მოსახლეობა კრიზისშია, ეკონომიკა რეცესიაში, ბიზნესი კი ყვავის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მოსახლეობა კრიზისშია, ეკონომიკა რეცესიაში, ბიზნესი კი ყვავის
ნანახია: 843

შემოდგომის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლებას ახალი რიტორიკა აქვს, - ეკონომიკური კრიზისი მთავრდება და უახლოეს მომავალში ამას მოსახლეობაც იგრძნობს. საყურადღებოა, რომ ტერმინი - კრიზისული ვითარება, მას შემდეგ შემოვიდა ხმარებაში, რაც მის დაძლევაზე საუბარი გახდა შესაძლებელი. რამდენიმე თვის წინ ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი ერთხმად აფიქსირებდა, რომ საქმე არა კრიზისთან, არამედ რეცესიასთან გვქონდა.
მთავარი არ არის, რას დავარქმევთ შექმნილ სიტუაციას, არსებითი ისაა, რა ხდება ქვეყანაში რეალურად. სამწუხაროა ის, რომ ქვეყანაში ობიექტური სიტუაციის ამსახველ სურათს არავინ აფიქსირებს, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას, ოპოზიციას და ბიზნესს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველას თავისი სიმართლე აქვს და მის დამტკიცებას ცდილობს. იმის გამო, რომ სიტუაციის ინტერპრეტაციას ყველა თავისებურად ცდილობს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა "თარგმანში დაკარგულობაა", რომელსაც პირველ რიგში რეალური პრობლემების დანახვა-დაფიქსირება სჭირდება და და ამ პრობლემების ძირის პოვნა, მხოლოდ ამის შემდეგ არის სიტუაციიდან გამოსასვლელი გზების ძიება შესაძლებელი და რაიმე ტიპის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარი.
სახელისუფლებო რიტორიკის კიდევ ერთი ნაწილი ეკონომიკური პრობლემების გარეგან იმპულსებზე გადაბრალებაა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიაყენა. ამას დაემატა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელიც სწორედ შარშან შემოდგომაზე გაღვივდა და დასრულდა 2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციის მანიფესტაციებით, - ასეთია ქართული კრიზისის განვითარების ხელისუფლებისეული ინტერპრეტაცია. ამის შემდეგ იყო პრემიერ გილაურის "ბრწყინვალე გონების" ნაჟური, - "ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი", რომელმაც იმდენად წაახალისა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რომ შემოდგომაზე პრეზიდენტს საშუალება მისცა საქართველოსთვის "ევროპის ლოკომოტივი" ეწოდებინა.

როგორ გამოიწვიეს ბანკებმა საქართველოში ეკონომიკური კრიზისი


ჩვენ ყველაფერი გვესმის, რაც გასაგონია და ყველაფერს ვხედავთ, რაც დასანახია. ჩვენ ვხედავთ, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობამ, მართლაც იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე გარკვეული გავლენა. მაგრამ ჩვენ გაცილებით ადრე ვხედავდით კრიზისის ნიშნებს, რომელიც 2004 წლიდან დაწყებული განვითარების ახალი ტალღის შედეგი იქნებოდა.
2004 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ თარიღად დარჩება, სწორედ მაშინ ჩამოვიდა საქართველოში ახალი ქართული სახელმწიფოს, ახალი ეკონომიკის იდეოლოგი კახა ბენდუქიძე. სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირდება საბანკო სისტემაში რეალური რეგულირების მოშლა, რასაც ბანკების თავაშვებული მოქმედება მოჰყვა. გაცხოველებული საკრედიტო ბუმი გახდა იმის საფუძველი, რომ ეკონომიკის რეალურ საფუძველს მოკლებული რაოდენობის კრედიტები გაიცა.
ალბათ, ყველას ახსოვს 2005 წლიდან დაწყებული ტენდენცია, რა ადვილად შეიძლებოდა ბანკში ნებისმიერი სახის კრედიტის აღება. ამ დროიდან 2008 წლის მაისამდე ბანკის კრედიტით ადამიანს ნებისმიერი საქონლისა თუ მომსახურების შეძენა შეეძლო, მიუხედავად იმისა, შეეძლო თუ არა მას მომავალში ამ კრედიტის დაფარვა. ასეთმა საკრედიტო ბუმმა წაახალისა მოსახლეობის დიდი ნაწილი და სწორედ კრედიტების საშუალებით ფუფუნების საგნების შეძენა დაიწყეს. კრედიტები იმდენად ხელმისაწვდომი იყო, რომ სამშენებლო კომპანიებმა უძრავი ქონების განვადებით გაყიდვა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე დაიწყეს.
მარტივად ხელმისაწვდომი კრედიტები ზრდის მოხმარებას, რაც თავისთავად არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. თუ მოხმარება გაიზრდება, ამ შემთხვევაში, მიწოდებაც უნდა გაიზარდოს. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მოთხოვნა შეესაბამება მიწოდებას და, წესით, ეკონომიკაც უნდა განვითარდეს. მაგრამ შედეგი სხვა აღმოჩნდა, ეკონომიკა აღიარებულ რეცესიაში და რეალურ კრიზისშია.
საქმე ისაა, რომ ბანკების მიერ გატარებული საკრედიტო პოლიტიკის შედეგად, გაიზარდა მხოლოდ მოთხოვნა, რასაც არ მოჰყოლია ადგილობრივი წარმოების ზრდა. როგორც ვიცით, იმ დროს ყველაზე პოპულარული გახლდათ სამომხმარებლო კრედიტით სარგებლობა. სამომხმარებლო სესხის გაცემა, გამომდინარე იქიდან, რომ მასზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები იყო, ბანკისთვისაც მომგებიანი გახლდათ. გამოვიდა ისე, რომ ბანკების მიერ გაცემული კრედიტების დიდი ნაწილით დაფინანსდა არა ქვეყნის ეკონომიკის რომელიმე სექტორი, არამედ ვაჭრობა, გამომდინარე იქიდან, რომ სამომხმარებლო კრედიტებს მოსახლეობა, ძირითადად, იმპორტირებული პროდუქტის შესაძენად იყენებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხსენებული საკრედიტო ბუმის პერიოდში გაჩენილი მოთხოვნის შედეგად, ხელი შეეწყო უცხოურ საქონელზე მოთხოვნის გაჩენას. ამ შემთხვევაში, ბანკების მიერ გაცემული ფული არ დარჩა ქვეყნის ეკონომიკაში, აქედან გამომდინარე, ეკონომიკამ რეალური ზრდა ვერ განიცადა. იმ დროს არსებულ მოხმარების მაჩვენებლებს საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკურ ზრდად თვლიდა. რეალურად კი საქმე გვქონდა მხოლოდ ვირტუალურ ზრდაზე, რომლის რეალური სახეც ადრე თუ გვიან, ომისა და ფინანსური კრიზისის გარეშეც, აუცილებლად გამოჩნდებოდა. კრედიტი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, არ მიდის ქვეყნის ეკონომიკაში მას ეკონომიკის სტიმულირების ეფექტი ვერ ექნება. არსებული რეალობის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბანკებმა ერთგვარი სატყუარა გადაუგდო მოსახლეობას, მოსახლეობამაც გაუაზრებლად აიღო ეს კრედიტები და რეალურად ვალებში გახვეული აღმოჩნდა.
გასაგებია, რომ ბანკები კერძო სტრუქტურები არიან და მათ მიერ გაცემული კრედიტების პირობები კონკრეტული მიმწოდებლისა და მომხმარებლის საქმეა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ განსაკუთრებით საქართველოში, საბანკო სისტემა არ არის ეკონომიკის ერთ-ერთი რიგითი სეგმენტი. განსაკუთრებით ბოლო წლებში საბანკო სისტემა ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივი გახდა. საბანკო სისტემიდან წამოსული იმპულსები მთელს ეკონომიკაზე, მასშტაბურად აისახება. ამ შემთხვევაში, მთლიანად საბანკო სისტემა და კონკრეტული ბანკები უნდა დაფიქრებულიყვნენ, თუ რა გავლენას მოახდენს მათ მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული პროდუქტები ეკონომიკის განვითარებაზე.
ბუნებრივია, კონკრეტული ბანკები და ბანკირები ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერიპეტიებს ვერ გაიაზრებდნენ. ამ შემთხვევაში, მთავარი პასუხისმგებლობა მოდის ეროვნულ ბანკზე, რომელიც სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ კერძო ბანკების გადაწყვეტილებები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან მოიყვანოს შესაბამისობაში. ჩვენს რეალობაში კი ეროვნულ ბანკს მოუშალეს ბანკების რეგულირების მექანიზმი, ამ პროცესს დაემთხვა კერძო ბანკების გაძლიერების პერიოდი. ბანკებს, წინა პერიოდთან შედარებით, მეტი შესაძლებლობები გაუჩნდათ ამ დროს კი მათ გვერდზე არ აღმოჩნდა ის ინსტიტუტი, რომელიც მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას გრძელვადიან პერიოდში გაიაზრებდა. როგორც წესი, ნებისმიერ ბანკს და ბანკირს, თუ ის არა ერთჯერად ეფექტებზე, არამედ გრძელვადიან განვითარებაზე ფიქრობდა, უნდა დაეყენებინათ ძლიერი მარეგულირებლის აუცილებლობა. ამის ნაცვლად, ჩვენმა ბანკებმა ისარგებლეს სიტუაციით, არც კი გაუაზრებიათ, როგორ ამოიღებდნენ ფულს ეკონომიკიდან, რომლის განვითარებისთვისაც არაფერი გაუკეთებიათ და დაიწყეს კრედიტების უგზოუკვლოდ გაცემა.
აქ შეიძლება შემედაონ, თუ ბანკებს არ ჰქონდათ იმის განცდა, რომ გაცემულ ფულს დაიბრუნებდნენ, რატომ გასცემდნენ კრედიტებს. ჩვენს შემთხვევაში ბანკებმა წაუგებელი თამაში ითამაშეს. საქმე ისაა, რომ მათ წინასწარ გათვალეს რისკები, რაც მათ საკრედიტო პოლიტიკას შეიძლება მოჰყოლოდა და ეს რისკები ჩადეს საპროცენტო განაკვეთში. სწორედ ამის გამო იყო, რომ საპროცენტო განაკვეთებმა 30 %-ს მიაღწია, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კრედიტს ვერ გადაიხდიდა ყოველი მესამე კლიენტი, ბანკი მაინც არაფერს აგებდა.
ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკის პრაქტიკული გაუქმების ფონზე, ბანკებმა აწარმოეს მოკლევადიანი პოლიტიკა, საკმაოდ მწირი საბანკო მომსახურების კულტურის ფონზე, როდესაც კლიენტები ხელშეკრულებებსაც არ კითხულობდნენ, შექმნეს ვითარება, რომ საზოგადოებისთვის ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების მიღება შესაძლებელი იყო დღეს, ანუ შეიქმნა ერთგვარი ვირტუალური კეთილდღეობა, რეალურად კი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვალებში გახვეული აღმოჩნდა.

კრედიტინფოს მუშაობის პრინციპი საქართველოს ეკონომიკას ანგრევს


"კრედიტინფო საქართველო" 2005 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია HF "კრედიტინფო ჯგუფმა" "თიბისი ბანკთან", "საქართველოს ბანკთან", "პროკრედიტბანკთან" და "ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიუროსთან" ერთობლივად დააფუძნა. მიმდინარე წლის მაისში კი "HF კრედიტინფო ჯგუფმა" და SCHUFA oldings AG-მ ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც ვისბადენში (გერმანია) დაარსდა ახალი ჰოლდინგური კომპანია - Creditinfo SCHUFA GmbH-ი.
"კრედიტინფო საქართველო" მარტივი პრინციპით მუშაობს, მისი მთავარი ფუნქცია ბანკებისა და მათი კლიენტების ურთიერთობის შესახებ ბაზის შექმნა და ამ ბაზის მონაცემთა ანალიზია. ამ ბაზაში 278 745 ნეგატიური და 876 679 პოზიტიური ჩანაწერია. "კრედიტინფო საქართველოს" ინფორმაციით, 2009 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, ნეგატიური ჩანაწერების (ვადაგადაცილებული და გადაუხდელი კრედიტების მონაცემთა ბაზა) რაოდენობამ 278 745-ს მიაღწია, აქედან დაფარულია 122 352 პრობლემური სესხი. ორგანიზაციის არქივში ამჟამად 156 393 ვადაგადაცილებული და გადაუხდელი სესხის შესახებ ჩანაწერი არსებობს. ამ დროისთვის პოზიტიური (მიმდინარე და დაფარული სესხები) ჩანაწერია 876 679, აქედან დაფარულია 469 888 სესხი.
პოზიტიურ და ნეგატიურ ჩანაწერთა ბაზაში 7 000-ზე მეტი იურიდიული და 500 000-მდე ფიზიკური პირია.
ამ ინფორმაციაში საყურადღებოა რამდენიმე მაჩვენებელი. დავიწყოთ ნეგატიური ჩანაწერებით. თუ "კრედიტინფოს" მონაცემთა ბაზაში ჩანაწერი ნეგატიურთა ჩამონათვალში მოხვდა, მაშინ ბანკის დამრღვევ კლიენტს კრედიტის მიღების საშუალება ვალდებულების დასრულებიდან 7 წლის განმავლობაში აღარ შეუძლია. თუ ავიღებთ მთლიან მაჩვენებელს, რამდენი პირი სარგებლობს დღეს კრედიტით, გამოდის, რომ მათგან დაახლოებით მესამედი დამრღვევია.
უნდა ითქვას, რომ ის პირები, რომლებიც სესხით სარგებლობენ ან სარგებლობდნენ, ყველაზე მეტად იყვნენ ჩართულნი ეკონომიკის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ადრე კრედიტის აღება ძალიან გამარტივებული იყო, შეიძლება ითქვას, რომ ბანკთან თანამშრომლობა მაინც შრომისუნარიან და ახალგაზრდა, სრულწლოვან ადამიანებს უხდებათ. სწორედ ასეთი ადამიანების მესამედს (როგორც მინიმუმ) შვიდი წლით ერთმევათ ბანკთან ურთიერთობის საშუალება.
ქართულ და არა მარტო ქართულ ეკონომიკაში საბანკო სისტემას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. სწორედ ბანკებთან ურთიერთობაში უნდა განვითარდეს ეკონომიკის კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც საბოლოო ჯამში ქმნიან მთლიან ეკონომიკას. დამრღვევი კლიენტების მიმართ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დამრღვევებად ობიექტური გარემოებების გამო იქცნენ, 7 წლიანი სასჯელი, განაპირობებს იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები ეკონომიკის განვითარების პროცესიდან ამოგდებულია.
ეს პირველ რიგში სერიოზული სოციალური პრობლემაა. რადგან ეს ადამიანები ვერ იხდიან კრედიტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათმა უდიდესმა ნაწილმა დაკარგეს ის საქმე, რომლის იმედითაც ეს კრედიტები აიღეს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, თუ როგორ დაარტყამს ამდენი შრომისუნარიანი ადამიანის გარიყვა საქართველოს ეკონომიკას. ქვეყნის საწარმოო ძალის მესამედი, იმ ადამიანების მესამედი, რომლებიც ეკონომიკაში ყველაზე ადაპტირებულები იყვნენ, იძულებულები ხდებიან საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნად გადაიხვეწონ.

"ბრწყინვალე გონება" და "ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა"


წაუგებელი თამაში, რომელიც ბანკებმა მოსახლეობას შესთავაზეს, საქართველოს ეკონომიკის მარცხით დამთავრდა. არსებული სიტუაციის შეფასებისას მთავრობა მაქსიმალურად იკავებს თავს ტერმინ კრიზისის გამოყენებისგან. მათი ლოგიკით ეკონომიკური ვარდნა არც იმდენად მასშტაბურია, რომ მას კრიზისული ვუწოდოთ. ხელისუფლების ლოგიკას თუ გავყვებით, ქვეყანაში კრიზისი მართლაც არ არის. მაგრამ აქ ხაზი უნდა გაესვას მთავარს: ხელისუფლების მსჯელობიდან ამოვარდნილია საერთო კეთილდღეობა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. ისინი მხოლოდ დიდი ბიზნესის ფუნქციონირების მაჩვენებლებს იყენებენ სიტუაციის შესაფასებლად. ამ შემთხვევაში საბანკო სისტემის მაჩვენებლები ვერ იქნება რეალური ინდიკატორი. ზემოთ ვისაუბრეთ კრედიტინფოს "შავ სიაში" მოხვედრილ ადამიანთა მდგომარეობაზე. "შავ სიაში" ჩანაწერთა ზრდის დინამიკა კრიზისის, თუნდაც რეცესიის, დაძლევაზე ნამდვილად არ მეტყველებს.
მოსახლეობა რომ მთავრობის თვალთახედვის არედან ამოგდებულია, ამაზე სიტუაციიდან გამოსავლის მთავრობისეული გზებიც მიუთითებს. ბოლო პერიოდში მთავრობამ გამოსწორებისკენ სვლის რამდენიმე გზა შემოგვთავაზა. პირველი გახლდათ პრემიერ გილაურის მიერ წარმოდგენილი "ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი", მეორე რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა გააჟღერა, საუბარია, "ეკონომიკური თავისუფლების აქტზე".
"ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტის" ჟურნალისტებთან შეხვედრაზე წარდგენისას პრემიერმა სიამაყით იხუმრა, რომ ეს გეგმა მისი "ბრწყინვალე გონების" ნაჟურია. და რა მოიფიქრა ამ "ბრწყინვალე გონებამ" ისეთი, რაც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებდა და, რაც მთავარია, ამ გამოსწორებას ჩვეულებრივი მოსახლეობაც დაინახავდა. პაკეტის ხუთივე პუნქტში საუბარი იყო იმაზე, როგორ გადაერჩინათ საბანკო სისტემა და სამშენებლო კომპანიები, როგორ მოეზიდათ საბანკო სექტორში ახალი რესურსები და როგორ აემუშავებინათ რთულ მდგომარეობაში მყოფი ბანკები. ამ პაკეტში ერთი სიტყვაც არ იყო ხსენებული მცირე ბიზნესისა და სხვა სოციალურად ორიენტირებული სფეროების შესახებ.
რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, ლიბერალიზმის მორიგი ახალი ტალღის შესახებ, საუბარია საქართველოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნად გადაქცევაზე. სააკაშვილის აზრით, ლიბერალურობა ეკონომიკის რეგულირების მოშლას ნიშნავს. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და ალბათ, კიდევ ბევრი დაიწერება, თუმცა აქ სხვა საკითხია საინტერესო, როდესაც საუბარია თავისუფლებაზე, რატომ არავინ საუბრობს თუნდაც იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე დაფარეს კრედიტები, მაგრამ თავის დროზე კრედიტის ვადაგადაცილების გამო კრედიტინფოს "შავ სიაში" მოხვდნენ. თუ ხელისუფლება, ფინანსური პირამიდების შემქმნელ კომპანიებს გადარჩენის აძლევს შანსს, რატომ არავინ ფიქრობს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოსთან ერთად, ბანკების მიერ შემოთავაზებულ თამაშში დამარცხდნენ, ისინი ხომ ყველაზე ლიბერალურ ეკონომიკას უნდა ემსახურონ?!

თამარ ღლონტი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48