ნანახია: 2229
ოფიციალური მონაცემებით უმუშევართა რაოდენობა 55 ათასით გაიზარდა
2008 წელს საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, უმუშევართა რიცხვი 55 ათასით გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა 316 ათასი შეადგინა. 2007 წელს ეს მონაცემი 261 ათასი იყო. გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით კი საქართველოში უმუშევართა რაოდენობა უკვე 400 ათასს აღწევს. ამ რაოდენობაში არ შედის 2009 წელს უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანი, რომელთა აღრიცხვა ჯერ არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის დასაწყისში მთავრობის მთავარი საზრუნავი უმუშევრობის 13-14%-ზე შენარჩუნება იყო, ფაქტია, რომ მათ ეს ვერ მოახერხეს და უმუშევრობა დაახლოებით 16,5%-ს აღწევს. არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით 2009 წელს 350 ათასს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მხრივ საქართველოში ომამდეც მძიმე ვითარება იყო, თუმცა აგვისტოს მოვლენებისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ყველაფერმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მშენებლობის, უძრავი ქონების, საცალო ვაჭრობის, საბანკო და ტურისტულ სექტორებზე, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის ზრდა ძირითადად ქალაქების ხარჯზე მოხდა, რაც განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რადგან ქალაქებში მოსახლეობის უმეტესობა სამსახურზეა დამოკიდებული. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა მძვინვარებს, დამქირავებლები პროფესიული კადრების ნაკლებობას უჩივიან. აქედან გამომდინარე, არჩევანი, ასე თუ ისე, დიდია, მაგრამ პოტენციური დაქირავებულების კვალიფიკაციის დონე დაბალია. ანუ, დამქირავებელთა ძირითადი პრობლემა პოტენციური კადრების კვალიფიკაციის დაბალი დონეა. 2006 წლის ნოემბერში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მიღებული ევროკავშირის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები 5 წელიწადში უნდა შეასრულოს. გეგმა რვა პრიორიტეტისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთულად გადასაწყვეტი საკითხი სიღარიბის დაძლევაა, რაც უშუალოდ მოსახლეობის ეფექტურ დასაქმებასა და შრომის ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ასე რომ, აუცილებელია მთავრობამ ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა გასწიოს და მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, ხელი შეუწყოს უმუშევრობის შემცირებას არსებულ მძიმე მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია უმუშევრად დარჩენილი ადამიანების სოციალურად დახმარება. ამასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში პროფკავშირებმა წარმოადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აუცილებელია უმუშევართათვის შემწეობების დანიშვნა. `მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ეკონომიკის რიგ დარგებში მძიმე პირობები შეიქმნა, ადგილი აქვს ადამიანთა მასობრივი დათხოვნების ფაქტებს. საჭიროა გამოიძებნოს სახსრები უმუშევრებისთვის შემწეობის გამოყოფისთვის და ის ქვეყანაში არსებული სახელმწიფო განაკვეთის შესაბამისად უნდა განისაზღვროს. მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ საერთო შეფასებით, კრიზისი შესაძლებელია 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, შემწეობების ხანგრძლივობა არანაკლებ 6 თვით უნდა განისაზღვროს. ამისთვის, 350 ათას უმუშევარზე საჭიროა 19,25 მლნ. ლარი, რაც ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში თითიოეულმა უმუშევარმა 55 ლარი მიიღოს. საკმაოდ სავალალოა მსოფლიო ბანკის პროგნოზიც, მისი შეფასებით უმუშევრობის დონე მიმდინარე პერიოდში 100 000-ით გაიზრდება და 350 000-ს მიაღწევს, რაც მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ-მეხუთედს წარმოადგენს. ამგვარი ტენდენცია, მსოფლიო ბანკის განცხადებით, "დარტყმას" მიაყენებს სიღარიბის შემცირების მცდელობებს, რომელზეც ხელისუფლება აქცენტს აკეთებს. არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ხადური, მისი განცხადებით: "საქართველოში სამუშაო ძალა არსებობს, რომელიც დაუსაქმებელია. თუმცა, თუ მთავრობამ ასეთი პოლიტიკა გააგრძელა, არსებული სამუშაო ადგილების გაუქმების პერსპექტივა უფრო მაღალია, ვიდრე ახლის შექმნის". ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მთავრობას არ გააჩნია არავითარი გეგმა, რომელიც უმუშევრობის დაძლევასა და მის პრევენციას შეუწყობდა ხელს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს უმუშევართა კვალიფიკაციის ამაღლებასა და იმ დარგების განვითარებას, რომელთა მწარმოებლურობა ძალიან დაბალია, იგი დონორ ქვეყნებს სთხოვს გაზარდონ მათ ქვეყნებში ქართველ მუშახელზე კვოტები, რაც მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური წნეხის შემცირებას. იმას კი არავინ ფიქრობს, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის მასიური გადინება ქვეყნიდან მძიმე დემოგრაფიულ შედეგებს მოიტანს. ამიტომ ეკონომიკის წამოწევისა და სწრაფად განვითარებისათვის, პირველ რიგში, იმ დარგებს უნდა მიექცეს ყურადღება, სადაც მწარმოებლურობა ძალიან დაბალია. მაგალითად, აგრარული სექტორი და მასთან მიბმული მრეწველობის დარგები. ასე რომ, ქვეყანაში უმუშევარ ადამიანთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც აუცილებლად საჭიროებს ხელისუფლების აქტიურ ჩარევას და სამუშაო ადგილების შექმნაში ხელშეწყობას.
შოთა ბუჩუკური
|