ნანახია: 1068
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. ამ მიზნით, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ბიზნესმენებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება, რომელიც შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენების, ახალი ინვესტიციების მოზიდვის, ხალხის დასაქმების და ამ მიზნით ახალი საშუალებების შექმნის, შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის საფუძველი გახდება. "ეს არ იქნება მხოლოდ სამთავრობო პროგრამა, ეს იქნება ქეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელსაც მთავრობა ბიზნესმენებთან ერთად განახორციელებს", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა და დასძინა, რომ მომავალი კვირიდან იგი ცალ-ცალკე შეხვდება საბანკო, სამშენებლო, სამრეწველო და ყველა სხვა სექტორის წარმომადგენლებს, რომელთა მონაწილეობა სტრატეგიის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება დღეიდან დაიწყება და 6 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მისი განხორციელებისა და მონიტორინგის ეტაპი დადგება. ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავების პროცესში მინისტრმა საქართველოში მოღვაწე ყველა ბიზნესმენს ერთად დგომისკენ და აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. "ახლა, როდესაც საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ჩევნ ყველამ ერთად უნდა შევიტანოთ წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის მომავალი წარმატებისთვის საფუძვლის ჩაყრას შევძლებთ",- განაცხადა მინისტრმა პოლოლიკაშვილმა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად სამინისტროში სპეციალური გუნდი შეიქმნება, რომელსაც დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები და პროფესიონალი კონსულტანტები გაუწვენ. “ ჩვენ უკვე მივიღეთ თანხმობა თანამშრომლობაზე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტებისგან, რომელთაც სტრატეგიულ მენეჯმენტსა და მის შემდგომ იმპლემენტაციაში დიდი გამოცდილება აქვთ. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალი სტრადეგია ეკონომიკის ყველა სეგმენტს მოიცავს. სტრატეგია, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში სამ წელს, ხოლო გრძელვადიანში 10 წელიწადს მოიცავს, კონკრეტული, დეტალური დოკუმენტი იქნება და არა თაროზე შემოსადები მორიგი ბიზნესგეგმა", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოსვლა ბიზნესმენებთან მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო და მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისთვის. ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ვინაიდან თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარება. გატარებული რეფორმებისა და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში გაუძლო უდიდეს გამოცდებს _ აგვისტოს ომს და შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას, რასაც დაემატა მსოფლიო ფინანსური კრიზისი. მსგავსი ტიპის გამოცდა ასეთ მოკლე პერიოდში განვითარებული ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევდა. ჩვენი ქვეყანა კი ნაკლები დანაკარგით გამოდის ამ სიტუაციიდან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი სიტუაცია ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია. მდგომარეობა იდეალურისაგან შორსაა და ამიტომ საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დავაჩქაროთ ეკონომიკური აღმავლობის პროცესი და შევქმნათ საფუძველი მომავალი ზრდადი განვითარებისთვის. პოსტკრიზისული მსოფლიო აღარ იქნება ძველებური _ აქ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს გამარჯვებული, - ჩვენი მიზანია მომავალი ლიბერალიზაცია და მიზანმიმართული, შედეგებზე ორიენტირებული ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება, რათა საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო კონკურენციის პირობებში. საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და მის მიერ ინიცირებული `ეკონომიკური თავისუფლების აქტი" სწორედ ამის დასტურია.
ეკონომიკური განვითარების სტრატეგია დღევანდელი შეკრების ძირითადი მიზეზია გაცნობოთ რომ _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, საქართველოს პრეზიდენტისა და პემიერ-მინისტრის სრული მხარდაჭერით, დაიწყო ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რაც პოსტკრიზისულ პერიოდში საფუძველს ჩაუყრის შედეგებზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების ახალ ტალღას. ეს არის ლოგიკური გაგრძელება და შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები ეკონომიკის უფრო მეტი ლიბერალიზაციისთვის და კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ სტრატეგია, რომელიც გახდება შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენების, ახალი ინვესტიციების მოზიდვის, ხალხისთვის დასაქმების ახალი საშუალებების შექმნისა და შესაბამისად _ ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლების საფუძველი. ასევე მინდა გითხრათ, სტრატეგიის შემუშავებაში არ არის საკმარისი მხოლოდ მთავრობისა და სამინისტროს მონაწილეობა. ვინაიდან იგი გავლენას იქონიებს მოსახლეობაზე, თითოელ თქვენთაგანზე, ამიტომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ყველა ჯგუფის ჩართვა, რათა მოხდეს ეკონომიკის ზუსტი დიაგნოსტიკა და აუცილებელი რეცეპტების შემუშავება. ახლა კი ძირითადი მიმართულებების შესახებ: - სტრატეგიის მიზანია_ საქართველომ მოახდინოს შესაძლებლობათა მაქსიმალური კაპიტალიზაცია მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევიდან გამომდინარე გამოწვევების ფონზე; - ვის ეკუთვნის სტრატეგია _ სტრატეგია არ იქნება მხოლოდ სამთავრობო, ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელსაც მთავრობა განახორციელებს თქვენთან ერთად; ჩვენ გთავაზობთ, მომავალი კვირიდან დავიწყოთ ინტესიური შეხვედრები თქვენთან, ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან. ცალ-ცალკე ჩატარდება შეხვედრები საბანკო, სამშენებლო, სამრეწველო და ყველა იმ სექტორის წარმომადგენლებთან, რომელთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავების პროცესში. - პროცესი _ სტრატეგია იქნება მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული პროცესი, რათა ეკონომიკური საქმიანობის ყველა მონაწილემ შეიტანოს მასში წვლილი; - დრო _ სტრატეგიის შემუშავება დღეს თქვენთან ერთად იწყება, ვვარაუდობთ რომ 6 თვეში დასრულდება. რის შემდეგაც დადგება შემდეგი ეტაპი_მისი განხორციელება და მონიტორინგი. - გუნდი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შეიქმნება სპეციალური გუნდი, რომელსაც დახმარებას გაუწევენ საერთაშორისო ექსპერტები და პროფესიონალი კონსულტანტები. ჩვენ უკვე მივიღეთ თანხობა თანამშრომლობაზე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტებისგან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ სტრატეგიულ მენეჯმენტსა და მის შემდგომ იმპლენეტაციაში. ამ ხალხის_თქვენი და ჩვენი ერთობლივი გუნდური მუშაობის შედეგად შემუშავდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამწლიანი სტრატეგია, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში მოიცავს 3 წელს, ხოლო გრძელვადიანში 10 წელიწადს. გარწმუნებთ, რომ ეს არ იქნება თაროზე შემოსადები მორიგი ბიზნეს გეგმა, ეს იქნება კონკრეტული, დეტალური დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკის ყველა სეგმენტს მოიცავს. მისი განხორციელება თქვენთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება. დაბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ახლა, როდესაც საქართველო დგას ახალი გამოწვევების წინაშე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევიტანოთ წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვიპოვოთ წარმატების გასაღები და საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის მომავალ წარმატებას.
|