ნანახია: 995
საგადასახადო ტვირთი ნორმალურ ქვეყნებში ახლოსაა ქვეყნის ყველა საჯარო ბიუჯეტის ჯამის თანაფარდობასთან - მთლიან შიდა პროდუქტთან. რეალური საგადასახადო ტვირთის გამოსათვლელად (კონსოლიდირებული) ბიუჯეტის შემოსავლებს უნდა გამოაკლდეს დღევანდელი შემოსავლები სესხებიდან (ჩვენს შემთხვევაში გრანტებიდანაც). ასეთი თანაფარდობა განვითარებული ქვეყნებისთვის გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში - ძირითადად იმის გამო, რომ ჩვენთან რეალური საგადასახადო შემოსავლების ოდენობა ძალიან დაბალია. ჩრდილოვანი სექტორი ოფიციალური მონაცემებით შეადგენს 57%-ს, ხოლო ექსპერტული შეფასებებით - 70%-ზე ნაკლები არ არის. საბოლოოდ კი დადგინდა, რომ ეს ტვირთი სხვადასხვა ტიპის სამეწარმეო საქმიანობისთვის არასააქციზო პროდუქციაზე 30-დან 55 პროცენტამდე თამაშობს, ხოლო სააქციზო პროდუქციაზე 60%-ს და ზოგჯერ 70%-საც უახლოვდება. ამიტომ, საშუალოდ, საქართველოს მეწარმეთა საგადასახადო ტვირთი უნდა შეფასდეს 40-45%-ად. თუ ამ თანაფარდობის მაჩვენებელს გადავამრავლებთ ჩრდილოვანი ეკონომიკის ოფიციალურ მონაცემებზე, იგი 25%-ს გაუტოლდება, რასაც თუ გამოვაკლებთ ჩრდილოვან გადასახადების რეალურ ტვირთს, მთლიან ეროვნულ პროდუქტთან მიმართებაში, 12%-ზე ნაკლებს მივიღებთ. დღეს არსებული არცერთი განვითარებული ქვეყანა არ მისულა ამ მიდგომამდე დანაზოგების ზრდის გარეშე. საქართველოში მეწარმეებს არ გააჩნიათ დანაზოგის ის ოდენობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. ამ დანაზოგების შემცირებით, ვამცირებთ ეკონომიკის განვითარებასაც. მაღალი საგადასახადო ტვირთი ასევე ხელს უშლის ადგილობრივ მეწარმეებს კონკურენცია გაუწიონ რეგიონალურ თუ მსოფლიო ბაზარზე არსებულ მეტოქეებს. საგადასახადო ტვირთის ყოველი ცვლილება, რომელიც ხდება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, და მით უმეტეს მეზობელ ქვეყნებში, პირდაპირ მოქმედებს ეროვნული მეურნეობის პერსპექტივებზე. მსოფლიოს 109 ქვეყანაში საგადასახადო სისტემა უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში, თუმცა 71 ქვეყანაში იგი კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ჩვენთან. ეს ინფორმაცია მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა აუდიტორულმა კომპანიამ "პრაის უოტერჰაუს კუპერსმა" ყოველწლიურ საგადასახადო რეიტინგში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს 110-ე ადგილი მიაკუთვნა. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 8 საფეხურით არის გაუარესებული _ შარშან ჩვენს ქვეყანას საგადასახადო სისტემის სიმარტივით მსოფლიოში 102-ე ადგილი ეკავა. ამ ჩამონათვალში ჩვენზე წინ არის ისეთი ქვეყნები როგორიცაა ტანზანია, გაბონი, მონღოლეთი, ავღანეთი და ერაყი. სამაგიეროდ, ვუსწრებთ უნგრეთს, იაპონიას, ჩეხეთს, იტალიას და, რა თქმა უნდა, რუსეთს. ამ რეიტინგის პირველ ათეულში, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სახელმწიფოები შედიან. პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: მალდივი, კატარი, ჰონ-კონგი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და სინგაპური, ხოლო ჩამონათვალს უკრაინა და ბელორუსია ასრულებენ, რომელთაც 180 ქვეყანას შორის ყველაზე უარყოფითი შეფასება მიიღეს. "პრაის უოტერჰაუს კუპერსის" რეიტინგში საქართველოს საგადასახადო სისტემის მახასიათებლები ასე განისაზღვრა: ქვეყანაში 30 გადასახადი მოქმედებს, რომელთა ჯამური განაკვეთი 38,6%-ს შეადგენს. 30 გადასახადიდან 4 კომპანიების შემოსავლებს ბეგრავს, 12 შრომითი გადასახადია, 14 კი სხვა გადასახადები. აუდიტორული კომპანიის გამოთვლებით, სულ მათ გადახდაზე წელიწადში საშუალოდ 387 საათია საჭირო. აქედან ყველაზე მეტი - 180 საათი სამომხმარებლო გადასახადების დაფარვას მიაქვს, კომპანიების შემოსავლებთან დაკავშირებულ გადასახადების დასაფარად 140 საათი იხარჯება, 67 საათი კი შრომითი გადასახადების გადახდას ხმარდება. ასე შეაფასა ქართული საგადასახადო სისტემის მიმზიდველობა "პრაის უოტერჰაუს კუპერსმა", რომლის აუდიტორებსაც ამ სისტემასთან შეჯახება ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში უწევთ. ასე რომ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ყველაფერი ისე ცალსახად კარგად ვერ არის, როგორც ბოლო წლების განმავლობაში ხშირად გვესმის ხოლმე. მით უფრო ამჟამად, როცა გლობალური კრიზისის თუ საომარი მოქმედებების გამო, საქართველოს ბიზნეს-ეკონომიკური სივრცე თვისებრივად სრულიად ახლებური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამიტომაც დღეს საგადასახადო კანონმდებლობა იმ ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა იქცეს, რომელიც ეკონომიკური ვარდნის შეჩერებას და ბიზნესის სტიმულირებას მოახდენს. ამ მხრივ სადღეისოდ უკვე არაერთი იდეა არსებობს. აქედან უპირველესი კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივაა საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების შესახებ. იდეას, რომელსაც აქტიურად ეხმაურებიან და სერიოზული დისკუსიის საგნად არის ქცეული, აქვს უკიდურესი პოლარიზაციის ნიშნებიც: ექსპერტების და ეკონომისტების ნაწილის აზრით, საგადასახადო ამნისტიის განხორციელება შეუძლებელია და ეს ფინანსური თვალსაზრისითაც მიუღებელია. "ფინანსური ამნისტიის გამოცხადება არ იქნება გამართლებული, რადგან აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი. შეიძლება ვიღაცას გადასახადების გადახდა გაუჭირდეს, მაგრამ, თავის მხრივ, სახელმწიფოსაც აქვს რაღაც ხარჯები გასაწევი, ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა იყოს განხილული. ამიტომ ორივე მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს მოუწევს გარკვეული ტიპის ხარჯების გაწევა, ეს არის სოციალური და ინფრასტრუქტურული დანახარჯები, თუ ბიზნესი გადასახადებს არ გადაიხდის, მაშინ როგორ უნდა შეივსოს ბიუჯეტი?" - აღნიშნავს ნოდარ ხადური. მეორე ნაწილი ფინანსური ამნისტიის შემოღებას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ეს თემა დეტალურად უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს. "მივესალმები, თუკი ფინანსური ამნისტია გამოცხადდება. თუმცა ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას და არა გამორჩეულად კონკრეტულ ბიზნესებს. ამასთან, თუკი ბიზნესს ფინანსური შეღავათები დაუწესდება, ეს უნდა იყოს ეკონომიკური წახალისებისთვის და არა პოლიტიკური დივიდენდებისთვის. ხელისუფლებას გათვლა არ უნდა ჰქონდეს, რომ მადლიერი ბიზნესი არჩევნების დროს დაუდგება გვერდში", _ აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე. მესამე ნაწილი კი ამნისტიის იდეის მომხრეა იმ მოტივით, რომ საგადასახადო ამნისტია ბიზნესის გაჯანსაღებას გამოიწვევს და მას მომავლის იმედს მისცემს. თუმცა ამნისტიამ პატიოსანი გადამხდელი არ უნდა დაჩაგროს. მათი აზრით სახელმწიფო უნდა მოერიდოს იმ ბიზნესების ამნისტირებას, რომელიც წლიდან წლამდე გადასახადს არ იხდიდა და მალავდა. "ფინანსური ამნისტია კლასიკური გაგებით ნიშნავს საფინანსო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევის, გადასახადის გადამხდელისთვის პატიებას, მათ შორის ჯარიმა საურავების პატიებას. თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან მრავალფეროვანია. ფინანსური ამნისტია იშვიათად ცხადდება. თუ ქვეყანაში ის რამდენჯერმე გამოცხადდა, მკვიდრდება გადაუხდელობის, დაუსჯელობის სინდრომი. ხანგრძლივი ვადის გასვლის შემდეგ ფინანსური ამნისტიის გამოცხადება აჯანსაღებს კიდეც ბიზნესგარემოს, მაგრამ ეს გამუდმებით არ უნდა ხდებოდეს. რა ფორმის ამნისტიას აირჩევს ქვეყანა, დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასა და მმართველი ეკონომიკური გუნდის შეხედულებებზე. ის, რომ პატრიარქი დაინტერესდა ამ საკითხით და სააღდგომო ეპისტოლეში მოხვდა ბიზნესის სანქცია-საურავებისგან გათავისუფლების თემა, რომელიც ფინანსური ამნისტიის ერთ-ერთი ფორმაა, ნიშნავს, რომ ქვეყანაში მართლაც არსებობს ამის საჭიროება და ეს დღემდე ვერ მოაგვარა მმართველმა ეკონომიკურმა გუნდმა", - აღნიშნავს ექსპერტი დავით ნარმანია. თუმცა, არსებობს სხვა არანაკლებ საინტერესო იდეებიც. მაგალითად, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური შედეგების დაძლევისთვის ექსპერტები საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების დაჩქარებას უპრიანად მიიჩნევენ. ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაციას და აცხადებს, რომ 2008 წლის ბოლოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსში განხორციელებული 220-ზე მეტი ცვლილება ამ კუთხით განხორციელდა. საგადასახადო კოდექსში ბოლო დროს შესული ცვლილებების გაწერილი გრაფიკით, საშემოსავლო გადასახადი 2012 წლისთვის 15%-მდე შემცირდება: 2009 წელს - 5%-ით და 20%-მდე დაიკლებს, 2010 წელს იგივე მაჩვენებელი დარჩება, 2011 წელს 18%-ზე ჩამოვა, ხოლო 2012 წელს 15%-ს გაუტოლდება. იმავე რეჟიმით იკლებს გადასახადი დივიდენდებზე _ 2009 წელს 10-დან 5%-მდე ჩამოვა, 2010 წელს უცვლელი დარჩება, 2011 წელს 3%-მდე შემცირდება, 2012 წელს კი საერთოდ გაუქმდება. მნიშვნელოვნად იცვლება ქონების გადასახადიც. პირველ რიგში, ეს ინდივიდუალურ მეწარმეებს შეეხებათ, რადგან მათთვის ამჟამად ქონება ორი სხვადასხვა გადასახადით რეგულირდებოდა. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ორმაგი ქონების აღწერის რეჟიმი საერთოდ უქმდება და იკლებს ქონების გადასახადის განაკვეთი. თუ აქამდე ინდმეწარმეს ნებისმიერი რაოდენობის შემოსავალზე, ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ ქონებაზე ერთი პროცენტი უნდა გადაეხადა, ეს მაჩვენებელი საერთოდ განულდება, თუ მისი შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება. 40-დან 100 ათასამდე ბრუნვის შემთხვევაში კი ინდმეწარმეები 0,2%-ს გადაიხდიან. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის თანახმად, თუ კომპანიებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ზედმეტობა წარმოიქმნება, მათთვის ამ თანხის დაბრუნება 3 თვეში იქნება შესაძლებელი, ნაცვლად არსებული 6 თვისა. საბოლოო ანგარიშით, მთავრობა მოელის, რომ ამ გზით რეალურ ეკონომიკაში 500 მილიონამდე ლარი დარჩება, რაც ბიუჯეტის შემოსავლებს შეამცირებს, მაგრამ ბიზნესს მეტ საბრუნავ სახსრებს დაუტოვებს. ექსპერტების აზრით, საშემოსავლო გადასახადის შემცირება ეკონომიკის პირდაპირი და ბიზნესის ირიბი მასტიმულირებელია. ცხადია, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებით ბიუჯეტს თანხები დააკლდება, თუმცა, ეს არ იქნება პირდაპირპროპორციული კლება. გადამხდელი ტვირთის შემცირებით გამოთავისუფლებულ ფულს წარმოების გაზრდას მოახმარს. ბრუნვის მოცულობის გაზრდით კი მეწარმის მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი დღგ და მოგების გადასახადი მოიმატებს. შედეგად არის ლოგიკა იმ გათვლაში, რომ დღგ და მოგების გადასახადი ბიუჯეტის პირდაპირი მასტიმულირებელია. როდესაც საუბარია ბიზნესის ხელშეწყობაზე, დახმარების მრავალმხრივი საშუალებები უნდა განვიხილოთ. ზოგს შეიძლება ფინანსური ამნისტიით დაეხმარო, გადასახადები გადაუვადო, ზოგს - გრძელვადიანი კრედიტით. არსებული კრიზისი არ ჰგავს გასული საუკუნის 90-იანი წლების კრიზისს. ეს კრიზისი მრავალმხრივია. იგი ვლინდება, როგორც საბანკო, სამშენებლო, სამრეწველო სექტორში, ასევე სოფლის მეურნეობაში. ამიტომ მთავრობამ უნდა ამოირჩიოს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები.
ნინო თამაზაშვილი
|