ქვეყნის ოფშორიზაცია და სინგაპურიზაცია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ვერ გადაჭირს
"ბ&ფ" მიმდინარე მომენტის აქტუალური პოლიტეკონომიკური პრობლემების შესახებ ეკონომისტსა და პოლიტოლოგს ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
- ბატონო ვაჟა, რა თავისებურებებით ხასიათდება ქვეყნის განვითარების მიმდინარე ეტაპი? - უმთავრესი თავისებურება ისაა, რომ ქვეყანა ცდილობს გაერკვეს შექმნილ სიტუაციაში. ასეთი ვითარება საქართველოს რამდენიმე საუკუნეა არ ჰქონია. შესაძლოა, 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ, როცა თურქეთმა და ირანმა ჩვენი ქვეყანა გაიყვეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო ასევე ორად არის გაყოფილი. პირველად, თავის ისტორიაში ჩრდილოეთი ოკუპირებული აქვს რუსეთს აფხაზი და ოსი სეპარატისტების ფიქტიური მიწვევით, ხოლო სამხრეთი ნომინალურად სუვერენიტეტს ინარჩუნებს დასავლეთის გავლენის ქვეშ ყოფნით.
ხელისუფლება ამ სუვერენიტეტს აგდებულად და უგულისყუროს ეკიდება ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გაურკვეველ კომპანიებსა და კაპიტალზე გასხვისებით და ქვეყნის ფაქტობრივი ოფშორიზაციით. ფორმალურად, თითქოს, ჩვენს მთავრობას გეზიც აქვს: სამხრეთში მათ უნდა შექმნან აყვავებული ეკონომიკა, დაამკვიდრონ ცხოვრების უფრო მაღალი დონე, ვიდრე ეს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთშია, მერე კი ამით მოხიბლული ოსები და აფხაზები ჩვენსკენ გამოიწევენ და შემოგვიერთდებიან. პარალელურად, რუსეთში დესტაბილიზაცია მაღალ დონეს მიაღწევს, მოხდება სოციალური და ეროვნული ჯანყი, რუსეთი დაიშლება და სეპარატისმს საქართველოში ნიადაგი გამოეცლება.
ასეთია ჩვენს თავს დამტყდარი უბედურების ავან-ჩავანი. ეს ყოველივე სრულად გაცნობიერებული არც ხელისუფლებას აქვს და არც ხალხს. ქვეყნის პირველი პირი სასურველის რეალურად გასაღებას ცდილობს, რათა საყოველთაო ენთუზიაზმი გამოიწვიოს და დარაზმოს ხალხი უკეთესი მომავლისთვის საბრძოლველად. მას არც გაემტყუნება. ერთ ვარიანტად ასეთი ტაქტიკაც შეიძლება განვიხილოთ. მაგრამ, ვაი, რომ ასეთ მიდგომას პერსპექტივა არა აქვს.
ამასიის ზავის შემდეგ, XVII, XVIII, XIX საუკუნეებში ქართულმა საზოგადოებამ და ელიტამ იცოდა, რა უნდოდა ოსმალეთს, ირანს, ლეკებს, რუსებს. დღეს კი ელიტამორღვეულმა ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც გამოუცდელი თინეიჯერების ამარა დატოვეს, არ იცის, რა გეოპოლიტიკურ ქარიშხლებშია მოქცეული. ერთადერთი უფლის იმედიღა უნდა გვქონდეს.
ჩვენ ვიცოდით, რომ 1801 წელს რუსეთმა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები დაარღვია და დაიპყრო საქართველო, "შეიერთა". ვიცოდით, რომ 1918 წელს დამოუკიდებლები გავხდი, 1921 წელს ბოლშევიკური, საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსირებულები. ვიცოდით, ვცხოვრობდით და ვიბრძოდით.
დღეს, ყოველგვარი ამასიის ზავის გარეშე, ქვეყანა ისევ ორადაა გაყოფილი. თუმცა, ამჯერად ეს არ აქვს გაცნობიერებული ქართულ საზოგადოებას. ხელისუფლება ისევ თავისას მიერეკება, ოპოზიცია ისევ "მოუკლავი დათვის ტყავის~ განაწილებითაა გართული. ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. მალე საქართველო აღარ იქნება ქართველების ქვეყანა, ანუ ქვეყანა, სადაც მთელი მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქართველები შეადგენენ. კი, ბატონო, უნდა გავხდეთ ერთიანი ევროპის ნაწილი, მუშახელისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების არიალსაც უნდა შევუერთდეთ, ჩვენებიც უნდა წავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად და სხვებიც უნდა ჩამოვიდნენ, მაგრამ ამ პროცესს რატომ ვახალისებთ, რატომ ვუწყობთ ხელს? დიახ, ტოლერანტული ქვეყანა ვართ, მეზობლებთან შედარებით ის უპირატესობა გვაქვს, რომ ნახევარმილიონიანი აზერბაიჯანული და ნახევარმილიონიანი სომხური თემი გვყავს. გვაქვს ორი დიდი და ძველი ხალხის _ აფხაზების და ოსების ავტონომიები, ფაქტობრივად გვაქვს. თითქოსდა პრობლემების შემქმნელი ეს გარემოებები ჩვენი სიმდიდრე და უპირატესობაა მეზობლებთან შედარებით, მაგრამ უქართველებოდ დარჩენილი საქართველო, განა, რა ჭირად უნდათ რუსებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, თურქებს, ამერიკელებს, გერმანელებს და ფრანგებს. მალე კრიზისს ეკონომიკური აღმავლობა მოჰყვება. აღმავლობას ბევრი მუშახელი დასჭირდება. საიდან, ჩინეთიდან შემოვიყვანოთ ისინი? თუ არაბეთიდან? იქნებ დემოგრაფიული ბუმის რეგიონების აზერბაიჯანის, თურქეთის იმედად ვიყოთ? რატომ, როცა თურქეთი ძირითადად თურქების ქვეყანაა, აზერბაიჯანი აზერბაიჯანელების, სომხეთი სომხების, ჩვენ გამოვიდოთ თავი დენაციონალიზაციის მიმართულებით? მოვა, რაც მოსასვლელია. მოვა, მაგრამ ხომ გახსოვთ რუსთაველი: "სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა". ასე რომ, დროა ქვეყნის ელიტამ მოძებნოს ურთულესი მდგომარეობიდან გამოსვლის გზა. ორი საქართველო დიდხანს ვერ იარსებებს. როგორც `ოსმალოს საქართველოში" დღეს შეცვლილია დემოგრაფიული სიტუაცია და ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის სახელმწიფოს მიმართ, რამეთუ პოლიტიკური რეალიებიდან ამოვდივართ, ვაითუ 20 წლის შემდეგ ამ ურთულეს რეგიონში, გვექნას ცათამბჯენებიანი საქართველო, მაგრამ ვერ დავაყენოთ, გარემოებათა სხვათა და სხვათა გამო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შემოერთების საკითხი. ეს ამბავი 20 და 30 წლით გადასადები არ არის. აი, ეს მიმაჩნია მიმდინარე მომენტის უმთავრეს პრობლემად.
- უფრო კონკრეტულ საკითხებზე რას იტყვით, ეკონომიკაში რა ტენდენციებს ხედავთ?- ეკონომიკაში ვხედავ მთავრობის მცდელობებს ჩიხიდან გამოიყვანონ ქვეყანა. თუმცა, ეს მცდელობები არასისტემური და სპონტანურია. არ ვეთანხმები ქვეყნის ოფშორიზაციის გეზს. რაც არ უნდა გავაძლიეროთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახურები და შეიარაღებული ძალები, ოფშორიზაცია და ოფშორული თუ რუსული, არაბული, ყაზახური კაპიტალის უკონტროლო შემოსვლა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის წყლის რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, ხელაღებით გასხვისება ამ კაპიტალზე, ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლის სერიოზულ წინაპირობად მიმაჩნია.
- თქვენ ყურადღებას ამახვილებთ გლობალურ საფრთხეებზე, მაშინ როცა ამ ხელისუფლების ბევრ მიღწევას იგნორირებას უკეთებთ. - იმიტომ, რომ განმსაზღვრელი გლობალურია, თორემ მეც ძალიან მომწონს, როცა ავტოინსპექტორი 2 ლარს აღარ მთხოვს, ადამიანები თავიანთ სახლებთან მანქანებს ღამით მშვიდად ტოვებენ. კრიმინალი შემცირდა, გზები დაიგო, თუმცა ზოგი უხარისხოდ. სახლები შეიღება, თუმცა მხოლოდ ფასადები და გასაკეთებელი კიდევ ბევრია. 24 საათი გვაქვს დენი, მაგრამ ძვირი. რა ვიცი, ამ ხელისუფლებამ მართლაც ბევრი გააკეთა. მაგრამ, როცა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ხელისუფლებას კი მისი აღდგენის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია არა აქვს, ამისთვის ვერ შევაქებ. როცა ეკონომიკა კრიზისშია და მმართველ პარტიას იქედან მისი გამოყვანის გეგმა არ გააჩნია, ეს დაუშვებელია. ახლახანს გვამცნეს, რომ ეკონომიკის სამინისტროში ბატონი ალავიძე მუშაობს ამდაგვარ პროგრამაზე. დაგვიანებული ხომ არ არის? ხალხს არა აქვს სამართლიანი სასამართლოს შეგრძნება, არც ეს შეიძლება. მთავარი - ხალხი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება სამართლიანად და ობიექტურად. განა ქართული საზოგადოება ამას მოითმენს? კომუნისტების დროს რუსეთი ნიშნავდა "მეფისნაცვალს", რომელსაც ცეკა-ს პირველი მდივანი ერქვა. ხალხი დროდადრო აპროტესტებდა ამას, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება და დემოკრატია არათავსებადი ცნებები იყო. დღეს კი შეუძლებელია კაცს უთხრა, რომ ქვეყანა დამოუკიდებელია, დემოკრატიულია და არჩევნები გააყალბო. არ ეწყინოს არავის, მაგრამ სხვა მენტალობა აქვთ დიდი კულტურის და ისტორიის მქონე უზბეკებს, რომლებიც დღეს კარიმოვის ტოტალიტარულ რეჟიმს იტანენ. სხვა მენტალობა აქვთ ყაზახებს, რომლების ნურსულთან ნაზარბაევს ჰგუობენ. სომხები გარკვეულ შეზღუდვებს "დიდი სომხეთის" იდეისადმი ერთგულების გამო იტანენ, აზერბაიჯანელები მუსლიმური ფუნდამენტალიზმის ქვეყანაში გაბატონების შიშის გამო და ჰეიდარ ალიევის ღვაწლის ნიშნად მორჩილებენ ილჰამ ალიევს, თურქებს ქურთების საფრთხე აშინებთ და ევროპისკენ დემოგრაფიული ექსპანსიის იმედი აქვთ... ქართველებს და საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხების წარმომადგენლებს აქვთ ერთი საერთო და დიდი რეზერვი - დემოკრატია. არანაირი მოტივის და მიზეზის გამო ისინი ავტორიტარიზმს და ტოტალიტარიზმს არ შეეგუებიან. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს უნდა გააცნობიეროს. ასევე უნდა გააცნობიერონ ეს ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა ამერიკელებმა.
- სამაგიეროდ, ჩვენ კარგი ადგილი გვიჭირავს კორუფციის რეიტინგში და ეკონომიკის ვარდნის არცთუ ცუდი მაჩვენებელი გვაქვს.- თქვენ ხუმრობთ, რასაკვირველია. სომხეთში სავალუტო ფონდის პროგნოზით მთლიანი შიდა პროდუქტი 15%-ით შემცირდება, საქართველოში 4%-ით. აქ ორი ფაქტორია - სომხებს ჰქონდათ მრეწველობა და იგი კრიზისის პირობებში, ბუნებრივია, შემცირდა. ქართველებს რაც არ ჰქონდათ, რა შემცირდებოდა? და კიდევ, როგორ, მთელს ევროპაში არავის სჯერა ჩვენი სტატისტიკის უწყების და თქვენ გჯერათ? როგორ შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი უწყების მიერ დაკვეთით დახატულ ციფრებზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება.
რაც შეეხება კორუფციას: ჩემმა ინტერვიუმ, რომელიც ასე დაასათაურეს: "ქვეყანაში ყველაზე კორუმპირებული სფერო ბიზნესია", დიდი ხმაური გამოიწვია. ბევრი არ დამეთანხმა, განსაკუთრებით სახელისუფლო წრეებიდან. გამოხდა მცირედი ხანი და თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობა დააპატიმრეს, უზარმაზარ თანხებს ედავებიან "ჯეოსელს", სხვა ბიზნე-სტრუქტურებს. განა ეს ჩემი დასკვნის დამამტკიცებელი არგუმენტები არ არის? მე ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული მთავრობის სწორი პოლიტიკა "ბ&ფ"-ის პუბლიკაციითაც იყო ნაკარნახევი.
ახლა რეიტინგზე, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გამოაქვეყნა. აქ ლაპარაკია კორუფციის აღქმის ინდექსზე. უკაცრავად, რატომ გვაბნევენ? რა იგულისხმება კორუფციის აღქმაში? მით უფრო მის ინდექსში? ალბათ, რაღაც კორუფციასთან დაკავშირებული.
მოდით, ჩვენც შევხედოთ კორუფციას პირდაპირ, მოვძებნოთ კუთხე, თუნდაც მართი.
საქართველო "ტრანსფერენსი ინთერნეიშენელის" რეიტინგში 66-ე ადგილზეა 4,1 ბალით CPI სისტემით. ჩვენს ქვემოთაა ნავთობის სამოთხე ქუვეითი, ჩვენზე განვითარებული და ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, კარგად მცხოვრები მაკედონია, აყვავებული საბერძნეთი, სადაც სამუშაოს საძებნელად გარბის ნახევარი საქართველო, განვითარებადი ბრაზილია და ლამის ამერიკის გადამსწრები ჩინეთი. სადღაც ქვემოთაა აზიის ლიდერი ეკონომიკის მქონე ტაილანდი, მრავალმილიონიანი მექსიკა და ზრდის გზაზე მყარად შემდგარი არგენტინა. სომხეთი 120-ა, ოფშორული მალდივი კი, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით 130-ე.
მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, რა რეიტინგია ეს?
გაიხსენეთ, რომ კორუფციის აღქმაზეა საუბარი და არა კორუფციაზე.
ესაუბრა ბექა სავანელი