"დღეს საზოგადოებას უნდა მიეცეს დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რამ და რატომ არ იმუშავა"
ინტერვიუ ეკნომიკის ექსპერტ ირაკლი კოვზანაძესთან
ირაკლი კოვზანაძე თავის დროზე საზედამხედველო სებ-იდან გამოტანის მოწინააღმდეგე იყო და ეს მან კარგად დააფიქსირა, თუმცა ამდაგვარ ცვლილებებსაც არ მიიჩნევდა კატეგორიულად მიუღებლად. მაშინ კოვზანაძეს და მის თანამოაზრეებს სერიოზული დებატების გამართვა დასჭირდათ, მაგრამ ბენდუქიძემ, როგორც ყოველთვის, თავისი გაიტანა. გამოხდა ცოტა ხანი და სებ-ის ახალი ხელმძღვანელი ქადაგიძე ზედამხედველობის ფუნქციას იბრუნებს. რას ნიშნავს ეს – სებ-ის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას თუ ახლა მმართველ გუნდს თავისი კაცი ჰყავს ცენტრალურ ბანკში, რომელსაც ბენდუქიძის იდეების ცხოვრებაში გასატარებლად და ცალკეული კლანების ფინანსური ინტერესების სარეალიზაციოდ დამატებითი ბერკეტები უშუალოდ ეროვნულ ბანკში სჭირდება. გაგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გუშინდელ თავმჯდომარეს განსხვავებული ჰქონდა. ამიტომ, რამდენიმე კითხვით მას მივმართეთ.
- ეროვნული ბანკის, ინსტიტუციონალური გაძლიერების კურსს როგორ შეაფასებდით, რამდენად სწორი იყო ზედამხედველობის გამოტანა ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან და მეგარეგულატორის შექმნა. თქვენ მაშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყავით და ამას ეწინააღმდეგებოდით. რა მოიტანა ამ ნაბიჯმა და რატომ არის აუცილებელი ამ სტრუქტურის ეროვნულ ბანკთან კვლავ შეერთება?- ამ საკითხს ორი კუთხით შევხედოთ: კანონპროექტი, რომელიც მაშინ შემოვიდა და რომლის ინიციატორი გახლდათ მთავრობა, პრემიერი ლადო გურგენიძე, ითვალისწინებდა სხვადასხვა კუთხით საფინანსო ნოვაციებს, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება იყო ეროვნული ბანკის კანონში ცვლილება. ცვლილება იყო ორი მიმართულებით, ერთი - ეროვნული ბანკის ფოკუსირება ინფლაციასთან ბრძოლაზე და მეორე, ზედამხედველობის სტრუქტურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა. რაც შეეხება პირველ ნაწილს, იქ იყო სტრუქტურა ისე აგებული, რომ უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა ინფლაციასთან დაკავშირებით და ჩადებული იყო მექანიზმი, რომელიც ჩვენ, პარლამენტარების ჯგუფს მიგვაჩნდა, რომ არასწორი იყო. იქ საუბარი იყო სამი თვის ვადაზე. ფინანსთა სამინისტროსაც გარკვეული მიმართულებით ჰქონდა რაღაც ბერკეტები და ა.შ. ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა მოვახერხეთ კანონპროექტში. პრაქტიკულად, მოვახდინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაცვა საკმაოდ ორაზროვანი პოზიციისგან, მითუმეტეს, რომ ჩვენ ამ საკითხის განხილვა ჩავდეთ არა სამი, არამედ ექვსი თვის ვადით. მაგრამ თუ ისინი ითვალისწინებდნენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე არ უნდა გამოსულიყო, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარსდგება პარლამენტის წინაშე და ასევე, პარლამეტს აქვს უფლება დააყენოს მთავრობის ნდობის საკითხი. ასეთ შემთხვევაში ზუსტად ბალანსის დაცვის საჭიროებაა როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე ხელისუფლების მხრიდან. ეს, რაც შეეხება პასუხისმგებლობის განაწილებას, ინფლაციასთან ბრძოლას და საერთოდ, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის კონსტიტუციურ გაძლიერებას.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, უნდა გითხრათ, რომ მსოფლიოში 190 ქვეყანაშია ცენტრალური ბანკი ან მსგავსი ინსტიტუტი. ნახევარში მუშაობს ის მეთოდი, რომელიც ჩვენ გვქონდა - ზედამხედველობა არის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში და მეორე ნახევარში არის მოდელი, სადაც ზედამხედველობის სააგენტო არის ეროვნული ბანკის გარეთ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წარმატებით მუშაობს ეს მოდელი. ვერ იტყვით, რომ სადღაც მეტად ამართლებს, სადღაც ნაკლებად. მე, უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში და ისეთი მცირე მოცულობის თანხების პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს, ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით, ეროვნული ბანკის ქუდის ქვეშ უნდა ყოფილიყო გაერთიანებული. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანას ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება ბევრად გაუადვილდება.
- რა ინტერესი ჰქონდა მაშინ ბენდუქიძე-ნოღაიდელი-გურგენიძის ტრიოს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ლობირებდა, უკონტროლო სივრცე, მთავრობის კონტროლქვეშ ფაქტობრივად გადასული, რით აძლევდა მათ ხელს?- თუ სწორად მახსოვს, ეს სტრუქტურა საქართველოში უკვე ერთი წელია მუშაობს. საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ამ სტრუქტურამ წარმატებით იმუშავა, თუ არა. ამიტომ, სასურველია, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. მე მაშინ მიმაჩნდა, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, სადაც საფინანსო სივრცეში 90%-ი არის საბანკო სექტორი, დანარჩენი კი დაზღვევას უჭირავს, ფულად- საკრედიტო პოლიტიკის გატარება უკეთესი იქნებოდა იმ მოდელით, რომელიც არსებობდა, თუმცა იქაც ზედამხედველობის სამსახური მნიშვნელოვნად იყო დასახვეწი როგორც ინსტიტუციონალურად, ისე კადრების თვალსაზრისით. დღეს საზოგადოებას უნდა მიეცეს დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რამ და რატომ არ იმუშავა.
- ხომ არ შექმნის რაიმე უხერხულობას, რომ ეროვნული ბანკი გააკონტროლებს სადაზღვევო სისტემას და საფონდო ბაზარს?არ ვიცი რა იყო მათი მიზანი. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაშინდელი კამათის ფორმა იყო პროფესიული. მე ჩემი არგუმენტები მქონდა. ჩვენი კამათი არ გასცდენია პროფესიულ ჩარჩოებს. ხანდახან გაუგებრობაც იყო, თუმცა იყო პროფესიული დავა. მიმაჩნდა, რომ ასეთი მოდელის არსებობას საფუძველი ჰქონდა, თუმცა მე, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, წარმატების მიღწევა შევძელი. გაყოფით ფუნქცია არ დაკარგულა. მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში მოქმედებს ასეთი მოდელი.
ჩვენ გვაქვს კარგად დახვეწილი ბაზა კომერციული ბანკების ზედამხედველობის კუთხით, თუმცა არ გვაქვს მოწესრიგებული სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობა. ზედამხედველობას დაზღვევის კუთხით ინსტიტუციონალური გაძლიერებაც უნდა და ბევრი ახალი ნიუანსის შეტანაცაა საჭირო. არა მგონია, რომ რაღაც ინტერესთა კონფლიქტი ამ კუთხით წარმოიშვას.
ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი