მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფი და ტრაგედია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფი და ტრაგედია
ნანახია: 919

- ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით მიმდინარე მომენტის თავისებურებებს, თქვენი აზრით, დასრულდა თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება?
- დიდი მადლობა, რომ შეკითხვა სწორედ ასე დამისვით. ოპოზიცია დღევანდელ საქართველოში არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების 70-80% უჭერს მხარს. ეს არის 9 აპრილის შემდგომი საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიჰყვებოდა. ამიტომ, სულელური, ექსტრაორდინალურად რომ ვთქვათ, დივერსიფიკაცია გარკვეული პოლიტიკური ძალების რადიკალურ და საპარლამენტო ოპოზიციად, არც მეტი არც ნაკლები, იდიოტიზმია.
ჩემი პიროვნული პატივისცემის მიუხედავად გიორგი თარგამაძისადმი, ასევე გია ცაგარეიშვილის, ჯონდი ბაღათურიას, გია თორთლაძის და სხვებისადმი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - არ შეიძლება ოპოზიციად იწოდებოდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უკმაყოფილო ელექტორატის 1-2%-ზე მეტი არ უჭერს მხარს, ეს ცალკ-ცალკე, ხოლო მთლიანობაში მათი ჯამური რეიტინგი 10-15%-ს არ აღემატება. მაგრამ ატროფირებული პოლიტიკური პროცესის პირობებში, სადაც ხელისუფლებას დედაქალაქში 11-12%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო მთელ საქართველოში მისი რეიტინგი 20%-ით შემოიფარგლება, რა უნდა გაგვიკვირდეს?
- ზოგიერთი გამოკითხვა ასეთ შედეგებს არ აჩვენებს, თქვენ, ჩანს, Gamokitxva.ge ხელისუფლების მომხრეები კი მიუთითებენ, რომ ამ ვებ-გვერდზე ძირითადად ოპოზიციის მომხრეები შედიან და შედეგიც ასეთი ამიტომაა.
- მოდით, ამ საკითხზე დისკუსიას ნუ გავმართავთ.მაინც შევნიშნავ, რომ ეს არგუმენტი უსაფუძვლოა. მე, ბუნებრივია, არ ვეყრდნობი პრეზიდენტის მომსახურე Pღ ჯგუფების მიერ ჩატარებულ კვლევებს (როგორიცაა, მაგალითად, `გრინბერგი") კიდევ სხვა საკითხია, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების რეალურ რეიტინგებს რატომ უმალავენ საზოგადოებას, რატომ არ არსებობენ, ან თითქმის არ არსებობენ სოციოლოგიური კვლევების დამოუკიდებელი და ობიექტური ქართული კომპანიები. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია - სახელისუფლო პარტიისა და ოფიციალური პოლიტელიტის რეიტინგები უკიდურესად დაბალია. მარტივი მეთოდიკებით, გაზეთების `რეზონანსის", "კვირის პალიტრის", "ბანკები და ფინანსების" და სხვების მიერ გაკეთებული კვლევები და გამოკითხვებიც საკმარისია რეალური სურათის დასანახად. ამიტომ ვამბობ თავდაჯერებით, ოპოზიცია არის ის, ვინც მთავრობის სახლთან იდგა. ეს ჯგუფი მთელი მოსახლეობის 60%-მდე, ხოლო დედაქალაქის ელექტორატის 80 %-ის მხარდაჭერით სარგებლობს. თუ ამ ძალას რადიკალურს უწოდებ და მარგინალიზაციისკენ უბიძგებ, შენ რადიკალურად აცხადებ დედაქალაქის მოსახლეობის 80 %-ს და ქვეყნის მოსახლეობის 60 %-ს, ხურავ დიალოგის შანსს და მიდიხარ ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისკენ.
ეს, ვფიქრობ, არც მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში შედის და არც "დასავლეთის", რომელიც დღემდე ფაქტობრივად მხარს უჭერს სააკაშვილის ხელისუფლებას.
რადიკალებად მისთვის უხერხული ოპოზიციის მონათვლით, სააკაშვილი სიტუაციის ტყვე ხდება, ხოლო სატელიტური ჯგუფების საპარლამენტო ოპოზიციად გამოცხადებით, საბოლოოდ ასამარებს პოლიტიკურ პროცესს, რომლის რეანიმირებისთვის ნაციონალებს დღეს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. მითუმეტეს, თუ დღევანდელი ტაქტიკით გააგრძელებენ ხალხთან და ოპოზიციასთან ურთიერთობას.
არადა, ჩემთვის დასანანია ნიჭიერი ახალგაზრდების ის ჯგუფი, რომლებსაც გიორგი თარგამაძე ხელმძღვანელობს. 10 % -იანი რეიტინგი დასაწყისში, რომელიც, ძირითადად, გიორგი თარგამაძის "იმედში" წარმატებული საქმიანობით იყო განპირობებული, გაფლანგეს და ქარს გაატანეს. დღეს უკვე გაუჭირდებათ ელექტორატის სიმპატიის დაბრუნება და კონსტრუქციული, მოსახერხებელი ოპოზიციის იმიჯის მეამბოხე პროტესტანტების მოსასხამზე გაცვლა.
- თქვენ პრეზიდენტის ტრიუმფზე საუბრობდით. თავგამოდებული "ნაცმოელების" გარდა ძნელად თუ მოძებნით ასეთი შეფასების გამზიარებელ ადამიანს.
- პირიქით მგონია. განა უცნაურს ვამბობ რამეს?! მსოფლიო საფინანსო კრიზისის, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობის, ხალხის უკიდურესი გაჭირვების, უზარმაზარი საპროტესტო მუხტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა ვირტუოზულად გამოიყენა თავის ხელთ არსებული ყველა კოზირი. შეინარჩუნა სრული კონტროლი ექვს საერთო-ეროვნულ ტელევიზიაზე, შეზღუდა ბეჭდვითი მედიის გავრცელების და გავლენის არეალი, თავის გავლენას დაუქვემდებარა გავრცელების სამსახურები და "სტელაჟები" აიღო ცენტრალური ქუჩებიდან, სოციალური უკმაყოფილება და სამართლიანობის მოთხოვნა ოსტატურად გადაფარა რუსეთის ფაქტორით, ოპოზიციის მიმართ გამოიყენა `გათიშე და იბატონეს~ ტაქტიკა, სრულად და ეფექტურად აამუშავა დიპლომატიური კორპუსი, ოპოზიციური ლიდერების ნაწილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს დაამუშავებინა, ნაწილს კი "ეფ-ეს-ბე"-მ და `გე-რე-უმ" აურია თავგზა, ლევან გაჩეჩილაძე შავნაბადაზე მიიტყუა და მერე მისი და კახა თარგამაძის ბერლინში შეხვედრის ამსახველი,"კა-გე-ბე"ს გადაღებული კადრებით, სერიოზული დარტყმა მიაყენა პოპულარული და თბილისში მისი დამმარცხებელი პოლიტიკოსის იმიჯს.
ახლა, ყველა იმ 5 მილიონზე საუბრობს, ლევან გაჩეჩილაძემ მისგან რომ აიღო. მე კი მგონია, რომ ეს ჭორია, მაგრამ ხელისუფლების მომხრეები და 58-ე არმიის თბილისში შემოშლიგინების მოსურნეები ისეთი ნეტარებით აგემოვნებენ ამ ისტორიას, რომ გაჩეჩილაძე ან კამიკაძე გეგონება, ან რობინ ჰუდი, რომელმაც ახლახანს ჭრელ ელიტას მოუყარა თავი, მოძრაობა `დაიცავი საქართველო" შექმნა, თუმცა, მისი რეიტინგი დაეცა. ის კი ისევ ძველებურად, ჩვენებურად, ქალაქურად აწვება...
სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ფრთხილობს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ზუსტად არ იცის, რაზე შეთანხმდნენ პუტინი და ობამა, მთლად საიმედოდ არც აეროპორტში ნახევარი საათით ჩამოფრენილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეების, გორდონისა და შტეინბერგის ვიზიტი
გამოიყურება, სამაგიეროდ, დამაიმედებელია, ვანო მერაბიშვილის ვაშინგტონში ჩასვლა და პრაგმატიკოსი ამერიკელების ხედვა - თუ მუბარაქთან ვმეგობრობთ ეგვიპტეში და ალიევთან აზერბაიჯანში, რა დააშავა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მოქნილი ჭკუით, დემოკრატიული რიტორიკით და ძალაუფლების ტექნოლოგიების კარგი ფლობით გამოირჩევა?
ასე რომ, სააკაშვილი ტრიუმფატორია, გასაცოდავებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს კი არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოთხი თვით გადმოწევას უნდა დასჯერდეს. თუ აქამდე სააკაშვილი უცხოელი დიპლომატების პირით ეხვეწებოდა ოპოზიციას დიალოგზე წამოსვლას, დღეს ოპოზიცია ემუდარება მას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაზე.

გაფარჩაკებული ოპოზიცია

- ტრაგედია რაღა არის, თუ პრეზიდენტმა მისთვის უმძიმესი პერიოდი უდანაკარგოდ გაიარა, სისხლი არ დაღვარა, მთავრობაც კი არ გადააყენა. ტრაგედია რაღაში მდგომარეობს?
- არ ვიცი, შეიძლება თქვენ ვერ გამიგოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, კარგი იქნებოდა, რომ საშუალება მქონდეს მას პირადად ვუთხრა, ამ ტრიუმფით ნუ ჩავარდება ეიფორიაში, მისი ტრიუმფი მისივე ტრაგედიის საფუძველია. მიხეილ სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას დაუპირისპირდა არა პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ ქართული საზოგადოება. ოპოზიციის `გაფარჩაკებით~ ხელისუფლებამ ხალხი `გააფარჩაკა","გაფარჩაკებულ" ხალხს კი არც პრეზიდენტი სჭირდება და არც სახელმწიფო. რას უზამ ამ ხალხს? აიძულებ, ქვეყნიდან წავიდეს? ვერ აიძულებ. აიძულებ დიქტატურის პირობებში იცხოვროს? არ იცხოვრებს. გაიხსენეთ XIX საუკუნის თბილისი და XX საუკუნის საქართველო. 20-იან წლებში, 30-იან წლებში კომუნისტებმა და `კა-გე-ბე~-მ გაჟუჟეს ქართული ელიტა და ინტელიგენცია. მაინც ვერ გატეხეს ქართველი ხალხი, ამიტომ პოლიტიკაში დაბრუნების მოსურნე ქართველი ხალხის იგნორირება დიდი ტრაგედიის მომასწავებელია. თარგამაძეები, მამალაძები, აბაშიძეები, და სხვა საფრთხობელები ხალხს, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია. კომუნიკაბელური და პოპულარული სააკაშვილისთვის კი 10%-იანი რეიტინგი თბილისში და 25%-იანი საქართველოში კატასტროფაა. არ მინდა, კიდევ უფრო დავაკონკრეტო და მუქ ფერებში წარმოვაჩინო ამ ტრაგედიის ასპექტები. სააკაშვილი ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა დღეს და მისი საბოლოო მარცხი ბუმერანგივით დიდ უბედურებად დაუბრუნდება ქვეყანას.
- იქნებ ოპოზიციის `"აფარჩაკებაზე" უფრო კონკრეტულად თქვათ, თავად ოპოზიცია სულაც არ მიიჩნევს ასე, . .
- ოპოზიციამ თავის მომხრეებს იმედები გაუცრუა. ლევან გაჩეჩილაძის მიერ დაშვებულ შეცდომებზე უკვე აღვნიშნე. ლიდერი არ შეიძლება იყოს მერყევი, წინდაუხედავი და არაშორსმჭვრეტელი. თუ საკუთარი თავის დისკრედიტაცია არ გინდა, არ უნდა შეხვდე ოდიოზურ კახა თარგამაძეს, თუ რაიმეს შემოთვლა და ინფორმაციის მოწოდება უნდა, ემისრების მეტი რა მიდი-მოდის მოსკოვსა და თბილისს შორის. თუ სააკაშვილს ემართლები დროდადრო რატომ უჩინარდებიო, შენ საიდუმლო შეხვედრებზე არ უნდა დადიოდე. შენ ხომ ჩვეულებრივი მოქალაქე არ ხარ, ოპოზიციის ლიდერი ხარ, თუნდაც ერთ-ერთი. ირაკლი ალასანიას რეიტინგიც დაეცა. ნიჭიერი კაცია, ავტორიტეტული, მაგრამ თუთიყუში ხომ არ ხარ, იმაზე მეტი არაფერი თქვა და არაფერი გააკეთო, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გეტყვიან. ირაკლი ოქრუაშვილი უკვე გავიდა ქართული პოლიტიკიდან და მისი ხსენება დამარცხებისკენ მიმავალ ფაშისტურ გერმანიაში გენერალ ვენკის მოლოდინს მაგონებს. "ვენკი მოდის, ვენკი მოდისო" იძახოდნენ კრახის პირას მდგომი ფაშისტები. ჩვენი `გაფარჩაკებული" ოპოზიციაც საცოდავ გერმანელებს დაემსგავსა, ოქრუაშვილი მოდისო, შესძახებენ დროდადრო. არადა, `სხვა მოდის და ის კი არა". ვინმე ებრალიძე მოდის, იგორ გიორგაძის მაგივრად ახალი "ბუა" რომ შექმნეს რუსებმა მათთვის ხელსაყრელი საქართველოს ხელისუფლების გადასარჩენად. ეროვნული ფორუმი კი საერთოდ სხვა თემაა. იდუმალებით მოცული და საინტერესო. გუბაზ სანიკიძე, კახა შარტავა, ირაკლი მელაშვილი და რეზო შავიშვილი ყოველგვარ ეჭვებზე მაღლა დგანან, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი შეეცადნენ 26 მაისის აქციის ჩაშლას და 25 მაისს მოუწოდეს თავიანთ მომხრეებს არ მისულიყვნენ სტადიონზე. ეს ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ხელისუფლება არ ებრძვის და არ უტევს.
ერთ პროგნოზსაც გავრისკავ და გავაკეთებ. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც დაინიშნება, სწორედ ეროვნული ფორუმი გაიმარჯვებს უმრავლესობით, უფრო "ალიანსთან" ერთად, მაგრამ, შესაძლოა, მის გარეშეც, ხოლო ირაკლი ალასანია, რომელმაც შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრის პოსტზე უარი თქვა, მაინც დაიკავებს ამ თანამდებობას.


განცხადება, რომლითაც გიორგი თარგამაძემ თავისი პოლიტიკური კარიერა ეჭვქვეშ დააყენა

- საპარლამენტო პოლიტიკური დებატების თაობაზე რას იტყვით, რა იყო მნიშვნელოვანი?
- ვფიქრობ ახალი არაფერი თქმულა, ეს იყო არა დებატები, არამედ `თავისუფალი თემის~ განხილვა ერთპარტიულ პარლამენტში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოთხი თვით გადმოწევას და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას მაშინ ექნება რაიმე აზრი, თუ ქართველი ხალხი რეფერენდუმზე დაუდასტურებს მიხეილ სააკაშვილს თავის ნდობას. ეს აუცილებელია, რადგან 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოსახლეობის უმრავლესობას გაყალბებულად მიაჩნია.
ამის პარალელურად, უნდა მოხდეს ხელისუფლების კონტროლისგან საერთოეროვნული ტელევიზიების გათავისუფლება, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლა და სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება. თუ მიხეილ სააკაშვილი ამას შეძლებს, მის დღევანდელ ტრიუმფსაც აზრი ექნება, ხოლო მის კარიერას მომავალი. ყასიდად და პირფერულად არ ვამბობ, თუ საქართველოში არ დამარცხდება, აქ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შექმნის, არ წავა დიქტატურისკენ რუსების და რევანშისტული ძალების მცდელობების მომიზეზებით, თუ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება, სამართლიან არჩევნების გზით, მაშინ სააკაშვილი დიდ და მასშტაბურ პოლიტიკოსად შევა მსოფლიო ისტორიაში. იგი, მაგალითად, გაეროს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნებოდა.
და მაინც, რა ითქვა პარლამენტში დებატებისას ღირებული? ეს იყო გიორგი თარგამაძის განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, არის რუსეთის დაშლის მცდელობა, რომ საქართველო ამას ცდილობს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა სეპარატისტული მისწრაფებების წახალისებით. თუ რუსეთი დაიშალა, მაშინ ეშველება საქართველოს, მხოლოდ მაშინ აღდგება მისი ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დასაშლელად. ასეთია, თარგამაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან მიმართებაში.
მკაფიო კომენტარი მის ამ განცხადებაზე არ გაკეთებულა. ჩემი აზრით, გიორგი თარგამაძემ, ამ განცხადებით, თავისი პოლიტიკური კარიერა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა. თუმცა, პოლიტიკოსებს უყვართ რისკები.


საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადადის

- უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის პერსპექტივას როგორ შეაფასებთ?
- საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადადის. ადრე თუ გვიან, ასე იქნება. ასე აქვს განზრახული დღევანდელ ხელისუფლებას. `მემარჯვენე~ მამუკა კაციტაძე რადიო `პალიტრის~ ეთერში `ღადაობს~, - `პრეზიდენტის რეზიდენცია ახალქალაქში გადავიტანოთ, მთავრობა მარნეულში, სახალხო დამცველის აპარატი მესტიაში~, ქილიკობს კაციტაძე.
ნეტავ მართლა საქილიკოდ გვქონდეს საქმე.
დეცენტრალიზაციის განხორციელება ქვეყანაში აუცილებელია, ეს უდავოა. თუმცა, დედაქალაქს უნდა ჰქონდეს ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ცენტრიდანული და სეპარატისტული ტენდენციები მძლავრობს.
თბილისში ქვეყნის მოსახლეობის ლამის მესამედის თავმოყრა კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული, რეგიონების გაღატაკება, იქ მეურნეობის მოშლა, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ერთ დროს, 80-იან წლებში ზოგიერთი ექსპერტი ამბობდა, თბილისი პარაზიტი ქალაქი გახდაო, ანუ მხოლოდ მომხმარებელი და არაფრის შემქმნელი. ამ პრობლემას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების სხვა ქალაქებში გადატანით და თბილისისთვის დედაქალაქის ფუნქციის ჩამორთმევით არ ეშველება.
თუ თბილისიდან გავიტანთ პარლამენტს, გავიყვანთ მთავრობას, გამოვიწვევთ მოსახლეობის ხელოვნურ მიგრაციას აქედან, ეს შექმნის უზარმაზარ ეროვნულ, პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ პრობლემებს. მერე თუნდაც გაერთიანებული სამხრეთ კავკასიის კონფედერაციის დედაქალაქად გამოაცხადონ იგი, თბილისს აღარაფერი ეშველება.
არავინ მიწყინოს და ერთსაც სევდიანად ვიხუმრებ, - დედაქალაქის მოსახლეობისგან დაცლის უკეთესი და ეფექტური გზა აირჩიეს პოლ პოტმა და იენგ სარიმ, `წითელი ქხმერების~ ლიდერებმა კამპუჩიაში, იმავე კამბოჯაში. პნომპენი პარაზიტ ქალაქად გამოაცხადეს და მოსახლეობა სოფლებში გადაასახლეს.
დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო ფიცი გაპრეზიდენტებულმა მიხეილ სააკაშვილმა. ძალიან სწორად და კარგად მოიქცა. აბა, თუ დაფიქრდებით `ნაციონალური მოძრაობის~ ლიდერებო, რატომ გადმოიტანა დავით აღმაშენებელმა დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში და რატომ შეალია ამას გამეფებიდან 32 წელიწადი. მან იცოდა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო თბილისი და მხოლოდ თბილისი ერთიანი საქართველოს დედაქალაქი. როცა აღმოსავლეთისკენ მოიწევდა, `დასავლეთისკენ~ მიდიოდა, თქვენ კი დასავლეთისკენ რომ მიდიხართ, ემანდ თავი გობის უდაბნოში არ ამოყოთ. გულუბრყვილოა, ვინც ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს აღმოსავლეთში უფრო ნაკლები პრობლემა აქვს, ვიდრე დასავლეთში.
ისე, დავით აღმაშენებელი რესპუბლიკის ანუ ვარდების რევოლუციის მოედნიდან რომ მოხსნეს და ქუთაისის გზას გაუყენეს, მაშინვე უნდა გვეფიქრა, რომ სატახტო ქალაქი ისევ ქუთაისი გახდებოდა, პარლამენტიც იქ გადავიდოდა და პრეზიდენტიც.
ახლა საკითხავი ერთია, დავით აღმაშენებელი ჩაასწრებს ქუთაისში თუ პარლამენტი. ეს კი მხოლოდ ნოდარ ლადარიამ იცის. გაინტერესებთ რატომ?


ავაზაკი დავით IV და ნეტარი ნოდარ ლადარია

- მაინც რა თქვა ასეთი დავით აღმაშენებელზე ნოდარ ლადარიამ?

- სასწაული რამე თქვა ბატონმა ნოდარ ლადარიამ. სხვათა შორის, ის მაღალი რანგის ინტელექტუალია. მაგრამ ეტყობა, ეს შეცდომებისგან და მიუტევებელი, მკრეხელური აზრებისგან ვერ დაიცავს თვით ადამიანს. რა ვიცი, მე ასე მეჩვენება და იქნებ ვცდები.
როცა მთელმა საქართველომ იხამუშა და არ მიიღო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოედნიდან - რესპუბლიკის (`ვარდების რევოლუციის~) მოედნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის დიღმის ტრასაზე გადატანა, სადაც მანქანების უწყვეტი ნაკადების გამო სულ ბუღია და ძეგლთან ყვავილების დასადებადაც კი ვერ მიხვალ, ხოლო თავად ძეგლი კონტრაჟურში დგას და არც ერთი რაკურსით ნორმალურად არ აღიქმება, ამის გასამართლებლად და იმად, რომ უკმაყოფილოებს მოეკეტათ, ბატონმა ლადარიამ გაზეთ `24 საათის~ ფურცლებზე ასეთი მარგალიტები გადმოალაგა, - ძეგლისთვის ადგილი სწორედ, რომ კარგად არის შერჩეული. სწორედ, ამ ადგილებში ყაჩაღობდა და ავაზაკობდა დავით IV, აქ ძარცვავდაო ის სავაჭრო ქარავნებს, ამ მიდამოებში. ამიტომ უეჭველად აქ უნდა დადგმულიყოო მისი ძეგლი.
VIVA ლადარია!
ჩვენი პარლამენტი ქუთაისში რომ გადავა, იქ რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი დგას, იმას რას უზამენ, საინტერესოა!

ესაუბრა ზურაბ კუკულაძე



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48