ნანახია: 844
ეროვნულ ბანკს მისი ყოფილი თანამშრომელი მადონა რაზმაძე, რომელიც ბანკში წლების განმავლობაში წამყვან ეკონომისტად მუშაობდა, სერიოზულ ბრალდებებს უყენებს. მისი განცხადებით, ეროვნულ ბანკში ამ ორგანოს დასუსტების და დანგრევის პროცესები მიმდინარეობს, რომელზეც საზოგადოება არაა ინფორმირებული. "ექსპერტების ნაწილი სებ-ის მუშაობას დადებითად აფასებს, მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკში მოშლილია სახელმწიფოებრივი წესრიგი. მიმაჩნია, რომ ექსპერტებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია სებ-ში განვითარებული მოვლენების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის ნგრევა რომან გოცირიძის პრეზიდენტობისას დაიწყო და მასში მონაწილეობას ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელიც იღებედნენ, ისინი ამ პროცესს ახლაც აგრძელებენ", - ამბობს მადონა რაზმაძე. რაზმაძეს, რომელიც ეროვნულ ბანკში 14 წლის მანძილზე მუშაობდა, სებ-ის ნგრევის დასამტკიცებლად სხვადასხვა ფაქტები მოჰყავს. ის ეროვნულ ბანკს "`საქართველოს ბანკის" სხვა ბანკებისაგან უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებაში ადანაშაულებს და სებ-ს საბანკო სექტორში არაჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას აბრალებს. მაგალითად კი ის ფაქტი მოჰყავს, რომ 2006 წელს სებ-მა "საქართველოს ბანკს" 20 მლნ-ის 2 წლიანი სესხი მისცა, მაშინ როდესაც სებ-ს კანონით კომერციული ბანკისთვის 3 თვეზე მეტი ვადით სესხის მიცემა ეკრძალებოდა. მადონა რაზმაძე "ბანკები და ფინანსებს" ესაუბრა. გთავაზობთ მის მიერ მონათხრობ ფაქტებს. "1994 წლიდან 2008 წლის 30 ივნისამდე სებ-ში სხვადასხვა დეპარტამენტებში სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი და ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მოგახსენოთ ეროვნულ ბანკში შექმნილი ვითარების შესახებ. ეროვნულმა ბანკმა 1994 წლიდან 2004 წლამდე გრძელი და რთული გზა განვლო. დაახლოებით 10 წელი დასჭირდა დანგრეული საბანკო სისტემის გაჯანსაღებას. 2004 წელს კი თავისი ფუნქციებითა და სტრუქტურით თითქმის პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს. დღეს დანგრეული, დისკრედიტირებული ეროვნული ბანკი გვაქვს. მისი ნგრევა 2005 წლიდან რომან გოცირიძის, დავით ამაღლობელის და გიორგი ქადაგიძის წყალობით დაიწყო. ქადაგიძე კი დღეს გამოდის საზედამხედველო ფუნქციების სებ-თვის დაბრუნების ინიციატივით. ეს კარგია, მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებებზე, რაც სებ-ში 2005 წლიდან განახორციელა. მასთან ერთად ყველა იმ პირს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ვინც სებ-ში სახელმწიფოებრივი წესრიგის მოშლას შეუწყო ხელი. 2005 წლიდან, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლისთანავე, შეიმჩნეოდა ეროვნული ბანკის ნგრევის ნიშნები. სებ-ის ხელმძღვანელობის მხრიდან დაკნინდა სებ-ის, როგორც ფინანსური სტაბილიზატორის, ფუნქცია. ამას ხელი შეუწყო არაკვალიფიციური კადრების მოზღვავებამ, სახელმწიფოებრივი აზროვნების დაკნინებამ და პირადი ინტერესების ჩანაცვლებამ. სებ-ში დამყარდა დიქტატურა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ შეიქმნებოდა ფინანსური დესტაბილიზაცია. პირველი დარტყმა ეროვნული ბანკის რეგიონულ განყოფილებებზე განახორციელეს, კერძოდ, აფხაზეთის განყოფილებაზე, შემდეგ გორის, ახალციხისა და ბოლოს, ქუთაისის განყოფილების გარდა, ყველა განყოფილება გააუქმეს. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ აფხაზეთის განყოფილებას უნდა შეესრულებინა აფხაზეთში ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრების ფუნქცია და მოეხდინა ამ რეგიონის ნაღდი ფულით მომარაგება და კონტროლი. ასევე შეიძლება ითქვას გორის განყოფილებაზე სამაჩაბლოს დაბრუნების შემთხვევაში. კარგად ვიცით იმის შესახებ, რომ ახალციხეში იქ მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მქონე მოსახლეობის ქვეყნის გარეთ მრავალი კონტაქტების გამო, დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა შემოდის და სებ-ის განყოფილების გაუქმებამ შეასუსტა ლარის, როგორც ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრების პოზიციები. 2004 წლიდან დღემდე სებ-ის სავალუტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არაადეკვატური იყო, რაც მიკერძოებულად ერთეულ ბანკებზე სესხის გაცემაში, ფულად-საკრედიტო რეგულირების ინსტრუმენტების ერთეული ბანკებისთვის შემოსავლის წყაროდ ქცევაში, ეროვნული ბანკის მიერ არაკონკურენტული გარემოს შექმნაში გამოიხატებოდა, რის საფუძველზეც ერთეულ ბანკებს მონოპოლია მიენიჭა. 2006 წლის 21 თებერვალს სებ-ის მიერ "საქართველოს ბანკზე" 20 მლნ ლარის ოდენობის კრედიტი 2 წლის ვადით და წლიური 6,2%-ით გაიცა. სესხის მიზანი "საქართველოს ბანკის" მიერ `ინტელექტბანკის" შესყიდვა გახლდათ. სებ-ის მიერ დაკრედიტება იმ მოტივით მოხდა, რომ `ინტელექტბანკის" 30 ათასი მეანაბრე დაზარალებისგან გადარჩენილიყო. სებ-ის მიერ 20 მლნ ლარის ოდენობით ერთ დღეს სესხის გაცემა ეროვნული ბანკის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ ქმედებებს ბანკმა მაშინ მიმართა, როდესაც სესხის გაცემამდე 2 კვირით ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მას რეკომენდაცია მიმოქცევიდან ჭარბი ფულის ამოღებასთან დაკავშირებით მისცა. მოგეხსენებათ, სებ-იდან კრედიტის გაცემა ფულის ემისიის ტოლფასია. კრედიტის გაცემის დროს დაშვებული იქნა უამრავი შეცდომა და კანონდარღვევა. სესხის გაცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 თებერვლის $57 ბრძანებით დამტკიცებული დებულების `ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის მიერ კომერციულ ბანკებზე სესხის გაცემის წესის შესახებ~ შესაბამისად მოხდა. გაცნობებთ, რომ ეს დებულება ღამისთევით დაწერილი დებულებაა, მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკში არსებობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივნისის $148 ბრძანებით დამტკიცებული დებულება "ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის მიერ კომერციულ ბანკებზე სესხის გაცემის წესის შესახებ~, რომელიც განსაზღვრავდა ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციულ ბანკებზე სესხის გაცემის წესებს. ამ დებულებამ სამართლებრივი ექსპერტიზა იუსტიციის სამინისტროში გაიარა და მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი. ხსენებული დებულება მოქმედებდა 2001 წლიდან 2006 წლამდე. დებულების ცვლილებების მიზანი უსამართლობის დაკანონება იყო, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: 1. კრედიტი გაიცა 2 წლით, მაშინ როდესაც "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის და 62-ე მუხლის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე სესხის გაცემა დაშვებულია არაუმეტეს 3 თვით, თუმცა "ეროვნული ბანკის შესახე" საქართველოს ორგანული კანონის 62-ე მუხლით "სებ-ს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული კრედიტების ან ვალდებულებების ვადები სებ-ისთვის მისაღები პროგრამის თანახმად." 2. ახალი დებულებით სებ-ის საბჭოს მიენიჭა განუსაზღვრელი უფლებები სესხის პირობების დასადგენად". წლების განმავლობაში სებ-ის პოლიტიკა, ბანკის ხელმძღვანელობის პირადი ინტერესების გათვალისწინებით, პიარზე და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზეა აგებული. ამის საილუსტრაციოდ თუნდაც 2008 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენები გამოდგება. ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება სებ-ის ხელმძღვანელობამ იმით ახსნა, რომ ლარის კურსის წონასწორობის წერტილი წინასწარ იყო მათ მიერ დაგეგმილი. თუ ეს დაგეგმილი იყო, მაშინ საზოგადოებას წინასწარ უნდა სცოდნოდა. ასევე გამოდგება საკრედიტო აუქციონის შეწყვეტის აბსურდული მიზეზი. შეცდომები იქნა დაშვებული საკასო-საემისიო უბანზე, სადაც მთელი ქვეყნის ქონება ინახება. ეს უბანი იქცა ურთიერთდაპირისპირების და ანგარიშსწორების სარბიელად. შედეგად მივიღეთ დანაკლისი საცავებში და ამას სებ-ის რამდენიმე თანამშრომელი ემსხვერპლა, რომელთაც აანაზღაურებინეს ზარალი და შემდეგ ჩამოაწერეს სესხები. დასკვნები თავად გააკეთეთ. ბანკების საზედამხედველო პოლიტიკასაც არასახელმწიფოებრივი ელფერი დაჰკრავდა, რაც ბანკის მიერ საზედამხედველო პროცედურების მიკერძოებულად განხორციელებაში გამოიხატებოდა. არასახელმწიფოებრივი მიზნებით იყო ნაკარნახევი სსფ-ს წარმომადგენლის კრისტიანსენის დანიშვნა ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარედ. სებ-ის ხელმძღვანელობის არასახელმწიფოებრივ მიდგომას დავით ამაღლობელის სებ-ის გაკოტრების შესახებ განცხადებებიც ადასტურებს, რითაც კიდევ მეტი საფრთხე შეექმნა საფინანსო სისტემას და საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის მხრიდან ნდობის გაქარწყლება გამოიწვია, მაშინ როდესაც სებ-ს ჰქონდა 70 მლნ. ლარის ოდენობით მოგება. ვფიქრობ, ეს ქმედება იყო შეგნებულად მიმართული სებ-ის ფუნქციების და უუნარობის შესახებ შეხედულების შესაქმნელად, რათა უფრო კარგად მომხდარიყო სებ-ის ნგრევა. ასევე გაუმართლებელი იყო სებ-ის საკადრო პოლიტიკა, რადგან 2005 წლიდან დაიწყო არაკვალიფიციური კადრის მოზღვავება. ბანკიდან შტატების ოპტიმიზაციის მიზნით, პროფესიონალები დაითხოვეს. სინამდვილეში მოხდა ახალი თანამშრომლების მიღება იმავე ოდენობით, რა ოდენობითაც დაითხოვეს. სებ-ის ხელმძღვანელობის მიერ გატარებულმა არასახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ სებ-ს და ქვეყანას უდიდესი ზარალი მიაყენა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, თუ ვინმეს ექნება სურვილი დაიცვას სებ-ის პოზიციები და გაამართლოს სებ-ის ხელმძღვანელობის ქმედებები, კომპეტენტურ პირებს ვიწვევ ტელედებატებში, რათა საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ როგორ დაანგრიეს სებ-ის არსებულმა ხელმძღვანელებმა საქართველოს ეროვნული ბანკი". ასე რომ, ჯერი ეროვნულ ბანკზეა. ქალბატონმა მადონამ ჩვენი ქვეყნის მთავარ რეგულატორს სერიოზული ბრალდებები წაუყენა. ამ ბრალდებებს კი პასუხი უნდა გაეცეს. ბუნებრივია, B&F წამოჭრილი საკითხების ტაობაზე, ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთიბის სამსახურს რამდენიმე კითხვით მიმართა. სამწუხაროდ გაზეთის ბეჭდვაში ჩაშვების ბოლო მომენტამდე კითხვებზე პასუხი ჩვენამდე არ მოსულა. იმედს, ვიტოვებთ, რომ მომდევნო ნომერში გვექნება საშუალება ეროვნული ბანკის პოზიციაც შემოგთავაზოთ.
|