მსოფლიო ბანკის ინფორმაციით საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს
მსოფლიოს 109 ქვეყანაში საგადასახადო სისტემა უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში, თუმცა 71 ქვეყანაში კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ჩვენთან. ამ მონაცემებს შეიცავს Price water house Coopers-სა და მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიში Paying Taxes 2009, რომელშიც ასახულია გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია მსოფლიოს 181 ქვეყანაში. შეფასდა, როგორც გადასახადების რაოდენობა და მოცულობა, ასევე გადასახდელად საჭირო დრო. ქვეყნის საგადასახადო სისტემის შესაფასებლად PWC-მა გამოიყენა ეკონომიკური მოდელი კომპანიისა, რომელიც აწარმოებს და ყიდის ყვავილის ქოთნებს. საქართველოში ასეთი ფირმა 30 სახის გადასახადს იხდის. მათი საერთო რაოდენობა კომერციული მოგების 38,6%-ს შეადგენს. ამ გადასახადების გასაფორმებლად და გადასახდელად წელიწადში სამუშაო დროის 387 საათი, ანუ 48 სამუშაო დღე, იხარჯება. ამ მაჩვენებლებით საქართველო 110-ე ადგილზეა, თუმცა 2007 წელს 8 პოზიციით უფრო მაღლა იყო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში 87 ქვეყანამ დაბეგვრის სისტემა გაამარტივა. ამ ჩამონათვალში ჩვენზე წინ არის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ტანზანია, გაბონი, მონღოლეთი, ავღანეთი და ერაყი. სამაგიეროდ, ვუსწრებთ უნგრეთს, იაპონიას, ჩეხეთს, იტალიას, და, რა თქმა უნდა, რუსეთს. ამ რეიტინგის პირველ ათეულში, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სახელმწიფოები არიან. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება მალდივი, კატარი, ჰონკონგი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და სინგაპურია, ხოლო ჩამონათვალს უკრაინა და ბელორუსია ასრულებენ, რომელთაც 180 ქვეყანას შორის ყველაზე უარყოფითი შეფასება მიიღეს. მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაციამ, საქართველო ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის ნომერ პირველ რეფორმატორად გამოაცხადა, საგადასახადო სისტემასა და ფინანსურ საკითხებში გატარებული რეფორმების მხრივ. მაშინ ეს მოვლენა ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა ძალიან დიდ წარმატებად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებდა, რომ საქართველოში რეფორმები მართლაც შედეგიანი იყო, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომავალში დამატებით ინვესტიციებს ნიშნავდა.
მიუხედავად იმისა, თუ სხვადასხვა მსოფლიო ორგანიზაციები რა ადგილს მიაკუთვნებს საქართველოს ეკონომიკურ რეიტინგებში, მთავარია, რომ ჩვენ მართლაც მოვახერხოთ ეკონომიკის განვითარება და ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი ფისკალურმა პოლიტიკამ უნდა შეასრულოს. მართალია, ბოლო წლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, კერძოდ, არსებული 21 გადასახადისგან დღესდღეობით მოქმედებს, მხოლოდ 6 გადასახადი, მაგრამ იგი არ არის საკმარისი და აუცილებელია მისი კიდევ უფრო დახვეწა.
იმავე მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა გათვლებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, სადაც სიღარიბის მაჩვენებელები არ იცვლება.
ამ მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ხელისუფლებამ აქცენტი მცირე და საშუალო საწარმოებზე უნდა გააკეთოს. ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებენ. ასეთ საწარმოებში საზღვარგარეთ დასაქმებულთა 80% მუშაობს, ხოლო საქართველოში 40%. ასე რომ, აუცილებელია უმუშევრობის პრობლემის მოსახსნელად მთავრობამ ხელი შეუწყოს ასეთი საწარმოების განვითარებას, რაც, პირველ რიგში, უნდა მოხდეს საგადასახადო შეღავათების დაწესებით. დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა მცირე მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. დღესდღეობით ქვეყანაში არ არის არცერთი ნორმატიული აქტი მცირე მეწარმეობის შესახებ. ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის განსხვავებული მცირე და საშუალო მეწარმეობა, მრავალ სირთულეებს იწვევს.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის სპეციალისტების თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში არსებული სიტუაცია საგადასახადო განაკვეთის ოდენობისა და გადასახდელად საჭირო დროის თვალსაზრისით საკმაოდ გაუმჯობესდა. კერძოდ, 2004 წლიდან საერთო საგადასახადო განაკვეთის ოდენობა საშუალოდ 3%-ით შემცირდა, ხოლო გადასახადების გაფორმება _ გადასახდელად საჭირო დრო 5%-ით.
ასე რომ, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ მსოფლიო ტენდენციას და ჩვენც მაქსიმალურად გავამარტივოთ საგადასახადო კანონმდებლობა. არა რეიტინგების სათავეში მოხვედრის მიზნით, არამედ რეალურად, ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად. რის შემდეგაც რეიტინგებიც ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლება და იქნებ აღარ იყვნენ ჩვენზე წინ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ნეპალი, ჯიბუტი, რუანდა და ზამბია.
შოთა ბუჩუკური