ნანახია: 1359
ორშაბათს ლარი დოლარის მიმართ ერთბაშად 18%-ით გაუფასურდა. ასე რომ, 11 ნოემბრიდან საქართველოში აშშ დოლარის მიმართ ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.6500 ლარი შევიდა ძალაში. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ორშაბათს გამართული ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.6500, ხოლო ევროს მიმართ 2,1178 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის დავით ამაღლობელის განცხადებით, აღნიშნულ წონასწორობამდე ლარის მისვლის შესაკავებლად სებ-მა საკუთარი ბერკეტები მიზანმიმართულად არ გამოიყენა, რათა მაკროეკონომიკური ბალანსი დაცულიყო. ორშაბათს საბირჟო ვაჭრობა კურსით - 1 აშშ დოლარი/1.4900 ლარი დაიწყო. უცხოურ ვალუტაზე კომერციული ბანკების მხრიდან თავდაპირველმა მოთხოვნამ 77 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ მიწოდება არ ყოფილა. ამის შედეგად თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟზე ვაჭრობაზე მოთხოვნა-მიწოდება 1 აშშ დოლარი/1.6500 ლარი კურსით დაბალანსდა. ლარის გაუფასურების ტენდენცია ჯერ კიდევ პარასკევს დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე დოლარზე არსებული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რის შედეგად პარასკევს ლარი დოლარის მიმართ 0,05 პუნქტით გაუფასურდა და 1,49 ნიშნულს გაუტოლდა. შაბათ-კვირა კი საერთოდ ლარის დიდი სისწრაფით გაუფასურების პერიოდი აღმოჩნდა. ამ დღეებში საქართველოს ეროვნული ვალუტა, როგორც დოლარის ასევე ევროს მიმართაც დაეცა. თუ ჯერ კიდევ პარასკევს ერთი დოლარი 1,49, ხოლო ევრო 1,9088 ლარზე იცვლებოდა, ორშაბათს უკვე 1 დოლარი 1,65, ხოლო ევრო 2,1178 ნიშნულზე ავიდა. ლარი ევროს მიმართ 0,2090, ხოლო დოლარის მიმართ 0,16, ნიშნულით გაუფასურდა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ბოლო პერიოდში ლარი ხელოვნურად მყარდებოდა დოლართან მიმართებაში, რომლის მიმართ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ყველა ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა. კურსის წონასწორობის ასეთ დონეზე აღდგენა კი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. სებ-ში განმარტავენ, რომ პარასკევი ამ ოპერაციისთვის სპეციალურად შეირჩა, რათა რყევები შაბათ-კვირას დამთხვეოდა და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. "კურსის კორექტირება ნაკარნახევი იყო ეკონომიკური მოსაზრებებით. ამისათვის ოპტიმალური დრო შეირჩა. დღეისათვის კურსმა წონასწორობის წერტილს მიაღწია და დამატებით კორექტირებას არ საჭიროებს. გაგრძელდება ეროვნული ბანკის არსებული პოლიტიკა, ანუ განხორციელდება სავალუტო ბირჟაზე ინტერვენციები და შენარჩუნებული იქნება კურსის სტაბილურობა, რისთვისაც საქართველოს ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები გააჩნია. ამასთან, დავსძენ, გრძელვადიან პერიოდში კურსის მკვეთრი გაუფასურების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა. მისვე ინფორმაციით, მომავალში ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის მოსალოდნელი. სებ-ს საკმარისი რეზერვები გააჩნია, რომ ლარი წონასწორობის ახალ წერტილში შეინარჩუნოს. ამ დროისთვის რეზერვების მოცულობა 1,150 მლრდ. დოლარია, ამას დაემატება აშშ-ის მხრიდან 250 მლნ. აშშ დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ცენტრალური ბანკი უახლოეს მომავალში მიიღებს. ამაღლობელის განმარტებით, არათანდათანობით, არამედ ერთბაშად, მაკროეკონომიკური გათვლებით, ვალუტის გონიერი წონასწორობის წერტილში მიყვანა ცნობილი პრაქტიკაა. მისი უპირატესობა სწრაფი დოლარიზაციის და მოლოდინის გამო ფასების ზრდის თავიდან აცილებაა, თუმცა ზოგიერთი ბიზნეს-კომპანიის მიერ პროდუქტის და მომსახურების გაძვირებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. "ეს ცვლილება ინფლაციაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ მოახდენს, რადგან ფასების ზრდის ეკონომიკური საფუძველი არ არის. ლარის კურსის ამ კორექტირებით, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კალათასთან მიმართებაში, დღეს არსებული ლარის კურსი არის უცვლელი, თუ შევადარებთ სამი თვის წინანდელ დონეს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რისთვისაც ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსები და ინსტრუმენტები," - აცხადებს დავით ამაღლობელი. არსებობს თუ არა ფასების გაძვირების საფუძველი, ამაზე საქართველოში მოქმედ ბევრ იმპორტიორ კომპანიას არც უფიქრია და მათ თავიანთ პროდუქციაზე ფასები თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ორშაბათს გამართული ვაჭრობის დასრულებიდან სულ რაღაც 2 საათში გაზარდეს. რა აძლევთ სებ-ში ასეთი განცხადებების გაკეთების საფუძველს უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ლარის კურსის გაუფასურება იმპორტიორების წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. Aაქდან გამომდინარე, ისინი თავიანთ ჯიბეს არ დააზარალებენ და პროდუქტზე ფასებს გაზრდიან. ჩვენი ქვეყნის ბაზარზე კი 80% იმპორტირებულ პროდუქციას უკავია. სავალუტო ოპერაციასთან და ამაღლობელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ლარის ასეთი სწრაფი გაუფასურება ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს: "ეკონომიკას ხელი შეუწყო ამ პანიკით და უბედურებით? ამაღლობელის ამ განცხადებაზე კომენტარი ფსიქიატრებმა უნდა გააკეთონ, აქ ფინანსისტები არაფერ შუაში ვართ. ნორმალურმა კაცმა ეგ არ უნდა თქვას. არის ასეთი თეორიული და პრაქტიკული მიმართულება, რომ ლარის თანდათანობითი გაუფასურებით ხელი შეუწყო ექსპორტის განვითარებას, მაგრამ 7%-ზე მეტად ეროვნული ვალუტის ცვლილება, ზევით ან ქვევით, სავალუტო კატასტროფაა. ლარის ასეთი სისწრაფით გაუფასურების შედეგად ფასები ავტომატურად მოიმატებს და დამერწმუნეთ, მომავალში ლარი ისევ რომ გამყარდეს, ფასები არ დაიწევს და ისევ იგივე დარჩება. ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გვაქვს." ძნელია, არ დაეთანხმო ნოდარ ჯავახიშვილს. თუ წინა წლებს გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ ლარის დიდი სისწრაფით გამყარების მიუხედავად, საქართველოში თითქმის ყველა პროდუქციაზე ფასები შემცირების ნაცვლად განუწყვეტლივ იზრდებოდა. ლარის დიდი სისწრაფით გაუფასურებაზე, ასევე განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტ თამაზ აქუბარდიას. მისი აზრით, ხელისუფლებამ ლარი, კონკრეტული ბიზნესმენების ჯიბის გასასქელებლად, ხელოვნურად გააუფასურა, - "ლარი კი არ დაეცა, დააგდეს. მე ღრმად მწამს, რომ ეს ყოველივე ბენზინის ბიზნესთან არის დაკავშირებული. მსოფლიო ბირჟებზე ბარელი ნავთობის ფასი 57 დოლარამდე დაეცა, ეს არის კატასტროფული დონე. ნავთობის ფასი 3-ჯერ დავარდა. ლარი იმიტომ გააუფასურეს, რომ ბენზინის ფასების შემცირება შეაჩერონ და ასე სასწრაფოდ იმიტომ დააგდეს, რომ გაამართლონ საქართველოს ბაზარზე ბენზინის ფასის არ დაწევა. ჩემი აზრით, ეს ასეა. ვერ ვამტკიცებ, უბრალოდ, ჩემი ინტუიცია ამას მეუბნება," - განაცხადა თამაზ აქუბარდიამ. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურებისაკენ მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოში წარმოებულმა ომმა უბიძგა. წაგებულმა ომმა თავისი გავლენა ეროვნულ ვალუტაზეც იქონია. აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს, როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, კოეფიციენტი ძალიან დაეცა, რამაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლის სერიოზული შემცირება გამოიწვია. ინვესტიციების შემცირებამ პირდაპირპროპორციულად ლარზე მოთხოვნის შემცირებაზე იმოქმედა. ამის პარალელურად გაიზარდა დოლარზე მოთხოვნა და სებ-ს არსებული კურსის შესანარჩუნებლად, სავალუტო ბირჟაზე მილიონობით დოლარის ხარჯვა უწევდა. "დოლარის გამყარება, მასზე მოთხოვნის გაზრდითაა გამოწვული. ეს მოთხოვნა რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. პირველ რიგში, სავაჭრო დეფიციტით, რომელიც წელს უკვე 3,5 მილიარდს გადაცდა. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს 4 მილიარდიც იქნება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ ადრე ამ დეფიციტის დაბალანსება უცხოური ინვესტიციებით და პრივატიზაციიდან შემოსული თანხების საშუალებით ხდებოდა. ომის შემდეგ ეს ნაკადები შემცირებულია და ბუნებრივია, ამან დოლარზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია. ამ მოთხოვნას თავისი რეზერვებით ეროვნული ბანკი აბალანსებს. სებ-მა აგვისტოს თვეში თითქმის 180 მილიონი, ხოლო ბოლო ერთ კვირაში კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 მლნ. დოლარი დახარჯა იმისათვის, რომ ლარის კურსი შეენარჩუნებინა," - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი კოვზანაძე. 1 აშშ დოლარი/1,65 ლარი – ეს კურსი ოპტიმალურად მიაჩნია საქართველოში სსფ-ის ყოფილ წარმომადგენელს რობერტ კრისტიანსენს, რომელიც ამ დროისათვის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელობს. "ლარის წონასწორობის ახალი ნიშნული მიმდინარე მოვლენების ადეკვატურია, რადგან გლობალური ფინანსური კრიზისის თუ ლოკალური მოვლენების გამო, საქართველოში კაპიტალის შემოდინებამ იკლო. უცხოური ინვესტორების მხრიდან კი ლარზე მოთხოვნა შემცირდა. ეროვნული ვალუტის კურსის კორექტირება აუცილებელი იყო. ეს იმპორტს გააძვირებს, თუმცა ე.წ სავაჭრო დეფიციტის დაფარვას შეუწყობს ხელს, ამასთანავე ექსპორტს წაახალისებს და კონკურენტუნარიანს გახდის," - აცხადებს რობერტ კრისტიანსენმა. ასე თუ ისე, ლარი გაუფასურდა. რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას, აყვავდება საქართველოს ექსპორტი, თუ იმპორტიორებს კიდევ ერთი მიზეზი მიეცემათ ლარის კურსის დაცემით პროდუქტები გააძვირონ, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ფაქტი კი ერთია, საქართველოს ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა დაიღალა ამ გაუთავებელი სავალუტო ექსპერიმენტებით. ხალხმა უკვე აღარ იცის, რომელ ვალუტას ენდოს.
მერაბ ჯანიაშვილი
|