პროკურატურამ რეაგირება კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ დარღვევაზე, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტთა მიერ გადახდილი თანხა იხარჯებოდა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთათვის ვაკის საცურაო აუზის აბონემენტების შესყიდვაზე?- აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უნდა მოგახსენოთ, რომ კონტროლის პალატამ ეს საქმე გადააგზავნა პროკურატურაში, რომელმაც დაიწყო შესაბამისი მოქმედება. თუმცა, ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს კონტროლის პალატის აქტი სასამართლოში გაასაჩივრა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რამაც განაპირობა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების შეჩერება. მართლმსაჯულება ობიექტურად განსჯის აუდიტის აქტში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივ შეფასებებს. გამოცდების ცენტრს განსხვავებული მოსაზრებები აქვს და საკუთარი პოზიციის დასაცავად მიმართა კიდეც სასამართლოს, სადაც კონტროლის პალატა დაიცავს აქტში ასახულ საკუთარ პოზიციას.
- რა არის მიზეზი იმისა, რომ კონტროლის პალატის მიმდინარე წლის დასკვნაში არ არის ნახსენები სხვადასხვა სამინისტროებში არსებული მნიშვნელოვანი დარღვევები? რას ნიშნავს ეს? ქვეყანაში კორუფცია რეალურად დავძლიეთ, თუ არ არსებობს შესაბამისი ნება, რომ საზოგადოებამდე მივიდეს ინფორმაცია არსებული დარღვევების შესახებ?- პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მოხსენებას, რომელიც ასახავს 2008 წლის ინფორმაციას. 2009 წლის აუდიტორული საქმიანობის შედეგები აისახება 2010 წელს წარმოდგენილ მოხსენებაში.
ამასთან, მოხსენებაში იდენტიფიცირებული ნაკლოვანებები და დარღვევები ცალკეულ პრობლემებად და სექტორებად იყო დაყოფილი და არა სამინისტროების მიხედვით, ამიტომ, ვინმეს შეიძლება შეექმნას ასეთი შთაბეჭდილება.
გარდა ამისა, შეიცვალა სტილიც. კონტროლის პალატის მთელი საქმიანობის ანგარიში შეიძლება ისეთი მოცულობითი იყოს, რომ მოიცვას რამდენიმე ათასი გვერდი. თუ რომელიმე საკითხის ირგვლივ მეტი ინფორმაციის მიღების, ჩაღრმავების და უკეთ გაცნობის ინტერესი არსებობს, მათზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება არ წარმოადგენს პრობლემას.
ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრის კუთხით გადაგმული მრავალი ეფექტური ღონისძიების ფონზე არა მგონია საკითხავი იყოს ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის ნების არსებობა-არარსებობა. კორუფციის პრობლემა ქვეყანაში მინიმუმამდეა დასული და ეს ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიური, თანმიმდევრული და შეუქცევადი რეფორმატორული პროცესების ნაყოფია, რაც დაუღალავი შრომის ხარჯზე ხორციელდება.
რიგ შემთხვევებში არსებობს სისტემური და ინსტიტუციონალური პრობლემები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ლოკალიზებას და აღმოფხვრას საჭიროებს, და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად უნდა განვაგრძოთ.
კორუფციასთან, როგორც დანაშაულებრივ და, შესაბამისად, სოციალურ მოვლენასთან ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება. სანამ იარსებებს სახელმწიფო, იარსებებს კორუფციის ცდუნებაც. ამ პრობლემის მოგვარება მთლიანად სახელმწიფოდ ორგანიზებული საზოგადოების საზრუნავია.
ესაუბრა ლელა გოგოლაძე