ნანახია: 1385
საქართველოს მთავრობას, შესაძლოა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვა მოუწიოს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეორე კვარტლის შედეგებზე დაყრდნობით, მშპ-ის კლების ტემპი 4%-ზე მეტი ნიშნულით განსაზღვრა, რაც წლის დასაწყისში დაგეგმილ მშპ-ს 2,5%-იან ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში 6,5%-იანი კლებაა. ეროვნული ბანკი 2009 წელს იმაზე ნაკლებ ეკონომიკურ გამოცოცხლებას ელის, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მოხსენებით, ეკონომიკის ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მეტად შემცირდება. შედეგად შეიცვალა ეკონომიკის ზრდის ტემპის პროგნოზები და ეროვნული ბანკის ვარაუდით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლების ტემპი 4%-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2,5%-იანი ეკონომიკური ზრდითა და 7%-იანი ინფლაციით დაიგეგმა, თუმცა წლის განმავლობაში მთავრობას ამ პარამეტრის ერთხელ გადახედვა უკვე მოუხდა. კიდევ რამდენჯერ მოუწევს ხელისუფლებას საქართველოს მშპ-ს კლების მაჩვენებლის შეცვლა, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გაკეთება მას მინიმუმ ერთხელ მაინც მოუხდება. რადგან ეროვნული ბანკის მსგავსად, ექსპერტთა შეფასებითაც, არსებული კლების ტემპი - 1,5%, რეალობისგან ძალიან შორსაა. ექსპერტთა აზრით, წელს საქართველოს მშპ დაახლოებით 6-7%-ით შემცირდება. ამ აზრს 2004-2009 წლებში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მმართველი თვით კახა ბენდუქიძეც კი იზიარებს. მისი შეფასებით, ხელისუფლება აღნიშნულ პროგნოზზე ვერ შეძლბს მშპ-ს შემცირების ტემპის შენარჩუნებას და მისი კიდევ გადახედვა მოუწევს. D2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ერთხელ უკვე შევიდა, რომელშიც მშპ-ის კლების ტემპი 1,5%-ით არის დაგეგმილი. ცვლილებათა კანონპროექტის თანახმად, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 21,308 მლნ. ლარიდან 18,689 მლნ. ლარამდე მცირდება. როგორც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი განმარტავს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, რასაც შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა ემატება, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. "შემცირდა ეკონომიკური აქტივობა, ინვესტიციების შემოდინება და 2009 წლის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მოცულობა 2,5%-იანი ზრდის ნაცვლად 1,5%-იანი კლებით შეიცვალა, ხოლო ინფლაცია პერიოდის ბოლოსთვის 3% იქნება. შესაბამისად, წლის ბოლომდე ეკონომიკის 1,5%-იანი შემცირების შენარჩუნება სერიოზული მიღწევა იქნება", - განმარტავს ბაინდურაშვილი. მინისტრის თქმით, პირველ-მეორე კვარტალში ეკონომიკაში ნეგატიური ზრდა საკმაოდ მაღალი იყო და ამის შედეგად გამოწვეული უარყოფით შედეგების გადაფარვა მეორე ნაწილის დადებითი ზრდის ხარჯზე ვერ მოხერხდება. ფინანსთა მინისტრის მსგავსად (რა გასაკვირიც არ უნდა იყოს), მისი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილიც მიიჩნევს, რომ რისკები იმისა, რომ მშპ-ს და სხვა ძირითადი მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლების გადახედვა, მათი კლების მიმართულებით, გახდეს საჭირო, არსებობს. თუმცა, ამისათვის ბიუჯეტის კორექტირება საჭირო არა არის. უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტში მხოლოდ ამ მაჩვენებლების ჩასწორება მოხდება. "მეორე კვარტლის პირველი 2 თვე მოსალოდნელზე უარესი შედეგებით დასრულდა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და თუკი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა ხელს შეგვიწყობს, შესაძლოა, ამ პარამეტრების გადახედვის აუცილებლობა აღარ შეიქმნას", - აცხადებს პეტრიაშვილი. 2009 წელს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ერთი პროგნოზი უკვე ახდა. როცა მთავრობა ეკონომიკური ზრდითა და განვითარების მაღალი ტემპებით ამაყობდა, ჯერ კიდევ მარტში განაცხადა სებ-ის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში რეცესია იყო. ფაქტია, რომ 1-2 თვეში მთავრობასაც მოუხდა ამის აღიარება. მშპ-ს შემთხვევაშიც საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლებას მალე მოუწევს მისი კლების მაჩვენებლის გადახედვა და არსებულის შემცირება. საკითხავი მხოლოდ ის რჩება, რამდენით შემცირდება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი წლის ბოლოს, 1,5%-ით, როგორც მთავრობა ფიქრობს, 4%-ით, როგორც ეროვნული ბანკი, თუ 6-7%-ით, როგორც ექსპერტები ფიქრობენ.
მერაბ ჯანიაშვილი
|