ნანახია: 901
"შეინიშნება ტენდენცია, რომ ხელისუფლება იმ კანონის მიღებამდე, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების გაზრდას რეფერენდუმის გზით, ასწრებს მისთვის საჭირო გადასახადების გაზრდას"
"ნებისმიერ მთავრობას აქვს ცდუნება ახალი რეგულირების შემოღებისა, ეს კი უნდა გამოვრიცხოთ. ღრმად მწამს, რომ გადასახადის გაზრდის ან ახლის დაწესების უფლება, არ უნდა იყოს გამოყენებული ხალხის თანხმობის გარეშე", - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. ასეთ საინტერესო იდეას მთავრობის პოსტკრიზისული სტიმულირების გეგმა ითვალისწინებდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად განიხილა. პრეზიდენტის ინიციატივა ითვალისწინებს ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით. მაგრამ მთავრობას მაინც სძლია ცდუნებამ და სანამ ეს კანონპროექტი ძალაში შევა, უკვე მოასწრო გადასახადების რეჟიმის შეცვლა. შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე აქციზი გაზარდა, ასევე იმპორტირებული და თამბაქოს ადგილობრივ ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაათანაბრა. არც საბაჟო გადასახადები დავიწყებიათ - 5%-იანი საბაჟო განაკვეთი საერთოდ გააუქმეს და ის საქონელი, რომლის დაბეგვრაც 5%-იან საბაჟო განაკვეთს ექვემდებარებოდა, გადანაწილდა 0%-სა და 12%-ზე. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" ეწინააღმდეგებიან მთავრობის მსგავს გადაწყვეტილებას და აცხადებენ: "აფბა" გამოდის ინიციატივით, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესაბამისად, მოხდეს აღნიშნულ გადასახადებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა რეფერენდუმის ჩატარების შედეგად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებების გატარებით პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივის, "ეკონომიკის თავისუფლების აქტის" გაუფასურდება ხდება. ჩვენ მივმართავთ მთავრობას, რომ ნუ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტს და მივმართავთ პარლამენტს, რომ არ დაამტკიცოს აღნიშნული ინიციატივები, რადგან აღნიშნული გადასახადების ზრდა სრულ შეუსაბამობაში მოდის იმასთან, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სულ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა". თუმცა მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტებიც არ დავიწყებიათ. ასე მაგალითად, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე აქციზის გაზრდის მიზეზად ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა დასახელდა. აქციზის განაკვეთი ერთ ტონაზე 50-დან 80 ლარამდე გაიზრდება. ეს კი მთავრობის თქმით, ხელს შეუშლის ჯართის გადინებას ქვეყნიდან. ჯართის ექსპორტზე გადასახადი იმ მიზეზით გაიზარდა, რომ რუსთავის მეტალურგიურ და ქუთაისის მანქანათმშენებელი ქარხნები ამუშავდეს. ეს მაშინ, როდესაც ქუთაისის მანქანათმშენებელ ქარხანას ის არ აქვს გარკვეული, თუ ვინ არის მისი მფლობელი და ქარხანა ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, ამიტომ საინტერესოა რას უწყობენ ხელს. ახლა გადაწყვიტა მთავრობამ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, მაშინ როდესაც წლების მანძილზე ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რადგან ყველა უნდა იყოს თანაბარ პირობებში. რა თქმა უნდა, მისასალმებელია მთავრობის ასეთი მზრუნველობა ადგილობრივი წარმოების მიმართ, მაგრამ რატომღაც მთავრობას ადგილობრივი წარმოება სულ არ გახსენებია, მაშინ როდესაც საქართველოში წარმოებული სიგარეტისთვის აქციზის გადასახადის განაკვეთი ერთ კოლოფზე 40-დან 60 თეთრამდე გაზარდა და იმპორტირებული თამბაქოს გადასახადის ოდენობას გაუთანაბრა, გადაწყვეტილება კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო და იქვე დასძინა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელი იყო და იგი არც წარმოებას დააზარალებს და არც სიგარეტზე გაზრდის ფასს. დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ეს აბსურდული განცხადებაა. ეს გადაწყვეტილება თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს და უმუშევრობის ზრდასაც გამოიწვევს, რადგან თუ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება გაიაფდება, სამამულო წარმოების საქონელი მომხმარებლის გარეშე დარჩება. ამასთანავე, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნის უპირობოდ შესრულება თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას გააკოტრებს. საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტის ინიციატივა, გადასახადების რეფერენდუმის გზით გაზრდასთან დაკავშირებით, ძალაში შევა, ამ დროს კი აღმოჩნდეს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი მოთხოვნა წამოგვიყენა. ქართველ მეწარმეებს ასევე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს იმპორტზე 5%-იანი საბაჟო განაკვეთის მოსალოდნელი გაუქმებაც. ცვლილება გამოიწვევს იმპორტის გაიაფებას კვების მთელ რიგ პროდუქტებზე, რაც ადგილობრივი წარმოებისთვის, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. თუ საბაჟო განაკვეთი გაიზრდება იმ პროდუქტზე, რომელიც საქართველოში იწარმოება, ეს დადებითი იქნება, თუ განულდება, რა თქმა უნდა, ადგილობრივ წარმოებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მაგრამ 12%-ით ძირითადად ისეთი იმპორტირებული საქონლის დაბეგვრა ხდება, რომელიც ნაკლებ მოთხოვნადია ბაზარზე, ხოლო ძირითადი მოხმარების საქონელი იაფდება 5%-ით. შესაბამისად, ადგილობრივი ნაწარმი, რომელსაც შესაძლოა, მოგების მარჟა 5%-ზე მეტი ჰქონდეს, ელემენტარულად კონკურენციას ვერ გაუწევს შემოსულ საქონელს: ბოსტნეულს, კვერცხს, ფრინველის ხორცს და ა.შ. ქათმის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიები ამტკიცებენ, რომ ისედაც მძიმე პირობებში უწევს ბიზნესის წარმოება. არაერთი მიზეზის გამო, ფრინველის ადგილობრივი ნაწარმი ისედაც ძვირია იმპორტირებულზე. ეს ყველაფერი პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა ჯერ საკანონმდებლო დონეზე არ არის ძალაში შესული, პრეზიდენტმა ამის შესახებ კარგა ხნის წინ ისაუბრა. თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯერ გადასახადების შეცვლის უფლება აქვთ და როგორც ჩანს, მაქსიმალურად იყენებენ ამ უფლებას. "ჯერ არ არსი ეს კანონპროექტი მიღებული, ჯერ ჩვენ გვაქვს გადასახადების შეცვლის უფლება და მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა, უკვე აღარაფერი აღარ შეიცვლება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მთავრობაში, ალბათ, დარწმუნებული იყვნენ რომ მსგავსი გადასახადების გაზრდას მხარს არ დაუჭერს მოსახლეობა. მეეჭვება საქართველოში მოიძებნოს ადამიანი, რომელიც საკუთარი ჯიბიდან ფულის ამოღებაზე და ბიუჯეტში გადამისამართებაზე დათანხმდება. "საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეფერენდუმის გზით გადასახადების გაზრდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებამდე (აღნიშნული შინაარსის კანონპროექტი უკვე პარლამენტშია შესული განსახილველად) მთავრობა ასწრებს და ზრდის ყველა იმ გადასახადს, რომლთა გაზრდაც მათ შეიძლება უახლოეს მომავალში მოუწიოთ. დაე, მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, უნდა თუ არა, ამა თუ იმ გადასახადის გაზრდით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, თუ WTO-თან კარგი ურთიერთობა", - აცხადებენ "აფბა"-ში
ნინო თამაზაშვილი
|