რამდენიმე დღის წინ მერის მიერ წარმოდგენილ იქნა 2009 წლის თბილისის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში. ეს ანგარიში უკვე შევიდა საკრებულოში და მის წევრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მას, ასევე დაიდო თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ნებისმიერ მსურველს აქვს მისი ნახვის საშუალება. როგორც ყოველთვის, ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვება ხოლმე სერიოზული დებატები, ახლაც არ იყო უამისობა. პირველმა კითხვები, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, პაატა ჯიბლაძემ დასვა. მისი განცხადებით, მან ეს კითხვები უკვე გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და მოსთხოვა უგულავას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
ჯიბლაძეს განსაკუთრებული პრეტენზიები მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით აქვს: "ჩვენ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს უშუალოდ ამ ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ მასთან, ასევე სერიოზული პრეტენზიები გვაქვს მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიზნობრიობასთან და კანონის შესაბამისად გახარჯვასთან დაკავშირებით და უნდა ითქვას, რომ მერის სარეზერვო ფონდიდან 9 თვეში დახარჯულ იქნა 5 229 200 ლარი. აქ ძალიან ბევრი თანხა სერიოზულ კითხვებს ბადებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დიდი თანხებია გასული უშუალოდ, ალბათ, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაფინანსებლად, ხელისუფლების სხვადასხვა არასამთავრობო თუ ასე ვთქვათ, "მომღერალი ინტელიგენციის" დასაფინანსებლად. ამასთან დაკავშირებით მე წარმოვადგინე კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული ადამიანების გვარები და მოვითხოვე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხის აღძვრა, ისევე როგორც მოვითხოვე პრეზიდენტისგან უგულავას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, ვინაიდან ეს ადამიანი არის უშუალოდ დაკავებული იმ პროცესებით, რაც შეეხება მომავალი არჩევნებისთვის თანხების აკუმულირებას და შემდეგ, აი, ამ გაყალბების გზით როგორმე არჩევნებში გამარჯვებას".
24 თებერვლის 160-ე განკარგულებით, მერის სარეზერვო ფონდიდან მსოფლიო კულტურულ ინტეგრაცია "თაგის არტს" 20 000 ლარი გამოეყო.
აქ ვხვდებით ასევე კონკრეტული მოქალაქეებისთვის გამოყოფილ თანხებს: მოქალაქე დავით გოგიჩაიშვილს მერის 236-ე განკარგულებით, 45 000 ლარი გამოეყო; ვინმე სოფიო ფურცელაძეს - 37 000 ლარი. 774-ე განკარგულებით კი ეთერ გაბადაძეს გამოეყო ფინანსური დახმარება 92 856 ლარის ოდენობით.
ანგარიშში მოცემულია აგრეთვე სპორტული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა - ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას 196 000 ლარი, კალათბურთელებს "ა დივიზიონში" გადასვლასთან დაკავშირებით 100 000 ლარი.
მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვისას არც მზრუნველობამოკლებული ბავშვები დაივიწყეს და მიუსაფარ ბავშვთა სახლ "რწმენას" ერთხელ 528, ხოლო მეორეჯერ 507 ლარი გადასცეს. ეს მაშინ, როდესაც როკ აქცია WE REMEMBER ROCK FOR PEACE განხორციელებისთვის 11 375 ლარია გამოყოფილი.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ამ ფონდის მიზანმიმართულ გახარჯვასთან დაკავშირებით გახლავთ, გაზეთ PRIME-TIME-სთვის 200 000 ლარის გადარიცხვა. "მერის 10 აპრილის 323 განკარგულება გაზეთ PRIME-TIME - სთვის (და ეს ვისი გაზეთიც არის, კარგად მოგეხსენებათ) უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტით 150 ცალი გაზეთის დაბეჭდვისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი. მოგეხსენებათ, თუ რისთვის არსებობს სარეზერვო ფონდი. ეს 200 000 კი აბსოლუტურად არ მიესადაგება იმას, რისთვისაც ეს სარეზერვო ფონდი არსებობს. თუ ასე ძალიან უნდოდა ბატონ გიგი უგულავას დახმარება უსინათლოებისთვის, ამ თანხის სხვა ფორმით გადანაწილება მათზე უფრო სასარგებლო და უპრიანი იქნებოდა, რაც დიდი შეღავათი იქნებოდა ამ ადამიანებისთვის. მეორე, კანონიდან გამომდინარე, როდესაც ასეთი თანხის გამოყოფა ხდება, უნდა გამოცხადდეს ტენდერი, სადაც სხვადასხვა გაზეთები მიიღებდნენ მონაწილეობას და რედაქციებს ამ რაოდენობის გაზეთის დაბეჭდვა გაცილებით ნაკლებ ფასში შეეძლოთ შეეთავაზებინათ, ეს იქნებოდა სამართლიანი. აქ პირდაპირ არის მიცემული ერთადერთი ანუ თავისი გაზეთისთვის ეს უზარმაზარი თანხა," - პაატა ჯიბლაძე.
შეგახსენებთ, თუ რისთვის არსებობს სარეზერვო ფონდები. ეს არის ძირითადად ფორსმაჟორული სიტუაციები, როგორიცაა - ბუნებრივი მოვლენები, ეკოლოგიური კატასტროფები და ა.შ. არის ასევე სხვადასხვა განსაკუთრებული მოვლენები. აქედან გამომდინარე სამართლიანად შეიძლება დაისვას კითხვა: რამდენად კანონიერად დაიხარჯა 2009 წლის მერის სარეზერვო ფონდი?
დაკო შონია