ეროვნულ ბანკს ინფლაცია არ აღელვებს
2008 წლის ზაფხულის ბოლო თვე საქართველოსთვის ორმაგად ცხელი აღმოჩნდა. 5 დღიანმა წაგებულმა ომმა თავისი ასახვა ქვეყანაში არსებულ თითქმის ყველა სფეროზე ჰპოვა. მათ შორის, ერთ დროს ჩვენი ქვეყნის ყველაზე განვითარებულ სფეროებზეც - საბანკო და უძრავი ქონების სექტორი მაქვს მხედველობაში. სამშენებლო ბიზნესი, ალბათ, ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ყველაზე ძალიან დაზარალდა ცხინვალის ომის შედეგად. ომის დაწყებიდან, მთელი აგვისტოს პერიოდში, სამშენებლო კომპანიებს არცერთი ბინა არ გაუყიდიათ. სექტემბერში სამშენებლო კომპანია "არსმა" კი მთელი 2 ბინის გაყიდვა "მოახერხა". უძრავი ქონების ბაზარს კიდევ დიდი ხანი დასჭირდება, რომ 7 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
სამშენებლო კომპანიებისა და საერთოდ, უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის იმდენად მწვავე დარტყმა არ არის, რამდენადაც საბანკო სექტორში ბოლო დროს წარმოქმნილი პრობლემები. დღესდღეობით ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბანკთან რაიმე კავშირი არ ჰქონდეს,. ზოგს სესხი აქვს აღებული, ზოგს განვადებით აქვს ესა თუ ის საყოფაცხოვრებო ნივთი შეძენილი, ზოგს დეპოზიტები აქვს გახსნილი და ა.შ. ნათქვამია, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო, ომის დაწყებამდე საქართველოში არსებულ ბანკებს უკვე გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, ერთი პერიოდი ზოგმა მათგანმა კრედიტების გაცემა საერთოდ შეჩერა, უმეტესობამ კი საპროცენტო განაკვეთები ასწია. ომმა კი ბანკების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები მიმდინარე წლის ივლისის თვესთან შედარებით სექტემბრის თვეში 7,9%-ით, ანუ 701,9 მლნ. ლარით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 სექტემბრის მდგომარეობით, 1 ივლისთან შედარებით საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრები 35,3%-ით (494,1 მლნ. ლარით), საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები - 28%-ით (64,5 მლნ. ლარით), წმინდა სესხები - 3,9%-ით (211 მლნ. ლარით), არასაბანკო დეპოზიტები, მათ შორის ვადიანი დეპოზიტები - 13,4 და 14,3 პროცენტით (შესაბამისად 475,6 და 258,3 მლნ. ლარით) შემცირდა.
2008 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში არსებულ ბანკებს შორის, აქტივები ყველაზე დიდი რაოდენობით "საქართველოს ბანკს" (346,8 მლნ ლარით), "თიბისი ბანკს" (206 მლნ. ლარით) და "სახალხო ბანკს" (120,7 მლნ. ლარით) შეუმცირდათ. მიუხედავა ამისა, აქტივების მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია'', მეორე და მესამე ადგილებს კი ''თიბისი ბანკი" და "ბანკი რესპუბლიკა" იკავებენ. საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი, წლის დასაწყისიდან 80,4-დან 77,5 პროცენტამდე შემცირდა. საქრთველოს ბაზარზე მოქმედ 21 კომერციულ ბანკს შორის 10 წამყვანი ბანკიდან აქტივები "ქართუს" გარდა ყველა ბანკს შეუმცირდათ.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა განაცხადა "საქართველოს საბანკო სექტორი მომდევნო 18 თვის განმავლობაში 1 მილიარდი აშშ დოლარის უცხოურ დახმარებას მიიღებს", მაგრამ ბატონ დავითს ის აღარ დაუკონკრეტებია, რამდენ პროცენტად შემოვა ეს ფულადი რესურსი საქართველოში. ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, საქართველოს საბანკო სექტორისათვის უცხოეთიდან მოზიდული სახსრები გაძვირდა, რამაც ბანკების პრობლემები კიდევ უფრო გაამძაფრა. ომიანობის პერიოდში და მისი დამთავრების შემდეგ თითქმის ერთი თვე ბანკების უმეტესობას სესხების გაცემა შეჩერებული ჰქონდა. ნელ-ნელა ყველა ბანკმა განაახლა კრედიტების გაცემა, მაგრამ სესხის აღებაზე მოთხოვნები ძალიან გაამკაცრა. ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 10-20% თუ შეძლებს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რასაც ბანკები 36-40%-იანი სესხების სანაცვლოდ ითხოვენ. ეს კი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ქართულ ადგილობრივ წარმოებას დაარტყავს. ჩვენს ადგილობრივ წარმოებას, ქვეყანაში გაბატონებული იმპორტის ფონზე, ომამდეც ძლივს ედგა სული. ომის შემდეგ კი კიდევ უფრო გაუჭირდა. კრედიტების გაცემის შეზღუდვა კი თავის მხრივ დამღუპველად იმოქმედებს რაიმე სახის ეროვნული პროდუქტის შექმნაზე.
აქტივების შემცირებამ ბანკებში ლიკვიდობის პრობლემები გაზარდა. ამის საპასუხოდ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ კომერციულ ბანკებს ვალდებულებები შეუმსუბუქა. ლიკვიდობის კოეფიციენტი 10%-ით, 20%-მდე შეამცირა. აქამდე ბანკის ლიკვიდური სახსრების მთლიან ვალდებულებებთან შეფარდება 30%-ით განისაზღვრებოდა. ცვლილება უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ამან კომერციულ ბანკებს თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
ამის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო რეზერვები 13%-დან 5%-მდე მცირდება. ეს ნორმა 2 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. აგრეთვე, 4 ოქტომბრამდე კომერციულ ბანკებს სებ-ში დარეზერვებული თანხების 75%-ის გამოყენება შეეძლოთ. ეს, რა თქმა უნდა, ბანკებისათვის დიდი შეღავათია, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საქართველოში დღესდღეობით (ოფიციალური მომაცემებით) წლიური 12,8%-იანი ინფლაციაა, ეროვნული ბანკის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს. მითუმეტეს, რომ წელს პროგნოზი 8% იყო. ამას ისიც ემატება, რომ სებ-მა ინფლაციასთან საბრძოლველ ერთ-ერთ იარაღზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთი შეამცირა და ის ახლა 10%-ს შედგენს. ყველაფრის მიუხედავად დავით ამაღლობელმა "როიტერთან" საუბრისას აღნიშნა, რომ წლის ბოლოს ინფლაცია აუცილებლად პროგნოზირებად დონეზე 8%-ზე შენარჩუნდება. რა აძლევს სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებეს ამ განცხადების გაკეთების ოპტიმისმს, უცნობია, მაგრამ სტატისტიკის დეპარტამენტი ყავდეს ეროვნულ ბანკს "ჯანმრთელად" და ინფლაცია 8%-ზე კი არა, თუ საჭირო გახდება 0,1%-ზეც შენარჩუნდება.
ეროვნული ბანკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ომიანობის პერიოში ლარი დოლარის მიმართ არ დაეცა და კურსი სტაბილურად შენარჩუნდა. როგორც სებ-ში აცხადებენ, მათ ეს `სიამოვნება~ 180 მილონი დოლარი დაუჯდათ. დოლარმა კი შეინარჩუნა სტაბილურობა, მაგრამ ევრომ განიცადა ლართან მიმართებაში სწრაფი გაუფასურება. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი კი ამ ცოტა ხნის წინ ხმამაღლა გაიძახოდა, ხალხო, დოლარის გაუფასურებას ყურადღებას ნუ აქცევთ, აგერ ევროა სტაბილური და იმაზე გადადითო. ევროს სტაბილურობის შენარჩუნა რატომ ვერ მოხერხდა, ეს უცნობია, მაგრამ მისი გაუფასურება, რომ კარგს არაფერს მოუტან ქართველს ხალხს და ადგილობრივ წარმოებას, ეს ცალსახაა.
ასე რომ, ჩვენი ქვეყნის ერთ დროს განვითარებულ სფეროებს დიდი გაჭირვების ხანა უდგათ. ინფლაცია აგვისტოში წლეულს ყველაზე მაღალი 12,8% დაფიქსირდა. ჩვენი ქვეყნის ვალუტა ლარი კი ისეთი "მაგარი" აღმოჩნდა ბეჭზე დადო არა მხოლოდ დოლარი და ამერიკა, არამედ ევრო და მთელი ევროკავშირიც ზედ მიაყოლა. ასეთ პირობებში საქართველოში თუ კიდევ ადგილობრივი წარმოება განვითარდა, ექსპორტზე გავიდა და ხალხი დაასაქმა, მართლა გმირები ვყოფილვათ ქართველები. ერთი დიდი ქართველი კლასიკოსისა არ იყოს, ხანდახან გმირი შესაძლებელია მოულოდნელად ხის ფუღუროდანაც კი გამოვარდეს, ვნახოთ...
მერაბ ჯანიაშვილი