დიდი საფრთხე ქვეყნის ეკონომიკის და ეროვნული ინტერესებისთვის
კრედიტინფოს "შავ სიაში" მოხვედრილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა 190 ათასს გადააჭარბა. ვადაგადაცილებული სესხები უკვე აღარ არის კონკრეტული ადამიანისა თუ ბანკის პრობლემა. ბანკებისა და მათი კლიენტების ურთიერთობების ასეთი მასშტაბით გართულება ნიშნავს, რომ პრობლემამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა შეიძინა.
ექსპერტები და ანალიტიკოსები ხშირად მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს პრობლემის მნიშვნელობა და სასწრაფოდ გაატაროს გადამჭრელი ღონისძიებები. მთავრობის წარმომადგენლები ბოლო დრომდე რჩებიან სირაქლემას პოზიციაში და აცხადებენ, რომ ლიბერალური პრინციპების თანახმად, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს კერძო ბიზნესურთიერთობებში და ბაზარი ყველაფერს თავისით დაარეგულირებს. მართალია, ეს საყოველთაოდ აღიარებული თეორიაა, თუმცა, სანამ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, საქართველოს მოსახლეობა დღითიდღე უარეს მდგომარეობაში ვარდება, ბანკებს ისედაც მწვავე პრობლემები კიდევ უფრო გაუმწვავდებათ და ეს ყველაფერი სახელმწიფოს და საზოგადოებას დაარტყამს. არც ისაა უგულველსაყოფი, რომ გაცილებით ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფო აქტიურად ჩაერია კერძო ბიზნეს-სტრუქტურების, მათ შორის ბანკების საქმიანობაშიც და ქმედითი დახმარებაც აღმოუჩინა მათ.
"კრედიტინფოს" ეგრეთ წოდებულ საბანკო "შავ სიაში" ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. აპრილის თვეში, წინა თვესთან შედარებით, "კრედიტ-ინფოში" პრობლემური სესხების შესახებ ჩანაწერი 11 ათასზე მეტით არის გაზრდილი. მაისის თვეში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და როგორც უკვე ვთქვით, 190 ათასს გადააჭარბა.
ჩვენ მრავალი იურისტის აზრი მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ რა შეუძლია ბანკს გააკეთოს, რომ გაცემული კრედიტი ამოიღოს. როგორც აღმოჩნდა, თუ მსესხებელი არ ან ვერ დაფარავს აღებულ კრედიტს, მას მთელ ქონებას გაუყიდიან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ქონება კონკრეტულ სასესხო ხელშეკრულებაში მითითებული, სესხის უზრუნველყოფად, ანუ გირაოდ. ბანკი მიმართავს სასამართლოს, სასამართლოს შეუძლია პრობლემური კლიენტის ქონება მისი ვალის გასასტუმრებლად გაყიდოს. თუ ვალის დაფარვა ვერც ამ შემთხვევაში მოხდება, ბანკს უფლება ეძლევა 10 წლის განმავლობაში, ამოიღოს ეს თანხა მსესხებელისგან. გავიხსენოთ ის, რომ ამ აქტიურად შრომისუნარიანი ადამიანების უკან ოჯახები დგას, ამ შემთხვევაში, უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენა ნახევარ მილიონზე მეტ ქართველს ემუქრება. მართალია, ეს თითოეული ადამიანის პირადი პრობლემაა, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს ადამიანები უბრალოდ კარგავენ ეკონომიკური აქტივობის შანსს, გამოდის, რომ ეკონომიკიდან ვარდება, შრომისუნარიანი ადამიანების დიდი ნაწილი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს.
გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ვადაგადაცილებული სესხების 80% 5000 ლარამდე სესხებზე მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაში მოსახლეობის საშუალო და დაბალი ფენა აღმოჩნდა. მათ წინააღმდეგ გატარებული სანქციები კიდევ უფრო დაამძიმებს საერთო სოციალურ ფონს, წააქეზებს მიგრაციას და დაარტყამს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
2008 წლის მონაცემებით, საბანკო სექტორში ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ზარალი, რომლის საერთო რაოდენობამ 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს, ქართული საბანკო სისტემის მასშტაბებიდან გამომდინარე, სერიოზული თანხაა. პრობლემური სესხების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, ძნელად სავარაუდო არ არის, რომ განსაკუთრებით ისეთ ბანკებს, რომლებიც 2008 წლის მაისამდე სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების ბაზარზე ლიდერები იყვნენ, მალე ლიკვიდობის პრობლემაც გაუჩნდებათ.
ქართული საბანკო სექტორის განვითარების სპეციფიკა მარტივ სქემაზეა აგებული. ბანკები, ერთის მხრივ, სესხულობენ ფულს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, მეორე მხრივ, კი გააქვთ ეს ფული ქართულ საკრედიტო ბაზარზე. დაფიქსირებული ზარალის მთავარი მიზეზი სწორედ გაცემული კრედიტების ამოუღებლობა გახდა. საბანკო სისტემის ანალიტიკოსების აზრით, პრობლემური სესხების პროპორცია, გაცემული სესხების საერთო რაოდენობაში, თუ 5%-ზე მაღალი იქნება, ეს სერიოზულ კოლაფსს გამოიწვევს.
საბანკო საქმის ექსპერტი ვაჟა კაპანაძე: "ბანკებს 2008 წლის მეორე ნახევრიდან სერიოზულად გაუჩნდათ კრედიტების ამოღების პრობლემა. მაღალი რენტაბელობის ხარჯზე, ქართულმა ბანკებმა შეძლეს შექმნილი პრობლემების გადალახვა, თუმცა, U თუ ტენდენცია გაგრძელდება და ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, რაც რეალურად მოსალოდნელია, საბანკო სისტემა კატასტროფის წინაშე დადგება. ღმერთმა დაიფაროს, ერთი რომელიმე ბანკი გაკოტრებისგან, თუნდაც ის ყველაზე პატარა ბანკი იყოს, პროცესი აუცილებლად აისახება სხვა ბანკებზე და ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს".
პრობლემური სესხების პრობლემა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დაამძიმებს უძრავი ქონების ბაზარს და დეველოპერულ კომპანიებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. კრედიტინფოს "შავ სიაში" მოხვედრილ 190 ათასზე მეტი ადამიანიდან, დიდ ნაწილს კრედიტების უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება ჰქონდა ჩადებული. მას შემდეგ, რაც ბანკები მოიპოვებენ მათი გაყიდვის უფლებას, დაგირავებული უძრავი ქონება გავა ბაზარზე, რაც კიდევ უფრო დააგდებს ფასებს. ბაზარზე ამდენი ახალი შეთავაზების მოხვედრა, იძლევა იმის თქმის გარანტიას, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში ახალაშენებულ ფართებზე მოთხოვნა, პრაქტიკულად, არ იქნება.
თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების 2004-2008 წლების პერიოდს, ჩანს, რომ ამ დროის განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა უმეტესწილად სწორედ საბანკო სისტემასა და სამშენებლო სექტორზე მოდიოდა. დღევანდელ სიტუაციაში, შექმნილი მდგომარეობა ყველაზე მეტად ამ ორ სფეროს ურტყამს.
საბანკო სისტემა მდგრადობაზე აბარებს გამოცდას, სამშენებლო სექტორი პრაქტიკულად აღარ არსებობს და რაც მისგან დარჩა, არც მას ელის ნათელი მომავალი, მცირე და საშუალო ბიზნესს იმდენი ვალი აქვს, რომ ბიზნესის კი არა, ელემენტარულად ჭერის შენარჩუნების პრობლემა დაუდგა. ამ ფონზე, უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არაფერს აკეთებს მთავრობა?! ამ საფრთხეს ან ვერავინ ხედავს, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.
საფრთხე არსებობს. პრობლემა რეალურია. სამსახურდაკარგული და შემოსავალშემცირებული მოსახლეობა ელემენტარულ საკვებ რაციონზე ზოგავს და ცდილობს ბანკებისა და არბიტრაჟების მხრიდან წამოსულ შტორმს როგორმე გაუძლოს. თუმცა, სტატისტიკა როგორც აჩვენებს, ეს მცდელობა წარუმატებელია, - "შავი სიის" ლაურეატთა რიცხვი შეუქცევადად იზრდება. გამოსავალი დროულადაა საპოვნი. ერთნი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ვადაგადაცილებულ სესხები (300 მილიონ ლარზე მეტი) ბანკებს სახელმწიფომ უნდა დაუფაროს და შემდგომ მოვალეები გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოსთან დარჩებიან ანგარიშვალდებულნი. მეორენი მიიჩნევენ, რომ ბანკებმა თავად უნდა დაარეგულირონ ურთიერთობა პრობლემურ კლიენტურასთან და ინდივიდუალურ რეჟიმში, ისე რომ სესხზე რიცხული სარგებელი არ გაიზარდოს, გაუხანგრძლივონ მათ სესხების დაფარვის ვადები. (აღსანიშნავია, რომ "შავი სიის" მთლიანი მოცულობა ბანკებს 100 % -ით აქვთ დარეზერვებული და ზარალში ასახული. შესაბამისად, აქედან ამოღებული ყოველი თეთრი და ყოველი ლარი ბანკების აქტივებში აისახება, თან დაუბეგრავად). მესამენი საერთოდაც ამ საკითხს უმნიშვნელოს უწოდებენ და თვლიან, რომ ამ პრობლემაზე საუბარიც კი არ ღირს, რამდენადაც იგი ორი მხარის – ბანკისა და კლიენტის კერძო ურთიერთობაა, თან ხელშეკრულებით გამყარებული. ასეა თუ ისე, ვადაგადაცილებულ ვალდებულებათა ვერდაფარვის პრობლემების გუნდა იზრდება და მას მანმადე უნდა შველა, ვიდრე ზვავად იქცეოდეს და უმწვავესი სოციალური აფეთქების საშიშროებას შექმნიდეს.
ლევან მარტაძე