ნანახია: 1205
ბიუჯეტში ახალი შემოსავალი, მოსახლეობისთვის კი 12 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი! გლობალური ფინანსური კრიზისის სიმძიმე, სხვა უარყოფით მოვლენებთან ერთად, ინვესტიციების შემცირებითაც გამოვლინდა. გაეროს მონაცემებით, 2008 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსოფლიოში თითქმის 30%-ით შემცირდა. 2009 წელი ინვესტიციების მხრივ ნაკლებად წარმატებულია, თუმცა საქართველოში ეს პერიოდი ინვესტიციათა მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ქართულ ბიზნესგარემოში წელს მეტად მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა, კერძოდ, ორმა უცხოურმა და საკმაოდ მსხვილმა კომპანიამ - Fresh Electric Company და Pioneer Cement Industry საქართველოში ბიზნესის წამოსაწყებად საკმაოდ დიდი თანხები ჩადო.
Fresh Electric Company 1987 წელს ეგვიპტეში დაარსდა და დღეს საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის სფეროში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა. პროდუქტი ექსპორტზე 25 ქვეყანაში გადის. თავად კომპანიაში 2500 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მისი ხელმძღვანელი ეგვიპტელი ბიზნესმენი იბრაჰიმ ხალილია. კომპანია "ფრეშ"-ი ქართულ ბიზნესსფეროში მილიარდ 200 მილიონ დოლარის ჩადებას აპირებს. თანხაში ქარხანა და ყველანაირი სამუშაო დანადგარი შედის, დასაქმების მასშტაბების მხრივაც ინვესტიციამ ქვეყანას არანაკლები შემოსავალი უნდა შესძინოს. კომპანია ქუთაისის მოსახლეობას დაახლოებით თორმეტი ათას სამუშაო ადგილს პირდება. ასაშენებლად საჭირო მასალით დატვირთული გემები უკვე საქართველოშია, ქარხნის მშენებლობა აპრილში უკვე დაიწყო. კომპანია საქართველოში ელექტრო-საქონლის წარმოებას განავითარებს. მეორე კომპანია, რომელიც ასევე საკმაოდ დიდ თანხებს დებს ინვესტიციაში არის Pioneer Cement Industry . ეს არის ინდური კომპანია, რომელმაც რაქ ალ ხაიმარის საემიროში ინვესტიცია ცემენტის ინდუსტრიაში განახორციელა. მისი პროდუქცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ბაზარზე იყიდება. ამ კომპანიამ ერთ წელიწადში რეკორდული ზრდა განიცადა; კომპანიამ საემიროში ქარხანა 16 თვეში ააშენა და 110% ზრდის მაჩვენებელზე გავიდა. ამჟამად მათი გაყიდვების მაჩვენებელი 50-დან 100 მილიონამდეა. საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს. Pioneer Cement Industry საქართველოში ახალი კომპანიის აშენებაში 150 მილიონ დოლარს ჩადებს. იგი ინვესტიციის განხორციელებას 2-3 წლის მანძილზე გეგმავს. სულ ახლახანს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართა. აუქციონზე გამოტანილი იყო ერთ-ერთი ობიექტი – მარნეულის რაიონში ბაბაკიარის ცემენტის კირქვის საბადო. სწორედ ამ აუქციონში გაიმარჯვა ინდურმა კომპანია "პიონერ სემენტ ინდუსტრიმ", რომელმაც საბადოს დამუშავების ლიცენზიაში 3 300 000 აშშ დოლარი გადაიხადა. აღნიშნული კომპანია 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში 150 მილიონ დოლარიან ინვესტიციას განახორციელებს. 100 ჰექტარ ფართობზე უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცემენტის ქარხანა აშენდება, სადაც 350 ადამიანი დასაქმდება. ამ ორი კომპანიის შემოსვლა საქართველოში მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ რეცესიის პერიოდისა და პოლიტიკური სირთულეების პერიოდში. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი ინვესტიციები 2009 წლის ბოლომდე კვლავ განხორციელდება. ნინო ფარიზოვა
|