ნანახია: 623
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო-სავაჭრო პარტნიორობის პროგრამაში (ოქროს სიაში) მონაწილის სტატუსის პირობებს გადახედა და მოთხოვნები გაამარტივა. აღნიშნული ინიციატივა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცხაკაიამ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს პირადად გააცნო ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს. „ჩვენ დავპირდით საზოგადოებას და ბიზნესს, რომ მათთან ვითანამშრომლებდით და პირველი შედეგია ის, რომ გადავხედეთ იმ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებლობით დადგინდა. ვფიქრობთ, რომ მისაღებია მათი გამარტივება. ვიმედოვნებთ, ამ ცვლილების შემდეგ „ოქროს სიაში” კიდევ ძალიან ბევრი კომპანია მოხვდება და ისარგებლებს ახალი პრეფერენციებით. პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს, მათ შორის, შესაძლებელია საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ტვირთის პირდაპირ იმპორტიორის სასაწყობო მეურნეობაში გადაადგილება და საქონლის შემდგომი დეკლარირება. ასევე სხვა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უმარტივებს იმპორტიორს საქმიანობას,” - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღანელმა გიორგი ცხაკაიმ. ახალი, გამარტივებული პირობების მიხედვით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს სავალდებულო 10 მლნ ლარის დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაჩვენებელი 5 მლნ ლარამდე შეუმცირდათ. წლიური იმპორტის გადასახადი, რომელიც მანამდე 1,8 მლნ ლარს შეადგენდა, შემცირდა 900 000 ლარამდე. არააქციზურ საქონელზე საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის საერთო გარანტია 100 000 ევროს ოდენობით - განულდა, აქციზურ საქონელზე საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის საერთო გარანტი 500 000 ევრო, შემცირდა 100 000 ლარამდე. გარდა ამისა, მოთხოვნა კანდიდატის მიმართ, რომ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭებამდე ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდეს ჩადენილი საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევები, 6 თვის ვადამდე შემცირდა. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებაში დაწესებული აღნიშნული პირობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება 10000 ლარს აღემატება. გამარტივებული პირობები 5 დღის ვადაში ამოქმედდება.
|