ნანახია: 757
მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროში შედგა მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორის ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვედრა მთავრობის წევრებთან, რომელზედაც განიხილეს ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა განაცხადა, მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში, ქვეყნის მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კარგი სტიმული მისცეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და გაჯანსაღებას. „ჩვენი აზრით, მთავრობამ კრიზისის დაძლევის ძალიან კარგი გზა აირჩია, როდესაც ერთის მხრივ, აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნის წახალისებაზე და მეორეს მხრივ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერაზე. მსოფლიო ბანკი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის ქმედებებს ეკონომიკის სტაბილიზაციისა და მისი შემდგომი ზრდის მიმართულებით,” - განაცხადა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ. მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „ეკონომიკური თავისუფლების აქტზე” და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტით, საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით განვითარდება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდეგ „ეკონომიკური თავისუფლების აქტს” დადებითი შეფასება მისცა კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა. „ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკის სტაბილიზაციის ის ნიშნები, რომელსაც მივაღწიეთ, სწრაფად გადავზარდოთ ეკონომიკურ აღმავლობაში, რისთვისაც ინიცირებული იყო კონსტიტუციური კანონპროექტი ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ. ეს დოკუმენტი დაგვეხმარება მსოფლიოში მცირე საინვესტიციო რესურსების პირობებში საქართველოში მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე პროგრამებზე და იმ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოს გამოუყო 2008 წლის ოქტომბერში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორის პირველი ვიზიტი საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩამოყალიბდეს სამომავლო დახმარების პოლიტიკა საქართველოსთვის.
|