ნანახია: 915
სავალუტო ფონდი კიდევ ერთ კრედიტს გვაძლევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ფონდმა და საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. საუბარია დამატებით 420 მილიონი დოლარის გამოყოფაზე და არა 1,5 მილიარდზე, რომლის შესახებაც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია. საუბარია 420 მილიონი დოლარის გამოყოფაზე სავალუტო რეზერვების გასამყარებლად და საგადამხდელო ბალანსის დასაფინანსებლად, ხოლო თანხის ნაწილი ბიუჯეტში მიიმართება. სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ედუარდ გარდნერის განცხადებით, დამატებითი ფინანსური პაკეტი საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებასა და კრიზისის დაძლევაში დაეხმარება, გაამყარებს ბაზარს და ინვესტორების თვითდაჯერებულობას დააბრუნებს. დამატებითი 420 მილიონის გამოყოფის შემდეგ სავალუტო ფონდის დახმარება 1,164 მილიარდამდე გაიზრდება, საიდანაც 450 მილიონი უკვე გადმორიცხულია, 420 მილიონი კი საქართველომ 2011 წლის ივნისამდე უნდა მიიღოს. საქართველოს მთავრობის თხოვნას, სსფ-ს დახმარების 1,164 მილიარდ დოლარამდე ზრდის თაობაზე, ფონდის აღმასრულებელი საბჭო აგვისტოში განიხილავს. სსფ-ის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აგვისტოში გადაწყდება საქართველოს სავალუტო რეზერვების გამყარებისთვის გამოსაყოფი მორიგი ტრანშის, 147 მლნ. აშშ დოლარის საკითხიც.
ბიუჯეტის ბედი აგვისტოში გადაწყდება ექსპერტთა განცხადებით, როგორც წესი, სავალუტო ფონდი კრედიტს ვალუტის სტაბილურობისთვის იძლევა, ჩვენი ხელისუფლება კი, რატომღაც, სავალუტო ფონდის მიერ აგვისტოში გამოსაყოფი სესხის ნაწილს ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების ნაწილში გადასახადები 500 მლნ-ით შემცირდა, მთავრობის გეგმით, ბიუჯეტი 312 მლნ. ლარით გაიზარდა. ამ რაოდენობით მისი ზრდა სამინისტროების ხარჯების შემცირებით და, რა თქმა უნდა, უმეტესწილად, 260 მლნ. ლარის სახელმწიფო ვალდებულებების გამოშვების ხარჯზე ხდება. გარდა ამისა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდა გრანტების და კრედიტების ხარჯზეც ხდება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის შესრულება სწორედ სავალუტო ფონდის მიერ აგვისტოში გამოსაყოფ სესხზეა დამოკიდებული. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, განცხადებით, ამჯერად საუბარია თანხაზე, რომელიც საგადასახდელო ბალანსის დასაფინანსებლად იქნება განკუთვნილი. თანხის ნაწილი კი შესაძლოა ბიუჯეტში მიიმართოს. "ჩვენი ეს მოთხოვნა განპირობებული იყო იმით, რომ წელს ბიუჯეტში მაღალი დეფიციტი გვქონდა. ეს უცხოური შეღავათიანი სესხებით დაბალანსდა,. რამაც წელს საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო. ნაწილობრივ ფისკალური სტიმულირება მომავალ წელსაც უნდა შენარჩუნდეს", - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი. მისი თქმით, გადაწყდა, რომ აზიის განვითარების ბანკისგან მისაღები რესურსი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება, დეფიციტის შესავსებად კი სავალუტო ფონდისგან დაბალპროცენტიანი სესხი იქნება მიღებული.
საგარეო ვალი კი იზრდება ეკონომიკის ექსპერტთა შეფასებით, სავალუტო ფონდისგან დამატებით 420 მილიონი დოლარის სესხის აღება, გადახდისუნარიანობას მნიშვნელოვნად დააზიანებს. მათი შეფასებით საგრძნობლად გაიზრდება საგარეო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში. ჯერ-ჯერობით უცნობია, სავალუტო ფონდის მიერ მოხდება თუ არა 1,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომელიც საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებას უნდა მოხმარდეს. გარდა ამისა, იგეგმება აზიის განვითარების ბანკისგან 300 მილიონი აშშ დოლარის სესხის აღება. 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა დაახლოებით 3 მლრდ. აშშ დოლარს აღწევს, მშპ-ს მოცულობა კი აშშ დოლარებში დაახლოებით 11,5 მლრდ.-ია. თუკი გავითვალისწინებთ სავალუტო ფონდის მიერ აგვისტოში გამოსაყოფ 420 მილიონს და აზიის განვითარების ბანკის 300 მილიონს, ქვეყნის საგარეო ვალი 3,7 მლრდ დოლარს მიაღწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში 32%-ია, რაც უკვე ნამდვილად საყურადღებო მაჩვენებელია. ამასთან, უახლოეს მომავალში სსფ-ს აღმასრულებელი საბჭო დამატებით 147 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფის საკითხს განიხილავს, რომელიც სტენდ-ბაი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 750 მლნ. დოლარის ნაწილია. შოთა ბუჩუკური
|