ნანახია: 765
"პრობლემები საბანკო სექტორში ადრეც იყო, ომმა და საფინანსო კრიზისმა ისინი უფრო გამოაშკარავა"
ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საგარეო ვალის მკვეთრად გაზრდის მიმართულებით აიღო კურსი. ხშირად გავიგებთ მთავრობისა და პრეზიდენტისაგან განცხადებებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობის კრედიტის აღება დაგვჭირდება, მთავარია ესა თუ ის პრობლემა მოგვარდეს. რევოლუციის შემდგომი პერიოდში ქვეყნიდან ბენდუქიძის მიერ გაძევებული და ომის შემდგომ დაბრუნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდს დღეისათვის საქართველოს კრედიტორთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. სსფ 2011 წლამდე საქართველოს 1,2 მლრდ. ლარის სესხს გამოუყოფს. ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებზე და სსფ-ს გეგმებზე "ბანკები და ფინანსები" საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელ ედუარდ გარნერს ესაუბრა. - ბატონო გარნერ, "ეკონომიკური თავისუფლების აქტით", რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებას ცოტა ხნის წინ წარუდგინა, იმ პირობებში, როცა მსოფლიოს მრავალი მთავრობა ამკაცრებს რეგულირებას ეკონომიკაში, ჩვენი ხელისუფლება უფრო და უფრო ლიბერალურ გზას ირჩევს, როგორ შეაფასებთ ამ დოკუმენტს? - მე მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლის მოკლე შინაარსს გავეცანი, თვითონ საკანონმდებლო ინიციატივა არ მინახავს. ერთი ასპექტი, რომელიც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ მთავრობის ხარჯების შეზღუდვა ხდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა ზღუდავს თავის უფლებას, რომ ჩაერიოს ეკონომიკაში ლიცენზიების და ფასების კონტროლის მეშვეობით. ფისკალური კუთხით კი როგორიცაა ხარჯების და ბიუჯეტის დეფიციტის შეზღუდვა, მშპ-სთან მიმართებაში პროცენტულად გამოხატვით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ძალიან ჰგავს იმას, რაც სხვა ქვეყნებსაც აქვთ და ამას ფისკალური დისციპლინის გამოხატულება ჰქვია. ძირითადად ვხედავ, რომ ეს არის მთავრობის სიგნალი იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას აპირებს, ის კი ეკონომიკაში ჩარევის შეზღუდვას აპირებს. ხოლო რაც შეეხება აქტს, მხოლოდ განცხადება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გარანტირებულად დადებითი შედეგი მივიღოთ, ანუ რაც შემუშავდება და სინამდვილეში იქნება გამოცემული შესაბამისობაში უნდა იყოს იმ განცხადებასთან, რაც თავიდან გაკეთდა. როგორც განაცხადი, ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიურია. რაც შეეხება მთავრობის მიერ ეკონომიკის რეგულირებას, აქ ერთი ძირითადი კომენტარის გაკეთება შემიძლია იმ ინფორმაციიდან, რაც გამაჩნია. ეკონომიკაში ცნობილია, რომ კერძო სექტორს თვითონ შეუძლია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და მთავრობის ჩარევას არ საჭიროებს. მაგრამ ბევრი შემთხვევაა, როდესაც ბაზარი ვერ ახერხებს ეფექტური შედეგის მიღწევას. მაგალითად, მონოპოლიური ბაზრის შემთხვევაში, მთავრობას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, რომ ჩაერიოს ბაზარზე და დააწესოს, მაგალითად, ფასის კონტროლი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დეტალურად ვნახოთ ის საკანონმდებლო ვერსია, რომელიც გამოცემული იქნება, რათა დავინახოთ, როგორ არის განხილული ასეთი გამონაკლისები. - "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" კონსტიტუციაში მოხდება ისეთი მუხლების შეტანა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში აღარ შეიქმნას დამატებითი რეგულირების მექანიზმები, მაგალითად, როგორიც არის ანტიმონოპოლიური და კონტროლის ხარისხის სამსახურები. ამ სამსახურების შექმნის შესახებ რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას ევროკავშირმა მისცა, რადგანაც მათი ფუნქციონირება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის წინაპირობაა. რა მოხდება, თუ ანტიმონოპოლიური და სურსათის ხარისხის კონტროლის სამსახურების შექმნაზე ხელისუფლებამ უარი განაცხადა. "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" და მსგავსი ინიციატივებით ჩვენ ვშორდებით დასავლურ ინსტიტუტებს და ევროკავშირს, თუ პირიქით, ვუახლოვდებით მას? - ვფიქრობ, რომ ქვეყანაში მარეგულირებელი ორგანეობის შექმნა არშექმნის საკითხი კონსტიტუციაში შესატანი არ იყო. მართალია, აუცილებელია, რომ მთავრობა არ ჩაერიოს ბაზარზე მიმდინარე პროცესებში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულ შემთხვევებში მას ჰქონდეს გარკვეული ბერკეტი, იგივე ანტიმონოპილური სამსახურის მსგავსი, რომლის მეშვეობითაც ჩაერევა, ხელს შეუწყობს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის მიმდინარეობას, როცა ამას იურიდიული საფუძველი ექნება. - ქართველი საბანკო ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს საბანკო სექტორს პრობლემები ომამდე და ეკონომიკურ კრიზისამდე ჰქონდა, ომმა და მსოფლიო საფინანსო კრიზისმა კი ეს პრობლემები ზედაპირზე წამოწია. თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაა დღეისათვის საქართველოს საბანკო სექტორში და რამ გამოიწვია ამ სექტორში პრობლემები ომმა, მსოფლიო საფინანსო კრიზისმა თუ ქართველი ბანკირების არასწორმა საბანკო პოლიტიკამ? - ვფიქრობ, რომ საბანკო სექტორს ცოტა პრობლემები უკვე ომამდე ჰქონდა. ძირითადი მგრძნობელობა საბანკო საქმისა იქედან მომდინარეობდა, რომ წინა წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა მათი სასესხო პორთფელი. სესხები თავიდანვე გაცემული იყო ძალიან ლიბერალური პირობებით, ანუ უფრო რბილი მოთხოვნებით ვიდრე ეს რეალურად იყო საჭირო. სესხები კი, რომლებსაც კომერციული ბანკები გასცემდნენ, ძირითადად დაფინანსებული იყო უცხოეთიდან მიღებული თანხებით. ეს სწორედ ის ფაქტორებია, რომლებმაც წარმოშვა პრობლემები ომის შემდეგ. როდესაც უცხოური თანხები აღარ შემოდიოდა, ბანკებს გაუჭირდა საერთაშორისო ვალის გადახდა და პარალელურად იმ სესხების ამოღება ეკონომიკიდან, რომელიც ძალიან ლიბერალურად იყო გაცემული. მგრძნობელობა საბანკო სექტორში ადრეც იყო და ეს ომმა და საფინანსო კრიზისმა უფრო გამოაშკარავა. თუმცა უნდა აღინიშნოს კომერციული ბანკების ძლიერი მხარეც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი კარგად არიან კაპიტალიზირებული, მათ დიდი რაოდენობის ფინანსები გააჩნდათ, რომელიც პრობლემის შემთხვევაში შემცირდა, თუმცა აქედან ბანკებს დიდი დარტყმა არ მიუღიათ. - ამის მიუხედავად, ხელისუფლება ბანკებს იგივე უცხოური დონორებისგან მიღებული თანხით დაეხმარა, ხოლო იმ ხალხს, რომლებსაც ბანკებიდან სესხი ჰქონდათ აღებული, არც ხელისუფლებამ და არც ბანკებმა არანაირი დახმარება არ გაუწიეს. ამ დროისათვის 280 ათასამდე ადამიანი არსებობს, რომელსაც სესხის ვერგადახდის პრობლემა აქვს და "შავ სიაში" არიან მოხვედრილნი. როგორ ფიქრობთ, რაიმე სახით დაეხმაროს უნდა თუ არა ამ ხალხს ან კომერციული ბანკები ან ეროვნული ბანკი ან იგივე მთავრობა? - ჯერ ერთი, იმ თანხის ნაწილი, რომელიც დახმარების სახით კომერციულ ბანკებში წავიდა, არის იმათი ფული, რომლებიც ფაქტიურად ამ ბანკების წილის მფლობელები არიან და შესაბამისად, მათ თვითონ ჩათვალეს საჭიროდ კომერციული ბანკებისთვის მიეწოდებინათ ის კაპიტალი, რომლებსაც ეს კომერციული ბანკები გამოიყენებდნენ საკუთარი სესხების გადასახდელად. შესაბამისად, მთავრობის მიერ ასეთი დახმარების უზრუნველყოფა და დაშვება იყო იმ საჯარო პროდუქტის უზრუნველყოფა, რომ არ მომხდარიყო საბანკო სექტორის, როგორც საერთო მცნების დარღვევა. რაც შეეხება იმ ხალხის დახმარებას, ეს კომერციული ბანკების გადასაწყვეტია, რას გადაავადებენ და რას ჩამოწერენ, ან უნდათ ჩამოწერენ ან უნდათ თავიანთი კაპიტალიდან დაფარავენ ამ სესხებს. ეს არის კონტრაქტი ორ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის და შესაბამისად, მათ შორის უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა. - ეკონომიკის ქართველი ექსპერტების შეფასებით ქართულ ეკონომიკაში კრიზისია, ამის მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ რეცესიაა და არა კრიზისი. თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოს ეკონომიკაში კრიზისული, რეცესიული თუ სტაბილური? - მნიშვნელოვანია ფაქტები და სახელს რას დავარქმევთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სინამდვილე არის ის, რომ არის ეკონომიკა შემცირდა. ამ წელიწადში ველოდებით, რომ ეკონომიკა შემცირდება 4%-ით. ეს მიახლოებული პროგნოზია, რაც ახლა გვაქვს, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გაურკვეველი. - ჩვენს რეალობაში საკმაოდ მყარად არის ფეხმოკიდებული მოსაზრება, რომ ქართული ბიზნესების უმეტესობაში დიდია მთავრობის წილი. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ბიზნესგარემო? - არა მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. - როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან აღებული თანხით არ შეიძლება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, ამის მიუხედავად წელს საქართველოს მთავრობამ სსფ-დან მიღებული ერთი ტრანშის ნაწილი ბიუჯეტში მიმართა, რა კომენტარს გააკეთებდით ამ ფაქტზე? - ჩვეულებისამებრ სსფ-ს თანხების ბიუჯეტში მიმართვა მართლაც, რომ არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ახალი შეთანხმება გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რომლის თანახმადაც იმ თანხის ნაწილი, რომელიც ფონდიდან წელს და გაისად ჩამოვა, ბიუჯეტში წავა. - როგორ შეაფასებდით ქართულ საბიუჯეტო პოლიტიკას, იგივე ობლიგაციების გამოშვებას, რომლითაც ჩვენი მთავრობა შიდა ბაზარზე სესხს იღებს და ასევე 2010 წლის ბიუჯეტს, სადაც შეტანილია ისეთი პუნქტი, რომ შესაძლებელი იქნება ბიუჯეტიდან პირდაპირ კერძო და იურიდიულ პირებზე სესხის გაცემა? - ჩემი აზრით, სახაზინო ვალდებულებების შემოღება კარგი აზრია. ეს ადგილობრივი მთავრობის დაფინანსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია კომერციული ბანკებისთვის. ამ შემთხვევაში სახაზინო ვალდებულებებზე, როგორც ჰუმანიტარული პოლიტიკის ინსტრუმენტზე, ვაკეთებ კომენტარს და არა რაოდენობაზე, ის თუ რამდენს გამოუშვებს, უკვე სხვა საკითხია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ადგილობრივი წყაროებიდან სესხება, რადგან როგორც სესხის წყარო, ის უფრო ნაკლებად რისკიანი შეიძლება იყოს, ვიდრე საზღვარგარეთიდან, რადგანაც ერთი და იგივე ვალუტაში მოხდება ანგარიშგება. ბიუჯეტში არის ისეთი მუხლი, რომელსაც წმინდა დაკრედიტება ჰქვია, ანუ გადასესხებას მინუს დაფარვა და ეს ძირითადად ყველა ქვეყნის ბიუჯეტში არის. ამ შემთხვევაში 2010 წლის ბიუჯეტის დაფინანსების სპეციფიკა რაში მდგომარეობს არ ვიცი, მაგრამ როგორც კონცეფცია, ეს ყველა მთავრობას აქვს. - რა გეგმები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოსთან დაკავშირებით და თუ იგეგმება რაიმე ახალი სესხის გამოყოფა? - პროგრამა, რომელიც ახლა ხორციელდება, 2011 წლის ივნისამდე გრძელდება. ამ პროგრამის ფარგლებში 1,2 მლრდ. დოლარის მოცულობის თანხა შემოვა თქვენს ქვეყანაში. თანხის ნახევარი უკვე ჩამოსულია. შემოსვლა 2011 წლამდე გაგრძელდება, თუ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ შეწყვიტოს ეს პროგრამა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელიც ორი კვირა იმუშავებს საქართველოში, დაწერს დოკუმენტს, რომელსაც ექნება ოთხი მიმოხილვა და ამ მისიის დასკვნების საფუძველზე, დეკემბრის ბოლოს შესაძლოა ერთი ტრანში კიდევ გამოიყოს.
ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი
|