ნანახია: 785
საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია და ფართოდ განიხილება ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი. როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპერტთა მოსაზრებები და შეფასებები არაერთგვაროვანია. ნაწილი ექსპერტებისა მას მკვეთრად ნეგატიურად აფასებს, ნაწილი კი თვლის, რომ წარმოდგენილ პაკეტს, პროცესების სწორი მენეჯმენტის პირობებში, პოზიტიური შედეგის მოტანა შეუძლია. განსაკუთრებული განსჯის ობიექტს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ის მუხლი წარმოადგენს, სადაც საუბარი სახელმწიფოს მხრიდან 260 მილიონი ლარის ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების გამოშვებაზეა. ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს ექსპერტი ლევან კალანდაძე გვიზიარებს. დავიწყოთ იმით, რომ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ხუთივე პუნქტი ძალზედ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ამასთან, მათი განხილვა კომპლექსურად, ერთმანეთთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა ეკონომიკურ თუ სოციალურ პროცესებთან ერთობლივად უნდა მოხდეს. მაგრამ, ამ ეტაპზე საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებულად იმ ფაქტორებზე მინდა შევაჩერო, რომელსაც სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ანუ სახელმწიფოს მხრიდან მორიგი სესხის, დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება განსაზღვრავს. საერთოდ, ვფიქრობ, სახაზინო ვალდებულებების თემა ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი თემაა და ხელისუფლება მას ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყრას და ეკონომიკურ პროცესებზე ზემოქმედების ამ მეთოდს იგი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიმართავდეს. მითი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საინტერესოა თავად ამ ღონისძიების, მხედველობაში ახალი 260 მილიონიანი სახაზინო ვალდებულებების გამოშვება მაქვს, ეკონომიკური შინაარსი და მოლოდინები, ის სოციალ-ეკონომიკური ეფექტი, რომელსაც იგი მოგვცემს. სამწუხაროდ, წარმოდგენილი პაკეტი ამ მიმართულებით არც თუ დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საფუძველს მაძლევს. მთავრობა გეგმავს ბანკებში არსებული თავისუფალი საკრედიტო რესურსის 13%-იანი წლიური სარგებელით დაბანდებას სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებში ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ფულის სესხებას კომერციული ბანკებისაგან. თუ გავითვალისწინებთ, რომ სარგებლის საპროცენტო განაკვეთი მაღალი არ არის, მაგრამ გარანტირებული და პრაქტიკულად ურისკოა, ამავდროულად იმასაც, რომ საქართველოს კომერციული ბანკების მიერ კრიზისულ სიტუაციებში რისკების მართვისა და ადმინისტრირების დონე არც თუ სახარბიელოა, ბანკები ამ წინადადებას დათანხმდებიან და საკუთარ საკრედიტო რესურსს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებში განათავსებენ. ეს კი რეალურად გამოიწვევს ქვეყანაში არსებული საკრედიტო შიმშილის გაღრმავებას. ანუ ის თანხები, რომლებიც ეკონომიკისა და ბიზნესის დასაფინანსებლად უნდა მიდიოდეს, პრაქტიკულად, ამოღებული იქნება საბანკო არხებიდან. ეს განსაკუთრებით ნეგატიურად მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე აისახება და დღეს არსებული საკრედიტო დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. შედეგად, ბუნებრივად მოხდება ეკონომიკური ვარდნის პროვოცირება და სტიმულირება. პრემიერი აცხადებს, რომ ბანკების ჭარბი ფულის დაბანდება ეკონომიკაში სახელმწიფოს საშუალებით უნდა მოხდეს. რა გამოდის?! _ სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს საბანკო სფეროს ფუნქციას და თავად იწყებს ბიზნესის დაფინანსებას, თავად განსაზღვრავს ბიზნეს-საქმიანობის რომელი მიმართულებაა პრიორიტეტული, თავად იწყებს ბიზნეს საქმიანობას და თავის თავზე იღებს იმ რისკ ფაქტორებს, რომლებიც ამ პროცესებს ახლავს თან?! ვფიქრობ, ეს სრულიადაც არ არის სახელმწიფოს კლასიკური ფუნქცია. სახელმწიფომ ხელსაყრელი პირობები და გარემო უნდა შექმნას ბანკების მიერ ეკონომიკური პროცესებისა და ბიზნესის დასაფინანსებლად და არა თავად განახორციელოს ბიზნესსაქმიანობა. სამწუხაროა, მაგრამ ძალზედ ოპტიმისტური, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებულად ოპტიმისტურიც კი მეჩვენება მოლოდინები და მოსალოდნელი შედეგები ეფექტურობის თვალსაზრისით იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებასაც სახელმწიფო აპირებს კომერციული ბანკებიდან ე.წ. თავისუფალი საკრედიტო თანხების მოზიდვით. საბოლოო ჯამში, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება სასურველ ეკონომიკურ, მითუმეტეს ფისკალურ სარგებელს სახელმწიფოს ვერ მოუტანს. გზების მშენებლობა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები რეალურად ეკონომიკა არ არის. იგი მხოლოდ მის ნაწილად შეიძლება იქნეს განხილული. ამგვარი პროექტები, თუნდაც მასშტაბური ხასიათის, ეკონომიკური განვითარების პროცესებზე, უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტასა და საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებაზე რეალურ და ქვეყნის დღევანდელი საჭიროების ადეკვატურ გავლენას ვერ მოახდენს. ამან შესაძლებელია შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები, დროებითი შემოსავალი მისცეს სამშენებლო თუ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს, ანუ ეკონომიკური და ბიზნესაქტიურობის ილუზორული, ე.წ. "მირაჟის ეფექტი", მაგრამ თავად პროცესი მაინც მყიფე და ერთჯერადი ხასიათის იქნება, ხოლო მისი მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი, ვფიქრობ, ნულის ტოლი. თუ ასეთი ეფექტური და ეკონომიკურად მიმზიდველია აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, რატომ უშუალოდ თავად ბანკები პირდაპირი წესით არ აფინანსებენ ამ პროექტებში მონაწილე სამშენებლო თუ სხვა პროფილის კომპანიებს?! პასუხი მარტივია _ არ სურთ გასწიონ რისკი (?!). პრაქტიკულად, ამგვარი ინფრასტრუქტურული პროექტების სტიმულირება წარმოდგენილი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის იმ მუხლის გაგრძელებაა, სადაც ლაპარაკია საეჭვო რეპუტაციის მქონე სამშენებლო კომპანიების "გადარჩენაზე". ბანკებს კი "გადამრჩენლის" ფუნქციის თავზე აღება ლოგიკურია არ სურთ. ვის უნდა აუტკივარი თავის ატკივება?! მეჩვენება, რომ სახაზინო ვალდებულებებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხის აქტუალობა ისევ `ვიღაცის~ გადარჩენას ემსახურება. თუმცა, სავსებით დაუმსახურებლად. ამ თვალსაზრისით სახელმწიფოსთვის ეფექტური კრიზის-მენეჯმენტის დაგეგმვისა და განხორციელებისას მთავარი და პრიორიტეტული უნდა იყოს ის, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად ეკონომიკის განვითარებასა და ბიზნესის დაფინანსების მასტიმულირებელი გარემოს შექმნას. ანუ, ბანკების გააქტიურებას ეკონომიკური პროცესების დაფინანსების მიმართულებით და არა პირიქით, რაც დღეს სახეზეა, როცა პრაქტიკულად საბანკო სექტორი, ნებით თუ უნებლიედ, უარს ამბობს თავისი მთავარი ფუნქციის განხორციელებაზე და ამ ფუნქციის დელეგირებას მთავრობაზე ახდენს. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფო თავად ხდება "მეურნე" სუბიექტი, რასაც ჩვენდა უნებურად, პირდაპირ მივყავართ სახელმწიფოს მთავარი ფუნქციის _ პოლიტიკის შექმნითა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგის, კონტროლის ეფექტური სისტემის განხორციელების ფუნქციის დაკარგვისკენ და მოშლისკენ. `მეურნე~ და "ბიზნეს" სახელმწიფო ბუნებრივად კარგავს პროცესების ობიექტურად შეფასების და შემდგომ მათი ეფექტურად მართვის უნარს. ეს საშიში ტენდენციაა. პრიორიტეტების არასწორი და არათანმიმდევრული გამოკვეთა სამომავლოდ ბუნებრივად შეუქმნის სირთულეებს სახელმწიფოს სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით ბანკებისადმი აღებული ვალდებულებების და მათზე სარგებლის 13%-იანი საპროცენტო განაკვეთის გადახდის კუთხით. ეს კი, არსებული ეკონომიკური კრიზისისა და მოსალოდნელი საბიუჯეტო დეფიციტის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან ახალი ვალდებულებების, ახალი სესხების აღების მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდება. არც ისაა გამორიცხული, რომ მძიმე კრიზისული ფონის გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მოტივით მობილიზებული ფონდები სხვა, მაგალითად, სოციალური ხარჯების, პენსიების და ხელფასების დასაფინანსებლად გადამისამართდეს. არის თუ არა რეალურად ქვეყანაში კრიზისი? რა თქმა უნდა, არის. და თანაც ძალზედ ღრმა და შორს წასული. ამას ჩვენს გარდა ყველა აღიარებს და შესაბამის ზომებსაც იღებს. სწორედ კრიზისის დასაძლევად სოციალური საჭიროებებისთვის (ძირითადად სოციალური შემწეობები და სოციალური მომსახურების თანხები) იგეგმება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 80 მილიონი დოლარის სესხის გამოყოფა. ჩვენი ექსპერტების მსგავსად, მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტიციების შემოდინება, შემცირდა ინვესტორების ნდობის ხარისხი და რამაც ნეგატიური ასახვა ჰპოვა ზოგადად ეკონომიკური პროცესების და ბიზნესაქტივობის მაჩვენებლებზე, რამაც თავის მხრივ მოახდინა უმუშევრობის დონის საგრძნობი მატების სტიმულირება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში არსებული ინფლაციის დაბალი დონე (მაგალითად, ივნისი 2,3%) ეკონომიკაში რეცესიითა და უმუშევრობის ზრდით არის განპირობებული. ხოლო ამ ტენდენციის პარალელურად სამომხმარებლო და სასურსათო ფასების მატება იმის მანიშნებელია, რომ სოციალური ფონი მკვეთრად ნეგატიური ხდება. და ამ პირობებში საზოგადოებას არწმუნებს, რომ ბანკებს გააჩნიათ ე.წ. ჭარბი საკრედიტო რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მიერ უნდა იქნეს "ათვისებული". სამწუხაროდ, საბანკო არხებში არსებული ეს ე.წ. ჭარბი საკრედიტო რესურსი სწორედ იმ კრიზისის ადეკვატური გამოსახულებაა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სახეზეა. რეალურად კი ჭარბი საკრედიტო რესურსის გაჩენა ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როცა საკრედიტო რესურსზე ბიზნესისა და ეკონომიკის მოთხოვნა გაცილებით მცირეა მისი მიწოდების დონეზე, რაც საბანკო არხებში აჩენს კრედიტად გაუცემელ და დაუსაქონლებელ ფულის დიდ მასას. ანუ, ბიზნესი საბრუნავი კაპიტალის საკმარისი ოდენობის გამო, სრულად ვერ ითვისებს საბანკო არხებში არსებულ საკრედიტო ფონდებს. ჩვენს ქვეყანაში პირიქითაა _ საკრედიტო რესურსზე მოთხოვნა მკვეთრად აღემატება მის მიწოდებას, ბიზნესი და ეკონომიკა პრაქტიკულად დაუფინანსებელია, ქვეყანაში ტოტალური საკრედიტო "შიმშილია" და ეს არა იმის გამო, რომ ბანკებს საკრედიტო რესურსი შეზღუდული ან არასაკმარისი რაოდენობით აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მაღალრისკიანი გარემოს გამო ბანკები თავს იკავებენ დააფინანსონ ბიზნესპროექტები. ამ პირობებში კი კომერციული ბანკები გადაწყვეტილებას იღებენ "დააკრედიტონ" სახელმწიფო ხარჯები (?!). ცნობისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბანკებში დეპოზიტების 8%-იანი ზრდა ფიქსირდება. მაშინ, როცა ანალოგიური პერიოდისთვის ბანკების მიერ კრედიტების გაცემის მაჩვენებელი ამ მდგომარეობის არაადეკვატურია _ გაცემული სესხების ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 0,2%-ია. სავსებით გასაგებია, რომ კრიზისი, ზოგადად, სირთულეები და პრობლემები ადამიანის ფსიქოლოგიურ, ხშირად შინაგან დეპრესიულ ფაქტორებთანაც არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ქართველებში. ანუ, ადამიანები თავად აყალიბებენ და ქმნიან საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ადეკვატურ, შესაბამის გარემო პირობებს და გარკვეულ წილად, წარმართავენ მათ გარშემო მიმდინარე პროცესებს. მდგრადი ფსიქოლოგიური განწყობა და შინაგანი წონასწორობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს პროცესების და განსაკუთრებით კი კრიტიკულ სიტუაციებში არსებული გარემოს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებისა და მართვის ეფექტურობას. მაგრამ ეს ფსიქოშემეცნებისა და ფსიქომენეჯმენტის პროცესი ზღვარდადებული უნდა იქნეს, რადგან იგი მენტალურ პრობლემებში არ გადაიზარდოს. და ვიძახოთ ის, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის და ჩვენი ნაბიჯები ისტორიული თუ განვითარების ბუნებრივი, გარდაუვალი პირობებითაა ნაკარნახევი და არა კრიზის-მენეჯმენტის მოქნილი და ელასტიური სისტემის შექმნის აუცილებლობით, არასწორია და შედეგის თვალსაზრისით წარუმატებელი იქნება. ამასთან, არც თუ უსაფუძვლოდ, მსოფლიო ბანკი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს და ბუნებრივია, მათ შორის საქართველოსაც, ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღას უწინასწარმეტყველებს, რომელიც ექსპერტული შეფასებით უფრო ღრმა და საყოველთაო იქნება. მსოფლიო ბანკის რეკომენდაცია შემდეგია _ ქვეყნებმა, და მათ შორის საქართველომაც, კორექტირება უნდა შეიტანონ თავიანთ ფისკალურ პოლიტიკაში და მოახდინონ ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაცია. ვფიქრობ, საყურადღებო დეტალია.
საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა თუ ხარჯების ოპტიმიზაცია? მთავრობისეული ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა და სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების თემის ერთგვარი გაგრძელებაა სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში 315 მილიონი ლარის ზრდას ითვალისწინებს. და ეს იმ პირობებში, როცა ბოლო პერიოდში საგადასახადო შემოსავლების კუთხით, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული სირთულეები შეინიშნება და სავსებით სამართლიანი, ობიექტური ეჭვი ჩნდება იმისა, რომ ფისკალური წელი წარუმატებელი იქნება. მაშინ რა აზრი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის დაგეგმვას და ამ მიზნით ახალი ცვლილების შეტანას კანონში, თუ საგადასახადო შემოსავლები რეალურად მცირდება და პრაქტიკულად მოსალოდნელია ხარჯვითი ნაწილის დეფიციტი 2009 წლის მეორე ნახევარში?! აზრი სწორედ ისაა, რომ რეალურად ბიუჯეტის ცვლილება `შეპირებული~ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად არის საჭირო. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. სამწუხაროდ, ბიუჯეტის ზრდის საპროგნოზო წყარო არა საგადასახადო შემოსავლები, არამედ გრანტები და სახელმწიფოს მიერ აღებული მორიგი სესხები, დამატებითი ფინანსური ვალდებულებებია. აღნიშნული კი, ზოგადად საბიუჯეტო პროცესისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე პასუხისმგებელი პირების მიერ განხორციელებული ფინანსური პოლიტიკის და მართვის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. სამწუხაროა, მაგრამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფაქტორებისა და პირობების გათვალისწინებით, სახელისუფლებო წრეების საბიუჯეტო ოპტიმიზმი გადაჭარბებულია და იგი ნაკლებად ობიექტურ გათვლებსა და პროგნოზებს ეყრდნობა. რეალურად კი საბიუჯეტო დეფიციტი და შესაბამისად, საბიუჯეტო კრიზისი მოსალოდნელზე მაღალი იქნება და ამ პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა დამატებითი კრედიტების და ვალდებულებების მიღების მიზნით, არაეფექტური და შედეგზე არაორიენტირებული ნაბიჯია. დღეს უფრო მეტად ეფექტურ გადაწყვეტილებად სახელმწიფოს მხრიდან არა დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის ოპტიმიზაცია მიმაჩნია. ანუ, ხარჯვითი ნაწილის არსებული რეალობისადმი ადეკვატური მისადაგება. რაც, პირველ რიგში სწორედ ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების შემცირებას უნდა ითვალისწინებდეს. როცა საუბარია სახელმწიფოს მიერ დამატებითი, ახალი ფინანსური ვალდებულებების აღების შესახებ, ვფიქრობ, საყურადღებო და გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის განხილვისას გარკვეულ წილად `მივიწყებულ~ თემად იქცა. არადა, ფინანსური და ფისკალური გადაწყვეტილებების მიღების და პრიორიტეტების გამოკვეთის პროცესში იგი მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს. ეს არის საქართველოს საგარეო ვალის თემა. 2008 წლიდან ქვეყნის საგარეო ვალი საგრძნობლად გაიზარდა და 2009 წლის ივნისის მონაცემებით 4 მილიარდ 849 მილიონ ლარს მიაღწია, მაშინ როცა 2004 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 3 მილიარდ 907 მილიონ ლარს, ხოლო 2008 წლის იანვარში კი 2 მილიარდ 874 მილიონ ლარს შეადგენდა. 2004-2008 წლებში საქართველოს საგარეო ვალი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. დღეს კი პროცესი ზრდადია და რა მაჩვენებელს მიაღწევს მისი ოდენობა ხვალ, ზეგ, წლის ბოლოს, არავინ იცის. ეს პარამეტრები არ არის პროგნოზირებადი, ხოლო თემა კი არარეგლამენტირებულია. დღეს ვერავინ იტყვის, რამდენი იქნება საქართველოს საგარეო ვალი 2010 წლის იანვარში. ვეჭვობ, პასუხი რეალური და ობიექტური, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროცესების ადეკვატური იყოს.
|