ნანახია: 865
პრემიერ-მინისტრ გილაურის მიერ მომზადებულ ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ახალი ფინანსური პაკეტის შეფასებები არაერთგვაროვანია, ანალიტიკოსების ერთი ნაწილის შეფასებით, ეს პაკეტი არ არის მორგებული იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. "სტიმულირების ახალი პაკეტის ეფექტიანობა ჩვენს ორგანიზაციაში დიდ ეჭვს იწვევს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ხაზი გავუსვათ კონკრეტულ უზუსტობას, რომელიც მარტივი არითმეტიკის დახმარებითაც დასტურდება. მოგეხსენებათ, ფინანსური სტიმულირების პაკეტის ერთ-ერთი პუნქტი კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის 1.75-იდან 1.5-მდე შემცირებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ცვლილება კომერციულ ბანკებს 700 მილიონ ლარს გამოუთავისუფლებს, რომლის გაშვებაც ეკონომიკაში შეეძლებათ. ამ შემთხვევაში, ნიკა გილაურმა უბრალოდ ტყუილი თქვა. კომერციულ ბანკებს აქვთ ვალდებულება, რომ კაპიტალის გარკვეული რაოდენობა, დღევანდელ ვითარებაში 12%, დარეზერვებული ჰქონდეთ. უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შემთხვევაში, მოქმედებს კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი, რომლიც მიხედვითაც სავალდებულო რეზერვების შეფარდება მთლიან აქტივებთან მიმართებაში იზრდება. პრემიერის ამ ინიციატივამდე კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი იყო 1.75, - სავალდებულო რეზერვების მაჩვენებელი - 12% მრავლდება, 1.75-ზე. ანუ, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების 21%-ის დარეზერვება უხდებოდათ. პრემიერის ინიციატივის შედეგად, როდესაც ეს მაჩვენებელი 1.5 მდე შემცირდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების 18%-ის დარეზერვება უხდება. ამ ცვლილებით ბანკებს გამოუთავისუფლდათ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების 3%. თუ გადავხედავთ, კომერციული ბანკების აქტივებს და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რაოდენობას, მარტივად მივხვდებით, რომ ბატონი გილაური ტყუის. 2009 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში გაცემული აქვთ 4,176,976 ათასი ლარის შესაბამისი სესხი. კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის შემცირების შედეგად, გამოთავისუფლდა ამ თანხის 3%, რაც 125 309 ათასი ლარია. 125 მილიონი კი ნამდვილად არ არის 700 მილიონი. სხვა საკითხია, ის რომ ბანკებს დღეს ფულადი რესურსების პრობლემა არ აქვთ, მათ დამატებითი ფულადი რესურსების გამოთავისუფლება არ სჭირდებათ, ეკონომიკის დაკრედიტების შეზღუდვის მიზეზი უფრო ქართული ბიზნესგარემოს ნაკლოვანებებში უნდა ვეძებოთ", - აცხადებენ ''ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში".
|