რეფორმის კრიტიკა იმდენად მწვავეა, რომ იგი მთლიანად შესაცვლელია
ხელისუფლებამ სტატისტიკის დეპარტამენტის რეპუტაციის ამაღლების მიზნით, ამ სფეროს რეფორმირება გადაწყვიტა. ამისთვის პრემიერ-მინისტრმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ხელმძღვანელები გაერთიანდნენ.
ექსპერტთა ნაწილს კი არსებული კანონპროექტის შედეგად სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბებაში ეჭვი ეპარებოდა და მათი ეჭვი კიდეც დაადასტურა ევროკავშირმა. სტატისტიკის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე განიხილა და საშემოდგომო სესიაზე უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ სანამ კანონპროექტი დამტკიცდებოდა, იგი ევროკავშირის ექსპერტებმა დაიწუნეს და მთავრობას ახალი კანონპროექტის შემუშავება ურჩიეს. მათი კრიტიკა იმდენად მწვავეა, რომ კანონპროექტში ცვლილებების გატარებას აზრი დაეკარგა და იგი მთლიანად შესაცვლელია. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ექსპერტთა შენიშვნები მათთვის სავსებით მისაღებია და მიიჩნევენ, რომ თუ ქვეყანას რეალურად დამოუკიდებელი სტატისტიკის დეპარტამენტი უნდა, მაშინ იგი მხოლოდ პარლამენტს უნდა დაექვემდებაროს.
საქართველოს მოსახლეობა, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ნდობით არასოდეს ეკიდებოდა, მიზეზი კი დეპარტამენტის დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხში მდგომარეობს, რის გამოც იგი მრავალი წელია ექსპერტებისა და პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტია. რეფორმის ინიციატორთა განცხადებით, ეს საკითხი განხილვადი გახადა არა მარტო ნდობის დაბალმა დონემ, არამედ მონაცემების დამუშავების მოძველებულმა მეთოდოლოგიამ, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ და სტატისტიკის სისტემის ინსტიტუციური რეფორმის საჭიროებამ. კანონპროექტის მიხედვით, სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოვიდოდა და ჩამოყალიბდებოდა დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, სახელწოდებით _"საქსტატი", რომლის მიზანიც შესაბამისი სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სტატისტიკური მონაცემების ხარისხის ამაღლება იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა პოლიტიკური ზეწოლის გარეშე ნამდვილად მისასალმებელია, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში სტატისტიკის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს, თუმცა საქართველოში სტატისტიკის დეპარტამენტის რეალურ დამოუკიდებლობას ახალი კანონპროექტიც ეჭვის ქვეშ აყენებს, რადგან აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ისევ ხელისუფლება დანიშნავს, ანუ რვა კაციან სამეთვალყურეო საბჭოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ორი მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხუთი წევრი წარმოადგენს, რომელთა შორის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ისევ პრეზიდენტი შეარჩევს. გარდა ამისა, "საქსტატს" დაფინანსების სამი წყარო ექნება: სახელმწიფო ბიუჯეტი, მომსახურებით გაწეული და დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული შემოსავლები. ანუ დეპარტამენტი ნაწილობრივ ისევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რაც ისევ და ისევ მთავრობისა და პრეზიდენტის წინაშე ვალდებულებას ნიშნავს.
კანონპროექტში ვხვდებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც: კომპანიისთვის სტატისტიკის დეპარტამენტისადმი ინფორმაციის მიწოდება აღარ იქნება სავალდებულო. ასეთ პირობებში კი რაიმე პროდუქციის მწარმოებლები რომ შეთანხმდნენ და ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდონ სტატისტიკის დეპარტამენტს, გამოდის, რომ ამ დარგებზე ცნობები საერთოდ არ გვექნება.
სტატისტიკის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის კოორდინატორი, ალექსანდრე რონდელი დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილებები მოსახლეობაში სტატისტიკის დეპარტამენტისადმი ნდობას აღადგენს და მიაჩნია, რომ ორგანიზაციის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თავად საბჭოს წევრების კეთილსინდისიერ მუშაობაზე.
თეონა ჭიტაძე