ვინ გაებმება მთავრობის ახალ ფინანსურ მახეში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (118)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ვინ გაებმება მთავრობის ახალ ფინანსურ მახეში
ნანახია: 720

სახაზინო ვალდებულებებით ერთხელ უკვე დაღუპული საქართველოს ეკონომიკა ძველ შეცდომებს უშვებს

მთავრობის ახალი ინიციატივა, შესაძლოა, ახალი ფინანსური მახე აღმოჩნდეს, თუმცა საშიშია ამ მახეში თვითონვე გაებას.
საერთაშორისო დონორებისგან მიღებული გრანტებისა და კრედიტების გარდა, მთავრობა ბიუჯეტის გაზრდას შიდა ბაზარზე აღებული სესხის მეშვეობით გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილია 250 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულებების გამოშვება _ ობლიგაციებისა, რომელსაც ადგილობრივი კომერციული ბანკები შეიძენენ. ამ ფულით სოციალური სარეაბილიტაციო პროექტები დაფინანსდება და ეკონომიკის სტიმულირება მოხდებაო, - ფიქრობენ მინისტრთა კაბინეტში. სესხების აღების მიზეზად კი ეკონომიკის შემცირება და, შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლების კლება დასახელდა.
"ვმუშაობთ ახალ ბიუჯეტზე, რომელიც გაზრდილი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს, რა თქმა უნდა, ცვლილებები და შემცირება საგადასახადო შემოსავლებში. თუმცა ეს ბალანსდება და, პირიქით, იზრდება ბიუჯეტი სხვა შემოსავლების ხარჯზე", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.
მარტივად რომ ვთქვათ, სახაზინო ვალდებულებების არსი ასეთია: სახაზინო ვალდებულება ეს არის სახელმწიფოს მიერ ემიტირებული მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეგულირების ერთ-ერთ ინსტრუმენტად.
სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ხდება ეროვნულ ვალუტაში, ისინი გაიყიდება დისკონტით და დაიფარება ნომინალური ღირებულებით. ერთი სახაზინო ვალდებულების ნომინალური ღირებულება 100 ლარია. მისი გაყიდვა ხდება აუქციონზე. აუქციონზე გასატანი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას განსაზღვრავს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით. აუქციონზე გაიყიდება ერთ წლამდე დაფარვის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები. მათი ვადიანობა კი 7 დღის ჯერადი უნდა იყოს.
აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ პირველად დილერ ბანკებს, კომერციულ ბანკებსა და მათი მეშვეობით _ რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
მთავრობა უკვე ორი თვეა ვეღარ ასრულებს საბიუჯეტო გეგმას. მაისში ხაზინაში 4 მილიონი ლარით ნაკლები შევიდა, ვიდრე ნავარაუდევი იყო. წლის ბოლომდე დეფიციტი, ალბათ, ნახევარ მილიარდს მიაღწევს. ასეთ დროს მთავრობა უშვებს სწორედ ამ სახის ფასიან ქაღალდებს, რომელსაც ბანკები ყიდულობენ. ამ ყიდვა-გაყიდვიდან გამომუშავებული ფული სახელმწიფო ბიუჯეტში შედის, თუმცა გარკვეული პირობით.
სახაზინო ვალდებულებებს ბანკები საპროცენტო სარგებლით იძენენ, ანუ მომავალში ბანკებს მთავრობამ ფული პროცენტით უნდა დაუბრუნოს. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ეს სარგებელი 27 პროცენტამდეც კი ადიოდა. ამჟამად საუბარია, რომ გილაური და მისი გუნდი სახაზინო ვალდებულებებს 13 პროცენტიანი განაკვეთით გამოუშვებს.
მთავრობას სამომავლოდ თუ ფული ექნება, ბანკებს ფასიან ქაღალდებს გაუნაღდებს, ხოლო თუკი ბიუჯეტი კვლავ ღრმა დეფიციტში იქნება, მორიგ სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებს, რომლითაც ძველ ვალებს დაფარავს, ახალს კი გადაავადებს და ასე ყოველი ახალი ვალდებულების აღება, უფრო "დამძიმებული" პირობებით მოხდება.
ეკონომისტები სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სახაზინო ვალდებულებების გამოშვება შეცდომაა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის ხარჯვისა და პრიორიტეტების საკითხები მოუწესრიგებელია, ასეთ დასკვნამდე მივიდა ექსპერტი დავით ნარმანია.
"სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ნიშნავს, რომ ბიუჯეტს პრობლემები აქვს. მთავრობას რომ უჭირს, ისიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო დახმარება არამიზნობრივად, ხელფასების, პენსიებისა და სხვა სოციალური ვალდებულებების დასაფინანსებლად იხარჯება", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტია არის ის, რომ ამით იზრდება შიდა ვალი, რომლის გასტუმრების მხრივაც არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს.
"ეს ხელისუფლება მომავალი ხელისუფლების ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ქვეყანას რამდენიმე წლის შემდეგ ურთულესი ფინანსური პერიოდი დაუდგება. ამიტომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილი არ არის", _ თვლის ექსპერტი.
სახაზინო ვალდებულებების პირამიდამ ერთხელ უკვე დაღუპა საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი. მსგავსი ფინანსური მაქინაციები შევარდნაძის მმართველობის მიწურულსაც თამაშდებოდა.
ამიტომ სახაზინო ვალდებულებები არ წარმოადგენს რაიმე თვისობრივ სიახლეს საქართველოსთვის. თუმცა, იმედია, ამჯერად, მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკს ახალი ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტი - სავალუტო სვოპი შემოაქვს და სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, სახაზინო ვალდებულებების მიმოქცევის ფორმაც შეიცვლება და დარეგულირდება თავისუფალი ბაზრის წესებით საფონდო ბირჟაზე.
სახაზინო ვალდებულებები საქართველოში 1997 წლის 21 აგვისტოდან 2005 წლის დასასრულამდე მიმოიქცეოდა, ბოლო აუქციონი "საქართველოს ბანკმა" 2005 წლის 8 ივნისს ჩაატარა და 20 000 ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი ერთი წლის ვადით მხოლოდ ორ კომერციულ ბანკს შორის განთავსდა (როგორც დღეს, არც მაშინ არ უჩიოდა საქართველო კომერციული ბანკების სიმრავლეს).
თუმცა როგორც ახლა ირკვევა, საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმებული მასალებიდან, ნოღაიდელს ფინანსთა მინისტრობის პერიოდში საკმაოდ მძიმე დარღვევები ჰქონდა. ერთ-ერთი მძიმე ბრალდება სწორედ ის არის, რომ კონტროლის პალატა მას სახაზინო ვალდებულებების სათავისოდ გამოყენებაში ადანაშაულებს და შესაბამის სქემასაც შიფრავს.
მასალებიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე სახაზინო ვალდებულებები გამოჰქონდა და სამინისტროსთან დაახლოებული პირი მათ ხელში 300%-ად იგებდა. სავარაუდოა, რომ აუქციონზე გამოტანილ ვალდებულებებს სხვისი სახელით თავად ზურაბ ნოღაიდელი ყიდულობდა, რითაც უზარმაზარ მოგებას იღებდა. ამ თემით თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო დაინტერესებული.
სახაზინო ვალდებულებების ალტერნატივად ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას მიიჩნევს.
"ნებისმიერ დროს, როდესაც მთავრობა გამოდის ბაზარზე ფულის სასესხებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საკუთარი ფული არ ჰყოფნის. სახაზინო ვალდებულებების გამოშვება არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც დადებითად ვერ შევაფასებ. ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს ან შეამციროს ხარჯები, ან წავიდეს სახაზინო ვალდებულებების გამოშვებაზე. ის, რომ ბიუჯეტი ვერ სრულდება და პრობლემები სერიოზულია, ხელისუფლებამაც აღიარა. ისინი ვარაუდობენ, რომ 2009 წელს ეკონომიკური წინსვლა 1% მაინც იქნება, თუმცა დიდი ალბათობით, წელს ვარდნა 1,5%-ს მაინც მიაღწევს", _ აცხადებს ნოდარ ხადური.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 250 მილიონის სახაზინო ვალდებულებების გამოშვების შესახებ, გაუმართლებელ ნაბიჯს უწოდებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავაც. პაპავა აცხადებს, რომ სახაზინო ვალდებულებების აღების შემდეგ ბანკები ბიუჯეტის წურბელები გახდებიან. მისი განცხადებით _ "სახაზინო ვალდებულებების გამოშვება მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ჩვენს ეკონომიკას ეს არ სჭირდება. პრობლემა ამით არ მოგვარდება, კრიზისის გამო ბანკები ვერც ვალდებულებების აღების შემდეგ შეძლებენ კერძო სექტორის დაკრედიტებას და არის საშიშროება, რომ ფინანსური პირამიდა გაჩნდეს".
ფასიანი ქაღალდების გამოშვება გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ბანკებს ჭარბი ლიკვიდობა აქვთ, დღეს ბანკებს, პირიქით, დახმარება სჭირდებათ, სახელმწიფო კი ცდილობს გარღვეული ბიუჯეტის ამ თანხით შევსებას. ფასიანი ქაღალდების გამოშვება საბანკო სისტემას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ბანკები ფასიანი ქაღალდების შესყიდვით არ დაინტერესდებიან, თუ მაღალი პროცენტი არ დაწესდება. მაღალი პროცენტისთვის კი საკმარისი ნაღდი ფული დღეს არა აქვთ.
თუმცა ზოგიერთი ბანკი სახელმწიფოს ახალ ინიციატივას არც ისე ცუდად უყურებს, უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას დადებით ნაბიჯად აფასებს, ერთ-ერთი მათგანი "ბანკი რესპუბლიკაა", სადაც აცხადებენ, რომ სახაზინო ვალდებულებები საყოველთაოდ ცნობილი პროდუქტია და "ბანკი რესპუბლიკა" ახალი პროდუქტის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს _ "კერძო სექტორში თანხის დაკრედიტება და სახაზინო ვალდებულებები ერთმანეთს არ გამორიცხავს, მით უმეტეს ბანკი თავისუფალია ვალდებულებების აღების დროს".
დადებითად ხვდებიან სახაზინო ვალდებულებების სახით ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შემოსვლის ინიციატივას "ვითიბი ბანკში" და აცხადებენ, _ "აუქციონში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და უპირატესობას მოკლევადიან ლიკვიდურ ინსტრუმენტებს მივანიჭებთ".
"ტაოპრივატბანკში" კი აცხადებენ, რომ ობლიგაციების გამოშვება სახელმწიფოს უფლებაა და მათი შესყიდვა კომერციული ბანკებისთვის არ არის სავალდებულო, არამედ მხოლოდ ნებაყოფილობითია. ამ ეტაპზე სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის სურვილი მათ ნამდვილად არ გააჩნიათ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ასეთი სურვილი გაჩნდეს.
სახაზინო ვალდებულებების აუქციონების განახლებას წამყვან ბანკშიც იწონებენ, თუმცა "საქართველოს ბანკს" ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მათ შესყიდვაში. როგორც ამბობენ, სახაზინო ვალდებულებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე "საქართველოს ბანკისთვის" პირობები ცნობილი არ არის და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული.
ამასთან ისინი ბანკის განვითარებისთვის ჭარბი სახსრების სესხებში დაბანდებას უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რადგან ბანკის პრიორიტეტი ყოველთვის კლიენტების მომსახურებაა.
ექსპერტი ნოდარ ხადური ვარაუდობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება, კომერციული ბანკებისგან ისესხოს თანხა, ბანკებს ალტერნატივეს წინაშე დააყენებს: ან კომერციული სტრუქტურების დაკრედიტება, ან სახელმწიფოსი.
სავარაუდოდ, ბანკები სახელმწიფოზე გააკეთებენ აქცენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომერციული სექტორი 250 მილიონს ვერ მიიღებს. ექსპერტი არ გამორიცხავს კრედიტების გაძვირებასაც.
"ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგებს, უპირველეს ყოვლისა, 250 მილიონი ლარით კომერციულ ბანკებს შეუმცირდებათ გასასესხებელი კაპიტალი, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს კაპიტალის გაძვირებას და ქართულ ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს," _ მიიჩნევს ნოდარ ხადური.
სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით საინტერესოა კახა ბენდუქიძის კომენტარი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის მთავრობას სახაზინო ვალდებულებების გამოშვების ნაცვლად ხარჯების შემცირებას ურჩევს და ამბობს, _ "ჩვენ კარგა ხანია ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტით ბევრი არაეფექტური პროგრამა და ღონისძიება ფინანსდება. როცა ბიუჯეტის შესრულების პრობლემა დადგა, ეს საკითხი ახლა მაინც უნდა გადაიხედოს. რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას, ბანკებს მათი ყიდვა შეუძლიათ, მაგრამ მაშინ უარი უნდა თქვან ეკონომიკის დაფინანსებაზე, რადგან ორივეს ერთად ვერ შეძლებენ."
ექსპერტთა უმრავლესობა იზიარებს კახა ბენდუქიძის აზრს და მთავრობის ინიციატივას, რომ მან უნდა აიღოს რაიმე დამატებითი ახალი ვალდებულებები. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ როდესაც ბიუჯეტი გარღვევის წინაშეა, ასეთი ქმედება გაუგონარი და უპასუხისმგებლო პოლიტიკაა. იმასაც ვარაუდობენ, რომ გაზრდილი საერთაშორისო დახმარება და ნასესხები ფული, ეკონომიკის გამოცოცხლების ნაცვლად, მთავრობის გაზარმაცებას გამოიწვევს.
დაავალდებულებს თუ არა მთავრობა საბანკო-საფინანსო სექტორის ცალკეულ სუბიექტებს, ემისიით გათვლილი %-ით და სამომავლო სპეკულატური რესურსით არც ისე მომხიბვლელი სახაზინო ვალდებულებების შესყიდვას, ჯერჯერობით უცნობია.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48