ნანახია: 1047
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა გრძელდება. პროგრამის დასრულება, რაც ახალი პაკეტების გაყიდვის შეწყვეტას გულისხმობს, 2009 წლის 30 ივნისს იყო დაგეგმილი, მაგრამ, ვინაიდან, 2009 წლის ივნისში წინა თვეებთან შედარებით დაზღვეულთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროგრამის 2009 წლის 21 ივლისამდე გაგრძელების შესახებ. საქართველოში, ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა მიმდინარე წლის 1 მარტიდან მოქმედებს. ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს 3-დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, გარდა სახელმწიფო სახსრებით უკვე დაზღვეული პირებისა და ასევე, იმ მოქალაქეებისა, რომლებიც კორპორაციული ან ინდივიდუალური დაზღვევით სარგებლობენ. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის დასრულების შემდეგ, შედეგები შეჯამდება, ანალიზი გაკეთდება და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სადაზღვევო პაკეტის მიწოდება მომავალშიც დაიგეგმება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, ჯანმრთელობის იაფი დაზღვევის პროგრამით 40 000 ადამიანია დაზღვეული.
|