ნანახია: 712
ასეთი შედეგით დასრულდა გადამხდელთა გამოკითხვა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმენ დაინემიქსის” (human dynamics) პროექტის - „საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის ხელშეწყობა” დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ჩაატარა. პოზიტიური დამოკიდებულების მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა მეორე ადგილი დაიკავა. აღნიშნული ინსტიტუტის პოპულარობა 2006-2008 წლებში 2-3%-ით გაიზარდა. ასევე, გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობა, რომლებსაც სჯერათ, რომ ყველაზე მეტად ქვეყანა სარგებლობს გადასახადების სწორი ადმინისტრირებისას და რომ გადასახადებიდან შემოსული თანხა პირდაპირ ბიუჯეტში მიდის. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარე წლის 21 ოქტომბერსგაიმართა სასტუმროში „რედისონ სას ივერია,” რომელსაც ევროკავშირის, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოკითხვა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი აზრის გაცნობას, თუ რა სახის მომსახურებას უწევს გადამხდელებს შემოსავლების სამსახური. პროექტის ფარგლებში ეს უკვე მეორე გამოკითხვაა, რომელიც 2006 წლის შემდეგ ჩატარდა. მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის გადამხდელები ასახელებენ: გადამხდელის მომსახურების ცენტრების შექმნას ქვეყნის მასშტაბით და „ერთი ფანჯრის” პრინციპის ამოქმედებას; „სატელეფონო ცენტრის” შექმნას, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის გადამხდელებს; ინტერნეტ-მომსახურებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სრული ინფორმაციის მიღება გადამხდელის უფლებებისა და მოვალეობების, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის შესახებ, ასევე როგორ შეიძლება მოხდეს გადასახადების ელექტრონული დეკლარირება, პირადი აღრიცხვის ბარათის შემოწმება და ა.შ. ასევე, სხვადასხვა სახის სამახსოვროები, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ისე მომსახურების ცენტრებში.
|