ნანახია: 843
სულ ახლახანს ევროკავშირის ექსპერტებმა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სტატისტიკის სისტემის რეფორმირების პროექტი დაიწუნეს. რა პროექტი ჰქონდა ქართულ მხარეს წარმოდგენილი და რატომ დაიწუნა ევროკავშირმა ეს პროექტი, ამ საკითხის შესახებ "ბ&ფ" სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გრიგოლ ფანცულაიას ესაუბრა. - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ექსპერტებმა, პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სტატისტიკის სისტემის რეფორმირების პროექტი დაიწუნეს. რას წარმოადგენდა ეს პროექტი და რა მოთხოვნები ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებს? - ახალი კანონპროექტის მომზადება ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო, შემდეგ ეს მთავრობის კანცელარიაში გაგრძელდა. სტატისტიკის შესახებ ახალი კანონი იმ კანონმდებლობის გადახედილი ვარიანტი იყო, რომელიც დღეს არსებობს. ეს კანონპროექტი თანამედროვე, ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული. ამ კანონპროექტში, სტატისტიკის დეპარტამენტისგან ყველა ინტერესები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული - ზეწოლა არ ყოფილიყო ბიზნესმენებზე, ის, რომ სხვა რამით არ შეწუხებულიყო ხალხი და შედეგად ისეთი კანონპროექტი იქნა მიღებული, რომელიც შედარებით ნაკლებად პასუხობდა სტატისტიკის ინტერესებს. თუმცა, ყველა სხვა დანარჩენს, როგორც მომხმარებლის, ასევე მომწოდებლის ინტერესებს ითვალისწინებდა. ევროკავშირს შენიშვნები ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ. - ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, უკვე თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ იანვრიდან სტატისტიკის დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლესი ისტორია ასეთია: სტატისტიკის დეპარტამენტი რამდენჯერმე უკვე გახდა დამოუკიდებელი სტრუქტურა, მაგრამ ყოველთვის სამინისტროს შემადგენლობაში ბრუნდებოდა საქვეუწყებო დაწესებულების სახით. არის კი რეალური გარანტია იმისა, რომ მთავრობის მიერ დეკლარირებული სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების შემდეგ, იგი კვლავ არ შეიყვანონ სამინისტროს შემადგენლობაში? - რეფორმები მართლაც რამდენჯერმე განხორციელდა. თავის დროზე იყო სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტმანეტი, რომელიც შემდეგ ისევე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო დეპარტამენტი - გაუქმდა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება დამოუკიდებლობის საკითხს, მართლაც ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, სტატისტიკის დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ აღარ იქნება და უფრო დამოუკიდებელი გახდება. რაც შეეხება ფაქტიურ დამოუკიდებლობას, ეს ერთი ცალსახაა, რომ ამის განსაზღვრა მხოლოდ კანონმდებლობით არ შეიძლება. კანონმდებლობით შეიძლება სრულიად თავისუფალი იყო, მაგრამ ამავდროულად დამოკიდებული იყო იმაზე, ვიზეც საჭირო იქნება. მაგრამ აქ ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ფაქტიური დამოუკიდებლობა იმას ნიშნავს, რომ მეთოდოლოგიებთან და მონაცემებთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები. ამ ეტაპზე არსებული კანონმდებლობაც უზრუნველჰყოფს იმას, რომ მეთოდოლოგიურ საკითხებთან და მონაცემების მაჩვენებლების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, სტატისტიკის დეპარტამენტი ახლაც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. თუმცა ის, რომ ნდობის საკითხი სტატისტიკის დეპარტამენტის და მისი მონაცემების მიმართ ნაკლებია, ამის ერთ-ერთი მიზეზი სტატისტიკის დეპარტამენტის ეკონომიკის სამინისტროსთან დაქვემდებარებაა. და ხალხს მიაჩნია, რომ რახან დაქვემდებარებაშია, ამიტომ ზეგავლენას ვინმე მთავრობიდან უნდა ახდენდეს. - ანუ უკეთესი იქნება, რომ დამოუკიდებელი იყოს? - რა თქმა უნდა. პრესტიჟისა და სანდოობის მხრივ, სტატისტიკის დეპარტამენტისთვის ბევრად უფრო უკეთესი იქნება, რომ დამოუკიდებელი იყოს. - თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოებასა და ბიზნესწრეებში სტატისტიკური მონაცემებისადმი ნდობა გაჩნდეს. ამისათვის მხოლოდ განცხადებები და კეთილი სურვილები საკმარისი არ უნდა იყოს.. - არა, რა თქმა უნდა. ერთის მხრივ, ჩვენი მხრიდან ამისათვის საქმიანობის უფრო მეტი გამჭვირვალობა არის საჭირო, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროა არა მარტო ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ - ბიზნესის მხრიდანაც. ბიზნესმენები სხვადასხვა სახის ინფორმაციებს ითხოვენ, რაც სჭირდებათ სტატისტიკის დეპარტამენტისგან, მაგრამ არსებული დაფინანსების პირობებში, ეს შეუძლებელს ხდის იმას, რომ სტატისტიკამ ყველას ინტერესი და ყველა მონაცემი აამუშაოს და აკეთოს ის, ვისაც რა სჭირდება. იმ პირობებში, როდესაც არის ისეთი შემთხვევები, რომ ბიზნესმენები ინფორმაციის მოწოდებაზე თვითონ ამბობენ უარს, მაგრამ სამაგიეროდ ინფორმაციას ჩვენგან ითხოვენ. ამ შემთხვევაში სამივე მხარის თანამშრომლობა გვჭირდება. მაგალითად სტატისტიკის მხარე, რომელმაც თავისი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე მეთოდოლოგიით, უფრო დახვეწილი, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართული უნდა გააკეთოს, მეორე მხრივ, სახელმწიფომ, რომელმაც შესაბამისი დაფინანსება უნდა უზრუნველყოს და მესამე მხრივ, ბიზნესი, კერძო სექტორი, რესპონდენტები და უბრალო მოქალაქეები, საიდანაც ინფორმაციას ვღებულობთ. მათი ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობა მოგვცემს იმას, რომ უფრო სრულყოფილი სისტემა ჩამოყალიბდება. - იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მნიშვნელობა და ფუნქცია მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, საკმაოდ გაიზრდება, მოსალოდნელი ხომ არ არის გარკვეული ტექნიკური ხასიათის პრობლემებისა და სირთულეების შექმნა იმის ფონზე რომ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საგრძნობლად მცირდება? კონკრეტულ ციფრებსაც ხომ არ ფლობთ ამასთან დაკავშირებით? - ამ ეტაპზე, რაც განსაზღვრული არის მომავალი წლის ბიუჯეტის დაფინანსებით, სტატისტიკის დეპარტამენტს 2 მილიონ 700 ათასი ლარი გამოეყო. სტატისტიკის დეპარტამენტის წლევანდელი დაფინანსება, დაახლოებით, 4 მილიონ 600 ათასი ლარს შეადგენდა. უხეშად რომ ვთქვათ, წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით, ეს 40%-ით ნაკლებია, რაც იმის პირობა იქნება, რომ რასაც სტატისტიკა აკეთებდა წელს, მომავალ წელს ამის გაკეთებასაც ვერ შეძლებს. მხოლოდ დამოუკიდებლობის მიღწევა, დიდი ვერაფერი ხეირია. თუ სტატისტიკამ ვერაფერი გააკეთა და ვერაფერი დაამუშავა, ასეთი დამოუკიდებლობა, უბრალოდ, ფაქტიური დამოუკიდებლობა იქნება.
ესაუბრა დიმიტრი ლელაძე
|