ნანახია: 1144
2008 იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3 425 მლნ. აშშ დოლარია
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო იზრდება. 2008 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5909,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 34,0 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1242,5 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 43,4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 4667,4 მლნ. აშშ დოლარი (31,8 პროცენტით მეტი). 2008 წლის იანვარ-მარტში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3425,0 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 749,3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ წლის მომდევნო თვეების მანძილზე ექსპორტის და იმპორტის ზრდის დინამიკა რადიკალურად არ შეიცვლება, რაც არარელური ნამდვილად არაა, მაშინ 2008 წლის ბოლოს ჩვენი ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი დაახლოებით 4,5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 1,8 მლრდ. აშშ დოლარით მეტი იქნება. სამწუხაროდ, იმ განცხადებების პარალელურად რასაც ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ, რომ საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა, 2008 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი მხოლოდ 21 ქვეყანასთან (192,3 მლნ. აშშ დოლარი) აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 1 ქვეყნით შემცირებულია, ამ 9 თვის განმავლობაში საქართველოს მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი სავაჭრო ბალანსი ოდენ 5 ქვეყანასთან- კანადა (98,0 მლნ. აშშ დოლარი), მექსიკა (53,0 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (34,8 მლნ. აშშ დოლარი), ალბანეთი (1,3 მლნ. აშშ დოლარი) და ტაჯიკეთი (1,1 მლნ. აშშ დოლარი) აქვს. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანას უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 102 პარტნიორ ქვეყანასთან აქვს, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 3617,3 მლნ. აშშ Dდოლარს შეადგენს, ნაცვლად 98 ქვეყნისა და 2771,8 მლნ. აშშ Dდოლარისა, რაც 2007 წლის იანვარ - აგვისტოში დაფიქსირდა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2008 წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი 13,1 პროცენტია და 612,6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე მყოფი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფის იმპორტი გაზრდილია 154,5 მლნ. აშშ დოლარით და 418,3 დოლარია. ასევე გაზრდილია 35,2 მლნ. აშშ დოლარით სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფის იმპორტი, რომელმაც მესამე ადგილზე გადმოინაცვლა და 140,3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის პარალელურად შემცირებულია ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფის იმპორტი და 140,0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 74,4 მლნ. აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. წინა წლის მსგავსად, 2008 წელსაც ექსპორტის თითქმის 21% ფეროშენადნობებზე მოდის, 2008 წელს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი სწორედ ისაა და 258,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, შემდეგ მოდის შავი ლითონების ჯართი (117,8 მლნ. აშშ დოლარი), სპილენძის მადნები, კონცენტრატები (106,0 მლნ. აშშ დოლარი) და მსუბუქი ავტომობილები, მეხუთე პოზიციას კი აზოტოვანი სასუქები იკავებს. 2008 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67,4 პროცენტს შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის დსთ-ის 3 ქვეყანაა და მათზე მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26,6 პროცენტი მოდის. ამ წლის მონაცემების მიხედვით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა 937,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებლებზე 51,3%-ით მეტია. თურქეთთან საგარეო ვაჭრობის გაზრდას მომავალშიც უნდა ველოდოთ, რადგან 1 ნოემბრიდან საქართველოსა და ჩვენს სამხრეთელ მეზობელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა. თურქეთში ექსპორტი 242,3 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 110,5 მლნ. აშშ დოლარით მეტია, ხოლო იმპორტი 694,8 მლნ. აშშ დოლარია, რაც 2007 წელთან შედარებით 207,1 მლნ. დოლარით გაზრდილია. უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გაზრდის გარდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები რეალობას ნაკლებად შეესაბამება, შეიძლება უფრო დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც გვქონდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ექსპორტისა და იმპორტის მონაცემები დოლარშია გამოსახული, 2007 წელს იანვარ-სექტემბერში დოლარი ლარის მიმართ 1.71 იყო ახლა კი 1.45-ია, თუ წინა წელს 2 675,7 მლნ. დოლარი 4 548,35 მლნ. ლარს უდრიდა, დღეს კი 3 425,0 მლნ. აშშ დოლარი 5 137,5 მლნ ლარია. ასე რომ, ის პოპულისტური განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა, ექსპოტი იზრდება, ჩვენი ქვეყანა თავისი ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში წამყვან პოზიციებზეა და ომმა მას ვერაფერი დააკლო, რეალობას არ შეესაბამება. თუ ომამდე ქვეყნის ასეთი მოცულობის უარყოფით სალდოს, ასე თუ ისე, უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციები აბალანსებდა, ომის შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციები თითქმის აღარ შემოდის და ჩვენს გაჭირვებულ სახელმწიფოს ისღა დარჩენია უცხოეთში, ქვეყანაში შექმნილი აუტანელი პირობების გამო, გაყრილი ადამიანების იმედად დარჩეს, რადგან სწორედ იმ ხალხის მიერ წვალებით ნაშოვნი და შემდეგ აქ გამოგზავნილი ფულით ქვეყნის ასეთი მაღალი უარყოფითი სავაჭრო სალდო უნდა დაბალანსდეს.
გოგა აბრამიშვილი
|