ნანახია: 594
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) ახალი კრედიტის აღების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკებების საბოლოო შედეგები 22 ივლისს გახდება ცნობილი და გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველო ახალ შეღავათიან კრედიტს, რომლის მოცულობა 1,5 მილიარდი დოლარია. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს თანხა საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებას უნდა მოხმარდეს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოს საგარეო ვალი 2 მილიარდ 924 972 000 მილიონი აშშ დოლარია. ამ სესხის აღების შემთხვევაში კი ჩვენი საგარეო ვალი 4,4 მლრდ. დოლარს მიაღწევს. როგორ უყურებენ მთავრობის ამ ნაბიჯს ექსპერტები და რამდენად გამართლებულად მიაჩნიათ დამატებითი კრედიტის აღება ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად, ამ კითხვებით `ბ&ფ~-მა ექსპერტებს მიმართა. ნოდარ ხადური, ექსპერტი, - "ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. იმიტომ რომ 1.5 მლრდ. დოლარის დამატებით აღება გადახდისუნარიანობას ძალიან დააზიანებს. ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მისი აღება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ეკონომიკურ კრიზისს სერიოზულად აღიარებს". ირაკლი ლექვინაძე, საინფორმაციო სააგენტო GBჩ-ის მთავარი რედაქტორი, - "30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა დაახლოებით 3 მლრდ აშშ დოლარს აღწევს, მშპ-ს მოცულობა კი აშშ დოლარებში დაახლოებით 11,5 მლრდ.-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში 26%-ია, რაც უკვე არის საყურადღებო მაჩვენებელი. ამის გარდა, მთავრობა აპირებს ახალი სესხის აღებას სავალუტო ფონდიდან 1,5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობით და აზიის განვითარების ბანკიდან 300 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით, ანუ ახალი ვალდებულებების აღების შემდეგ ვალის მოცულობა 4,8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც მშპ-ს 42%-ს უტოლდება, ვფიქრობ, ეს უკვე საგანგაშო მაჩვენებელია და მთავრობამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა იფიქროს. თუ უხეშად დავთვლით, საქართველოს თითოეული მოქალაქეს, ანუ ყოველ ჩვენთაგანს, 1120 აშშ დოლარის ოდენობის ვალი უკვე გვაქვს. მთავარი პრობლემა ვალის ზრდის დინამიკაში არის ის, რომ ამ თანხების დიდი ნაწილი იხარჯება არაკვლავწარმოებით სექტორში, მიმდინარე ხარჯებისთვის. აღებული ვალით კი ჩვენი მოქალაქეების მიერ ძირითადად (65-70%) იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვები ხორციელდება. გამოდის, რომ ჩვენი ქვეყანა აღებული ვალით აფინანსებს თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სხვა ქვეყნების ეკონომიკებს, რადგან ისინი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან. აუცილებელია მაქსიმალურად სწრაფად შემუშავდეს სტრატეგია, რა სახსრებით და რესურსით აპირებს ქვეყანა ვალის გასტუმრებას და მოხდეს საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია, სხვა შემთხვევაში დეფოლტის პრობლემა აუცილებლად დაგვიდგება". ლევან კალანდაძე, ექსპერტი, - "საბიუჯეტო პროცესების მონიტორინგი ბოლო პერიოდში საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ ქვეყანაში სრულყოფილად არ ხდება იმ საბიუჯეტო ინსტრუმენტებისა და ბერკეტების გამოყენება, რომლებმაც საბიუჯეტო მენეჯმენტი, საბიუჯეტო პროცესი კრიზისულ სიტუაციაში მოქნილი და ეფექტური უნდა გახადოს. არადა, თითქოს ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ საგარეო თუ შიდა წყაროებიდან სესხის და კრედიტის აღება სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბოლომდე იქნება გამოყენებული ბიუჯეტის ოპტიმიზაციის სხვა შიდა ინსტრუმენტები და მეთოდები. მაგალითად, როგორებიცაა სახელისუფლებო-ადმინისტრაციული ხარჯებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ხარჯების შემცირება, რომლებიც ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით `სარგებლის~ მომტანი პროექტები პრინციპულად არ არის. სწორედ საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და ინფრასტრუქტურული პროექტების შეზღუდვა უნდა იყოს პრიორიტეტული ხელისუფლებისთვის მიმდინარე ეტაპზე და არა ახალი საგარეო ვალის, დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება. მითუმეტეს, მოსალოდნელი საბიუჯეტო კრიზისის ფონზე და საგარეო ვალის ისედაც მნიშვნელოვანი ზრდის პირობებში ეს ყოვლად გაუმართლებელ ნაბიჯად მესახება. საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდა ეკონომიკური პარადოქსების ქვეყნად - ვზრდით სახელმწიფო ბიუჯეტს საშემოსავლო ნაწილში იმისთვის, რომ საგარეო წყაროებიდან კრედიტები ავიღოთ და გაურკვეველი ეკონომიკური ეფექტის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტები დავაფინანსოთ?! ჩვენ, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ეფექტურად და ბოლომდე არ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, რითაც პრაქტიკულად ვახდენთ მოსალოდნელი საბიუჯეტო კრიზისის გაღრმავების სტიმულირებას და პროვოცირებას. საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით დღეს რეზერვები, ვფიქრობ, საკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებას დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან არ სჭირდებოდეს. ამისთვის მხოლოდ ნება და მონდომებაა საჭირო". დემურ გიორხელიძე, ექსპერტი, - "ამ ყველაფერს ცუდ შეფასებას მივცემ, იმიტომ რომ ასეთი დიდი ვალის აღების აუცილებლობა, იმისათვის რომ რაღაც პროექტები განხორციელდეს, არ არის. ეს ნაბიჯი გამართლებული არა არის. ამითი მოხდება ის, რომ საგარეო ვალის ტვირთი სახელმწიფოს დააწვება, საქართველოს ეკონომიკაში ახლა არაფერი ისეთი ცვლილება და ძვრა არ ხდება, რომ ჩვენ ასეთი დიდი ვალის გასტუმრება შევძლოთ. მართალია, ეს შესაძლოა იყოს გრძელვადიანი, მაგრამ ჩვენ საგარეო ვალი უკვე 4.5 მლრდ. გახდება, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია". პაატა შეშელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი, ექსპერტი, - "სავალუტო ფონდი, როგორც წესი, კრედიტს ვალუტის სტაბილურობისთვის იძლევა. სავალუტო ფონდი ბიუჯეტის გასაზრდელად თანხებს არ იძლევა. ის არ შეიძლება იყოს გამოყენებული საბიუჯეტო ხარჯებისთვის. საქმე რაღაცა სახის დეზინფორმაციასთან გვაქვს. ვფიქრობ, ის ეროვნული ბანკის რეზერვის გასაზრდელად იქნება გამოყენებული. ჩემი აზრით, ზედმეტი ვალდებულებების აღებაა. ეს კი ქვეყანას საერთოდ არ სჭირდება. შესაძლოა სახელმწიფო გეგმავს, რომ შემდეგში ეროვნული ბანკისგან ისესხოს თანხა, რაც კანონით აკრძალულია, ეგ სხვა რამეა. შეიძლება მათ გამოსცენ ფასიანი ქაღალდები და რაღაც მსგავსი მაქინაციები აკეთონ იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეროვნული ბანკისგან ამ თანხის გატანა მოახერხოს. რაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, თხრილში ჩააგდებს". გია ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი, - "ეს წარმოუდგენელია. 1.5 მლრდ. დოლარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ნამდვილად არ გვასესხებს, რადგან კვოტა არის 250.000.000, ზაფხულში მომხდარი მოვლენები გამონაკლისი იყო, როდესაც სამჯერ მეტი 750.000.000 გამოიყო. 1.5 მილიარდი არის გამორიცხული ციფრი". გია ხუხაშვილი, ექსპერტი, - "სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ ქვეყანაში არის ფინანსური შიმშილი, ქვეყანას საბიუჯეტო შიმშილი ელოდება და აქედან გამომდინარე, გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ავიღოთ სესხი. სხვა საკითხია, რომ საქართველოს მიერ აღებული სესხი უკვე იმ ნიშნულზე აღწევს, რომ ქვეყნის ბიუჯეტის სრულ მოცულობას ძალიან უახლოვდება, რაც დეფოლტის რისკს ზრდის. დამატებითი ვალდებულებების აღება, რაც არ უნდა შეღავათიანად ხდებოდეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი დაფარვა ჩვენი ჯიბეებიდან უნდა მოხდეს. კონკრეტული პირობების გაგების შემდეგ, ალბათ, უფრო კონკრეტულად შეიძლება დასკვნების გამოტანა". სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი, - "სესხების აღებაში ყოჩაღები ვართ, ოღონდ მერე გვიჭირს ხალხს გავაგებინოთ რისთვის ავიღეთ ეს სესხი. გვიჭირს გავიგოთ რისთვის ავიღეთ 0.5 მლრდ. ევროობლიგაცია 2008 წლის თებერვალში. ისე გაუჩინარდა ქართული პოლიტიკის სცენიდან იმ სესხის მეხოტბე პრემიერ-მინისტრი გურგენიძე, რომ ისიც კი არ დაუბარებია, რატომ ისესხა და სად წაიღო ეს ფული. არაერთი მცდელობა იყო იმისა, რომ საჯაროდ წარედგინათ, თუ სად დაიხარჯა ეს თანხა, ამას ვერ მივაღწიეთ. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხა საომარი სამზადისისთვის დაიხარჯა. ახლა 1.5 მლრდ. დოლარს ვიღებთ, მაშინ როდესაც ჩვენ საკმაოდ დიდი დახმარება მივიღეთ 2008 წლის სექტემბერში ბრიუსელში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგად, რაც იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ომში დაჩაგრული საქართველოსთვის. რომ არა ის დახმარება, დღევანდელი ყოფა ბევრად უფრო სავალალო იქნებოდა. ასეთი დახმარებები, როგორც წესი, არც თუU უანგაროა, რადგან ქვეყნის შიდა საფინანსო-სავალუტო პოლიტიკა იზღუდება და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ ასეთ შემონადენს საქართველოში მთავრობის მხრიდან საკმარისი ინტელექტუალური პოტენციალი არ ხვდება იმისთვის, რომ დასაბუთდეს ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო ქმედებების აუცილებლობა".
მოამზადა ირმა ზარნაძემ
|