ნანახია: 553
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში 23 პროცენტით გაიზარდა და მან 2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 2 924 972 000 აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2 376 845 000 აშშ დოლარს შეადგენდა. საგარეო ვალის ზრდა, რა თქმა უნდა, აგვისტოს მოვლენების შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თუ ქვეყნებიდან მიღებულმა ახალმა კრედიტებმა გამოიწვია. ამას კიდევ ის 500 მლნ. დოლარის კრედიტი ემატება, რომელიც საქართველომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების (სუვერენული ევრობონდების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2008 წლის აპრილში) გამოშვებით აიღო. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტებით საგარეო ვალის დასაშევბი მაქსიმალური ოდენობა მშპ-ს 60%-ით განისაზღვრება. 2008 წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12,8 მლრდ. დოლარს შეადგენს. 2009 წელს კი მისი 1,5%-ით კლებაა ნავარაუდევი. ე.ი. წლის ბოლოსთვის ჩვენი მშპ 11,3 მლრდ. დოლარამდე შემცირდება. აქედან გამომდინარე, დღეისათვის საქართველოს საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდება 37,7%-ს შეადგენს. ასე რომ, განგაშის საფუძველი საქართველოს ჯერ ნამდვილად არ აქვს, მაგრამ არც საარხეინოდაა საქმე. გასათვალისწინებელია, რომ წელს საქართველოს მშპ-ს 1,5%-იან კლებას ექსპერტები ეჭვის თავლით უყურებენ. მათი შეფასებით ეს ციფრი გაცილებით მაღალი იქნება და საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად შემცირდება. მთავრობის ამ მაჩვენებლის ადეკვატურობაში თვით ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის ყოფილ მმართველს კახა ბენდუქიძესაც კი ეპარება ეჭვი. მისი განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელი ფინანსური კრიზისის ახალი ტალღა საქართველოზე საგრძნობ ზეგავლენას არ მოახდენს, ამისდა მიუხედავად ქვეყნის მშპ-ს კლება მინიმუმ 3% იქნება. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება 2009 წლის ბოლომდე საქართველოს საგარეო ვალის კიდევ უფრო გაზრდას აპირებს. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ახალი კრედიტის აღებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ჯერ არ იცის, რაში უნდა დახარჯოს ეს სესხი და ამ ფულით ჯერ-ჯერობით კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა არ აქვს განზრახული. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სსფ იმდენად ხელსაყრელი პირობებით იძლევა კრედიტს, რომ მასზე უარის თქმა არ შეიძლება. ასე რომ, ნურავის გაუკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო იმ კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯებს, რაც საერთაშორისო ნორმებით არის დადგენილი და ჩვენც ქვეყნების იმ დიდ რიგს შევუერთდეთ, რომლებსაც დეფოლტი აქვთ გამოცხადებული. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის 30 ივნისისთვის საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი 538,36 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის ავსტრია - 1,175 მლნ. აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 14,343 მლნ. აშშ დოლარი; თურქმენეთი - 211 ათასი აშშ დოლარი; თურქეთი - 38,832 მლნ. აშშ დოლარი; ირანი - 11,236 მლნ. აშშ დოლარი; რუსეთი - 118,823 მლნ. აშშ დოლარი; სომხეთი - 17,216 მლნ. აშშ დოლარი; უზბეკეთი - 367 ათასი აშშ დოლარი; უკრაინა - 335 ათასი აშშ დოლარი; ყაზახეთი - 27,774 მლნ. აშშ დოლარი; ჩინეთი - 4,39 მლნ. დოლარი; გერმანია - 181,795 მლნ. აშშ დოლარი; იაპონია - 54,515 მლნ. აშშ დოლარი; ქუვეითი - 12,015 მლნ. აშშ დოლარი; ნიდერლანდები - 11,459 მლნ. აშშ დოლარი; აშშ - 38,311 მლნ. აშშ დოლარი; საფრანგეთი - 5,562 მლნ. აშშ დოლარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი 500 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ვალის ნაშთი 1,878 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის მსოფლიო ბანკი (განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი) 1,033 მლრდ. დოლარი, ევროგაერთიანება - 80,786 მლნ. აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი - 13,984 მლნ. აშშ დოლარი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი (მიმღები ეროვნული ბანკი) - 646,783 მლნ. აშშ დოლარი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 26,553 მლნ. აშშ დოლარი; აზიის განვითარების ბანკი - 76,457 მლნ. დოლარი. 2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ნაშთი 8,023 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, აქედან გერმანია - 3,843 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 4,18 მლნ. აშშ დოლარი.
მერაბ ჯანიაშვილი
|