ნანახია: 814
შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში ბანკებმა სხვადასხვა სახის მომსახურება შეზღუდეს, შეაჩერეს იპოთეკური და სხვა სახის სესხები და ა.შ. საბანკო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებსა და ზოგადად ეკონომიკის უმძიმეს მდგომარეობაზე ბოლო დროს დაფიქსირებული თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან საყურადღებო ფაქტიც მეტყველებს. მსოფლიოს ერთერთი წამყვანი ბანკის ფილიალმა საქართველოში "HSBC ბანკი-საქართველომ" ფიზიკური პირებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა შეწყვიტა. ამ გადაწყვეტილების გამომწვევი მიზეზების და "HSBC ბანკი-საქართველოს" სამომავლო გეგმების შესახებ ბანკის პიარ-სამსახურის უფროს, ქალბატონ მაკა გვრიტიშვილს ვესაუბრეთ: - როდის შეწყვიტა თქვენმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტება და რა იყო ამ ნაბიჯის გამომწვევი მიზეზები? როდისთვის იგეგმება ფიზიკური პირებისათვის კრედიტების აღდგენა? - საქმიანობის სტრატეგიული გადახედვის შემდეგ, HSBC-მ გადაწყვიტა საკუთარი რესურსების მობილიზება საქართველოში კორპორატიულ საბანკო მომსახურებაზე, რადგან ბანკმა უკვე მიაღწია სერიოზულ წარმატებებს ამ მიმართულებით ადგილობრივ ბაზარზე და ხედავს რეალურ შესაძლებლობებს მომავალი ზრდისთვის. HSBC-ს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საბანკო და საფინანსო ორგანიზაციას, აქვს კონკურენტული უპირატესობა ადგილობრივი ბაზარზე საერთაშორისო ბიზნესისა და საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის კუთხით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 22 ივნისიდან საცალო საბანკო მომსახურება შეწყდა ახალი მომხმარებლისთვის. ბანკი მოემსახურება კორპორატიულ კლიენტებს და STATUS (VIP) მომხმარებლებს. - ხომ არ შეხებია ცვლილებები იურიდიულ პირების დაკრედიტებასაც? - იურიდიული პირები მიიღებენ HSBC-ის კორპორატიული საბანკო პროდუქტებისა და გლობალური შესაძლებლობების სრულ სპექტრს, რომელიც დაეხმარება ქართულ კომპანიებს როგორც ადგილობრივად, ასევე გლობალურად. - რა კრედიტებს გასცემს დღეისათვის თქვენი ბანკი და რა პირობებით? - HSBC ბანკი საქართველო მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ტიპის კორპორატიულ საბანკო მომსახურებას და პროდუქტებს: ფიქსირებული კრედიტები კაპიტალური დანახარჯებისათვის, საკრედიტო ხაზები საბრუნავი კაპიტალის ფინანსირებისათვის, ოვერდრაფტი, სხვადასხვა ტიპის ანაბრები; ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსირების კუთხით, დოკუმენტური აკრედიტივები, სხვადასხვა სახის საბანკო გარანტიები და საკრედიტო გადაწყვეტილებები. - რა გეგმები აქვს მომავალში HSBC ბანკს, იგეგმება თუ არა საქართველოში თქვენი საბანკო ქსელის გაფართოება? - უახლოეს მომავალში ქსელის გაფართოება არ იგეგმება. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ორი ფილიალი თბილისში. გარდა ამისა, კორპორატიულ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ჩვენი მსოფლიო სტანდარტების ინტერნეტ ბანკინგით - HSBCnet-ით, ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს აძლევს წვდომას საკუთარ ანგარიშებზე გლობალურად, ნებისმიერ ბანკში, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.
თაკო მათეშვილი
|